"მანქანა წამებში აალდა, თვითონ მოასწრო 112-ში დარეკვა, მაგრამ ღვედი გაეჭედა და..." - ზუგდიდში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"მანქანა წამებში აალდა, თვითონ მოასწრო 112-ში დარეკვა, მაგრამ ღვედი გაეჭედა და..." - ზუგდიდში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

9 ნოემბერს, დილის საათებში ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში. “გოლფის” მარკის ავტომობილს, რომლის საჭესთან 68 წლის მამაკაცი იჯდა, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო და დაიღუპა.

“დღეს დილით დატრიალდა ტრაგედია. 68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია არის გარდაცვლილი. სოფელ შამგონაში მიდიოდა სტუმრად და მოულოდნელად, ხიდზე გადასვლამდე, მის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, გადმოსვლა ვერ შეძლო და სამწუხაროდ, მანქანაშია გარდაიცვლილი. როგორც შევიტყვე, წლების მანძილზე თვითონ ჯუმბერი რუსეთში ცხოვრობდა, ახალი დაბრუნებულია საქართველოში და აქ აპირებდა დარჩენას...

"გოლფის" მარკის მანქანაში მარტო იყო. ყველაფერი წამებში მოხდა, სამწუხაროდ, ვერავინ გადაარჩინა. თვითონ მოასწრო 112-ში დარეკვა, მალე მოვიდა სამაშველო და სახანძრო, მაგრამ ვერ მოუსწრეს. წამებში აალდა მანქანაო. ვერ მოახერხა მანქანიდან გადმოსვლაო, ეტყობა, ღვედი გაეჭედა და ვერ გახსნა. ამ ტრაგედიას ჰყავს თვითმხილველები, მაგრამ ისინიც ამბობენ - ყველაფერი ისე უცბად მოხდა, ვერაფერი შევძელითო. სახანძრო რომ მოვიდა, მანქანა უკვე იწვოდა.

ნათესავები, ვისთანაც სტუმრად იმყოფებოდა ჯუმბერ კვარაცხელია, საშინელ მდგომარეობაში არიან. . წუხელ ყოფილა შამგონაში ნათესავებთან, მერე ამ დილით გასულა ქალაქში საქმეზე და ახლა ისევ უკან, მათთან რომ ბრუნდებოდა, სწორედ მაშინ დატრიალდა ეს დიდი ტრაგედია. გარდაცვლილი. მშობლების სახლი, სადაც მისი ძმა ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სოფელ ზედა ეწერშია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია მანქანის აალება. ტრაგედიის მიზეზს ახლა სამართალდამცავები დაადგენენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ჯუმბერ კვარაცხელიას ოჯახის წევრებს.