ციფრული ფული - პროგრესი თუ საფრთხე? რატომ აკრძალა აშშ-მა მისი გამოშვება და რას ფიქრობენ ქართველი ეკონომისტები? - კვირის პალიტრა

ციფრული ფული - პროგრესი თუ საფრთხე? რატომ აკრძალა აშშ-მა მისი გამოშვება და რას ფიქრობენ ქართველი ეკონომისტები?

საქართველოს პარლამენტი ციფრული ლარის შემოღების მომხრეა - პარლამენტარებმა ეს საკითხი ოქტომბრის შუა რიცხვებში განიხილეს და პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი, რომ ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ჰქონდეს. როდის შეძლებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ციფრული ლარით ანგარიშსწორებას, ეს ჯერ დადგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, ციფრული ფული, ქაღალდის ფულის თანაბარ, ოფიციალურ ვალუტად, უკვე შემოღებულია. მათ შორის არიან: ბაჰამის კუნძულები, იამაიკა, ნიგერია და ჩინეთი, სადაც ციფრული იუანით მილიონობით ადამიანი სარგებლობს. ამ ქვეყნების მოსახლეობა ციფრულ ფულს ყოველდღიურად იყენებს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, რესტორნებში და ა.შ... ციფრული ფულის შემოღებას ინდოეთი და რუსეთიც აპირებენ. ამის საპირისპიროდ, აშშ-ში, ციფრული დოლარის გამოშვება არ იგეგმება, მეტიც - კანონით არის აკრძალული. ალბათ, ჩვენს მკითხველსაც გაუჩნდება კითხვა - რას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას ციფრული ლარი? - ამ შეკითხვას ქართველი ეკონომისტები უპასუხებენ:

ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი:

makalathia-1794303972.jpg

„სავსებით რეალურია საშიშროება, რომ ციფრული ლარი კონტროლის მექანიზმად იქცეს“

- ციფრული ლარის შემოღებას უარყოფითად ვაფასებ. ჰიპოთეტურად თუ ვიმსჯელებთ, ციფრული ფული თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ხელს შეუწყობს და თანხის გადარიცხვაც უფრო მოქნილი გახდება, რადგან სწრაფი ტრანზაციების განხორციელების საშუალებას იძლევა, მაგრამ არის მეორე მხარეც: ციფრული ფულის გამოყენება თუ სავალდებულო გახდება, ადამიანები, თავიანთ სახსრებს და დანაზოგებს ციფრულ ლარში გადაიტანენ, შეიძლება კლიენტებს კომერციულ ბანკებთან პრობლემები შეექმნათ. რაც ყველაზე მთავარია, ციფრული ფული შეიძლება გახდეს „კარგი“ საშუალება მთავრობის მიერ მოსახლეობის კონტროლისთვის. როგორ? - როდესაც ციფრულ ვალუტას გამოიყენებთ, ისინი ყველაფერს დაინახავენ: სად ხართ, თქვენს ფულს რაში ხარჯავთ ან როდის ხარჯავთ... ამით მათ ბერკეტი ექმნებათ, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია გაგიუქმონ, დააბრკოლონ ან ლიმიტები დაგიწესონ. ციფრული ლარი იქნება მონოპოლიური ვალუტა, რომელზეც მთავრობას დიდი გავლენა ექნება. შესაბამისად, ძალიან დიდი იქნება ცდუნება, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეები გააკონტროლოს. ამიტომ, სავსებით რეალურია იმის საშიშროება, რომ ციფრული ლარი კონტროლის მექანიზმად იქცეს - ეს ჩინეთში საკმაოდ ეფექტიანად ხორციელდება: ამ ქვეყანაში, ზოგიერთებს ტრანზაქციებს უზღუდავენ, ზოგს - ლიმიტს უმცირებენ და ვინც „კარგად მოიქცევა“, უმატებენ. საერთოდ, როდესაც მონოპოლიურ ვალუტაზეა ლაპარაკი, ამის საშიშროება ყოველთვის იქმნება.

„ციფრული ფული სხვაა, კრიპტოვალუტა - სულ სხვა“

- აქვე უნდა ვთქვა, რომ ციფრული ვალუტა სხვა მოვლენაა, ხოლო ბიტკოინი და ნებისმიერი კრიპტოვალუტა - სულ სხვა. ეს უკანასკნელი დეცენტრალიზებულია და არავინ მართავს. ციფრული ფულის მიმოქცევაში კი, სახელმწიფო ერევა, ის მონოპოლიურია, რაც ძალიან დიდი რისკია. აქვე უნდა ვიკითხოთ, რა თანხა დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას და ჩვენს ქვეყანას რამდენად აქვს იმის საშუალება, რომ ამ ფუფუნებისთვის დამატებითი სახსრები გამოძებნოს? თავიდანვე ითქვა, რომ ეს საპილოტე პროექტია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რატომ? - თავად იდეაა უარყოფითი. კიდევ რა რისკი ახლავს იმას, რომ ციფრული ლარი ცენტრალიზებული, მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ვალუტაა? - არის შემთხვევები, როცა ჰაკერები მომხმარებელთა ბაზას ტეხავენ და მონაცემებს ითვისებენ, ამას ციფრული ლარის შემთხვევაში უფრო იოლად შეძლებენ. ცხადია, არავის სურს, რომ მისი პირადი მონაცემები სხვის ხელში აღმოჩნდეს. მართალია, ციფრული ლარის შემოღების შედეგად გადარიცხვები და ტრანზაქციები უფრო სწრაფად განხორციელდება, მაგრამ ეს პროცედურა ნელი ახლაც არ არის, 4-5 წამით უფრო სწრაფი გახდება თუ ნელი, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ციფრულ ვალუტას უარყოფითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე - დადებითი.

რამაზ გერლიანი - ეკონომიკის დოქტორი:

gerliani-1794303997.webp

„საკითხავია: თუ ციფრულ ფულს შემოიღებენ, ჩვეულებრივ, ქაღალდის ლარზე მოთხოვნა ხომ არ შემცირდება?“

- როგორც მახსოვს, ამ საკითხზე რამდენიმე წლის წინაც მსჯელობდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მსჯელობა იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, მისი გადაწყვეტა დღის წესრიგში უფრო მკაფიოდ დადგა. როგორც ყველას, შეკითხვები მეც მიჩნდება: რამდენად იქნება თანაბარი კონკურენცია ციფრულ ლარსა და ჩვეულებრივ ლარს შორის, რომელსაც დღეს ვიყენებთ ან ხომ არ გამოიწვევს ბაზარზე ციფრული ლარის გამოჩენა ფულის მასის ზრდას? - სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა - მე შიში მაქვს, რომ ციფრული ლარის გაჩენას შეიძლება ფულის მასის ზრდა მოჰყვეს. სამწუხაროა, რომ უფრო სრულყოფილი და მკაფიო ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ, ჯერჯერობით არ გვაქვს. მე მხოლოდ ერთს გეტყვით: ზოგადად, ციფრული ვალუტა ცუდი არ არის. მთავარია, როგორ იქნება ჩასმული მონეტარულ სისტემაში და ეს პროცესი რამდენად სწორად წარიმართება - სწორედ ამიტომაა ეს ცვლილება ბევრისთვის საეჭვო და ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეკითხვები ციფრული ლარის ირგვლივ

- რატომ ახლა? - ზუსტი პასუხი ამაზე არ არსებობს. რა სიკეთეს მოუტანს ციფრული ფული ჩვენს მონეტარულ სისტემას? - ეს საკითხი ჩემთვისაც გაურკვეველია. არანაკლებ აქტუალურია, თუ რა საჭიროა ის და რას ემსახურება ციფრული ვალუტის შემოღება და რა გავლენა ექნება მას სამომხმარებლო ფასებზე? - ეს ყველაზე მწვავე შეკითხვებია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველას აწუხებს. ცუდია, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი არ გვაქვს. ჩემი აზრით, ჯერჯერობით, შეუძლებელია ისეთი რეფორმის ჩატარება, როცა ლარი მთლიანად ციფრული იქნება, თანაც, თუ ციფრულ ვალუტას შემოიღებენ, ქვეყანაში ლარზე მოთხოვნა შემცირდება. ეს ბუნებრივია, რადგან ციფრული ფული ირიბად მაინც იქონიებს გავლენას ჩვეულებრივ, ქაღალდის ლარზე, ამიტომ, ჯერ ვერ წარმომიდგენია ამ პროექტის განხორციელება როგორ უნდა შეძლონ. როგორ მოვიქცეოდი ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს? - კარგად ავწონ-დავწონიდი და ციფრულ ლარს პრივატიზების პროცესში ჩავრთავდი, სხვადასხვა ბიზნესში გავფანტავდი და ამით საპრივატიზაციო ფუნქციას მივანიჭებდი. ვინაიდან ეს ახალი გამოცდილებაა, ეკონომიკაზე მისი ზემოქმედება მინიმალური იქნებოდა, სამაგიეროდ, პრივატიზაციის პროცესი დაჩქარდებოდა. შესაძლოა, წლების მერე სწორიც იყოს და ეფექტიანიც, რომ ციფრული ლარი ჩვენს ეკონომიკაში სრულად შემოვიდეს, მაგრამ დღეს ამ საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანია, ამიტომ ჯერჯერობით ციფრული ლარის შემოღების აუცილებლობას ვერ ვხედავ. არ მგონია, რომ ამ ცვლილებას რაღაც მკაფიო, დადებითი შედეგები მოჰყვეს. მით უმეტეს, რომ ეს საპილოტე პროგრამაა, ციფრულ ვალუტაზე ინფორმაციაც მწირია და სხვა ქვეყნებიც დიდად არ ჩქარობენ მის შემოღებას. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც ციფრული ვალუტა შემოიღო და ამას რა შედეგი მოჰყვა, ჯერ ისიც არ არის ცნობილი. იმედია, ახლო მომავალში უფრო მეტი რამ გვეცოდინება და უფრო კარგად აგვიხსნიან, რა დადებითი ეფექტი შეიძლება მოჰყვეს ციფრული ლარის შემოღებას და უფრო ადვილი იქნება მსჯელობა იმაზე, თუ რას ემსახურება ეს სიახლე ან მის ავტორებს რა ჩანაფიქრი აქვთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)