კარდანახის ზვრები და... ორი და ერთმანეთის მხარდამხარ - კვირის პალიტრა

კარდანახის ზვრები და... ორი და ერთმანეთის მხარდამხარ

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქალი ერთვება ღვინის წარმოებაში და არცთუ ურიგოდ, საფუძვლიანად და ყურადღებით უდგებიან ამ საპასუხისმგებლო საქმეს. დები აივაზიშვილები ცოტა ხნის წინ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გავიცანი, საკუთარ ღვინოს წარუდგენდნენ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს. მათი ღვინის გასინჯვის შემდეგ, სასაუბროდ ჩვენს რუბრიკაში თამთა აივაზიშვილი მოვიწვიე. ის დების მიერ დაყენებულ ღვინოსა და საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიამბობს.

- სხვადასხვა სფეროში მუშაობისას ყოველთვის მქონდა განცდა, რომ რაღაც უფრო მეტის, უფრო ღირებულის შექმნა შემეძლო. ქვეყნის, მისი ტრადიციების თუ კულტურის უკეთ წარმოჩენის სურვილმა მიმიყვანა აზრამდე, რომ ახალი ბრენდი შემექმნა.

09dcc47c-8b15-4938-b6e9-5ad7f025ff23-1794405654.jpg

თამთა აივაზიშვილი:

- რა იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული საქმე, თუ არა ღვინო? სწორედ ამიტომ ავირჩიე პროფესიად მეღვინეობა და პირველი ბოთლი, დიდი იმედითა და სიყვარულით, როგორც მცირე საოჯახო მარანმა, 2017 წელს ჩამოვასხით.

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი გახლავართ, მევენახეობა-მეღვინეობაში განათლება არ მქონია. მქონდა იდეა, რომლისთვისაც მინდოდა ხორცი შემესხა. საერთოდ, ჩემი ფილოსოფია ასეთია: უნდა ვცადო! თუ დავმარცხდები - არა უშავს, კიდევ ბევრჯერ ვცდი. თითქმის 10 წლის წინ წამოვიწყე ეს ყველაფერი და დღეს რა ეტაპზეც ვართ, ეს ძალიან დიდი შრომის, ფიქრისა და სწავლის შედეგია.

- თქვენი პროდუქტი, ალბათ, იმითაც არის გამორჩეული, რომ ქალების - დების შექმნილი ღვინოა, თანაც ოჯახში, სადაც მანამდე ყურძენი არ იწურებოდა და ორმა დამ გაბედული ნაბიჯი გადადგა.

- დიახ, ამ საქმის წამოწყება ორმა დამ გადავწყვიტეთ. არაფერი გაგვაჩნდა - არც მარანი და არც ვენახები. ნელ-ნელა დავიწყეთ ვენახების შეძენა. პირველად, 2017 წელს, რქაწითელი ჩამოვასხით, შემდეგ, დროთა განმავლობაში, ასორტიმენტი გავზარდეთ და დღეს ხუთი დასახელების ღვინოს ვთავაზობთ მომხმარებელს. გვაქვს მარანი და სტუმრებსაც ვიღებთ.

საქმიანობის დაწყების დღიდან არაერთი სირთულე თუ დაბრკოლება გვხვდება. პირველი გამოწვევა იყო ბრენდის პოზიციონირება და კონკურენტულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ღვინის შექმნა პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება, მომხმარებლამდე საკუთარი ისტორიის მიტანა და ნდობის მოპოვება. ჩვენი ლოგოც ასეთია: "ორი და მხარდამხარ". ჩვენი ბრენდი დების კავშირის, სიყვარულისა და ოჯახის სიმბოლოა.

ca0a08e4-51f3-4a06-88a1-d86b324c2cb6-1794405655.jpg

- სად მდებარეობს თქვენი მეღვინეობა?

- მეღვინეობა კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახშია. ვენახები გაშენებულია წარაფის მიკროზონაში - ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მიკროზონაა და ჩვენთვის ერთგვარი პასუხისმგებლობაა წარაფში ყურძნის მოყვანა და მისი დაწურვა.

საზოგადოდ, წარაფის მიკროზონა გამორჩეულია უნიკალური ნიადაგურ-კლიმატური თვისებებით, რაც საშუალებას გვაძლევს განსაკუთრებული გემოვანი თვისებებისა და მაღალი ხარისხის ყურძენი მოვიყვანოთ.

ყველა სტუმარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დიდი ინტერესიდან და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ დაუსრულებელ მარანში უამრავ სტუმარს ვმასპინძლობთ. ვშიშობდი, ეს ერთგვარი დაბრკოლება არ გამხდარიყო, თუმცა ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. სტუმრებს მოსწონთ, რომ თავად არიან პროცესის ნაწილი, დიდი ინტერესით გადიან იმ ეტაპებს, რასაც მცირე საოჯახო მარნის აშენება და შექმნა ჰქვია.

5fae7c2d-5fca-42af-9364-58b2656094bd-1794405655.jpg

- აღნიშნეთ, რომ თბილისში გაიზარდეთ და ოჯახში ღვინო არ იწურებოდა. როგორ შეხვდნენ მშობლები თქვენს გადაწყვეტილებას?

- თავდაპირველად ძალიან გაუკვირდათ და მეკითხებოდნენ, მაინცდამაინც მეღვინეობა რატომ ავირჩიე, საიდან მომივიდა ეს იდეა, რატომ მქონდა ასე სერიოზულად და მკაცრად გადაწყვეტილი, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა. მათი გაოცება ბუნებრივი იყო, თუმცა იმდენად ვიყავი მონდომებული, რომ უკან აღარ დამიხევია და დასახულ მიზანს მივდიე. მიხარია, რომ ამ საქმეს ოჯახის წევრებთან ერთად ვაკეთებ. საოჯახო მეღვინეობის არსი ასე მესმის, ერთმანეთის სიყვარულით და მხარდაჭერით ვაკეთებთ ეროვნულ საქმეს.

- როგორ დაიწყეთ ვენახის მოვლა და რა ჯიშები გაქვთ გაშენებული?

- თავიდან მცირე, უკვე გაშენებული ვენახი შევიძინეთ. ამჟამად 3 ჰექტარი გვაქვს. საფერავისა და რქაწითლის ჯიშებთან ერთად, ჩავყარეთ ხიხვი, ქისი და კახური მწვანე.

- ცოდნა და გამოცდილება საიდან მიიღეთ, ვინ გეხმარებოდათ?

- სწავლის პროცესი დაუსრულებელია. პრაქტიკასთან ერთად ვცდილობ მეტი თეორიული განათლებაც მივიღო. თავდაპირველად ადგილობრივებსა და ახლობლებს ვეკითხებოდი და მათგან ვიღებდით ცოდნას. ხალხი აღფრთოვანებული იყო, რომ გოგონები ასე დავინტერესდით ამ საქმით. ოჯახის წევრებთან ერთად დავდიოდით ვენახში და ნელ-ნელა ვსწავლობდით პროცესებს. რა თქმა უნდა, მასშტაბის გაზრდასთან ერთად, დამხმარე ძალასაც ვქირაობთ, რომლებიც გულიანად უდგებიან საქმეს.

- როგორც ვხვდები, ნატურალური მეღვინეობის მიმართულებას მიჰყვებით.

- დიახ, ღვინოს კახური ტრადიციული მეთოდით ქვევრში ვაყენებთ. ხუთივე პოზიცია ნატურალური, გაუფილტრავი პრემიუმ-ხარისხისაა. მინდოდა შემექმნა პროდუქტი, რომელიც მიახლოებული იქნებოდა იმ იდეალთან, რასაც ქართული ტრადიციული ხარისხიანი ღვინო ჰქვია.

- სად იყიდება თქვენი ღვინო?

- ღვინო მცირე რაოდენობით გადის საექსპორტოდ, თუმცა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვპოზიციონირებთ. სტაბილური ექსპორტი საჭიროა ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში გაყიდვები არანაკლებ მნიშვნელოვანია. მე პირადად ძალიან მიხარია, უცხოელ სტუმრებთან ერთად, ქვევრის ღვინით დაინტერესება ქართველებისგანაც რომ მოდის.

ღვინის ტურიზმში აქტიურად ჩართული ვართ და კარდანახში პატარა სახლი შევიძინეთ, ეზოში ავაშენეთ მარანიც.

ღვინო ჩემთვის მხოლოდ სასმელი არ არის, ეს არის ენა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს ვუამბობ საქართველოს ისტორიას. მეღვინე მხოლოდ ღვინის მწარმოებელი არ გახლავთ, ის საკუთარი კუთხისა და ქვეყნის ელჩია. სწორედ ამიტომ აქტიურად ვმონაწილეობთ ღვინის ფესტივალებსა და საერთაშორისო გამოფენებში.

9f198cb8-1dae-45dc-8fc8-1649cb2bce38-1794405654.jpg

- ათი წლის წინანდელი იდეა დღეს რეალობაა. პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- სიტყვებით რთულია ამ ემოციის გადმოცემა. შემიძლია თქმა, რომ ბედნიერი ვარ, როდესაც შრომის შედეგს ვხედავ. ათი წლის წინ ეს ყველაფერი ჩემთვის ოცნება იყო, თუმცა გულის სიღრმეში მქონდა იმედი, რომ სულ მცირე წარმატებას მაინც მივაღწევდი. დღეს ჩვენი ბრენდი ხარისხის გარანტიაა და ის მომხმარებელმა შეიყვარა. უდიდესი სტიმულია, როდესაც ფესტივალებზე ადამიანები სპეციალურად ჩვენს სანახავად და ჩვენი ღვინის დასაგემოვნებლად მოდიან. მადლიერი ვარ მათი თბილი და გულწრფელი ემოციებისთვის.

ამ ყველაფერში უზარმაზარი შრომა, დრო და ენერგიაა ჩადებული. საერთოდ, ეს საქმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს. წლეულს პირველად დავწურეთ ღვინო საკუთარ ქვევრებში.

მახარებს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსში მონაწილეობას ჩვენთვის დიდი შედეგები მოაქვს. ჭინეჩასტ-ზე, კინოსა და ღვინოს საერთაშორისო ფესტივალზე, ჩვენი ღვინო დასახელდა 2026 წლის შემოქმედებით ბრენდად, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრიტანული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურს IWSC-ზე ათ საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ მეღვინეს შორის დამასახელეს.