მოგზაური მებაღის თავგადასავალი საქართველოში - კვირის პალიტრა

მოგზაური მებაღის თავგადასავალი საქართველოში

"ყვავილებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდებოდა სხვადასხვა რეგიონში. გვწერდნენ, რა დააშავა თბილისმა, გორმა, სხვა ქალაქებმაო... უკვე წლებია სხვადასხვა რეგიონში დავდივარ, მცენარეებით ვმოგზაურობ და თან ვყიდი. ხალხმა "მოგზაური მებაღე" დამარქვა", - გვიამბობს ვანო ვაჭრიძე, რომელმაც ოთახის მცენარეები მოაშენა და დღეს მთელი ქვეყნიდან წამოსულ მოთხოვნებს ვეღარ აუდის და სოციალურ ქსელშიც მეტად პოპულარულია.

ვანო ვაჭრიძე:

- სოფელ სავანეში დავიბადე და გავიზარდე, საჩხერის რაიონში. სოფლის საქმეებში ბავშვობაში ვეხმარებოდი დედას, რადგან მამა უცხოეთში იყო წასული. ვენახშიც, ყანაშიც დავყვებოდი და სწავლასთან ერთად სოფლის საქმეებს სათოხარს ვუთავსებდი.

ფოტოგრაფიით ვიყავი დაკავებული, როდესაც პანდემია დაიწყო. რადგან ყველაფერი გაჩერდა, სოფელში წავედით მე და ჩემი ოჯახი. იქ მცენარეებით უფრო დავინტერესდი, ხალხსაც მათი მოვლა-შეძენა მეტად უნდოდა და მოტივაცია მომეცა. მცენარეები მოვაშენე და სოციალური ქსელის დახმარებით დავიწყე გაყიდვა. ბაზარში პირველად რომ გავედი, 3 მარტის წინადღე იყო. ფურისულები მქონდა წაღებული, მაგრამ ისე მომერიდა, ვერ დავდექი, მეორე დღეს მეგობარი გამყვა და ის დამეხმარა... 500 ლარის ყვავილი გაიყიდა, ვერ ვიჯერებდი. შემდეგ სოციალურ ქსელში ვდებდი სხვადასხვა მცენარეს, ვიღებდი სახალისო ვიდეოებს, მეც ვსწავლობდი და გამოცდილებას მომხმარებელს ვუზიარებდი. არაერთხელ გამიგია, რომ ჩემი ვიდეოები ეხმარებოდათ მოვლაში და ბევრსაც შევაყვარე ყვავილები.

55095cd3-ef26-48e4-a24a-a410cdaa9d9c-1794405654.jpg

თავიდან კვირაში რამდენიმე დღით საჩხერეში ვდგებოდი მანქანით. სოციალურ ქსელში გამომწერები გვემატებოდნენ და ყვავილების შეძენის მსურველები ჭიათურიდანაც ბევრი გამოჩნდა. ამიტომაც იქაც ვდგებოდით კვირაში ორ დღეს. გამვლელები ნახულობდნენ მრავალფეროვან არჩევანს. ბევრი მცენარე შემომქონდა, ვიწერდი, ჩვენც ვამრავლებდით... იმდენად მომიმრავლდა მომხმარებელი, შვიდი წლის წინ ფეისბუკგვერდზე ათი ათას გამომწერზე მეტი მყავდა. იმ დროისთვის ეს დიდი ციფრი იყო. ვიდეოები პოპულარული გახდა, ბევრი ნახვითა და მოწონებით. ერთხელ დავწერე, საჩხერე-ჭიათურის შემდეგ ქუთაისში მოვდივარ-მეთქი და, იქ ჩასვლა არ დამავიწყდება, იმდენად ბევრი მსურველი დამხვდა. ყვავილები არც გვეყო. ამდენი ხალხის დანახვამ ცოტა დამაბნია. არ ველოდი და ვერ ვასწრებდი ყველასთვის სათანადო მომსახურების გაწევას. ამით ვიღაცამ ისარგებლა და ტელეფონი რომ დავდე, ორ წუთში მივბრუნდი და აღარ დამხვდა. არადა, ტელეფონში იყო შეკვეთები, მესიჯები და ყველაფერი. პოლიციაც ჩავრიე, მაგრამ ტელეფონი ვეღარ დავიბრუნე... მოთხოვნა სულ უფრო იზრდებოდა. გვწერდნენ, რა დააშავა თბილისმა, გორმა, სხვა ქალაქებმაო... უკვე წლებია სხვადასხვა ქალაქში დავდივარ და ხალხმა მოგზაური მებაღე შემარქვა. საქართველოს ყველა რეგიონში ვმოგზაურობ. ძალიან მიყვარს ყველა კუთხე, მათი ტრადიციები. ფოტოგრაფიც ვარ და ქუთაისში ან სხვაგან რომ გავივლიდი, ქუჩებს ვუღებდი, თუ როგორ ყვაოდა მაგნოლიები და ვქმნიდი კოლაჟებს.

განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის იყო ჩემი ვიდეოები სანუკვარი. გურიაში, აჭარაში, რაჭაში იქაურ მელოდიებს დავურთავდი ვიდეოებს, ზოგჯერ მეც წავიცეკვებდი - სახალისო იყო. ხალხს სიამოვნებდა მხიარული და პოზიტიური ვიდეოების ნახვა. მომხმარებლის მოზიდვაში ნახვები ძალიან გვეხმარებოდა. მეც მსიამოვნებდა ამ ვიდეოების აწყობა, თბილ კომენტარებს გვწერდნენ. კმაყოფილ მომხმარებელზე კარგი რა უნდა იყოს?! რამით თუ ვინმეს ვახარებ, ჩემთვის ბედნიერებაა.

5af53e32-41a6-4fed-876d-15826f435531-1794405655.jpg

ახლახან 200 ათას გამომწერს გადავცდით ფეისბუკზე. გვიჭირს ვუპასუხოთ ყველა შეტყობინებას, იმდენი შემოდის, თუმცა ვცდილობთ. ოღონდ ბევრი გვწერს ისეთ შეკითხვას, რომლის შესახებაც საჯარო პოსტზე დეტალური ინფორმაციაა... ახლა სადაც მივდივარ, ერთი კვირით ადრე ანონსს ვდებ, როდის და სად ვიქნები. მომხმარებლებმა იციან და დანიშნულ ადგილას ბევრი მოდის.

- ამდენი ყვავილის მოვლას როგორ ახერხებთ?

- დედაჩემი მეხმარება. წლების განმავლობაში ისწავლა ბევრი რამ, თორემ გამოცდილება არ ჰქონდა. დღემდე კითხულობს და სწავლობს, სხვადასხვა მცენარეს ამრავლებს. გვყავს ნათესავი და უკვე თანამშრომელი, რომელმაც კარგად იცის მცენარეების მოვლა, პროფესიული განათლება აქვს. ბუნებრივია, მეც ვმუშაობ სათბურებში, მაგრამ ყოველთვის არა მაქვს დრო. დღემდე ვსწავლობ. მე ფლორისტი არა ვარ, თვითნასწავლი ვარ.

- რა არის ყველაზე დიდი სირთულე?

- ძალიან იმოქმედა კლიმატის ცვალებადობამ. ყველაფერი ისე აღარ მოდის, როგორც ადრე. ზოგ მცენარეს უკვე შეწამვლა სჭირდება, ზოგს ვიტამინები ზრდისთვის, ზოგს მეტი განათება, ზოგს ნაკლები წყალი...

- სოფელში მხოლოდ სათბურები გაქვთ თუ ყანა, ვენახი, საქონელი, ფრინველი?

- ყანას და ვენახს უფრო ჩემი მშობლები უვლიან. მომწონს უცხო ფრინველები, ამჯერად მყავს ჯუჯა ქათმები. ზოგი ჭრელია, შავ-თეთრი ზოლებით, ასევე ოქროსფერი შავი ზოლებით. ძალიან ლამაზები არიან...

ცხრა და ოთხი წლის ბიჭები მყავს, მინდა მცენარეებზე, ფრინველებსა და ცხოველებზე ზრუნვას მივაჩვიო. არ მიყვარს, 24 საათს ტელეფონში რომ არიან ბავშვები თავჩარგული, ბავშვებმა ბავშვობა უნდა შეირგონ.