ალექსანდრე ანქვაბი: უნდა გავერკვეთ, ღირს თუ არა ჩიტი ბრდღვნად? - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ანქვაბი: უნდა გავერკვეთ, ღირს თუ არა ჩიტი ბრდღვნად?

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერმა, ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის საკითხზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური წყარო, "Apsnypress" - ი ავრცელებს.

"აფხაზეთის ექოს" ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი რკინიგზის განახლებასთან დაკავშირებით, ანქვაბმა განაცხადა:

“აფხაზეთის ხელისუფლებისთვის ამის თაობაზე არავის მოუმართავს. არ ყოფილა არანაირი კეთილმოსურნე იმპულსები „აფხაზი ძმების“ მხრიდან, როგორც თქვენი თქმით, ივანიშვილმა განაცხადა. ყველაფერი ეს შეგიძლიათ თვითონ მას კითხოთ. „თუ ჩვენთან რაიმე კონკრეტული წინადადებები შემოვა, დავსხდებით და კოლექტიურად განვიხილავთ მათ“.

ანქვაბის თქმით, მას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განხორციელდეს, თუმცა აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში ეს რკინიგზა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იყო. "ძნელი სათქმელია რა არის შესაძლებელი ახლა“, - დასძინა მან, „ამ საკითხს სპეციალისტები უნდა ჩაუჯდნენ და იმსჯელონ; გამოთვალონ, თუ რა შეიძლება მიიღოს აქედან აფხაზურმა მხარემ; ღირს თუ არა ჩიტი ბრდღვნად. რა მიზნები და ინტერესები ამოძრავებთ შესაძლო პროცესის მონაწილეებს. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი უკიდურესად ბუნდოვანია“.

ანქვაბმა ასევე აღნიშნა, რომ რკინიგზის აღდგენა უზარმაზარ თანხებს მოითხოვს:

„ჩვენთან ფსოუდან სოხუმამდე გზის მონაკვეთის ეფექტურობა სამიანზე შეიძლება შეფასდეს. მონაკვეთს ოჩამჩირემდე გზას მხოლოდ პირობითად თუ ვუწოდებთ,ოჩამჩირეს იქეთ კი საერთოდ აღარაფერია. სრულყოფილი რკინიგზისათვის კი საჭიროა მრავალმილიარდიანი ინვესტიციები“, - განაცხადა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა.