"ლენინ-პუტინის“ ქალაქის დაცვისას უკრაინული დრონის ნაცვლად საკუთარი „ალიგატორი“ ჩამოაგდეს?!
სანკტ-პეტერბურგი და მისი შემოგარენი,სადაც ლენინმა ბოლშევიკების რევოლუცია მოახდინა და საიდანაც პუტინის პოლიტიკური კარიერა დაიწყო, უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმების სამიზნე სისტემატურად ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან რუსეთის „კულტურულ დედაქალაქამდე“ პირდაპირი ხაზით 800 კმ-ზე მეტია.
გამონაკლისი არც 11 ნოემბრის დილა ყოფილა,როდესაც უკრაინულმა დრონებმა ისევ ააგიზგიზეს ლენინგრადის ოლქში მდებარე უსტ-ლუგას სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო პორტის ნავთობტერმინალი, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან ასიოდე კმ-შია.
მიუხედავად ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისევ „დაიტრაბახა“ ასობით უკრაინული დრონის ჩამოგდებФ,თუმცა კრინტი არ დაუძრავს იმაზე, თუ რა მძიმე დანაკარგი ნახა ლენინგრადის ოლქში უკრაინული დრონების მასიური შეტევების მოგერიებისას.
„სიმწრის ცრემლები“ ისევ რუს სამხედრო ბლოგერებს დასცვივდათ-ერთი მათგანი,ყოფილი რუსი სამხედრო მფრინავი იმას მოთქვამს,რომ „...დღეს სანქტ-პეტერბურგის ცის დაცვა დრონებისგან ძალიან, ძალიან, ძალიან ძვირი დაგვიჯდა...“, რაც ძალაუნებურად აჩენს ეჭვს, რომ სიტყვა „ძალიან“-ის სამჯერ გამეორება შემთხვევითი არ ყოფილა და შეიძლება რუსეთმა ერთი კი არა,სამი საფრენი აპარატიც კი დაკარგა უკრაინული დრონების მოგერიებისას...
მეორე რუსი სამხედრო ბლოგერი კი აქვეყნებს ერთად მფრენი რუსული დამრტყმელი შვეულმფრენის Ка-52 „ალიგატორისა“ და სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის Ми-8МТ-ს ფოტოს და არანაკლებ მოთქვამს მძიმე დანაკარგზე...
ინტერნეტსივრცეში კი ვრცელდება შემდგომი ინფორმაცია-2026 წლის 11 ნოემბრის ღამეს სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევის მოგერიებისას რუსეთის ავიაციამ დანაკარგები განიცადა, რა დროსაც, გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე ერთი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი ორი) სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ავრცელებენ როგორც რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხები, ისე უკრაინული მონიტორინგის ჯგუფები, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებთან დაახლოებულმა ცნობილმა ბლოგერმა (არხი Fighterbomber) დაადასტურა, რომ პეტერბურგის ცის დაცვისას პილოტები დაიღუპნენ. Ка-52-ის ეკიპაჟი ორი ადამიანისგან შედგება და, წინასწარი მონაცემებით, ორივე მათგანი ემსხვერპლა კატასტროფას.
რუსულ და უკრაინულ მედიასივრცეში გავრცელებული მთავარი ვერსიით, შვეულმფრენი თავად რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ან გამანადგურებლის მიერ გახსნილ „მეგობრულ ცეცხლს“ ემსხვერპლა. რუსმა სამხედროებმა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საკუთარი შვეულმფრენი შეცდომით უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატად აღიქვეს და ჩამოაგდეს.
თუკი წინასწარი ინფორმაცია ორი რუსული შვეულმფრენის ჩამოგდების თაობაზე დადასტურდება,მაშინ რუსეთის საარმიო ავიაციისთვის ეს უკრაინასთან ომში დაკარგული 70-ე Ка-52 «Аллигатор»-ი და 63-ე Ми-8МТ-ე იქნება,საერთო ჯამში რუსეთს უკრაინასთან ომში აქამდე სხვადასხვა ტიპის არანაკლებ 186 შვეულმფრენი ჰყავდა დაკარგული.
P.S. უკრაინის ცაში რუსული კამიკაძე-დრონების მოგერიებისას შვეულმფრენებისა და თვით გამანადგურებელი თვითმფრინავების დაკარგვა არც უკრაინული მხარისთვისაა უცხო ხილი, რისი მიზეზიც გამხდარა რუსული დრონისთვის ახლო მანძილიდან გახსნილი ცეცხლი და „გერანის“ საბრძოლო ქობინის დეტონირებისას,ნამსხვრევებით უკრაინული „მფრინავი ნიანგისა“ და „მიგ“-ის ჩამოვარდნა, ასევე მიწიდან გახსნილი „მეგობრული ცეცხლიც“...