"არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ" - ცნობილია თბილისში შემზარავად მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა
თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. როგორც ცნობილი ხდება, სამსახურიდან სახლში დაბრუნებული ცოლ- ქმარი სადარბაზოში ჩაცხრილეს. ისინი ლიფტს ელოდებოდნენ, როცა მოულოდნელად დამნაშავემ მათ ცეცხლი გაუხსნა და ცოლ - ქმარი ადგილზე დაიღუპა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მოკლულები არიან ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი. ისინი სავაჭრო ცენტრ "საბაში" მუშაობდნენ. მათზე თავდასხმა გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, ბარათაშვილის სანაპიროზე, "ცენტრ-პოინტის" საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. სწორედ ამ კორპუსში ცხოვრობდნენ მოკლულები. როგორც ჩანს, დამნაშავე ჩასაფრებული იყო და მათ გამოჩენას ელოდა.

არსებული ინფორმაციით, საქმეში ორი პირი ფიგურირებს. მათ ნიღბები ეკეთათ და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტრაგედიის ადგილი მალევე დატოვეს. ვინ და რატომ გაიმეტა ისინი სასიკვდილოდ, ეს ჯერჯერობით უცნობია.
“სავაჭრო ცენტრ საბაში მუშაობდნენ, ახლა ეზოში გავიგე, რომ ნანა და მისი ქმარი მოუკლავთ. გაოგნებული ვარ. ვის რას ერჩოდნენ. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ნანა ძალიან საყვარელი ქალბატონი იყო. ფუმფულას ვეძახდი, სხვა ვერაფერს გეტყვით, ჯერ არაფერი ვიცით”, - გვითხრა მეზობელმა.
“ მე რატომღაც მგონია, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო, რადგან მათ სახლთან ელოდებოდნენ ნიღბიანები და შეყვნენ სადარბაზოში. ნანა ალბათ 67 წლის იქნებოდა, სოსო - 72. ძალიან დადებითი ადამიანები იყვნენ, ნანაც და მისი მეუღლე სოსოც. ორივე თბილი და კარგები, ადამიანების პატივისმცემლები. მე მათზე კარგის მეტს ვერაფერს გეტყვით. ძალიან მტკივა გული. წარმოუდგენელია ასეთი დანაშაული. დღისით, საკუთარ სადარბაზოში როგორ უნდა ჩაცხრილო ორი ადამიანი, ქუჩაში გასვლაც უნდა გეშინოდეს ადამიანს? რა დრო დადგა. ცოლ-ქმარი წლების მანძილზე მუშაობდნენ სავაჭრო ცენტრ “საბაში”. ადგილი შესყიდული ჰქონდათ და ძვირფასი ავეჯით ვაჭრობდნენ, სულ შრომაში იყვნენ. არ ვიცი, ვინ გაიმეტა ისინი. თუ დასაყაჩაღებლად მივიდა ვინმე, მაშინ სახლში შეჰყვებოდნენ და ლიფტში არ ჩაცხრილავდნენ, ამიტომ მგონია, რომ მანდ სხვა რაღაც იქნებოდა, ან შურისძიება, ან აღარ ვიცი რა ვთქვა. ძალიან განვიცდი და ვუსამძიმრებ მათ ახლობლებს ამ დიდ ტრაგედიას. იმედია, მალე გამოძიება პოლიცია ამ საქმეს და საკადრისად დაისჯებიან დამნაშავეები, ”- ამბობს ჩვენთან საუბარში მოკლული ცოლ ქმრის ახლობელი და ძალიან განიცდის მომხდარს.
"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს მოკლული ცოლ ქმრის ოჯახის წევრებს.
ტრაგედიის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. კრიმინალისტებთან ერთად იქ კინოლოგებიც მუშაობდნენ. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ალბათ მალე გაირკვევა მომხდარის დეტალები და იმედია დამნაშავეებს დააკავებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო-დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)