რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და ვის როგორი ზამთარი ელის?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: "რუსები ზნეს არ იცვლია და..."
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის წარმატებამ ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, პუტინს უბიძგა, გადააფასოს უკრაინაში გამარჯვების თავდაპირველი თეორია და ზამთარში საჰაერო იერიშების საშუალებით აიძულოს უკრაინა, დათანხმდეს კაპიტულაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით მოსკოვი ახალ დარტყმებს ამზადებს დნეპრზე არსებულ ხიდებსა და ენერგოსექტორზე, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ამ ზამთარს მედგრად გადაიტანს და მტრის ყველა თავდასხმას ზუსტი და მტკივნეული პასუხი გაეცემა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაგვაცნობს რა ხდება შემოდგომის მიწურულს ფრონტის ხაზზე და ვის როგორი ზამთარი ელის.
- შემოდგომა მშრალი გამოდგა, უკრაინაში ტექნიკის გადაადგილებაში სირთულე არ ყოფილა. ახლა უკრაინაში წვიმების სეზონი იწყება და ეს პრობლემა გაჩნდება. ამავე დროს ფოთლები ჩამოცვივდება, რაც გაართულებს დრონებისგან შენიღბვას. ამას თუ დაემატება თოვლი, თოვლზე ნაკვალევი რჩება და სითბური საშუალებებით მებრძოლის აღმოჩენა იოლდება.
უკრაინელებმა ზუსტად ოპერაცია "ვივალდიდან" გამომდინარე მოახერხეს, რომ რუსები უკუაგდეს და კრამატორსკი-სლავიანსკის თავდაცვითი ხაზის გარშემო შემოვლითი ალყის საფრთხე აღიკვეთა, რუსებმა უკან დაიხიეს და მდინარე ჟერებეცის მარჯვენა ნაპირს, ფაქტობრივად, უკრაინელები აკონტროლებენ. ამის საპირწონედ რუსებმა შედარებით გაააქტიურეს მოქმედებები დობროპოლიეს მიმართულებით, რათა სამხრეთიდან განავითარონ შეტევა. უკრაინელებმა ჩრდილოეთი მარწუხი ჩაჭრეს, მაგრამ რუსები ცდილობენ სამხრეთი მარწუხი განავითარონ, დობროპოლიეს მიმართულებიდან დრუჟკოვკა-კრამატორსკზე სურთ გასვლა. პუტინის განცხადება, რომ დობროპოლიე აღებულია, სიცრუეა, ბრძოლები ისევ მიმდინარეობს. უკრაინელები ასევე აქტიურობენ ზაპოროჟიე-დნეპროპეტროვსკის რაიონებში, კერძოდ, ველიკა-ნოვოსილკას მიმართულებაზე. ნოვოსილკა მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბია რუსების სამხრეთის დაჯგუფებისთვის, მაგრამ ეს მოქმედებები ეპიზოდურია. საინტერესო იყო ასევე უკრაინელების ოპერაცია "ვერესი", რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მას ეროვნული გვარდიის კორპუსი "ხარტია"“ატარებს. ეს არის ოპერაცია, რომელიც იყენებს კუპიანსკის ჩრდილოეთით განლაგებულ მიტოვებულ მილსადენებს, რომელიც ადრე რუსებმა უკრაინელების ზურგში შეჟონვისთვის გამოიყენეს. ახლა უკრაინელები იყენებენ მას რუსების ზურგში შეჟონვისთვის. ვინაიდან მოქმედებები მიწის ქვეშ ხდება, ეს ოპერაცია აქტიურ ფაზაშია. რეალობიდან გამომდინარე, ვითარებასთან ადაპტირება ორივე მხარეს უწევს, დანაკარგების განსაზღვრა გაძნელებულია, ვინაიდან ფრონტი არ მოძრაობს. შესაბამისად, დაღუპულების ევაკუაცია დიდი დაგვიანებით ხდება.
რუსეთში დაიწყო ძალიან მკაცრი ზამთარი, თოვა, ქარბუქი... მძიმე მდგომარეობაა ყირიმში, სადაც ახლოვდება ციკლონი თავისი ქარიშხლებით, წამოვიდა თოვლი და წვიმა, ამ დროს არ არის შუქი, გათბობა და ა.შ. უკრაინელების დარტყმების გამო პერიოდულად იკეტება ხიდიც, რომელიც ყირიმს კონტინენტთან აკავშირებს. ეს ზამთარი რუსეთშიც არანაკლებ მძიმე იქნება, თუ უფრო მძიმე არა, ვიდრე უკრაინაში.
რაც შეეხება უკრაინელების დარტყმებს, გრძელდება დარტყმები ნავთობგადამმუშავებელ საწარმოებზე. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინელებმა ნავთობგადამმუშავებელი პროდუქციის სადღაც 16% გაანადგურეს. ახლა უკრაინელებმა შეცვალეს დარტყმების ტაქტიკა ქარხნებსა და საწარმოებზე. თუკი ადრე მთელი საწარმოს ტერიტორიაზე ერთ მნიშვნელოვან საწარმოო კვანძს არჩევდნენ, ახლა ათეულობით დრონით მიმდინარეობს დარტყმა მთელი ქარხნის ტერიტორიაზე, ანუ უკრაინელებს მთლიანად საწარმო გამოჰყავთ მწყობრიდან. ახლა მათ შორი ფრენის დრონებიც საკმარისად აქვთ.
რაც შეეხება რუსებს, ისინი ზნეს არ იცვლიან, კიდევ მიმდინარეობს დარტყმები სამოქალაქო მატარებლებზე, ავტობუსებზე... მოგეხსენებათ, კიევს დნეპრი ყოფს ორ ნაწილად, ძალიან ბევრი ხიდია და ცდილობენ ამ ხიდებს დაარტყან. რუსებმა ოდესის ორი ნაწილის დამაკავშირებელ მთავარ ხიდს 16 დრონით დაარტყეს, ასევე მიმდინარეობს დარტყმები ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინაში, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს ქარხნები უკვე კარგა ხანია ძალიან მცირე მასშტაბით მუშაობენ. უკრაინელებს უჭირთ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებები, იგივე "პეტრიოტი", რომელიც ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. სხვათა შორის, ზელენსკიმ განუცხადა ტრამპს, რომ უკრაინა მზადაა არ დაარტყას რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ საწარმოებს, თუკი ტრამპი მისცემს "პეტრიოტებს"...
რა თქმა უნდა, უკრაინელებს ევროპა ეხმარება, აძლევენ ახალ სისტემებს, რომლებიც ჯერ არ არის ბრძოლაში გამოცდილი, ან დასაწყობებულ ისეთ სისტემებს, რომელთაც შენახვის ვადა გასდის. ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის კრიტიკული მინიმუმი, რომლის ქვემოთ ისინი ვერ შეამცირებენ თავდაცვის შესაძლებლობებს. თუმცა გერმანიაში ზელენსკის ბოლო ვიზიტისას გერმანია უკრაინას IღIშ-თ-ს - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მიცემას დაჰპირდა. არცთუ ისე გაამართლა ფრანგულ-იტალიურმა MAMBA-ს სისტემამ, რომელზეც ვარაუდობდნენ, რომ "პეტრიოტის"“შემცვლელი შეიძლება ყოფილიყო. ეს ზამთარი გაუჭირდება უკრაინას, ვინაიდან ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მაგრამ არის რუსეთის რეგიონები, რომლებსაც უკრაინაზე ნაკლებად ნამდვილად არ გაუჭირდება და არა მგონია, ეს მარტივად გადაიტანონ. ზელენსკი მაქსიმალურად ცდილობს ომის წესების დაცვას. მისი უწყებები არ ურტყამენ სამშობიარო სახლებს, ხალხით სავსე მატარებელს და სკოლებს. ასე რომ, ახლა არის თანხვედრი ზარალი - Collateral damage, რომელიც ომს მოსდევს. შეიძლება ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს გვერდით არსებულ შენობას მოხვდეს ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევი, ან დრონი ფრენის დროს, მაგრამ ეს არ იქნება მიზანმიმართული, რუსებისგან განსხვავებით.
რუსები უკვე მეხუთე წელია ცდილობენ მოსახლეობაზე ზემოქმედებას, თუმცასაკმაოდ წარუმატებლად - უკრაინელების ნება, გაუწიონ წინააღმდეგობა, მყარია.
- 2 ნოემბერს რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში, კომიშუვახაში, დაბომბა სკოლა და თავშესაფარი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე.
- დაარტყეს სკოლას, სადაც ჰუმანიტარული დახმარება რიგდებოდა, მერე კი დასახმარებლად მისულ მაშველებს. 40-ზე მეტი დაიღუპა, 50 კი დაკარგულია. მოქალაქეებზე თავდასხმა რუსების დამახასიათებელია. სანამ ომი არ შეწყდება, იქნება მსგავსი დარტყმები. მთავარია, ამისგან თავდაცვითი საშუალებები მიეწოდოს უკრაინას, რადგან ამის უკან დგას ადამიანების სიცოცხლე.
დადებითი მომენტი იყო ოლეშკის მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც მელანია ტრამპის ინიციატივაა და გარანტორიც თავად იყო. ორნაირად შეიძლება შევხედოთ ამ ოპერაციას - ოლეშკი არის ქალაქი, რომელიც ხერსონის მოპირდაპირე ნაპირზე მდებარეობს და რომელიც რუსებმა ომის დასაწყისშივე აიღეს, ფაქტობრივად, ოკუპაცია მოახდინეს, დაანგრიეს და ვინაიდან ფრონტის ხაზის ქალაქია, იქ მუდმივად იყო დარტყმები ორივე მხრიდან. ომამდე თუ იქ 24 ათასი კაცი ცხოვრობდა, ახლა დარჩენილია 1 700 - 2 000 კაცი. ზუსტად ცეცხლის შეწყვეტამ მისცა საშუალება, ჰუმანიტარული დერეფნით გაეყვანათ მოსახლეობა. საინტერესოა, რომ ოლეშკიდან 16 ავტობუსი წავიდა უკრაინის და მხოლოდ 4 - რუსეთის მიმართულებით. იქაც არ ვიცი, რამდენად სავსე იყო ავტობუსები, ვინაიდან ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული და ვერავინ იტყვის, სავსე იყო თუ არა. საინტერესო იყო თვითონ ავტობუსების მარშრუტი - ოლეშკიდან ჯერ წაიყვანეს ყირიმის გავლით ანაპაში (რუსეთი), ანაპიდან გომელში (ბელორუსი) და იქიდან შევიდნენ კიევში. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, თუკი მას გარანტორად უდგას წონიანი პოლიტიკოსი ან მისი მეუღლე.