ოჯახი ლობიოს წვნიანში გარეული საძილე პრეპარატით დააძინეს და 150 000 ევროს ქონება გაიტაცეს - ნეაპოლში 53 წლის ქართველი მომვლელი დააკავეს
იტალიის ქალაქ ნეაპოლში პოლიციამ 53 წლის ქართველი ქალი დააკავა, რომელსაც ძარცვაში მონაწილეობას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ქალმა ოჯახში მომვლელად მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, სახლის მეპატრონეებს ლობიოს წვნიანი მოუმზადა, რომელშიც საძილე მოქმედების პრეპარატი შეურია. მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა საკვები მიირთვეს და პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, სახლიდან 50 000 ევრო ნაღდი ფული და დაახლოებით 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები გაუჩინარდა. საერთო ზარალმა 150 000 ევრო შეადგინა.
ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSAდა გამოცემა Openავრცელებენ.
შემთხვევა მიმდინარე წლის ივნისში, ნეაპოლის პიედიგროტას უბანში მოხდა. დანაშაულის მსხვერპლი წყვილი და კიდევ ერთი ხანდაზმული ქალი გახდა, რომელიც იმავე საცხოვრებელში იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, 53 წლის ქალი ოჯახში მომვლელად მუშაობდა და ძარცვის მომენტისთვის იქ სულ რამდენიმე დღის მისული იყო. სავარაუდოდ, მან ოჯახის წევრებს ლობიოს წვნიანი მიართვა, რომელშიც ნარკოტიკული მოქმედების ნივთიერება იყო შერეული. საკვების მიღების შემდეგ დაზარალებულები პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, რის შემდეგაც სახლიდან დიდი ოდენობით ფული და ძვირფასეულობა წაიღეს.