მებრძოლმა მაგდი ამაჩოვმა, რომელიც თავის დროზე მერაბ დვალიშვილმა შეიფარა და საკუთარი სახლი უფასოდ დაუთმო, მხარი უსმან ნურმაგომედოვს დაუჭირა
რუსმა MMA მებრძოლმა მაგდი ამაჩოვმა უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
ამაჩოვი წარსულში მერაბ დვალიშვილთან ერთად ვარჯიშობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის სახლში უფასოდ ცხოვრობდა. მოგვიანებით კი ქართველ მებრძოლთან დაპირისპირებისთვის უმარ ნურმაგომედოვის მომზადებაში მონაწილეობდა.
„ყველა ახლა აღშფოთდა და გამოფხიზლდა. მაგრამ რა მოხდა საქართველოში, როდესაც ჩვენი ძმები RAF-ის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოვიდნენ და მერაბმა ჩვენს ძმას მოულოდნელად, ზურგიდან დაარტყა? ეს ჩვენთვის, როგორც ძმებისთვის, დაღესტნელებისა და მუსლიმებისთვის, ძალიან მტკივნეული იყო. ჩვენს ძმას ღირსება შეულახეს.
იქ დაცვის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მომხდარს არავინ მიაქცია სათანადო ყურადღება. საინფორმაციო გვერდებმაც ეს ამბავი თითქმის უყურადღებოდ დატოვეს. თუმცა ყველამ იცოდა, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგები. მერაბმაც იცოდა!
როდესაც ვიდეო ვნახე, ძალიან მეწყინა ის, რაც საქართველოში მოხდა. ამის შემდეგ ამ ადამიანს დავშორდი. როგორ შეეძლო მას ასე მოქცეოდა ჩემს მუსლიმ ძმას საკუთარ ქვეყანაში? ნუთუ არ გაითვალისწინა, რომ დაღესტნელი მეგობრები ჰყავდა, რომლებსაც ეს ამბავი ძალიან ეწყინებოდათ?
მერაბის წინააღმდეგ ოთხი ადამიანი იყო, მერაბი კი თავის მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ახლა ყველა აღშფოთებულია და ამბობს, რომ მას ტურებივით და ვირთხებივით დაესხნენ თავს. მაგრამ თავად განსაჯეთ, რა მოხდა მაშინ და რა მოხდა ახლა. რატომ არავინ გაახმაურა მაშინდელი ინციდენტი? რატომ არის ახლა ყველა ასე ჩაბღაუჭებული აბუ-დაბიში მომხდარ ამბავს?
ცხოვრება ბუმერანგია — უსამართლობა აუცილებლად გიბრუნდება. უსამართლობას უსამართლობით პასუხობენ“, — განაცხადა ამაჩოვმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.