შურისძიება პუტინის მშობლიურ ქალაქში - უკრაინის ქალაქების დამბობველი მორიგი რუსი სამხედრო მფრინავი პოლკოვნიკი, პეტერბურგში, თავისივე ავტომობილში ააფეთქეს - კვირის პალიტრა

შურისძიება პუტინის მშობლიურ ქალაქში - უკრაინის ქალაქების დამბობველი მორიგი რუსი სამხედრო მფრინავი პოლკოვნიკი, პეტერბურგში, თავისივე ავტომობილში ააფეთქეს

უკრაინელი დივერსანტები აგრძელებენ მათი ქალაქების დამბობველი რუსი მფრინავების მანქანებში აფეთქებებს...

2026 წლის 12 ნოემბერს რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ავტომობილში ააფეთქეს რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა უწყებას მისი სახელი, გვარი და წოდება არ გაუსაჯაროებია.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, დაღუპული პოლკოვნიკი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-6 არმიის მთავარი შტურმანი იყო.

აფეთქება 12 ნოემბერს, დაახლოებით დილის 07:00 საათზე, სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში, დაბა შუშარებში (კოლპინოს გზატკეცილზე, სლავიანკას მიკრორაიონში) მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ძირზე იყო დამაგრებული. იგი დისტანციურად მაშინ აამოქმედეს, როდესაც სამხედრო პირი საკუთარი ეზოდან მანქანით გამოდიოდა.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-6 ლენინგრადის არმია (შტაბი — სანქტ-პეტერბურგში) დასავლეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში შემავალი ოპერატიული გაერთიანებაა. მისი ქვედანაყოფები აქტიურად არიან ჩართული უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისა და ავიაციის მართვის ოპერაციებში.

უკრაინული მონაცემთა ბაზების თანახმად, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-6 არმიის მთავარი შტურმანის პოსტს პოლკოვნიკი დმიტრი ლობოდინი იკავებდა.

მონაცემთა ბაზებში დმიტრი ლობოდინის რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს დაბა შუშარებში, იმ ადგილიდან დაახლოებით 420 მეტრში, სადაც 12 ნოემბერს ავტომობილი აფეთქდა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად იმავე რაიონში (შუშარები, კოლპინოს გზატკეცილი) 2026 წლის 27 აგვისტოს მსგავსი მეთოდით ააფეთქეს ამავე მე-6 არმიის კიდევ ერთი ოფიცერი — 332-ე შვეულმფრენების პოლკის მაიორი სერგეი სეჩკოვი.

რუსი სამხედრო მფრინავებისა და სხვა ოფიცრების ავტომანქანებში აფეთქების ხელწერა თითქმის ტრადიციული გახდა იმ დივერსანტებისთვის, რომლებიც ეჭვის გარეშე,სწორედ კიევიდან იღებენ დავალებებს შურისძიებების განსახორციელებლად, უკრაინული ქალაქებზე რუსეთის საჰაერო შეტევების(რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება)სამაგიეროდ.

აი,ის არასრული ჩამონათვალი,თუ უკრაინასთან ომში მონაწილე რომელი რუსი ოფიცრები ააფეთქეს მანქანებში:

გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე. დაიღუპა 2025 წლის 25 აპრილს მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში მანქანის აფეთქების შედეგად.

გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი. რუსეთის გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი. ემსხვერპლა მანქანაში დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას მოსკოვში 2025 წლის 22 დეკემბერს.

გენერალი დამირ დავიდოვი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო და საარტილერიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დაიღუპა 2026 წლის 9 ივნისს მოსკოვში, მისი ავტომობილის აფეთქების შედეგად.

როგორც ჩანს, უკრაინული დივერსიული აქტები იმ რუსი ოფიცრების მიმართ, რომლებმაც თავი სამხედრო დანაშაულებებით „გამოიჩინეს“ რუსეთ-უკრაინის ომში, შემდგომშიც გაგრძელდება,რაც ერთგვარი წინასწარი გაფრთხილება გახდება სხვა რუსი მაღალჩინოსანი სამხედროებისთვისაც, რომ უკრაინული „შურისძიების მახვილი“ მათ ადრე თუ გვიან მაინც მიაგნებს...