დონბასის სრულად დათმობის სანაცვლოდ, ნატოში გაწევრიანების კვლავ შეპირებით, უკრაინას ისევ ატყუებენ?
1994 წლის 5 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაფორმდა საერთაშორისო შეთანხმება უკრაინას, რუსეთს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.
უკრაინამ ნებაყოფლობით თქვა უარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის ტერიტორიაზე დარჩენილ ბირთვულ არსენალზე (რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე იყო აშშ-ებისა და რუსეთის შემდეგ) და შეუერთდა ბირთვული იარაღის გავრცელების არგანთავსების ხელშეკრულებას.
ამის სანაცვლოდ, რუსეთმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მისცეს პოლიტიკური და უსაფრთხოების გარანტიები, რომ პატივს სცემდნენ მის სუვერენიტეტს, არსებულ საზღვრებს და თავს შეიკავებდნენ ძალის გამოყენებისგან ან ეკონომიკური ზეწოლისგან.
2014 წელს ყირიმის ანექსიით და შემდგომში,2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომით რუსეთმა დაარღვია ბუდაპეშტის მემორანდუმი და უგულოყო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
უკრაინული მხარისა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, მემორანდუმი ფაქტობრივად ჩაიფუშა და „ცარიელ სიტყვებად“ ან „ქაღალდის ნაგლეჯად“ იქცა, რადგან დამსჯელი მექანიზმები და რეალური დამცავი გარანტიები დოკუმენტში გათვალისწინებული არ ყოფილა.
პირიქით, ამ მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიმცემი ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია თავად გახდა აგრესორი, ხოლო აშშ-ებმა და დიდმა ბრიტანეთმა ბევრი ვერაფერი გააკეთეს ან არ გააკეთეს იმისთვის, რომ უკრაინისისთვის მიცემული დაპირებები უსაფრთხოების თაობაზე, ასრულებულიყო...
და, ახლა, 32 წლის შემდეგ, იმავე აგრესორ რუსეთთან უკვე დიდ და ხანგრძლივ ომში მყოფ უკრაინას, აშშ-ები თურმე ახალ გარიგებას სთავაზობს...
„ამერიკელებმა გვკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, დონბასიდან ჯარების გასაყვანად“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არაერთხელ მითქვამს: უკრაინა უკან არ დაიხევს და საკუთარ მიწებს ტერორისტებს არ დაუთმობს. ამერიკელებმა იკითხეს: „თუ უკრაინა ნატო-ში შევა, გამოვა თუ არა ის დონბასიდან?“. ეს პირველი შემთხვევაა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების ზომების კომპლექსურ პაკეტს, რომელიც შესაძლოა მოლაპარაკებების ფარგლებში შემოგვთავაზონ: ნატო-სა და ევროკავშირისგან უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს, ძლიერ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და აღდგენის გეგმას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ პარტნიორები მსგავს უსაფრთხოების ზომებს დაადასტურებენ, მაშინ მზად არის, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ აზრი უკრაინის საზოგადოებას ჰკითხოს.
„თუ მსგავსი წინადადება იქნება, მე, როგორც პრეზიდენტი, საზოგადოებასთან ღია დიალოგში შევალ და ვეტყვი: „აი, ახლა აქ ვართ, აი, როგორ გაერთიანდნენ პარტნიორები და როგორ ხედავენ წინსვლის გზას“. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ გულისხმობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავდროულად,საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს,რომ „უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა“.
ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი,რომ აშშ-ები და საფრანგეთიც, ახალი გარანტები გახდებიან, თუკი უკრაინა აგრესორ რუსეთს უბრძოლველად ჩააბარებს დონბასის,კერძოდ კი დონეცკის ოლქის იმ დარჩენილ 11 % ტერიტორიას,რომლის დაპყრობა პუტინის არმიამ ომის მეხუთე წელსაც კი ვერ შესძლო და ამის სანაცვლოდ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი,რომელზეც გავრცელდება ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების ყველა ის გარანტია, რაც თეორიულად იცავს ნატოს 32-ივე წევრ ქვეყანას?
დიდი ალბათობით არა და ეს ყველაფერი შეიძლება გადაიქცეს მეორე „ბუდაპეშტის მემორანდუმად“,რის შედეგადაც უკრაინა ისევ მწარედ მოტყუებული დარჩება...
მართალია,პუტინი ოცნებობს უკრაინის დონბასის რამენაირად სრულად დაპყრობას,რომ ეს „გააფორმოს“ ამ ომის მოგებად(რადგან მთელი უკრაინის „გადაყლაპვის“ თეორიული შანსიც კი აღარ დარჩა კრემლს),მაგრამ სანამ პუტინი ცოცხალია,ის არანაირად არ წავა იმაზე,რომ დაეთანხმოს უკრაინის ნატოში ოფიციალურად გაწევრიანებას და ამის წინააღმდეგ ყველა ღონეს იხმარს...
მეორე მხრივ,ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობაც სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ავტომატურად ამოქმედდება ამ ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების მე-5 მუხლი და რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში,იგივე აშშ-ები,საფრანგეთი,დიდი ბრიტანეთი თუ გერმანია(ალიანსის პატარ-პატარა ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობთ) მაშინვე იარაღით ხელში წინ აღუდგებიან კრემლის მორიგ გალაშქრებას დასავლეთისკენ...
დონბასის ეს დარჩენილი ნაწილი(რომელიც სინამდვილეში 20%-ს უახლოვდება და არა 11%-ია,როგორც ამაში ამერიკულ მხარეს კრემლი აჯერებს) მოიცავს ძლიერ გამაგრებულ ქალაქებს(კრამატორსკი-სლოვიანსკის აგლომერაციას), რომლებიც უკრაინის ეროვნული თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ტერიტორიის უბრძოლველად დათმობა რუსულ ძალებს გზას გაუხსნის ცენტრალური უკრაინის, მათ შორის ხარკოვისა და დნეპრის მიმართულებით.
ვინ იცის,1994 წელს ოფიციალურ კიევს ხელი რომ არ მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმზე და დარჩენილიყო ბირთვულ სახელმწიფოდ,გაბედავდა კი კრემლი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებას?