„დიდი ვეშაპები“ ცდილობენ სამხრეთ კავკასიის გაკონტროლებას...“
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ევროპასთან ურთიერთობა „საკმარისად პოზიტიური არ არის“ და ოფიციალური თბილისი დაინტერესებულია ამ ვითარების შეცვლით, თუმცა მხოლოდ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობით. კობახიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკური იზოლაციისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გამომდინარე საქართველო აღმოსავლეთის მიმართულებით ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ რჩება და მზადაა ევროკავშირთან სატრანზიტო თანამშრომლობისთვის.
რას გულისხმობს ხელისუფლება "ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაში" და რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს "ქართული ოცნება", ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
- ოფიციალურ თბილისს ევროპასთან კომპრომისზე წასვლის არაფერი ეტყობა. როცა ევროპაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, თუ ვისთან აქვს განსაკუთრებული პრეტენზიები დღევანდელ ხელისუფლებას. ეს არის ევროკავშირის სტრუქტურები - ევროპარლამენტი, ევროკომისია და ა.შ., თავად ევროპული ქვეყნების ნაწილთან კი საქმიანი და ზოგ შემთხვევაში მეგობრული თანამშრომლობაც კი აქვს. რაც შეეხება ვითარების გამოსწორებას, პირადად მე შანსს ვერ ვხედავ, რადგან ევროსტრუქტურები დაჟინებით მოითხოვენ იმ ინსტრუქციების შესრულებას, რომლებიც თავადვე შექმნეს. ნაწილობრივ ეს უსამართლოა. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატიის ნიშნებიც კი არ არის, მაგალითად, სადაც სჭირდება, ევროკავშირი იქ რეაგირებს, ხოლო სადაც არ სჭირდება, ცდილობს თვალი დახუჭოს.
- რაზე ხუჭავენ თვალს ევროსტრუქტურები რეგიონის სხვა ქვეყნებში და რატომ კეთდება გამონაკლისი საქართველოს შემთხვევაში?
- მაგალითად, აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე ევროკავშირი თვალს ხუჭავს, რადგან ეს ქვეყნები ენერგომომარაგებისა და ალტერნატიული სავაჭრო გზებისთვის სჭირდება. ამასთან, რადგან მათ არა აქვთ გაფორმებული ევროკავშირთან ღრმა ინტეგრაციის დოკუმენტები, იურიდიული მოთხოვნებიც განსხვავებულია. ზოგიერთ ისეთ ქვეყანასთანაც, რომელსაც ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის დოკუმენტებზე აქვს ხელი მოწერილი, ასე იქცევიან. მაგალითად, მოლდოვასთან ან თავად ევროპის კანდიდატ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პრინციპები ბოლომდე დაცული არ არის - მაგალითად, ალბანეთთან. საქართველოსთან კი გადაჭარბებული და არასწორი მიდგომებია, რადგან აქ სხვა გეოპოლიტიკური ინტერესებია ჩადებული...
- სხვა ინტერესში რას გულისხმობთ?
- ევროპისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად საქართველო, რამდენადაც ის გეოგრაფიული სივრცე და სატრანზიტო დერეფანი, რომელზეც ის მდებარეობს. ამიტომ არის ახლა განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულება სომხეთის მიმართ, რადგან საქართველო რაღაც დონეზე ამოვარდა ამ რგოლიდან და სჭირდებათ ქვეყანა, რომელსაც რეგიონში დაეყრდნობიან. თუმცა გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სომხეთს არ შეუძლია იმ როლის თამაში, რაც საქართველოს. ამიტომ ცდილობენ საქართველო ხელიდან არ გაუსხლტეთ. ევროპას სჭირდება მყარი სავაჭრო კომუნიკაცია სამხრეთ კავკასიაში და რადგან საქართველოს ხელი აქვს მოწერილი რიგ დოკუმენტებზე, ცდილობენ ის "დამჯერი" იყოს.
- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობის მიუხედავად, თბილისი მტკიცედ არის მოწოდებული ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად და როგორია ამაზე დასავლელი პარტნიორების პოზიცია?
- ყველა მსხვილი მოთამაშე "დიდი ვეშაპები" ცდილობს მაქსიმალურად გააკონტროლოს ის სატრანზიტო სივრცე, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებით უკავშირდება. დღეს სამხრეთ კავკასიაში იქმნება შუა დერეფნის პროექტის ინფრასტრუქტურა და ევროპელებს, ისევე როგორც ჩინეთს, აშშ-სა და რუსეთს, უნდათ ამ სტრუქტურების გაკონტროლება. ყველა სხვადასხვა ბერკეტს იყენებს: რუსეთი მეხუთე კოლონასა და სამხედრო ძალას, ჩინეთი ეკონომიკურ ფაქტორებსა და ფინანსურ რესურსებს, ირანი და თურქეთი გავლენის ფორმატებს. სხვათა შორის, ევროკავშირის გავლენის გაფართოებას ხელს უშლის თვითონ ევროპული ქვეყანა - ბრიტანეთი, რომელიც გავიდა ევროკავშირიდან და აშშ-თან ერთად იბრძვის გავლენებისთვის. დღეს ბრიტანეთს ბევრად მეტი გავლენა აქვს, მაგალითად, ბაქოში, ვიდრე მთლიანად ევროკავშირს.
საქართველო სუსტი ქვეყანაა და ამიტომ იჩაგრება. უფრო დიდი ფინანსური და ენერგეტიკული რესურსი რომ გვქონდეს, ბრიუსელი ხმას არ ამოიღებდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ უპირობოდ მართლები ვართ, შეცდომებს ჩვენც ვუშვებთ, მაგალითად, ძალიან ხისტ პოლიტიკას ვატარებთ, მაშინ როცა შესაძლებელია უფრო მშვიდი და პრაგმატული პოლიტიკის გატარება, როგორც ამას აზერბაიჯანი აკეთებს. თუმცა ამ ხისტ გზასაც აქვს თავისი ლოგიკა, რაც არ ნიშნავს, რომ მუდმივად კონფრონტაციის რეჟიმში უნდა ვიყოთ.
- "ქართული ოცნების" ლიდერები გამოსავალს ევროკავშირის ლიდერების ცვლილებაში ხედავენ, მაგალითად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არაჯანსაღი ლიდერები არიან ევროპაში და მოთმინებით დაველოდებით სიტუაციის შეცვლასო. რამდენად რეალურია ეს მოლოდინი და როდის შეიძლება დადგეს ნორმალური ურთიერთობების ეტაპი?
- იმისათვის, რომ ნორმალური ურთიერთობების სისტემა შეიქმნას, ან საქართველოს ხელისუფლების შემადგენლობა უნდა შეიცვალოს, ან ევროკავშირის - მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. გამორიცხულია, დღევანდელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინტერესები სრულად დაემთხვეს. თუმცა არიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები, მაგალითად, უნგრეთისა და რუმინეთის, რომელთა ინტერესებიც საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს ემთხვევა. მათთვის მთავარი არ არის, ასრულებს თუ არა საქართველო ბრიუსელის მიერ დაკისრებულ ყველა ვალდებულებას, არამედ ის ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთად მოიტანენ, მაგალითად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში გამომუშავებული მწვანე ენერგია პირდაპირ ევროკავშირის ბაზარს უნდა მიაწოდოს. ზედაპირზე ერთი რეალობაა, ხოლო "ხალიჩის ქვეშ" სრულიად სხვა ბრძოლა. ევროკავშირს არ შეუძლია დათმოს თავისი 700-მილიარდდოლარიანი საქონელბრუნვა ჩინეთთან, აშშ-ს არ უნდა, რომ ეს ბრუნვა მისი კონტროლის გარეშე ჰქონდეს ევროკავშირს და ამ დიდ თამაშში საქართველო უცნაურადაა გაჩხერილი.
აქ ერთი გზავნილის გაკეთება მინდა საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც კმაყოფილია ჩინეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის გაბმით. ასეთი ურთიერთობა მართლაც მნიშვნელოვანია და აუცილებელიცაა, განსაკუთრებით შუა დერეფნის ამოქმედების პერსპექტივის გათვალისწინებით, თუმცა ამ პროცესში დიდი სიფრთხილე გვმართებს. არ უნდა დავკარგოთ ის, რაზეც ხელისუფლება მუდმივად საუბრობს - სუვერენიტეტი. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს და ის რეალობაც კი დაინგრეს, რომელიც დღეს მყარად გვეჩვენება.
ხათუნა ბახტურიძე