აბუ-დაბის მოლაპარაკებების შედეგები და სტრატეგიული ჩიხი
9-თვიანი პაუზის შემდეგ აბუ-დაბიში გაიმართა პირველი სამმხრივი მოლაპარაკება, სადაც რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლები ერთ მაგიდასთან ისხდნენ, ევროპელები კი სხვა ოთახში და უკრაინელები მოლაპარაკებების პროცესში მათთან მართავდნენ კონსულტაციებს. ეს შეხვედრა იქცა საფუძვლად შემდგომი მაღალი დონის კონსულტაციებისთვის მოსკოვსა და დუბლინში, სადაც ამერიკელმა შუამავლებმა ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა უშუალოდ მხარეების ლიდერებთან განაგრძეს მუშაობა. ამ რთული დიალოგის ჯერჯერობით ერთადერთ ხელშესახებ შედეგად ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე მიღწეული პრინციპული შეთანხმებაა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული და ამერიკული მხარეები პროცესის განახლებას პოზიტიურად აფასებენ და წლის ბოლომდე ომის დარეგულირების შესაძლებლობაზეც კი მიანიშნებენ, მთავარი დაბრკოლება კვლავ გადაულახავია - ტერიტორიულ საკითხზე გარღვევა არ მომხდარა. ამერიკელი შუამავლების მიერ შეთავაზებული ბუფერული სცენარები და ე.წ. ნაცრისფერი ზონების შექმნის იდეა მხარეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - კრემლი ხისტად მოითხოვს სადემარკაციო ხაზის გავლებას ანექსირებული ტერიტორიების ე.წ. სახელმწიფო საზღვრებზე, კიევი კი კატეგორიულად უარყოფს ოკუპირებული მიწების დათმობის ხარჯზე ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას. პარალელურად, მწვავე უთანხმოების საგნად იქცა სამშვიდობო პროცესში ევროპის როლი. აშშ და უკრაინა ითხოვენ, რომ ევროპამ გამოყოს ერთიანი წარმომადგენელი, თუმცა რუსეთი წინააღმდეგია.
ეს ყველაფერი მკაფიოდ აჩვენებს, რომ 9-თვიანი პაუზის შემდეგ გამართული აბუ-დაბის შეხვედრა წარმოადგენს გარდამავალ ფაზას უკრაინის ომში, სადაც მხარეები ამოწმებენ ერთმანეთის "წითელ ხაზებს" ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფაქტორის ფონზე. შეხვედრა აჩვენებს, რომ ტაქტიკური შეთანხმებები შესაძლებელია, თუმცა სტრატეგიული მიზნები კვლავ ნულოვანი ჯამის თამაშის პრინციპით რჩება. ამ რაუნდზე ისევ ჩავარდა კუშნერ-უიტკოფის სცენარი - კონფლიქტის გაყინვა ფრონტის ხაზზე და "ბუფერული ზონების" შექმნა, ანუ კორეული სცენარის ანალოგი.
რატომ არის ეს სცენარი მუდმივად მიუღებელი მხარეებისთვის. ალბათ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთმა კონსტიტუციაში შეიტანა ოთხი უკრაინული ოლქი: დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი სრული ადმინისტრაციული საზღვრებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სრულად ვერ აკონტროლებს. პუტინისთვის ფრონტის ხაზზე საზღვრის გავლება ნიშნავს აღიარებას, რომ მან ვერ შეძლო "საკუთარი" ტერიტორიების დაცვა, რაც მის იმიჯზე კატასტროფულად იმოქმედებს. ამიტომ ითხოვს სადემარკაციო ხაზის გავლებას მის მიერ გამოცხადებულ ფიქციურ "სახელმწიფო საზღვრებზე". ზელენსკისთვის კი ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუნდაც დროებით რუსეთს დაუტოვებს, პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია - უკრაინელი საზოგადოება, რომელმაც კოლოსალური მსხვერპლი გაიღო, ამას კაპიტულაციად აღიქვამს. გარდა ამისა, კიევში კარგად ესმით, რომ "ბუფერული ზონა" მშვიდობას კი არ ნიშნავს, ეს არის პაუზა რუსეთისთვის, რათა ძალა აღიდგინოს და ახალი შეტევა წამოიწყოს.
ამ მოლაპარაკებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, ალბათ, ევროპელების ჩართვაა, თან ამერიკელების მხარდაჭერით. ამერიკელები ცდილობენ არ დარჩნენ მარტო ამ პროცესში, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით, რაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. უკრაინისთვის კი ევროპა არის უსაფრთხოების მთავარი გარანტორი, მით უმეტეს ტრამპის პოლიტიკის პირობებში. ამ ფონზე რუსეთის წინააღმდეგობაც გასაგები ხდება - რუსეთის გეოპოლიტიკური ხედვა ეფუძნება ე.წ. იალტის კონცეფციას - სამყაროს გაყოფას ზესახელმწიფოებს - აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის. მოსკოვი ევროკავშირს არ განიხილავს დამოუკიდებელ, სუვერენულ მოთამაშედ. პუტინს სურს აჩვენოს, რომ ევროპას არაფერი ესაქმება მისი "გავლენის სფეროში". ევროპის გამოთიშვით რუსეთი ცდილობს დაშალოს ტრანსატლანტიკური ერთიანობა, იზოლაციაში მოაქციოს კიევი და ამერიკასთან პირისპირ ვაჭრობაში მიიღოს უკრაინა.
თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი: - ევროპის რუსეთთან დამოკიდებულება უკრაინის საკითხზე ძალიან ხისტია და იმედია, ნებისმიერი ჭკუათამყოფელი ხვდება, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე მშვიდობის მიღწევა წარმოუდგენელია. შესაბამისად, რადგან ევროპა ერთვება პროცესში, როგორც ჩანს, მზად არის ომის გასაგრძელებლად. მოკლედ, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
- უშუალოდ მოლაპარაკების მხარეები იყვნენ უკრაინა, რუსეთი და აშშ. ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან არ იყვნენ, მაგრამ იყვნენ იქვე და უკრაინელები კონსულტაციებს მათთან ცალკე მართავდნენ. ეს ისეთივე მონაწილეობაა, როგორიც ამერიკის?
- ევროპელები პროცესში აქტიურად არიან ჩართული, რადგან სწორედ ევროპის წყალობით აგრძელებს უკრაინა წინააღმდეგობას. მართალია, არის ცდა, რომ ეს სიტუაცია "დიდ ბიძიებს" შორის დალაგდეს, მაგრამ აშკარაა, ჯერ არაფერი გამოდის. ამას ემატება ისიც, რომ ამერიკა განზე გადგა - არა იმიტომ, რომ სუსტია, იმიტომ, რომ ტრამპს უკრაინის დახმარების პოლიტიკური ნება არ ჰქონდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ტრამპია დასუსტებული. ის უკრაინაზე სერიოზულ ზეწოლას ვეღარ მოახდენს. ზელენსკი და მისი მთავრობა ახლა ელოდებიან, როდის შეიკრიბება იანვარში ახალი კონგრესი და დახმარების გადაწყვეტილებას მიიღებს.
კონგრესის შეკრებამდე თვე-ნახევარია დარჩენილი და გასაგებია, რომ ამ დროში უკრაინა არ დანებდება. უკრაინელები ყველაფერს იზამენ, რომ იანვრამდე გაძლონ. თუ ოთხწელიწად-ნახევარი გაძლეს, ამ თვე-ნახევარსაც როგორმე გაიტანენ. მართალია, იოლი ზამთარი არ იქნება, მაგრამ იანვრამდე მივლენ. ამის შემდეგ კონგრესი შეიკრიბება და უკრაინას, ალბათ, რაღაცას გამოუყოფს, თუმცა მთავარი კითხვაა, რას? ახლა უკრაინას ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, სავარაუდოდ, "პეტრიოტები" სჭირდება, რაც ამერიკას ფიზიკურად აღარ აქვს. თან ტრამპი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს კონგრესის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, კონგრესმა რომც მიიღოს უკრაინის დახმარების აქტი, მერე რას ვშვრებით? დაეხმარება, მაგრამ რითი?
ფინანსური დახმარება უკრაინას წინააღმდეგობის გაგრძელების საშუალებას მისცემს. თუმცა, ბოლო დროს რუსეთის სტრატეგია აშკარად გამოიკვეთა - საშინლად ბომბავენ მოსახლეობას. ადამიანისთვის ამ ქალაქებში ცხოვრება სულ უფრო რთულდება. შეიძლება ფრონტის ხაზზე რუსეთი წინ ვერ მიდის, მაგრამ ეს უკრაინელი მოსახლეობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს. სწორედ აქ მივდივართ მთავარ პრობლემამდე - როდემდე გაუძლებს ხალხი?
- ამ ვითარებაში შუალედური დათმობა არ იქნება ორივესთვის მისაღები? მაგალითად, დროებით ომის გაჩერება და საბოლოო გადაწყვეტილებამდე ბუფერული ზონა შექმნან.
- ამ ეტაპზე არც ერთი მხარე შუალედურ ვარიანტზე არ წავა, რადგან ორივეს თავ-თავისი მოლოდინი აქვს. რუსეთს იმედი აქვს, რომ ნგრევითა და მოსახლეობის გაუბედურებით მიზანს მიაღწევს, უკრაინის მთავრობას კი იმედი აქვს, რომ ახალი კონგრესი დაეხმარება. ამიტომ სერიოზული შეთანხმების პერსპექტივას ვერ ვხედავ.
- აქამდე ტრამპი-პუტინი-სი ძინპინის შეხვედრის მოლოდინი იყო, რომელიც 19 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ტრამპის პოზიციების დასუსტების შემდეგ ამ შეხვედრას რა როლი ექნება?
- ჩინეთს არ აწყობს ამ ომის სწრაფად დასრულება. სადმე თუ მიიწვევენ მოლაპარაკებაზე, წავა, ზრდილობიანად გაიღიმებს და თავს დაუქნევს, მაგრამ მეტი არაფერი. რატომ უნდა შეიწუხოს თავი ომის დასრულებით? რუსეთი, რომელიც ოდესღაც მასზე ძლიერი იყო, ამ კონფლიქტში ნელ-ნელა სუსტდება. მართალია, დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფი იქნებოდა, მაგრამ რუსეთი მაინც იფიტება. მეორე მხრივ, იფიტება თავად დასავლეთიც. რატომ უნდა შეუშალოს ჩინეთმა ამას ხელი?
მართალია, ჩინეთს არც რუსეთის სრული გამარჯვება აწყობს, მაგრამ ის უფრო რუსეთის წაგებას არ დაუშვებს, ვიდრე უკრაინისას. მისთვის მთავარია, რუსეთი იმდენად არ დასუსტდეს, რომ ჩინეთი მთელი დასავლეთის წინაშე ერთი-ერთზე დარჩეს. რუსეთი მას ბუფერად სჭირდება, მით უმეტეს, თუ მისი უმცროსი პარტნიორი იქნება და ეს სცენარი უკვე რეალობაა - ჩინეთისთვის ეს იდეალურია. არასწორია მოსაზრება, თითქოს უკრაინამ რომ წააგოს, რუსეთი ისე გაძლიერდება, ჩინეთს შეაშინებს. რუსეთმა ეს ომი რომც დაასრულოს, ძალიან დიდხანს მოუწევს შიდა პრობლემების დალაგება. შესაბამისად, ჩინეთს რუსეთის გამარჯვების არ ეშინია. რუსეთი მისთვის უკვე დიდი ხანია საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
- ტრამპის პოლიტიკა რომ გამოვრიცხოთ, რაში აწყობს ამერიკას რუსეთის გამარჯვება და ჩინეთის გაძლიერება?
- როგორც რუბიომ განაცხადა, ამერიკა სხვების საქმეებში აღარ ჩაერევა. აშკარაა, რომ ამერიკას ის ძველი როლი აღარ აქვს და მსოფლიო პოლიციელის ტვირთით დაიღალა. ყოველ შემთხვევაში, ეს ადმინისტრაცია აშკარად დაიღალა. ზოგს ეს შეიძლება ახარებს, ზოგს - არა, მაგრამ ფაქტი მოცემულობაა. ის მაინც პრეზიდენტია, შეუძლია დაადოს ვეტო, გააჭიანუროს პროცესები და ა.შ. შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაში გადამწყვეტი უკვე ევროპის სიტყვა ხდება.
ჯერჯერობით, არც ერთი მხარე არ გაჩერდება, რადგან ორივეს აქვს იმედი, საბოლოოდ მათთვის რაღაც კარგი მოხდება. რაც შეეხება იმას, თუ ამ იმედს რომელი როდის დაკარგავს, ალბათ, მაშინ, როცა რომელიმე მხარე საბოლოოდ გამოიფიტება, თუმცა ჯერ დანებებას არც ერთი არ აპირებს.
P.S. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამერიკელებმა მას შეუთვალეს - გინდა უსაფრთხოების გარანტიები? გამოიყვანე ჯარები დონბასიდან და შეგიყვანთ ალიანსში. თუმცა, საქმე ის არის, ასეთი შეთანხმების შემდეგ პუტინი „მეორე წრეზე“ რომ წავიდეს, გაბედავს კი ნატო ომში ჩაბმას?!
რუსა მაჩაიძე