დასწევს თუ არა საქართველოში ინდური ბანკების შემოსვლა კრედიტის პროცენტს?! - კვირის პალიტრა

დასწევს თუ არა საქართველოში ინდური ბანკების შემოსვლა კრედიტის პროცენტს?!

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკს უჭირავს, მათ კი აქვთ სურვილი, საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია გაჩნდეს, რის შედეგადაც მომხმარებელი საუკეთესო საბანკო პროცენტს მიიღებს. ასეთ ბანკად კი ინდური ბანკები დაასახელა: "ინდური ბანკები ძალიან სტაბილური ბანკები არიან და მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვთ - ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში ასეთი ბანკების შემოსვლა გამარტივდეს". ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი ამ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ "იქნება ინდური, ყაზახური, ინგლისური ბანკი თუ სხვა, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ".

ცხადია, ეს განცხადებები მიუთითებს, რომ ხელისუფლებას რაღაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს დაგეგმილი საბანკო სფეროში. როგორი იქნება ეს ნაბიჯები და უნდა ჰქონდეს თუ არა მაღალი საბანკო პროცენტის გამო შეწუხებულ საქართველოს მოქალაქეებს ინდური ბანკების იმედი, ამ საკითხებთან დაკავშირებით "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელ გიორგი კეპულაძეს ვესაუბრეთ.

- ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაზრდა ძალიან კეთილშობილური მიზანია. სფეროს სპეციალისტები და კომენტატორები მუდმივად ვამბობთ, რომ საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდა აუცილებელია, რადგან ჩვენი ბაზარი კონცენტრირებულია. კარგია, რომ ამას უკვე აღიარებს ხელისუფლებაც. თუმცა მხოლოდ ლიცენზიის გამარტივება ან უცხოური ბანკის ფილიალის გახსნა კონკურენციის გასაზრდელად საკმარისი არ არის. წარმოუდგენელია, ეს არ იცოდეს დეპუტატმა, რომელიც თავადაც ბიზნესმენია და მით უმეტეს, ეროვნულმა ბანკმა. მართალია, ჩვენთან ორი ბანკის წილი საკმაოდ დიდია, მაგრამ ეს უცებ არ მომხდარა - წლიდან წლამდე ნელ-ნელა იზრდებოდა. მაგალითად, "ქართული ოცნების" პირობებში "თიბისიმ" შეიძინა "რესპუბლიკა ბანკი" და მცირედით გაუსწრო "საქართველოს ბანკს". ამ კონცენტრაციამდე ეტაპობრივად მივედით. შესაბამისად, ახლა ამ წილების ხელის ერთი მოსმით შემცირება მხოლოდ ახალი ბანკების შემოსვლით არ გამოვა. ამისთვის საჭიროა ბაზარზე არსებული სხვა ბანკების გამსხვილებაც, რათა მათ შეძლონ კონკურენციის გაწევა და, უკეთესი პირობების შეთავაზების ხარჯზე, კლიენტების მიზიდვა.

აქ მეორე საკითხი ჩნდება - უკეთეს პირობებში, პირველ რიგში, დაბალი საპროცენტო განაკვეთი იგულისხმება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ლარში სესხების გაცემისას განაკვეთი მხოლოდ ბანკზე არ არის დამოკიდებული. ის პირდაპირ ბმაშია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთთან, რაც, თავის მხრივ, განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკით, ინფლაციითა და რეგიონში არსებული რისკებით. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ უცხოური ბანკი შემოვა და საპროცენტო განაკვეთში მინიმუმ 2-3%-იან სხვაობას მაინც დადებს, ეს ქართველი მომხმარებლის მხოლოდ ტკბილი სიზმარია. მსგავსი რამ ვერ მოხდება, რადგან ლარის რესურსი დღეს დაახლოებით 8,5% ღირს - ანუ ბანკს ლარის მოძიება წლიურად სწორედ ეს თანხა უჯდება. ამას ემატება ქვეყნის რისკიც, რომელიც ერთნაირია როგორც "საქართველოს ბანკისთვის", "თიბისისა" და "ბაზისბანკისთვის", ისე ნებისმიერი უცხოური, ინდური, ჩინური თუ ინგლისური ბანკისთვის.

პირობები მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლება იმ მიზეზითაც, რომ უცხოური ბანკი ლარის რესურსს გარედან ვერ შემოიტანს. მან ის ადგილზე უნდა მოიზიდოს - მოსახლეობისა და ბიზნესის დეპოზიტებით, ან ეროვნული ბანკისგან ისესხოს, რისი განაკვეთიც ფიქსირებულია. მცირე 0,2-0,3%-იანი სხვაობები კი სურათს არსებითად ვერ ცვლის.

ბაზრის მეტად გახსნა და საერთაშორისო ბრენდების გამოჩენა თავისთავად დადებითი მოვლენაა. თუმცა, ისინი საქართველოში უკვე იყვნენ და აქედან ძირითადად სწორედ ბაზრის სიმცირის გამო გავიდნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული მსხვილი ბანკებიც კი ზრდის ძველ ტემპს ვეღარ ინარჩუნებენ.

ბაზარი შეზღუდულია - 4-მილიონიან ქვეყანაში, სადაც დიდი ნაწილი ბავშვი ან პენსიონერია, სესხებისა და ბარათების გაცემას თავისი ზღვარი აქვს. ამიტომ არა მგონია, მხოლოდ ლიცენზიის გამარტივების გამო დიდი, რეპუტაციული საერთაშორისო ბანკები ჩვენკენ დიდი სიხარულით გამოეშურონ.

- კონკრეტულად რატომ ინდური ბანკები.

- ევროპული ბანკები რომ ეხსენებინათ, გუნდში შიდა უთანხმოება შეექმნებოდათ, რუსული კი სანქცირებულია. ამიტომ, საითაც გეზი აქვთ აღებული, იმ მიმართულებაზე საუბრობენ და რატომღაც ინდოეთს მიადგნენ. თუმცა წარმოუდგენელია, მილიარდნახევრიანი ქვეყნის ბანკი ჩვენს მცირე ბაზარზე შემოვიდეს, როცა შიგნითვე უზარმაზარი დასაკრედიტებელი და სადეპოზიტო რესურსი აქვთ. შესაძლოა შემოვიდნენ მხოლოდ აქ მყოფი ინდოელი სტუდენტების მომსახურების მიზნით, მაგრამ ისინი თამაშის წესებს ვერ შეცვლიან.

რაც შეეხება ჩინურ კაპიტალს, ის ჩვენთან ზომით მესამეა. როცა ერთ ჰოლდინგში შემავალი "ბაზისბანკი" და "ლიბერთი" სრულად გაერთიანდება, ეს სწორედ მსხვილი ჩინური ბანკი იქნება. შარშან "ქართული ოცნების" კულუარებში იმაზეც კი ჭორაობდნენ, თითქოს ჩინური ბანკი შემოვიდოდა და სესხებს 3%-ად გასცემდა. ეს გაუგებარია, რადგან 3%-იანი სესხის პირობებში ანაბარზე სარგებელი დაახლოებით 1% უნდა იყოს. თანაც, 1 მილიონ ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა აკრძალულია, თუ მსესხებელს შემოსავალიც უცხოურ ვალუტაში არა აქვს, ასეთი კი ქვეყანაში ცოტაა.

როცა ხელისუფლება საუბრობს ბაზარზე არსებულ მაღალ კონცენტრაციასა და ოლიგოპოლიაზე, არ გამოვრიცხავ, ეს საბანკო წილების ზედა ჭერის დაწესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს. პოლიტიკური მიზნებისთვის ისინი ბიზნესის დაზიანებასაც არ ერიდებიან. საბანკო სექტორს კარგა ხანია უტრიალებენ და იციან, რომ ამ თემით ამომრჩევლისთვის პოპულიზმის მიყიდვა მარტივია.

- საბანკო სექტორი რეალურად არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტი და თუკი ასეთი რყევები, რასაც ელოდებით, რეალური აღმოჩნდება, რამდენად გაუძლებს ჩვენი საბანკო სისტემა?

- შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს საქართველოს საბანკო სექტორი, მაგრამ ფაქტია, დღეს მასზე დგას ქვეყნის ეკონომიკა და მტერს და ავს, რომ ეს სისტემა შეტორტმანდეს.

- თუკი საპროცენტო განაკვეთის შემცირება მართლა უნდათ, მკაცრი რეგულაციების შერბილება უფრო ქმედითი ვერ იქნებოდა?

- რა თქმა უნდა, მკაცრი რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის ერთგვარი რისკია, რასაც ისინი შემდეგ საპროცენტო განაკვეთში ასახავენ. გაიხსენეთ მოგების გადასახადიც - ბანკებისთვის ის უნდა გაეუქმებინათ, თუმცა, პირიქით, გაუზარდეს. ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად გროვდება, საბოლოო ჯამში ჩვენი გადასახდელია და პირდაპირ აისახება სესხის პროცენტზე. შესაბამისად, რეგულაციების შერბილება ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი სტაბილური და დაბალი ინფლაციაა. მართალია, ამაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ საზოგადოება პასუხს ყოველთვის ხელისუფლებას სთხოვს და მთავრობას ნამდვილად აქვს ინფლაციის შემცირების არაერთი ბერკეტი.

- ხშირად ისმის პრეტენზია, რომ ბანკებს ძალიან მაღალი მოგება აქვთ, რასაც სესხზე მაღალ პროცენტს აბრალებენ. რამდენად რეალურია ეს და მართლა ხომ არ შეიძლება პროცენტის შემცირებისთვის ამ მიმართულებით ფიქრი?

- საპროცენტო განაკვეთის ძირითადი ბაზა მოზიდული სახსრების ღირებულებაა, რასაც ზემოდან რისკები ემატება. ამას მოსდევს ბანკის ადმინისტრაციული ხარჯი და მხოლოდ ბოლოს რჩება სუფთა მოგება. ბანკს შედარებით მეტი მოგება აქვს საკრედიტო ბარათებსა და სამომხმარებლო სესხებზე - მსგავსი ტიპის მცირე სესხები შესაძლოა უფრო მომგებიანი იყოს.

საერთო ჯამში, საბანკო სექტორი ძალიან დიდ ფულს, უზარმაზარ კაპიტალს ატრიალებს. როგორ წარმოგიდგენიათ, კომპანია ასეთ კაპიტალს მართავდეს და აქედან სათანადო მოგება არ რჩებოდეს? როცა საქმე დიდ ფულთან გვაქვს, აბსოლუტურ რიცხვებში მოგება თავისთავად დიდი ჩანს, რასაც ხელს უწყობს ბაზრის მაღალი კონცენტრაცია და ნაკლები კონკურენციაც. თუმცა მომხმარებლისთვის მთავარია არა ის, თუ როგორია ბანკის მოგება, არამედ ის, თუ როგორია საკრედიტო პირობები. ამ პირობების გაუმჯობესება კი შესაძლებელია ისე, რომ ბანკების მოგება საერთოდ არ შემცირდეს. წარმოუდგენელია, მსხვილ ქართულ ბანკს არ უნდოდეს საქართველოში კარგი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის გამდიდრება, მით უმეტეს, როცა არც ჩვენ და არც მათ არ ვიცით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე ამ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, როგორი რთულია ბიზნესის მართვა ამ რისკების გათვალისწინებით, მით უმეტეს სისტემური ბანკებისთვის, რომლებზეც უდიდესი პასუხისმგებლობაა.

შესაბამისად, ამ დიდ მოგებას სწორედ დიდი კაპიტალი განაპირობებს. მართალია, მასში მცირე წვლილი კონკურენციის ნაკლებობასაც შეაქვს, მაგრამ ეს ერთ ან ორ დღეში არ მომხდარა - ეს ვითარება წლების განმავლობაში გროვდებოდა. სამწუხაროდ, რადგან პროცესი წლობით მიმდინარეობდა, ვითარებას ერთ დღეში ვერც შევცვლით, თუ არ ჩავთვლით ხელისუფლების შესაძლო ხისტ ქმედებებს. მის ხელშია ყველაფერი და შესაძლოა შემოიღოს ისეთი რეგულაციები, რომლებიც საბანკო სექტორს საერთოდ არ ეხატებოდეს გულზე.

რუსა მაჩაიძე