ორი ქადაგება, რომლებმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - კვირის პალიტრა

ორი ქადაგება, რომლებმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

10 ნოემბერს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის ქადაგება ყურადღების ცენტრში მოექცა. აი, რა თქვა სასულიერო პირმა (გთავაზობთ შემოკლებით).

"დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის და რაში გამოიხატება ეს - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრევლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ, რომ გაჭირვებაა, ქადაგებ, სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ, ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება... ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი, რადგან, ძირითადად, ეკლესია სახელმწიფოსგან ფინანსდება....

ვიცით წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გასაგებია. გადაირჩია ერმა. ხალხმა გადაირჩია, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ნარკოტიკების გავრცელება, ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებით და მისი ხელშეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ, რომ ყველანაირი საშუალებით არ შეიძლება გამდიდრება, გამდიდრებას სასჯელიც მოჰყვება შესაბამისად ღვთისგან. და ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არ მივცეთ... რაღაცებზე ჩვენ უნდა ვამხილოთ. იოანე ოქროპირის ცხოვრება გვაქვს, ის იმპერატორს ამხელდა, დედოფალს ამხელდა, მაგრამ ვინ წავიდა მის წინააღმდეგ? - ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი იერარქები. იმპერატორმა ისინი გამოიყენა იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მაგალითებით უნდა ვისწავლოთ, წმინდანთა ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ღირსეული მღვდელმთავარი განდევნილ იქნა ეკლესიიდან სწორედ ამ მთავრობასთან ახლო მყოფი მღვდელმთავრების ხელშეწყობით. არ შეიძლება ახლო ყოფნა. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზედაც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა, რომ არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება. არ შეიძლება. მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლება მიწების გაყიდვა. არც მეფეს, არც ხელისუფლებას, არც პატრიარქს არა აქვს უფლება ქართული მიწები გაყიდოს. იყიდება მიწები და ე.ი. ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაცებზე... ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. შევეხოთ დემოგრაფიულ საკითხებს. რა ხდება საქართველოში, სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას. განსაკუთრებით, ისეთ რეგიონებშია მატება, სადაც არაქართველები ცხოვრობენ.

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა - ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ არ იგრძნობა, ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები. გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა, რატომ შენდება ამდენი კორპუსი, მშენებლობების ბუმია საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში? - ე.ი. უცხოტომელები? არის ისეთი პროგრამა, ერის მოკვდინების პროგრამა არის სხვადასხვა ტომის შერევით სხვადასხვა კულტურის ადამიანების ჩანაცვლებით. ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას და დასაქმდნენ ახალგაზრდები, სტიმული მიეცეს ოჯახებს, დაწესდეს მესამე შვილზე 1000 ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს ბინა გადაეცეს? ხომ შეიძლება გაკეთდეს, პატარა ქვეყანა ვართ. ვტრაბახობთ, რომ 100 მილიარდამდე გაიზარდა შემოსავლები საქართველოში, ვის ხმარდება?"

11 ნოემბერს მეუფე იობს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი გამოეხმაურა. აი, რა თქვა სასულიერო პირმა (გთავაზობთ შემოკლებით):

"ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა... ნებისმიერი ღვთისმსახურების დროს ეკლესია ლოცულობს "ქრისტესმოყვარისა მთავრობისა და მხედრობისათვის". ეს ლიტურგიკული ფორმულა უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფალს. მთავრობა "ქრისტესმოყვარე" და ღვთისგან კურთხეულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ქრისტიანული ზნეობით, სამართლიანობითა და მოყვასის სიყვარულით მართავს ქვეყანას, იცავს სარწმუნოებას, ეროვნულ ღირებულებებსა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობას. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს.

სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესისა და ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო გავრცელებითა და ფაქტობრივი წახალისებით ჩვენი ახალგაზრდობა უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ლუდომანია და ნარკომანია ანადგურებს ოჯახებს და ართმევს ქვეყანას მომავალს... ამავდროულად, უკიდურესად შემაშფოთებელია ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობა იძულებულია, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწოს და ქვეყანა იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან, ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან მიგრანტებისა და ვიზიტიორების უკონტროლო და მასობრივ შემოდინებას, მიწებისა და ქონების გასხვისებას. ასეთი უპასუხისმგებლო საემიგრაციო და ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობასა და დემოგრაფიულ ბალანსს... ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო მიყურადება და თვალთვალი, რომელიც მიმართულია როგორც სასულიერო პირების, ისე ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ... სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, დამოუკიდებლობასა და ერის საერთო კეთილდღეობისთვის მსახურებას. ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა... მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა ერისა და ღვთის წინაშე, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ, გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი", - თქვა მეუფე ილარიონმა.

განსაკუთრებით მეუფე იობი გახდა მმართველ გუნდთან აფილირებული პირებისა თუ ტროლ-ბოტების თავდასხმის სამიზნე. ასე არ შეიძლება, ყველას აქვს პოზიციის დაფიქსირების უფლება, მით უმეტეს, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებმა უფრო აქტიურად უნდა დააფიქსირონ პოზიცია ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხებზე. მაგალითად, მეუფე იობისა და ილარიონის ზემოხსენებულ ქადაგებებში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ნარკომანია, დემოგრაფიული მდგომარეობა და ემიგრაცია.

უფრო ზუსტად, ზემოხსენებული საკით­ხები პრობლემა კი არა, ეროვნული უბედურებაა. ავიღოთ ნარკოტიკები - სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ შსს ყოველდღიურად "პაჩკა-პაჩკა" აკავებს ნარკობარიგებს. ტრაგედია ის არის, რომ დაკავებულებს სხვა ცვლის. ნარკოტიკების გავრცელების სქემაში ფულის იოლად შოვნის მოტივით ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და ზედოზირებით რამდენი კვდება, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დემოგრაფიული სიტუაცია რომ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქართველი ერის არსებობას, ესეც ვინმეს ხომ არ დასიზმრებია? რაც შეეხება ემიგრაციას - ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი, ინტელექტუალური რესურსი, დაადგა უცხოეთის გზას. ოჯახებით და პატარა ბავშვებით მიდიან საზღვარგარეთ. საქართველო "სისხლისგან იცლება" და ტვინების გაჟონვა მიმდინარეობს, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან ცუდ პერსპექტივებს უქადის.

მოკლედ, ყველაფერი ზემოხსენებული ისეთი საკითხებია, რომელზეც მუდმივად უნდა ილაპარაკოს ერმაც და ბერმაც და, ალბათ, ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ამ უბედურებებზე ხმა უნდა ამოიღონ, სასულიერო პირები არიან - ეკლესია ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია საქართველოში. თუმცა განსაკუთრებული აჟიოტაჟი იმან გამოიწვია, რომ მეუფეების განცხადებებში პოლიტიკური კონტექსტი იყო. მიტროპოლიტ იობის ქადაგებაში უფრო მწვავედ, მეუფე ილარიონისაში - უფრო ზომიერად.

სხვათა შორის, იმ საჭირბოროტო საკითხებში, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების დიდ ნაწილს სასულიერო პირების უფრო აქტიური პოზიციის დანახვა სურს, პოლიტიკაცაა. ვგულისხმობთ არა რომელიმე პარტიის მხარდაჭერას, არამედ იმაზე ყურადღების გამახვილებას, რომ ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია, ბანაკებად დაყოფა, სიძულვილის ენა, მუდმივი "ჩუმი დაძაბულობის" რეჟიმში ყოფნა და სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ დაად­გეს მშვიდი განვითარების გზას, როდესაც მომავალი აღარ იქნება ბუნდოვანი და იმის შიში, არიქა, კიდევ მოხდება ისეთი რამ, რაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. სიმშვიდეში შიდაპოლიტიკურ სტაბილურობას ვგულისხმობთ, თორემ გეოპოლიტიკურ ქარიშხალს ჩვენ კი არა, აგერ ზესახელმწიფოები ვერ აქრობენ. თუმცა, მეორე მხრივ, საგარეო გამოწვევებს რომ გაუძლო და გადარჩე, შიგნით არ უნდა იყოს მღელვარება.

სიმართლე გითხრათ, ვერც ვიხსენებთ, ბოლოს მაღალი იერარქიის მოქმედმა სასულიერო პირმა როდის გააკეთა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ისეთი მკაცრი განც­ხადება, როგორიც მეუფე იობმა. ამასთან ერთად, მან სასულიერო პირებიც გააკრიტიკა - ხელისუფლებისგან რომ ფინანსდებიან, დუმანო. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ათასგვარ ვერსიაზე ვისაუბროთ. მაგალითად, იმაზე, რომ ვიღაც ნაწყენია ხელისუფ­ლებაზე, ახალ პატრიარქზე და ა.შ. თუმცა, როდესაც არ იცი, სინამდვილეში რა ხდება, ვერსიების განვითარება ჭორაობას ემსგავსება.

მეუფე იობისა და მეუფე ილარიონის განცხადება, ალბათ, სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის. ორივე ძალიან ავტორიტეტული სასულიერო პირია, ორივეს უკან დგას უზარმაზარი მრევლი და ქართული ეკლესიის გაძლიერებაში ორივეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

ფაქტია, ქვეყანაში რაღაც არის შესაცვლელი და ამაზე საუბარი საჯაროდ უნდა დაიწყოს, ყოველგვარი "ამისტობა-იმისტობის" და შეთქმულებების თეორიის გარეშე.

გიორგი კვიტაშვილი