"ტაძარში მსახურობდა, მედავითნე იყო. ეტყობა, წირვის შემდეგ სახლში მიდიოდა მანქანით და მაშინ დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია“ – ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი შეეჯახა
ლანჩხუთში მატარებლისა და მანქანის შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევა ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ ჯურუყვეთის ტერიტორიაზე მოხდა. საუბედუროდ მომხდარ ტრაგედიას ქობულეთელი ბიჭის, 21 წლის გიორგი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ბიჭი ქობულეთიდან სოფელ ეწერაში, ტაძარში დადიოდა და სავარაუდოდ დღეს ის ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ეს დიდი უბედურება დატრიალდა.
ვინც მას იცნობდა, ყველა ძალიან განიცდის მომხდარს. “დიდი უბედურება დატრიალდა, 21 წლის გიორგი ცეცხლაძეა გარდაცვლილი, ქობულეთიდან იყო გიორგი. ლანჩხუთში არის სოფელი ეწერა, იქ ტაძარში მსახურობდა, მედავითნე იყო. ქობულეთიდან დადიოდა წირვა ლოცვაზე. მე დღეს არ ვყოფილვარ წირვაზე და გიორგი პირადად არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ დღეს წირვაზე იყო, მედავითნეა. ეტყობა, წირვის შემდეგ სახლში მიდიოდა მანქანით და მაშინ დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია. ძალიან განვიცდი, სიტყვები არ მაქვს. ვინც ტაძარში იყო, ვინც მას იცნობდა, ტაძრის მრევლი ახლა ყველა შემთხვევის ადგილზეა წასული და ყველა განიცდის მომხდარს. უფალმა აცხონოს, უაღრესად კარგი ბიჭი იყო. მეტს ვერაფერს გეტყვით, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ძალიან განვიცდი. მომხდარის დეტალებზე სხვა არაფერი ვიცი, ეს არ უნდა მომხდარიყო. ეს არის დიდი ტრაგედია”, ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ნაცნობი ქალბატონი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადგილი სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა სახიფათო ადგილია და სხვა დროსაც იქ არაერთხელ მომხდარა მსგავსი ფაქტები, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა არავინ მოაგვარა. “იქ ისეთი ადგილია, იმდენად სახიფათოა, ძალიან უნდა მოინდომო მომავალი მატარებელი რომ დაინახო. რაღაც ჯიხური დადგეს, ის უფრო მეტად ფარავს გზას და ვერ ხედავ მატარებელს. საუბედუროდ ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა ადრეც, უკვე მერამდენე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ვერა და ვერ მოაგვარეს პრობლემა, ძალიან სახიფათო ადგილია. ნებისმიერს ჰკითხეთ, რომ აქვთ აშენებული ჯიხური ის კიდევ მეტად ზღუდავს მხედველობას, ხომ შეიძლება დასვან მეისრე, ან გაკეთდეს შლაგბაუმი, რომ ამდენი ადამიანის სიცოცხლე არ ეწირებოდეს ვიღაცების დაუდევრობას. ძალიან კარგი ბიჭი იყო, უფალმა გაანათოს მისი ლამაზი სული, ძალიან მეწყინა, თანავუგრძნობ ყველა მის ახლობელს. მართლა ძალიან ცუდი ადგილია, სოფლიდან რომ გადმოდიხარ ხილვადობა არ არის საერთოდ. ფაქტობრივად,ლიანდაგზე ხარ, რომ დაინახავ მატარებელს. წლებია განიხილავენ იქ შლაგბაუმის გაკეთებას, ყველა ტრაგედიის მერე ამაზე მიდის საუბარი, მაგრამ დღემდე მოუგვარებელია, არავინ შეიწუხა თავი და კიდევ ერთი უბედურება მოხდა დღეს”,- ამბობს ჩვენთან საუბარში კიდევ ერთი ადგილობრივი.
მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენს დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ ჯურუყვეთში, ვასილ ბურძგლას, მან დაგვიდასტურა, რომ ტრაგედია მათ ტერიტორიაზე მოხდა და რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქობულეთიდან იყო, თუმცა მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა. შემდეგ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. არადა გვინდოდა გაგვერკვია მასთან, რატომ არ მოხერხდა ამ პრობლემის აღმოფხვრა ამ ტერიტორიაზე, თუ მსგავსი შემთხვევები იქ სხვა დროსაც მომხდარა.
ასევე დავრეკეთ საქართველოს რკინიგზაში, მაგრამ მორიგემ გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ის პასუხს ვერ გასცემდა და იქაც გაგვითიშეს ტელეფონი.ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)