ქართულენოვანი წიგნი „ჩატეხილი ხიდი“ აფხაზური რისხვის სამიზნე გახდა - აფხაზები ქართველების დასჯას ითხოვენ - კვირის პალიტრა

ქართულენოვანი წიგნი „ჩატეხილი ხიდი“ აფხაზური რისხვის სამიზნე გახდა - აფხაზები ქართველების დასჯას ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი წიგნის, "ჩატეხილი ხიდის" აღმოჩენას სკანდალი მოჰყვა. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას და 1992-1993 წლების ომის თემას ეხება, სეპარატისტებმა "პროპაგანდისტულად" და "გაყალბებულ ისტორიად" გამოაცხადეს. თავდაპირველად განგაში ოპოზიციურმა სააგენტო "აიაშარამ" ატეხა - დაწერა, რომ წიგნი, რომელიც აფხაზებს ქართველი მოსახლეობის მკვლელებს უწოდებს, გალის რაიონის ახალგაზრდებსა და სოფლის სკოლების მასწავლებლებში ვრცელდება. ამ განცხადებიდან მალევე, 4 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ წიგნის ხუთი ეგზემპლარი ჯერ კიდევ აგვისტოში, ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს და "აკრძალული ლიტერატურის" გავრცელება აღკვეთეს.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, 18 აგვისტოს ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზმა და რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მომავალი "მერსედესი" შეამოწმეს. მანქანას გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის მკვიდრი, "ენგურჰესის" თანამშრომელი ავთანდილ ბერაია მართავდა. მას "ჩატეხილი ხიდის" ხუთი ეგზემპლარი ჩამოართვეს. უწყების ცნობით, ბერაიას დაკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ წიგნები გალში გასავრცელებლად ავტორის, ნუგზარ სართანიას თხოვნით მიჰქონდა. წიგნი საქართველოს ტერიტორიაზეა გამოცემული და მისი ტირაჟი 200 ეგზემპლარს აღემატება. დე ფაქ­ტო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ბერაიასთან "პროფილაქტიკური გასაუბრება" ჩატარდა და ის გაათავისუფლეს, ხოლო წიგნის ავტორ ნუგზარ სართანიასა და იმ პირებს, რომლებმაც მას წიგნის შედგენასა და გამოცემაში დახმარება გაუწიეს, აფხაზეთში შესვლა აეკრძალათ.

"წიგნი აფხაზურ-ქართული ურთიერთობების თემას ეძღვნება. მასში საუბარია ომის შემდეგ ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე და გამოთქმულია მოსაზრება, რომ ომი, სავარაუდოდ, გარე ძალების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ჩარევით დაიწყო. ასევე საუბარია აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნის უარყოფით გავლენაზე", - ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სეპარატისტებში განსაკუთრებულ აღშფოთებას ომის დროს აფხაზების სისასტიკეების აღწერა იწვევს.

"წიგნში ასევე მოცემულია ცნობები 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის პერიოდის შესახებ და საუბარია ე.წ. აფხაზ სეპარატისტთა სისასტიკეზე, რომლებიც, როგორც წიგნშია აღნიშნული, აფხაზეთის მშვიდობიან მოსახლეობაში ეთნიკურად ქართველთა განადგურებას ეწეოდნენ", - წერია განცხადებაში.

წიგნის ავტორი ნუგზარ სართანია გალე­ლია და ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში შპს "ენგურჰესის" გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. წიგნის გამოცემის შესახებ მან 2026 წლის ივლისში საკუთარ "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა: "წიგნი იწყება აფხაზეთის თემატიკით, შეტანილია სხვადასხვა ავტორის საინტერესო პუბლიკაციები, გარკვეული ნაწილი ეთმობა საზოგადოებრივ და პროფესიულ საქმიანობას, ბოლოს კი მეგობრებსა და ოჯახზეა საუბარი", - წერს ავტორი. აფხაზეთში ატეხილი სკანდალის შემდეგ სართანიამ "ფეისბუკის" გვერდი დახურა.

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის "ლმობიერებით" უკმაყოფილებას არ მალავს გამოცემა "აიაშარა". მისი მტკიცებით, წიგნი აფხაზებს სეპარატისტებსა და მკვლელებს უწოდებს და აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს. გამოცემა უკმაყოფილოა, რომ ამ "გაყალბებული და პროპაგანდისტული" წიგნის გამოცემისა და გავრცელებისთვის არავინ დასჯილა.

"წიგნის გამავრცელებელი ბერაია ენგურჰესის თანამშრომელია. ის წიგნის შედგენაში განსაკუთრებული დახმარებისთვის მადლობას უხდის ასევე ენგურჰესის ენერგეტიკოსებს, ხარისხის მართვის სამსახურის სპეციალისტ ბადრი ბაძაგუასა და თანამშრომელ ოთარ მიქავას. არსებული ინფორმაციით, ყველა ეს ადამიანი კვლავ ენგურჰესში მუშაობს, წიგნების გავრცელება გალის რაიონის მოსახლეობას შორის გრძელდება, ხოლო აფხაზი ხალხის შეურაცხყოფისა და ისტორიის ფალსიფიკაციისთვის დღემდე სს საქმეც არ აღძრულა", - აღშფოთებით წერს "აიაშარა" და რუსულად თარგმნილი წიგნის ნაწყვეტებსაც აქვეყნებს:

"ათასობით ადამიანი მოკლეს საშინელი წამებისა და დამცირების შემდეგ. ძალიან ხშირად სეპარატისტები და ოკუპანტები აიძუ­ლებდნენ მსხვერპლს, თავად ამოეთხარა საფლავი, სადაც შემდეგ ცოცხლად მარხავდნენ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ შენობაში, ყველაზე ხშირად საკუთარ სახლში, კეტავდნენ ცალკეულ პირებს ან მთელ ოჯახებს, ზოგჯერ კი დიდ ჯგუფებსაც და ცოცხლად წვავდნენ. არცთუ ცოტაა მაგალითი იმისა, როდესაც ცოცხალ ადამიანებს და გვამებს ბენზინს ასხამდნენ და წვავდნენ. როგორც ჩანს, ოკუპანტებს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა უმწეო ადამიანების საშინელი წამება მათ დახვრეტამდე. მათ აჭრიდნენ ფეხებსა და ხელებს, ასევე ცხვირს, ყურებს, ენას, სასქესო ორგანოებს, სთხრიდნენ თვალებს, აძრობდნენ ფრჩხილებსა და კბილებს. ცნობილია მაგალითები, როდესაც ტყვე მამაკაცების თვალწინ აუპატიურებდნენ მათ დედებს, ცოლებს, ქალიშვილებს, დებს და შემდეგ ყველა მათგანს ფიზიკურად ანადგურებდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბოროტმოქმედები ნათესავებს არ აძლევდნენ დახვრეტილთა დაკრძალვის უფლებას, რათა მათი სხეულები ძაღლებისა და ღორების საჯიჯგნი გამხდარიყო. 1992 წლის სექტემბერში სოფელ ბზიფში მოკლულ კაცს მკლავიდან ხორცი ააჭრეს, დაამარილეს, ფეხსაცმელში ჩადეს და მის ცოლს გადასცეს. 1993 წლის 10 ოქტომბერს ზემო კელასურის მცხოვრებს (სოხუმის რაიონი) იროდიონ ფიფიას გული ამოაჭრეს და ძაღლებს მიუგდეს.…ეთნიკური წმენდისა და გენოციდის საკმაოდ გავრცელებულ ფორმებს წარმოადგენდა ადამიანების ხეებზე, ელექტროძელებზე ჩამოკიდება, აგრეთვე საკუთარ ჭაში დახრჩობა"...…

სხვადასხვა სოცქსელში აფხაზების უკმაყოფილო კომენტარებიც მრავლადაა. მათი ავტორები უმეტესად "ენგურჰესის" თანამ­შრომლების დაპატიმრებას მოითხოვენ.

"ბერაია უნდა დაადეპორტო თავის სამშობლოში, არადა, ისევ მუშაობს "ენგურჰესში". სამშობლოს ღალატისთვის უნდა აგონ პასუხი! ასე მოქცევას მომავალშიც გააგრძელებენ, რადგან მათ არავინ სჯის. სამივეს სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო", - წერენ კომენტარებში.

"ჩატეხილი ხიდი მართლაც უნდა გამთელდეს, მაგრამ ვისაც ეს თემა არ აწყობს, მისი რეაქციაც ისეთია...“

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - სამწუხაროდ, წიგნი ჯერ არ წამიკითხავს, თუმცა ვიცი, რაზეც არის საუბარი და რა ამბავიც ატეხეს სეპარატისტებმა. ავტორს ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია. წიგნი ურთიერთობის აღდგენასა და მეგობრობაზეა, სახელწოდებაც, "ჩატეხილი ხიდი", ამაზე მიუთითებს. ხიდი მართლაც უნდა გამთელდეს, მაგრამ ვისაც ეს თემა არ აწყობს, მისი რეაქციაც ისეთია, როგორიც ვნახეთ. წიგნში ომის ეპიზოდებიც არის აღწერილი. საუბარია ელემენტარულ სიმართლეზე, იმ დანაშაულებზე, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია. ნუგზარ სართანია აფხაზეთიდანაა, საკუთარ სახლში ვერ შედის და ეს არ უნდა დაწეროს?! ის, რომ დევნილია, რომ ეთნიკური წმენდა იყო და საშინელი მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება, არ უნდა დაწეროს?! ახლა წერენ, ისტორია დამახინჯებულიაო. თუ სადმე სიტყვები "სეპარატისტი", "დე ფაქტო ხელისუფლება", "ოკუპირებული ტერიტორია" წაიკითხეს, მათთვის ეს უკვე დამახინჯებული ისტორიაა.

- 1992-1993 წლების ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე საუბარს როგორ პასუხობს აფხაზური მხარე?

- მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებსა და ძალადობაზე არც ამახვილებენ ყურადღებას. ყურადღება ძირითადად "მხედრიონის" ამბებზე გადააქვთ. სულ "მხედრიონი" აკერიათ პირზე. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდანაც იყო გარკვეული ფაქტები, თუმცა შედარებაც შეუძლებელია იმასთან, რა მასშტაბის და სიმძიმის უბედურება დაატრიალეს ოკუპანტებმა. არსებობს ციფრები, სტატისტიკური მონაცემები და უამრავი კონკრეტული ფაქტი. ეთნიკურ წმენდასა და მოსახლეობის მასობრივ განადგურებას არ აღიარებენ...

რაც შეეხება წიგნს, ქართულენოვანი წიგნი, რაც არ უნდა ყოფილიყო მისი შინაარსი, ოკუპანტებისთვის მაინც მიუღებელი იქნებოდა. აფხაზეთში ქართული წიგნების შეტანა მკაცრად აკრძალულია. თბილისში გამოცემული წიგნები იქ ვერ შედის. ადრე ხერხდებოდა შეტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ენგურზე ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტეს, წიგნების შეტანა ძალიან გაძნელდა. სახელმძღვანელოების შეტანაც დაუშვებელია და მათი აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემები იქმნება.

ისტორიის წიგნები პრობლემა იყო. 1950-60-იან წლებში დაიწყო ეს თემა. 1954 წელს გამოვიდა პავლე ინგოროყვას ცნობილი წიგნი, რასაც მოჰყვა დაპირისპირება და საპროტესტო გამოსვლები. 1967 წელს ნიკო ბერძენიშვილის ნაშრომების მესამე ტომის გამოცემაზეც იყო გამოსვლები. მესამე ტომში არ იყო შეტანილი ინგოროყვას წიგნის კრიტიკა, რომელიც ბერძენიშვილს დააწერინეს, სამაგიეროდ, იყო აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე ის მოსაზრებები, რომლებსაც ინგოროყვა თავის წიგნში წერდა. ნიკო ბერძენიშვილის ნაშრომში გატარებული იყო აზრი, რომ აფხაზეთი საქართველოა და ისტორიული აფხაზები ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორიც მეგრელები, იმერლები, გურულები და კახელები. ამ მოსაზრებებს მოჰყვა დიმიტრი გულიას წიგნიც, "ჩემი წიგნი აფხაზეთის შესახებ", რომელშიც იგივე იდეები იყო. თუმცა გულიას წინააღმდეგ არაფერი უთქვამთ, ხოლო ჯერ პავლე ინგოროყვას, შემდეგ კი ნიკო ბერძენიშვილს აუჯანყდნენ. არავინ ამბობს, რომ თანამედროვე აფხაზები ქართველები არიან. საუბარია იმ ისტორიულ აფხაზებზე, რომლებმაც შექმნეს აფხაზეთის სამეფო, ააშენეს კულტურული ძეგლები და ეკლესიები აფხაზეთში, მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებაში, ქართულად წერდნენ და ლოცულობდნენ. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის ცნობილი. დღევანდელი აფხაზები რომ ჩამოსული აფსუები არიან, ამას ამბობდა მე-17-18 საუკუნეებიდან უკლებლივ ყველა, ვისაც აფხაზეთი შეუსწავლია - ევროპელები, რუსები, ქართველები. არც ერთი არ წერს, რომ აბორიგენები არიან. აფსუები ძირითადად მე-16-17 საუკუნეებში ჩამოვიდნენ, თუმცა შემდეგაც გრძელდებოდა. ეს იყო აქსიომა და მხოლოდ შემდეგ გახდა პრობლემა, როდესაც პოლიტიკაში დასჭირდათ. პავლე ინგოროყვა იმიტომ დაიხვიეს ხელზე, რომ ეს უფრო მომგებიანი იყო ქართულ-აფხაზური დაპირისპირების გასაღვივებლად. დღევანდელი აფხაზეთის ისტორია რუსებმაც კარგად იციან. რამდენიმე თვის წინ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეს სულ სხვა საკითხზე ჰქონდა პრესკონფერენცია, სადაც შეკითხვა დაუსვეს აფხაზეთზე, იქაურ ქრისტიანობასა და კულტურის ძეგლებზე და მან თქვა, რომ ის დიდებული კულტურული ძეგლები და ტაძრები, რომლებიც აფხაზეთშია, დღევანდელი აფხაზების წინაპრების აშენებული არ არისო. ამას აფხაზეთში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა არც მიტინგები გამართულა და არც დიდი პროტესტი ყოფილა.

ეკატერინე ბასილაია