ბადრი ვადაჭკორია: ფოტოხელოვანისთვის პირველი ფოტო პირველ კოცნასავით არის
“ხელოვნება მუდმივი უკმაყოფილებაა. ასეთი უკმაყოფილებისგან ჩნდებოდნენ შერეკილები, რომელთაც გაფრენა სურდათ”
“ლანჩხუთსკი პარენ” – ასე უწოდებს თავს და მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, სიყვარულის დედაქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. საზოგადოება დიდი ხანია იცნობს ბადრი ვადაჭკორიას, ცნობილ ფოტოხელოვანს, ჟურნალისტსა და დიპლომატს. მან უკვე არაერთი ფოტო აჩუქა “კვირის პალიტრის” მკითხველსაც საახალწლო კალენდრების სახით.

- ბავშვობაში ფოტოგრაფიის სპეციალურ შემსწავლელ წრეზე დავდიოდი. მერვე კლასში უკვე “ლელოს” რეგიონული გამოცემის ფოტოკორესპონდენტი გახლდით.

სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩავირიცხე. მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა ტელევიზიაში, სადაც 34 წელი ვიმუშავე. მაშინაც ვმუშაობდი პირველი არხისთვის, როდესაც დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი. 1994-98 წლებში, თურქეთში საელჩო რომ გაიხსნა, პირველი მდივანი გახლდით. შემდეგ 1998-2002 წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აკრედიტირებული ჟურნალისტი ვიყავი. არამხოლოდ ქართული გაზეთებისთვის ვწერდი სტატიებს.
- პირველი ფოტო გახსოვთ?
- ფოტოხელოვანისთვის პირველი ფოტო პირველ კოცნასავით არის. ფოტოგადაღება კი ვისწავლე, მაგრამ აპარატი არ მქონდა. მეექვსე კლასში ვიყავი, მეზობელმა “სმენა” მათხოვა და მისი შვილები გადავიღე. ის ფოტო ახლაც ინახება მათ ოჯახში. მეცხრე კლასში რომ გადავედი, მამამ მიყიდა “ზორკი”.