ფატალური დამთხვევები - ორი მატარებლის ასეულობით მგზავრი ცოცხლად იწვოდა - კვირის პალიტრა

ფატალური დამთხვევები - ორი მატარებლის ასეულობით მგზავრი ცოცხლად იწვოდა

ამ ახალ რუბრიკაში განხილულ უდიდეს საჰაერო და საზღვაო კატასტროფებიდან სარკინიგზო ტრაგედიებზეც უნდა გადავინაცვლოთ, მით უმეტეს, სამიოდე კვირის წინ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მოხდა მძიმე სარკინიგზო კატასტროფა, რომელსაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

თავიდანვე ვიტყვით, რომ სანამ ავიაციით "მოვიწამლებოდი", ბავშვობაში, ასე ნახევარი საუკუნის წინ, უშუალო შეხება ჰქონდა რკინიგზასთან, სადგურ გრაკალთან მდებარე ე.წ. ცივ დეპოსთან, სადაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ორთქლმავლები და სანიტარიული ეშელონი (სწორედ ისეთი, აფხაზეთის ომის დროს რომ გვაკლდა) ინახებოდა, რომლებიც დიდი ომის დაწყებისთვის იყვნენ განკუთვნილი. კერძოდ, იმ შემთხვევისთვის, თუ ელექტროენერგია გაითიშებოდა, სარკინიგზო ხაზებზე ელმავლებს ისევ ორთქლმავლები ჩაანა­ცვლებდნენ. ორთქლმავლებში ძრომიალის საშუალებას კი პატარა ბიჭს პაპაჩემი დედის მხრიდან, ძველი ცნობილი რკინიგზელი, ორდენოსანი ვასილ ნიკოლოზის ძე წერუაშვილი მაძლევდა. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი მემანქანე გახლდათ, რომლის სახელიც პირდაპირ უკავშირდება 1932 წელს საქართველოში (და მთელ საბჭოთა კავშირში) პირველი იტალიური და ამერიკული ელმავლების გამოცდასა და მართვას სურამის უღელტეხილზე. ბიძა, ნიკოლოზ (ტურიკო) ვასილის ძე წერუაშვილი, რომელმაც მამის პროფესია - მემანქანეობა აირჩია, 1960-იან წლებში თბილისში, სვანეთის უბანთან რკინიგზაზე, დიდ ავარიაში მოყვა - სადგურის მორიგემ მისი ელმავალი შეცდომით იმ ხაზზე გაუშვა, სადაც უკვე იდგა სხვა შემადგენლობა და შეჯახება გარდაუვალი გახდა. ის მძიმედ დაშავდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. სარკინიგზო ავარიები მხოლოდ საქართველოში როდი ხდებოდა. მსოფლიოში უდიდესი სარკინიგზო კატასტროფა 2004 წლის 26 დეკემბერს შრი-ლანკაში მოხდა, როდესაც ინდოეთის ოკეანეში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის დროს წარმოქმნილმა უზარმაზარმა ტალღებმა სანაპიროს სიახლოვეს რკინიგზაზე მიმავალ სამგზავრო მატარებელს გადაუარეს, ლიანდაგებიდან გადააგდეს და სახლებსა და ხეებს მიანარცხეს, რის შედეგადაც 1 700-მდე მეტი მგზავრი დაიღუპა.

თუმცა ამ სტატიაში ყურადღება მინდა გავამახვილო სხვა სარკინიგზო ტრაგედიაზე, რომელიც არანაკლები ფატალური დამთხვევების შედეგად განვითარდა, როდესაც ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრავ ორი სარკინიგზო შემადგენლობის აფეთქებას რამდენიმე ასეული მგზავრი შეეწირა. ოღონდ ეს სარკინიგზო კატასტროფა მატარებლების შეჯახებას არ გამოუწვევია, საბედისწეროდ დაემთხვა მათი ერთმანეთის გვერდით ჩავლა და აფეთქების მომენტი.