ონკოპაციენტის ჩანაწერები
3 აგვისტო
რამდენიმე დღეში ნატა და გაბრიელი ჩამოფრინდნენ. უკვე მალე დაიწყებოდა ჩემი მკურნალობა, პირველი გადასხმის დღეც დანიშნული იყო. გადავწყვიტეთ, მანამდე გაბრიელთან ერთად კიდევ ერთხელ მოგვევლო ძველი თბილისი და მერე მთაწმინდაზე ავსულიყავით. ტაქსი გამოვიძახე. დათო წინ დაჯდა, მე, ნატა და გაბე უკანა სავარძელზე მოვკალათდით, მაგრამ ვინ გვაცალა მშვიდად მგზავრობა. მძღოლი ენას არ აჩერებდა და რაც ყველაზე ნერვების მომშლელი იყო, ევროპასა და ზოგადად დასავლეთს აძაგებდა, აშკარად რუსეთის სიყვარულით იყო შეპყრობილი. რაკი იცოდნენ, როგორ ვერ ვიტან რუსეთუმეებს, დათო მალიმალ გადმომხედავდა და თვალებით მანიშნებდა, ამას არ აჰყვეო... გვერდით კიდევ ნატა მირტყამდა მუჯლუგუნებს, მაგრამ ჩემი მოთმინება მაშინ ამოიწურა, როდესაც გაბედა და თქვა, ევროპას ისევ რუსეთი სჯობიაო... იქ ისეთი ხმა აღმომხდა, ტაქსის შოფერი კი არა, მეც კი შევშინდი...
- მაინც რითი ჯობია? იქნებ იმით, რომ მიწით გაუმაძღარ ქვეყანას ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო აქვს ოკუპირებული, ევროპას კი არა? ან იქნებ იმით, ლამის სულს რომ ღაფავენ შიმშილით, მაგრამ მზად არიან სხვისი მიწის მისათვისებლად საკუთარი შვილებიც დახოცონ და სხვისიც?.. ასე თუ მოგწონთ, მიბრძანდით მაგ თქვენს რუსეთში და აქ აღარასდროს ჩამოხვიდეთ, თქვენისთანები არც არიან ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი...
ვხედავდი სარკეში შოფრის გაბურძგნილ თავს, თმა თანდათან ყალყზე რომ უდგებოდა, თან თვალებში გაოცებასთან ერთად, აშკარად შიშიც ჩაუდგა. ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ არ ვაცალე:
- არ გაბედო რამის პასუხი, შენი მოვალეობა მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანაა და არა უაზრო პოლიტიკური დებატების გამართვა...
ამასობაში მივედით... გაბრიელს შევხედე, გაოცებული მიყურებდა, ვერ გაეგო, რატომ ვიყავი ასეთი გაცეცხლებული...
მანქანიდან ჩამოსულს ნატა და დათო მეცნენ, ყველა გიჟს კი არ უნდა გამოეპასუხოო, თუმცა მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი. სხვა დროს აშკარად დაფიქრდებოდა, ვიდრე მსგავს ლაპარაკს წამოიწყებდა და მგზავრებთან კიდევ გაბედავდა აგრესორი რუსეთისთვის სიყვარულის ახსნას. თან კიდევ საკითხავი იყო, ვინ უფრო მეტად გიჟი იყო. ამასობაში გაბრიელიც გავარკვიეთ ჩემი აღშფოთების მიზეზში... ყველაზე სასაცილო ამ ამბავში კი ის აღმოჩნდა, როცა შინისკენ დავიძარით და ტაქსის ვიძახებდით, გაბემ ეშმაკურად მოწკურა თვალები და ჩაილაპარაკა, ახლა მთავარია რუსეთის მოყვარული მძღოლი არ მოვიდესო.

გულიანად ვიცინეთ...
დადგა 3 აგვისტოც... დილაადრიან გავიღვიძეთ. გაბეს დიდად არ ეწადა კლინიკაში წამოსვლა, თუმცა შინ მარტო მაინც ვერ დავტოვეთ. მე და ნატა მალევე გავემზადეთ. მე სპეციალურად მაღალ ქუსლებზე შევდექი, მაკიაჟიც კი გავიკეთე და... რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში ვფიქრობდი, როგორ გადავიტანდი ქიმიოთერაპიას, რამდენად მძიმე იქნებოდა მკურნალობის პროცესი ჩემთვის, მით უფრო, რომ უამრავი რამ მსმენოდა თანამდევ სირთულეებზე. თუმცა საკუთარ თავს შევუძახე, რაც არ უნდა იფიქრო და ინერვიულო, წინასწარ ვერაფერს შეცვლი, ამიტომ მშვიდად დაელოდე, რა და როგორ იქნება-მეთქი.
დათომ გამოიღო მაცივრიდან და თერმოჩანთაში გადაიტანა ერთი გადასხმისთვის საჭირო "კეიტრუდა", შემოუწყო ყინულები და შემდგომ სპეციალურ კონტეინერში მოათავსა. მოკლედ, უკვე მზად ვიყავით წასასვლელად. გაბეს ნახევრად ეძინა, მეც გზაში ვთვლემდი, ნატა კი დროდადრო მეკითხებოდა, როგორ ხარო. კარგად-მეთქი, ვპასუხობდი.
კლინიკაში თაკო დაგვხვდა თავისი აპარატურით - ჩემი პირველი გადასხმა უნდა გადაეღო, ექიმთან შეთანხმებული იყო, თუმცა რატომღაც რეგისტრატურაში, სადაც რიგში კარგა ხანს ვიდექით, არ მოეწონათ ვიდეოკამერის დანახვა და დაცვა გამოიძახეს. იძულებული გავხდი კლინიკის პიარსამსახურისთვის დამერეკა და ნებართვა მარტივად მოგვცეს. შემდგომ გადაღება პრობლემა აღარ ყოფილა. მეტიც, ჩემმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ვი-აი-პი განყოფილებაში დამიდგამდნენ გადასხმას, რათა საერთო დარბაზში პაციენტებს არ შეჰქმნოდათ დისკომფორტი.
მოკლედ, გადასხმის წინ პროცედურა ასეთია: იღებ სისხლის ანალიზს, ელოდები პასუხს, შემდგომ შედიხარ ექიმთან, რომელიც პასუხების შესაბამისად გიშვებს ან არ გიშვებს გადასხმაზე... და თითქმის ყველა ამ ეპიზოდის გავლისას გიწევს რიგში დგომა... ეს ძალიან დამღლელი და აუტანელი კი არის, მაგრამ აქვს მეორე მხარეც - რიგში არაერთი საინტერესო ადამიანი გხვდება. ამის გარდა, გეძლევა საშუალება დააკვირდე სხვა პაციენტებს, მათ ქცევას, რაღაცნაირად ეცადო გაამხნევო ისინი, ვისაც სჭირდება, ზოგჯერ დაეხმარო უმნიშვნელო დეტალების გარკვევაში, მათგან შენც მოისმინო საინტერესო რჩევები და ისტორიები... თუმცა ამ ამბებს ცოტა მოგვიანებით მოვყვები.
აი, ახლა კი ვდგავარ რეგისტრატურაში რიგში და ვცდილობ მშვიდად გავერკვიო იმ პროცედურის ნიუანსებში, რომლის გავლაც 6 თვის განმავლობაში მომიწევს.
ამასობაში თეაც მოვიდა - ჩემი საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, რომელსაც მეგონა, ყველაზე კარგად შეეძლო ემოციების მართვა, ოღონდ ეს მეგონა მანამ, ვიდრე ჩემს დიაგნოზს ვეტყოდი. არ ვიცი, იქნებ სწორედ ამიტომ ვუთხარი შესავლის გარეშე, მარტივად, ისე, როგორც ჩვეულებრივი ამბავი... და ჩემი მეგობარი ატირდა, უხმოდ, სიტყვის უთქმელად, უბრალოდ, ატირდა დიდი, ლამაზი ცრემლებით...
ეს ისეთი მოულოდნელი იყო... მგონი, იმწუთას ყველაზე მეტად მძულდა კიბო, რომელმაც მოახერხა და ჩემს საუკეთესო მეგობარსაც კი დააკარგვინა წონასწორობა...
გაბეს სკამზე ლამის ჩამოეძინა, ამიტომ დათოს ვთხოვეთ, ბავშვი შინ წაეყვანა, მე კი თაკოს კამერასა და საყვარელ ადამიანებთან ერთად გავაგრძელე გზა კლინიკის ლაბირინთებში.
რადგან ვიცოდი, რომ გადასხმამდე აუცილებლად უნდა მეჭამა, იქვე კაფეტერიაში ჩავედით, ძველ ამბებს ვიხსენებდით. თაკო ჩემს დასა და თეას მალევე გაუშინაურდა. მოკლედ, თითქმის საათ-ნახევარი მხიარულად გავატარეთ. ამასობაში ანალიზის პასუხიც მოვიდა, ყველაფერი რიგზე იყო და გადასხმის დროც დადგა...
მითხრეს, რომ "კეიტრუდა" გადასხმის დარბაზში უნდა დამეტოვებინა. შესასვლელში ადმინისტრატორი იჯდა, ღიმილით შეგვხვდა... ეს ნინია, შეიძლება ითქვას, აქაურობის დიასახლისი, თუმცა ეს იმჟამად ჯერ არ ვიცოდი... როცა ვუთხარით, რომ ფილმს ვიღებდით და "კეიტრუდას" მედპერსონალისთვის გადაცემა უნდა გადაგვეღო, არ გაუპროტესტებია და სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩანთიდან 2 ფლაკონი ამოვიღე, მაგიდაზე დავდე და თაკომ ახლო ხედით დაიწყო გადაღება, თავი ავწიე და ადმინისტრატორის მაგიდის წინ უზარმაზარი ფანჯრის მიღმა დავინახე ჩემი სიზმარი - მედუზის შიგნით გამოკეტილი უცნაური რძისფერი ოთახი, უფრო სწორად, პალატა, რომელიც ამჯერად ცარიელი არ იყო...
ორრიგად ჩარიგებული სავარძელ-საწოლები გადავსებული იყო ფერწაშლილი, უფრო სწორად, თითქოს რძისფრად გადაღებილი ადამიანებით, რიგებს შორის კი მიმოდიოდნენ ლურჯტანსაცმლიანი ახალგაზრდა ქალები, მშვიდი და საქმიანი იერით... სულ წამით გავითიშე რეალობისგან, თუმცა ჩემთვის არავის ეცალა, თაკო იღებდა, ნინი კი ამ პროცესს ინტერესით აკვირდებოდა...
სქელი მინიდან ხმა გარეთ არ აღწევდა, მაგრამ ის მოციმციმე ეკრანები, რაც ჩანდა, დიდი ალბათობით, სწორედ იმ ხმებს გამოსცემდა, რაც სიზმარში მქონდა ნანახი...
თაკო გადაღებას მორჩა, ნინიმ პატარა ფანჯარაში შეაწოდა წამალი, ჩვენ კი მიგვასწავლა, სად უნდა გვენახა ვი-აი-პი განყოფილება...
იმავე სართულზე შევედით პატარა ოთახებად დაყოფილ სივრცეში, სადაც ინდივიდუალურად იღებდნენ პაციენტები მომსახურებას...
ჩემი ექიმი შემოგვყვა და მედპერსონალს აუხსნა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, ახლა რომ ვფიქრობ, კარშივე შემოგვეგება ხათუნა, თუმცა იმწუთას დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, უფრო მერე, როცა უკვე სავარძელზე მოვკალათდი, წინ კი თაკო დამიჯდა და ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო, დავინახე მოღიმარი, კეთილი სახე, ცეცხლოვანი, ლამაზი თვალებით, რომელმაც მითხრა, რომ დღეს ჩემი ექთანი იქნებოდა და ყველა წვრილმანი, ყველაფერი, რაც დამაინტერესებდა თუ შემაწუხებდა, მისთვის უნდა მეთქვა. იმ დღიდან ხათუნა კიდევ ერთი ანგელოზია ჩემს ახალ გზაზე...
- ჯერ დაგიდგამთ იმუნოთერაპიის, ანუ "კეიტრუდას" გადასხმას, შემდგომ იქნება პრემედიკაცია, ანუ უნდა მოგამზადოთ მედიკამენტოზურად ქიმიის გადასხმისთვის, რომელსაც ორგანიზმის დაცვის ფუნქცია აქვს. მასში შედის "დიმედროლიც", ეცადეთ დაიძინოთ, უფრო მარტივად გაუმკლავდებით გადასხმის პროცესს, შემდგომ კი გადავასხამთ "პაკლიტაქსელს"... თუ ცუდად იგრძნობთ თავს, მაშინვე მეუბნებით, თუ წყალი მოგინდებათ, ან ტუალეტში გასვლა, ვერ ითმენთ, მეუბნებით, ვაჩერებთ გადასხმას და გადიხართ, - მიხსნიდა ხათუნა. თითქოს სადღაც შორიდან მესმოდა მისი ლაპარაკი, თუმცა ყველაფერი დეტალურად გავიგონე.
ამასობაში ხათუნა გავიდა, და ვიდრე მედიკამენტებს მოიტანდნენ, მე და თაკომ გავაგრძელეთ საუბარი:
- ახლა შენს ცხოვრებას რომ გადახედავ, ნანობ რამეს? - მკითხა თაკომ.
- კი, დაკარგულ დროს და რისკის შიშს. გაცილებით მეტი რამ უნდა გამერისკა. ამის შემდეგ ზუსტად ვიცი, ჩემს ცხოვრებას ძირფესვიანად შევცვლი. ვინ იცის, იქნებ ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, - ჩავილაპარაკე, მგონი, უფრო ჩემთვის. თაკოს ანერვიულება დაეტყო და ცოტა ხნით გავიდა, ნატას და თეას ვნახავო.
ხათუნა კამერიან ადამიანს მანამდეც, ცოტა არ იყოს, უნდოდ ათვალიერებდა და თაკო გავიდა თუ არა, მკითხა, სად წავიდა, ის საშიში ქალიო? ორივემ გავიცინეთ... ამასობაში წნევა და გულისცემა გამისინჯა და აღმოჩნდა, რომ წნევა მქონდა ლამის 160-ს აცდენილა, გულისცემა კი 130-ს. ხათუნამ შეშფოთებულმა მკითხა, თავს როგორ გრძნობო? მშვენივრად ვიყავი, საერთოდ არ ვნერვიულობდი თითქოს...
თაკოს იმ მიკროფონიდან, რომელიც მეკეთა, თურმე ესმოდა ჩემი გახშირებული გულისცემა და სწორედ ამიტომ გავიდა ანერვიულებული...
და ასე გაგრძელდება კიდევ 7 ორშაბათი, ანუ ყოველი გადასხმის წინ სრულიად გაუცნობიერებლად ჩემს ორგანიზმს ასეთი გიჟური რეაქცია ექნება, მე კი დარწმუნებული ვიქნები, რომ ყველაფერი კარგად არის.
იმ 3 აგვისტოს ექიმის დანიშნულებით მომცეს სპეციალური მედიკამენტები, რამაც წნევა და გულისცემა დამირეგულირა და დამიდგეს პირველი გადასხმა.
ვიწექი და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდებოდა...
თითქოს სხეულიდან ვიყავი გასული და საკუთარ თავს გარედან ვაკვირდებოდი.
იწვა ჩემ თვალწინ ნათია, თითქოს მშვიდად საუბრობდა თაკოსთან, პასუხობდა ტელეფონს, ეხუმრებოდა ხათუნას... და მაინც რძისფერი ნისლი ნელ-ნელა ეფარებოდა გარშემო გარემოს და თითქოს ამ ყველაფერსაც სიზმარში ვხედავდი.