„ივერონთა მონასტრის კედლები ჩვენი წინაპრების ლოცვის მადლითაა გაჟღენთილი“
დიდი ისტორია ცოცხლობს იმიტომ, რომ მომავალ თაობებს სულიერი ძალა გადასცეს. ჩვენი უფროსი თაობები თავს ხრიან წინაპართა სახელების წინაშე. მათ შორის არავინ მეგულება, თორნიკე ერისთავის სახელი და ისტორია რომ არ იცოდეს. ასე იქნება მომავალ თაობებშიც და როდესაც ისინი საუკუნეების შემდეგ საბერძნეთის ივერონის მონასტერში მივლენ, იქ კვლავ დახვდებათ დიდი თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი, რომელიც მუდამ საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლაში ეცვა, ბოლოს კი საბერძნეთის გადარჩენისთვის იბრძოდა. მას შემდეგ 11 საუკუნეა თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი მისივე აშენებულ ათონის ივერონთა მონასტერში ინახება. ივერონის მონასტერზე და დიდი ქართველი მხედართმთავრის ჯაჭვის პერანგზე თორნიკე კიკნაძე მოგვითხრობს.
- აქაურმა მამებმა იციან, რომ მათი ქვეყანა ჩამოშლას ქართველმა გადაარჩინა და ივერონის ტაძარიც მისი აგებულია. ივერონის მონასტერში სხვა ქართული სიწმინდეებიც არის, აქ ხომ საუკუნეების განმავლობაში ლოცულობდნენ ჩვენი მამები, მაგრამ თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგის ნახვას ნამდვილად ახლავს განსხვავებული ემოცია. ამ ჯაჭვის პერანგის პატრონმა საბერძნეთის ისტორია განსაზღვრა და ეს მოხდა თერთმეტი საუკუნის წინ, სწორედ მაშინ მისცეს იმდენი განძეული, რომ ივერონის ტაძარი აეშენებინა.
- ალბათ, რა მხურვალედ სთხოვა მეფე დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავს საბერძნეთის იმპერატორის გადარჩენა, რომ ადამიანი სამუდამო განდგომილობიდან გამოვიდა, ჯაჭვის პერანგი ჩაიცვა და ისევ ხმალი დაიჭირა ხელში. არადა, თორნიკე ერისთავი იმ დროს უკვე 60 წლის იყო.
- როდესაც ბიზანტიის ახალგაზრდა იმპერატორს ბასილი II-ს ტახტის სხვა მოცილე აუჯანყდა, დედამისმა თეოფანომ საქართველოს მეფეს შეუთვალა, მიშველეო. დავით კურაპალატმა ბრძოლისთვის ბერად შემდგარი თორნიკე გამოიხმო, რომელიც ბრძოლის ველზე 12 000 ქართველი მეომრით გავიდა.
- XVI საუკუნიდან აქაურობის გამგებლები ბერძნები არიან. იგრძნობა თუ არა ივერონის მონასტერში ქართული სული?
- აქ კედლები ჩვენი წინაპრების ლოცვის მადლითაა გაჟღენთილი, მათი ნაწილები კი საძვალეებშია. აქ წმინდა მამათა ნეშტები საფლავიდან საძვალეებში გადააქვთ. ქართველები აქ პერიოდულად ჩავდივართ რამდენიმე დღით სალოცავად. მონასტრის მუზეუმის მცველი, მამა ხრისოსტიმოსი ძალიან თბილად გვხვდება. თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგის ნახვა ჩემი ოცნება იყო. როდესაც პერანგთან მივედი და მამა ხრისოსტიმოსს ვუთხარი, რომ მეც თორნიკე მქვია, სიხარულისაგან აყვირდა თორნიკეუს, თორნიკეუსო!
- ამბობენ, ივერონის მონასტრის წმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც კარიბჭის ღვთისმშობელსაც უწოდებენ, მეორედ მოსვლისას ტაძრიდან გავა და როგორც მოვიდა, ისევე წავა ზღვით საქართველოს გადასარჩენად.
- ივერონის ღვთისმშობელი უდიდესი სიწმინდის ხატია, რომელსაც კერპთაყვანისმცემელმა ჯარისკაცმა მახვილი ჰკრა, ხატს კი ღაწვიდან სისხლი წამოუვიდა. შეშინებული ჯარისკაცი გაიქცა, ხატი კი გადასარჩენად მისმა მფლობელმა ქვრივმა ზღვასთან მიიტანა და ღმერთს მიანდო. ღვთისმშობლის ხატი ზღვით ათონის მთამდე მივიდა, სადაც გაბრიელ ქართველი გამოიხმო, მხოლოდ მას აქვს უფლება, რომ ტაძარში მიმაბრძანოსო. გაბრიელმა ხატს თაყვანი სცა და ხმელეთზეც დადო. სწორედ ამ ადგილას ამოხეთქა წმინდა წყარომ, რომელიც დღესაც არსებობს. ხატმა ივერონის მონასტერში თავად აირჩია ადგილი, კარიბჭეში დაბრძანდა. ბერძენი მამები ყოველდღე მიდიან მის სანახავად. როდესაც ხატი იმ ადგილიდან გავა, ეს მეორედ მოსვლის მაუწყებელი იქნება.