"სწავლის გადასახდელი თანხა არ გვქონდა და თეატრალურიდან მრიცხავდნენ, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

"სწავლის გადასახდელი თანხა არ გვქონდა და თეატრალურიდან მრიცხავდნენ, მაგრამ...“

"როდესაც თუმანიშვილის "ჩემი პატარა ქალაქი" ვნახე, ნესტანის მონოლოგმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სურვილი გამიჩნდა მსახიობი გავმხდარიყავი", - ამბობს სოფიო ლომჯარია. სპექტაკლების სანახავად დედას ბავშვობიდან დაჰყავდა, რთულ და დუხჭირ 90-იან წლებში თეატრი იყო სივრცე, სადაც რეალობიდან გაქცევა, სხვა სამყაროში გადასვლა და ამაღლებულ თემებზე ფიქრი შეეძლო. როგორ მოხვდა სერიალის "ჩემი უბნის ქვაფენილი" გადასაღებ მოედანზე, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- მიხარია, რომ სერიალს "ჩემი უბნის ქვაფენილი" უამრავი ადამიანი უყურე­ბს, ამის დასტურია ის გზავნილები, რომელსაც ყოველდღე ვიღებ. ქუჩაშიც მცნობენ, უამრავი ადამიანი გამოხატავს ემოციას. ყველა ასაკის მაყურებელი გვყავს...

პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა, რომ მნახა თავისუფალ თეატრში, სპექტაკლში "ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს". ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან მას შემდეგ ვმუშაობ, რაც ინსტიტუტი დავამთავრე, კარგად მიცნობს და პაატა გულიაშვილთან რეკომენდაცია მან გამიწია. კასტინგზე არ მივსულვარ, პირდაპირ როლზე დამამტკიცეს.

პირველი სერიის სცენარი რომ გამომიგზავნეს, ძალიან მომეწონა. თეატრებში წლებია ვთამაშობ, მაგრამ კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ მქონდა, თუ არ ჩავთვლით სერიალს "ჩვენი კლინიკა"... ეკრანზე საკუთარ თავს კრიტიკულად ვუყურებ, რამე თუ არ მომეწონება, მომავალში რომ გამოვასწორო.

- ჩემზე ამბობენ...

- ინფანტილური, ემოციური, ბავშვური და დაბნეულიაო. როცა კონკრეტულ თემაზე ვფიქრობ, შეიძლება გვერდით რაღაც ვერ შევამჩნიო, სხვა მანქანაში ჩავჯდე, სხვა გზით წავიდე... ასეთი ამბები მრავლად მაქვს და ახლობლები სულ ხუმრობენ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- 2 შვილი მყავს და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ჩემი შვილები კარგი ადამია­ნები, მეგობრული, მოსიყვარულე, კეთილი ბავშვები არიან. ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთეთ-მეთქი.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- პოზიტივი, სახასიათო ხმა. რაც არ უნდა რთული მდგომარეობა მქონდეს, ნეგატივს სხვას არასდროს გადავდებ. ვცდილობ, ყოველი დღე უკეთესი გავხადო. ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს. შეიძლება ჩვეულებრივი დღე ერთი დეტალითაც კი გავილამაზო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- მოსიყვარულე ვარ. ხომ არის, ვიღაც გაწყენინებს, გაგაბრაზებს, ამ განწყობას ჩემში დიდხანს არ ვიტოვებ... არ მიყვარს ამპარტავანი ხალხი, ადამიანებს რომ ამცირებენ, ზემოდან უყურებენ, ასეთებთან ვერ ვურთიერთობ. სითბოს, ყურადღებას ვინც იჩენს, ძალიან დიდხანს მამახსოვრდება და მათდამი უსაზღვრო მადლიერება მაქვს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ყურადღების ნაკლებობა. მნიშვნელოვანი რამ შეიძლება ისე გამომრჩეს, ოჯახის წევრებისთვის დისკომფორტი შევქმნა, ამის გამო მსაყვედურობენ. არაერთხელ მქონდა შემთხვევა, სადღაც უნდა დამერეკა, ბავშვი უნდა ჩამეწერა და იმიტომ დამავიწყდა, რომ პერსონაჟზე ვფიქრობდი. ცნობილი ფაქტია, ძველი თაობის მსახიობები, მაგალითად, ვერიკო ანჯაფარიძე სპექტაკლის დღეს არ ლაპარაკობდა. ახლა მსახიობებს ეს ფუფუნება არ გვაქვს, რომ ოჯახის წევრებს არ დაველაპარაკოთ, წინადღეს ადრე დავიძინოთ. შეიძლება შინ ვიყო, ჭურჭელს ვრეცხავდე და მაშინაც პერსონაჟზე ვფიქრობდე.

- ვიბნევი...

- როდესაც ციფრებთან დაკავშირებით მეკითხებიან, შეიძლება ჩემი შვილების დაბადების თარიღი და საკუთარი ტელეფონის ნომერიც კი დამავიწყდეს, ამ დროს დიდი ტექსტის მარტივად დამახსოვრება შემიძლია. ვიბნევი, როცა მესმის სიტყვები: "ჩქარა", "სწრაფად".

- ვნანობ...

- ძალიან ბევრი დრო ნერვიულობაში გავფლანგე. მერე მივხვდი, რაც შეიძლება გვანერვიულებდეს, თუნდაც დროებითი წარუმატებლობა, ამაზე ნაკლები დრო უნდა დახარჯო და მეტი იფიქრო, როგორ შეიძლება გამოასწორო. ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, თუ იშრომებთ, ყველაფერი გამოგივათ! როცა მოქმედებას დაიწყებ, ნერვიულობის დრო აღარც დაგრჩება. თეატრალურში რომ უნდა ჩამებარებინა, პირველი წელი გავაცდინე, იმდენად ვღელავდი, ვფიქრობდი, რომ გამოცდაზე ვერ გავიდოდი.

2-1794751167.jpg

- წონასწორობიდან გამოვყავარ...

- სისასტიკეს, ადამიანის ჩაგვრას, დამცირებას. კონფლიქტური არ ვარ, ხმამაღალი საუბარი, ყვირილი მიჭირს, მაგრამ ასეთი სიტუაციებისადმი გულგრილი ვერ დავრჩები, ვერევი ისე, როგორც შემიძლია.

- სიყვარული...

- საჭიროებაა. როცა გრძნობ, ის ადამიანი შენთვის ჰაერივითაა საჭირო.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- კარგი მოგონებაა... ბავშვობასთან ასოცირდება. სულ მინდა ვიცოდე, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა.

- თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- მე ხომ გვარად ლომჯარია ვარ, ჩემი მეუღლე არის კონჯარია, ასეთი გარითმული გვარები გვაქვს. ილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტად მუშაობს.

15 წლის ვიყავი, ერთმანეთი რომ გავიცანით. ჩემი მეუღლის მეგობარს უყვარდა ჩემი დაქალი. ერთმანეთს რომ ხვდებოდნენ, ჩემს დაქალს მე მივყავდი, იმ ბიჭს - ილია და ერთად ვსეირნობდით. ისინი სკვერში განცალკევებით რომ სხდებოდნენ, ჩვენც გვიწევდა ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთზე ვგიჟდებოდით. მახსოვს ჩემს დაქალს იმასაც კი ვეუბნებოდი, აღარ გამოგყვები-მეთქი. თანდათან ისე მოხდა, ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა, მათ შორის თეატრიც. სპექტაკლებზე დავდიოდით.

მერე ჩვენი მეგობრები ერთმანეთს დაშო­რდნენ, ურთიერთობა არ გამოუვიდათ. ჩვენც ხომ აღარ უნდა გვენახა ერთმანეთი, მაგრამ ერთ დღეს მომაკითხა, შენთან ლაპარაკს ისე მივეჩვიე, მაინც გამოგიარეო. ტკბილეული მომიტანა. ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით, მაგრამ რომანტიკული არაფერი ხდებოდა. მერე ის სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. რომ დაბრუნდა, უკვე თეატრალურში ვიყავი. საკურსო სპექტა­კლზე მოვიდა, შემაქო, კარგად ითამაშე, ყოჩაღო...

- მაკვირვებს...

- ბევრი რამ, როგორც დადებითი, ასევე ურყოფითი. ჩვენ გარშემო დღესაც ბევრი უსახელო გმირი ცხოვრობს. 90-იანი წლებში იმ სიბნელესა და სიდუხჭირეში, ბევრი მაგალითი მახსოვს, როგორ გადაარჩინეს ადამიანებმა ერთმანეთი...

- ვრისკავ...

- იშვიათად. ბავშვობაში სიმაღლიდან ხტომა და ამდაგვარი ექსტრემალური ქმედებები მიზიდავდა. რაც შვილები გამიჩნდა, ეს სურვილიც გამიქრა. მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, მე და ჩემი მეუღლე ნეპალში ვიყავით და პარაპლანით ძალიან მაღალი მთიდან გადმოვხტით.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ძალიან ბევრი საქმე მექნებოდა. ბევრ ადამიანს სურვილებს ავუსრულებდი. ჩემთვის მეტ კომფორტს შევიქმნიდი.

- ვიტყუები, როცა...

- ვაგვიანებ, ეს იშვიათად არ ხდება. ვერაფრით ვახერხებ სახლიდან 15 წუთით ადრე გავიდე, ან თუ გავალ, ისეთი რაღაც შემემთხვევა, მაინც ვაგვიანებ. როცა დაბნეულობის გამო რაღაც სამარცხვინოდ ამერევა, ვიტყუები და მიზეზს ვიგონებ. ცოტა ხნის წინ გახმოვანებაზე მივდიოდი და დამაგვიანდა. მეტროში ისე დავიბენი, 4-ჯერ გადავჯექი, რომ ადგილამდე მივსულიყავი. ჩაფიქრებული, ვაგზლის მოედანს გავცდი, შორს წავედი, იქიდან მეორე მატარებელს გამოვყევი, მერე მეგონა, რომ ისევ გავცდი და ადრე ჩამოვედი... ამას ვერ გავამხელდი, იძულებული გავხდი, ტყუილი მეთქვა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ასეთ დღეებში აუდიოწიგნები ძალიან მშველის. ადრე ბევრს ვკითხულობდი. ახლა შინ იმდენი საქმე მაქვს, აუდიოწიგნებს ვრთავ, ვუსმენ, საკუთარ ფიქრებს რომ არ მოვუსმინო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- თეატრალურში ჩემი პედაგოგისგან, დავით კობახიძისგან, ბევრი დარიგება მომისმენია, მაგრამ ამ ადამიანთან დაკავშირებული ერთი ამბავი გამორჩეულად მახსოვს. მეორე კურსზე საკურსო მქონდა ჩასა­ბარებელი, დავალება მომცა - ნაწყვეტი უნდა შემესრულებინა ძალიან რთული, დრამატული პიესიდან "ტრამვაი სახელად სურვილი". მაშინ ისედაც რთული პერიოდი მქონდა - დედა ავად იყო, თან სწავლის გადასახდელი თანხა არ გვქონდა. უფულობის მიზეზით, თეატრალურიდან ჩემს გარი­ცხვაზე იყო ლაპარაკი, გამოცდაზეც ვერ გავიდოდი, მაგრამ ბატონმა დათომ მოითხოვა, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მოეცათ. ჩააბაროს და მერე, კი ბატონო, გაუშვითო. ამ ყველაფრის გამო ძალიან ვნერვიულობდი. ვუთხარი, ამ პიესის თამაში არ გამომივა-მეთქი. გამოცდის წინ მითხრა, შენ ეს შეგიძლია, უნდა იყოჩაღო, მოინდომო და ის გააკეთო, რასაც რეპეტიციებზე აკეთებდი, სხვაზე არაფერზე იფიქროო. უდიდესი მოტივაცია მომცა, თავდაჯერებული გავხდი და მართლაც ვითამაშე... გამოცდას რეჟისორები დაესწრნენ. შემდეგ ყველა ერთად შეიკრიბნენ და განხილვა მოაწყვეს. ბატონ დავითს ბოლოსკენ მოვუტოვებივარ და უკითხავს, ამ გოგოზე რას იტყვითო? თურმე ყველამ შემაქო, უკვე ჩამოყალიბებულ მსახიობად მომიხსენიეს. ბატონ დავითს უთქვამს, იძულებულები ვართ, ეს გოგო თეატრალურიდან გავუშვათ, თანხას ვერ იხდისო. ყველამ დაწერა წერილი თხოვნით, არ გავრიცხულიყავი. რექტორმა გიგა ლორთქიფანიძემ დამიბარა და მითხრა, ვწუხვარ, რომ ვერ ვნახე, ასეთი რა ითამაშე, ყველა რომ შენზე ლაპარაკობს, იცოდე, გადასახადისგან გათავისუფლებული ხარო. როგორ შეიძლება, დავით კობახიძის ეს ქცევა დამავიწყდეს. შემდეგ სულ ვცდილობდი, ამ ადამიანების იმედები გამემართლებინა... საუკეთესო შეფასებები მქონდა, სტიპენდიაც დამინიშნეს.

- დაბოლოს გეტყვით...

- ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება. უნდა მოვახერხოთ, მოვწყდეთ ყოფით პრობლემებს და ერთმანეთს დადებითი ემოციები გავუზიაროთ, თუნდაც ერთი გზავნილი - "ბედნიერ დღეს გისურვებ!" წვრილმანი ამბები მნიშვნელოვან ემოციებად იქცევა და ასე გავამრავლებთ პოზიტივს...

თამუნა კვინიკაძე