როცა ყოფილი ქმარი შვილების წართმევით გემუქრებათ - კვირის პალიტრა

როცა ყოფილი ქმარი შვილების წართმევით გემუქრებათ

ამჯერად მკითხველების შეკითხვებს უპასუხებს სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა:

ხელოსანმა წინასწარ გამომართვა ავეჯის თანხა. თანხა გადახდილი მაქვს საქართველოს ბანკის ბარათიდან, თუმცა დანიშნულებაში არა მაქვს მითითებული, რისი თანხა იყო. მაქვს მასთან გაგზავნილი მესიჯები, თუმცა მისგან საპასუხო მესიჯი არ მოსულა.

- რადგან თანხა გადარიცხული გაქვთ, არსებობს რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი, რაც დღესვე უნდა გადადგათ: მოამზადეთ მტკიცებულებები: ბანკის ქვითარი/ამონაწერი: სადაც ჩანს გადარიცხვის თარიღი, საათი, თანხა და მიმღების რეკვიზიტები. მიმოწერის ასლები: სადაც ჩანს, რომ თქვენ სწერდით მას (ნახა თუ არა შეტყობინება) და პასუხი არ მოუწერია. განცხადების/პოსტის ფოტოები: სადაც ეს ავეჯი იპოვეთ (ფეისბუკი, ინსტაგრამი და ა.შ.). ფიზიკური პირის მიერ თანხის მითვისების ან მოტყუებით დაუფლების შემთხვევაში, გაქვთ უფლება დაწეროთ საჩივარი, თან დაურთეთ ბანკის ქვითარი და თქვენი მინაწერი სქრინშოტები.

fircxalavaaaa-1794751702.jpg

შემომთავაზეს ბინის გირავნობა, ოღონდ ბინაში იცხოვრებს მეპატრონე და დატვირთავს ქონებას იპოთეკით, სარისკოა ასეთი გარიგება?

- ასეთ სქემებს ხშირად მიმართავენ სესხის ასაღებად (რეალურად ეს არის არა კლასიკური იპოთეკა, არამედ ფარული სესხი/იპოთეკა), რაც მევახშეობა უფრო გამოდის. დღეის მდგომარეობით სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების ჩადების უფლება ფიზიკურ პირთა შორის აკრძალულია, მსგავსი ტიპის შეთავაზებები (სადაც მესაკუთრე ბინაში რჩება და ქონება იპოთეკით იტვირთება) ძალიან მაღალი რისკის შემცველია. ასეთი ხელშეკრულების ბათილობა შესაძლებელია სასამართლოს მეშვეობით და არის რისკი თანხა დაკარგოთ. სქემა ასეთია: ვიღაცას ასესხებ თანხას იმ იმედით, რომ გგონია, იპოთეკითაა უზრუნველყოფილი, მაგრამ დავა რომ წარმოიშობა, აღმოჩნდება, რომ იპოთეკა არ არსებობს და სესხიც არაა უზრუნველყოფილი.

წლების წინ ავიღე სამომხმარებლო სესხი და არანაირი ქონება არ არის ჩადებული, უკვე გასულია 6 წელი. ახლა სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ დამიყადაღეს ანგარიშები. შემიძლია თუ არა ასეთი სესხის განულება?

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. თუ ბანკმა (ან იმ კომპანიამ, რომელსაც სესხი გადაეცა) სასამართლოს 3 წლის განმავლობაში არ მიმართა თანხის ამოსაღებად, დავალიანება იურიდიულად ხანდაზმულად შეიძლება ცნოთ. ეს ვადა აითვლება ხელშეკრულების ბოლო ვადიდან და ასევე ბოლო ჩარიცხვიდან. თუმცა ყადაღა იმის ნიშანია, რომ მათ ვიღაცამ სასამართლოში უჩივლა, ან სასამართლო ბრძანება გამოიტანეს ისე, რომ თქვენ არ იცოდით (ხშირად უწყებები ძველ მისამართებზე იგზავნება). უნდა გაარკვიოთ ყადაღის საფუძველი, უნდა მოითხოვოთ საქმის მასალები სასამართლოდან. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ახლახან გამოვიდა და ახლა შეიტყვეთ, დაუყოვნებლივ წარადგინეთ წერილობითი შესაგებელი/განცხადება და მიუთითეთ, რომ სესხიდან გასულია 6 წელი და მოთხოვნა ხანდაზმულია. სასამართლო ვალდებულია სარჩელი არ დააკმაყოფილოს. ნუ გადაიხდით თანხას, სანამ არ შეამოწმებთ დოკუმენტებს. თანხის თუნდაც ნაწილობრივმა გადახდამ, ან ვალის აღიარებამ შესაძლოა „გააცოცხლოს“ ხანდაზმულობის ვადა.

ქმართან ვარ ოფიციალურად განქორწინებული და შვილთან ერთად წამოვედი საქართველოდან. მაშინ მომიწერა ხელი ბავშვის გაყვანაზე. მეორე წელია ემიგრაციაში ვარ. ახლა ყოფილი ქმარი მემუქრება, რომ საჩივარს შეიტანს ჩემს წინააღმდეგ და შვილის გატაცებაში დამადანაშაულებს. რამდენად შესაძლებელია მომაგნოს პოლიციამ და ჩემი შვილი საქართველოში დააბრუნოს? ბავშვი სკოლის მოსწავლეა.

- რადგან თქვენ აღნიშნეთ, რომ მან ხელი მოაწერა ბავშვის ქვეყნიდან გაყვანას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის დატოვება კანონის დაცვით მოხდა. მამის ნოტარიული თანხმობის გარეშე საერთაშორისო პასპორტს ვერ აუღებდით ბავშვს. ბავშვის საერთაშორისო გატაცებად მიიჩნევა ისეთი შემთხვევა, როცა მეორე მშობლის ნებართვის გარეშე ხდება ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანა. რადგან პასპორტზე თანხმობა გქონდათ, ეს არ არის უკანონო გადაყვანა ან გატაცება. მამამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ბავშვი საზღვარგარეთ მიგყავდათ. მხოლოდ საჩივარი, სათანადო და დასაბუთებული მტკიცებულებების გარეშე, სამართლებრივად ცარიელია.

ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაშინების ცდა. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად,—მხოლოდ იმის გამო, რომ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ, ბავშვებს არავინ წაგართმევთ. საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით. ნაქირავები ბინა არ არის ბავშვის წართმევის საფუძველი: უძრავი ქონების საკუთრებაში არქონა არ ნიშნავს, რომ დედას ბავშვის აღზრდის უფლება არა აქვს. მთავარია, ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო, სუფთა და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძვლები: მამას ან დედას ბავშვის წართმევა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ დედა არის ნარკოდამოკიდებული, აქვს მძიმე ფსიქიკური აშლილობა, სჩადის ძალადობას, ან სრულიად უგულებელყოფს ბავშვების მოვლა-პატრონობას, თუ ბავშვებს არ სურთ თქვენთან ყოფნა. თუ თქვენ ზრუნავთ შვილებზე, მისი მუქარა სამართლებრივად აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. გახსოვდეთ: ის იყენებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას და იმას, რომ ბინას ქირაობთ. სამართლებრივად თქვენი შვილები თქვენთან უსაფრთხოდ არიან. სასამართლოსთვის მთავარია ბავშვის მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოება და დედასთან ემოციური მიბმულობა და არა ის, საკუთარ უძრავ ქონებაში ცხოვრობთ თუ ნაქირავებში. ასობით დედა ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად და ეს არასოდეს ყოფილა ბავშვების წართმევის საფუძველი.