გია ხუხაშვილის მწარე სიმართლე ოპოზიციას?! - "პარტიზანულ მოქმედებებზე საუბარი რამდენად სერიოზულია?! კარგი რა, ეს უკვე საბავშვო ბაღის თამაშია..." - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილის მწარე სიმართლე ოპოზიციას?! - "პარტიზანულ მოქმედებებზე საუბარი რამდენად სერიოზულია?! კარგი რა, ეს უკვე საბავშვო ბაღის თამაშია..."

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპო­ზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე გრძელდება. მმართველი გუნდი პროცესს პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის შესაძლებლობად მიიჩნევს, ხოლო ოპოზიცია მას `აბსურდის თეატრს~ უწოდებს. ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- "ნაცმოძრაობის" მმართველობას ნამ­დვილად ჰქონდა დანაშაულებრივი ბუნება, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებასაც არანაკლები "ვაჟკაცობა" აქვს ამ მხრივ გამოჩენილი. ამიტომ, თუ პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანაზე ვსაუბრობთ, ის ორივე ხელისუფლებას ერთნაირად უნდა შეეხოს.

დღევანდელი ხელისუფლება წინას პირდაპირი გაგრძელება და მისი პოლიტიკური მემკვიდრეა, როგორც მართვის მეთოდებით, ისე პერსონალური შემადგენლობით. დღეს ქართულ პოლიტიკაში ისეთი აბსურდული ვითარებაა, რომ წინა ხელისუფლებაში არმყოფ ადამიანებს იმ ხელისუფლების წარმომადგენლები ადანაშაულებენ, რომლებიც თავად იყვნენ "ნაცმოძრაობის" ნაწილი. ეს არის პოლიტიკური ფარსი! რაც შეეხება ხელისუფლების რეალურ მიზანს, ნათელია: მმართველი გუნდი ცდილობს ე.წ. სუვერენული დემოკრატიის მოდელის დამკვიდრებას, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მუდმივად ერთი დომინანტური პარტია უნდა არსებობდეს, მის გვერდით კი ფორმალური, სატელიტური ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკაში ყოფნის საზღვრებს თავად განუსაზღვრავს და ძალაუფლების მოპოვების რეალური პრეტენზიის შესაძლებლობას არ მისცემს. პოლიტიკური სივრციდან უნდა განიდევნონ ის პარტიები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია და მმართველ გუნდთან რეალური კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა აქვთ. სწორედ ეს არის ხელისუფლების მთავარი ამოცანა, ზუსტად ისეთი პოლიტიკური მოდელის შექმნა, როგორიც დღეს რუსეთშია. ამასთან, საკითხს მხოლოდ სამართლებრივი კუთხით არ უნდა შევხედოთ. ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გაცილებით ფართო დატვირთვაც აქვს: ამ გზით ხელისუფლება პროდასავლური პოლიტიკური ვექტორის შესუსტებასა და პოლიტიკური სივრციდან მის განდევნას ცდილობს, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის ინტერესებს ემთხვევა. ხელისუფლება, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რუსეთის ოცნებას ასრულებს.

- ამ მოცემულობაში რამდენად სწორია ოპოზიციის სტრატეგია და როგორ აფასებთ მათ საპასუხო ტაქტიკას სასამართლოში?

- სად არის ოპოზიციის სტრატეგია?! რაც არ არსებობს, იმას როგორ შევაფასებ? ოპოზიციას არანაირი სტრატეგია არა აქვს. ეს არ არის ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი, რომელშიც ხელისუფლებას სამართლებრივი დებატები უნდა გაუმართო. ეს არის პროცესი, რომლის სცენარიც და საბოლოო ვერდიქტიც, ფაქტობრივად, წინასწარ არის განსაზღვრული. შესაბამისად, საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის ნაწილთან, რომლითაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - პოლიტიკური ძალაუფლებისა და მომავლის ბედი წყდება. ასეთ ვითარებაში ოპოზიცია მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებითა და ხელისუფლებასთან აკადემიური პოლემიკით შემოიფარგლება!

ხელისუფლების მიზანია საზოგადოების დათრგუნვა, დაშინება და ძალის დემონსტრირება, ოპოზიცია კი სწორედ იმას უნდა ცდილობდეს, რომ ხელისუფლებას ამ ძალის დემონსტრირების შესაძლებლობა არ მისცეს. სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს. დიდი ბოდიში, მაგრამ რა გახდა ქუჩაში 300 კაცის გამოყვანა მაინც და ამ უმწვავესი პროცესის საჯაროდ გაპროტესტება? ამის ორგანიზებასაც ვერ ახერხებენ ან არც ცდილობენ. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა: ოპოზიციას არ შეუძლია რეალური პოლიტიკური პროცესის ინიცირება, საზოგადოებრივი დინამიკის შექმნა და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური წინააღმდეგობის გაწევა. ასეთ ვითარებაში სტრატეგიაზე კი არა, ტაქტიკაზეც ზედმეტია საუბარი. ოპოზიცია მიდის სასამართლოში და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ორჯერ ორი ოთხია. ხელისუფლება კი ბოლოს ეტყვის: ორჯერ ორი ხუთია და სულაც არ მაინტერესებს შენი არგუმენტები, მიიღებ იმას, რასაც მე გადავწყვეტო. რა ბერკეტი გაქვს ამის შესაჩერებლად? ამ დროს კი ქუჩაში, საზოგადოებასა და მხარდამჭერებთან მუშაობისთვის არაფერი კეთდება. ეს ის სცენარია, რომელიც ხელისუფლებას აწყობს. საჭიროა მოქმედება და წინააღმდეგობის გაწევის უნარი. მარტო ფეხების ბაკუნი არ კმარა, ხელიც უნდა მოიქნიო!

ხშირად მოგვყავს მაგალითად სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, სადაც რეჟიმი დამარცხდა, მაგრამ იქ ყველაფერი ბრძოლისა და ქუჩის პროტესტის შედეგად მოხდა. ჩვენი ოპოზიცია მხოლოდ თეორიულ პროგნოზებზეა ორიენტირებული და რეალურ ძალისხმევას არ მიმართავს იმისთვის, რომ თავად გახდეს პოლიტიკური პროცესების ცვლილების მამოძრავებელი ძალა.

- ოპოზიციური ლიდერები აცხადებენ, რომ თუ სასამართლო პარტიებს აკრძალავს, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმებზე, პარტიზანულ და მიწისქვეშა მოქმედებებზე გადავლენ. რეალურად რა რესურსი და მექანიზმები აქვთ მათ ამგვარი ნაბიჯის გადასადგმელად?

- იცით, რა მიკვირს?! როდესაც ოპო­ზიციის ლიდერებს ასეთი მოლოდინი აქვთ, რა აქვთ დასაკარგი, რატომ არ იწყებენ პოლიტიკური პროცესს?! სანამ საქმე უკიდურეს ფორმებამდე მივა, ჯერ ლეგალური პოლიტიკური ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. თუ ამას ვერ ახერხებენ, პარტიზანულ მოქმედებებზე საუბარი საერთოდ რამდენად სერიოზულია?! რა რესურსით აპირებენ ამას?! იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ შესაძლებლობებსაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ აქვთ, სანამ პოლიტიკურ პარტიებად არსებობენ, ვერ იყენებენ და ვერ ახერხებენ პოლიტიკური პროცესის ორგანიზებას. და ახლა პარტიზანულ მოქმედებებზე ალაპარაკდნენ?! კარგი რა, ეს უკვე საბავშვო ბაღის თამაშია.

- არსებობს თუ არა კიდევ რაიმე რაციონალური ზღვარი, საიდანაც პროცესის შემოტრიალება კიდევ არის შესაძლებელი?

- ჩემი აზრით, ხელისუფლებას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუ რა ფორმით და რა რედაქციით დაასრულებს ამ პროცესს. ამის მიზეზი ის არის, რომ მისთვის ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი ვაჭრობის საგანია. ამასთან, არსებული საგარეო ვითარებაც იმდენად არაერთგვაროვანია და გაურკვეველი, ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საბოლოოდ. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ საერთოდ გააუქმოს ეს პროცესი, ან მხოლოდ ნაწილობრივ შეცვალოს თავდაპირველი ჩანაფიქრი - ზოგი პარტიის აკრძალვაზე უარი თქვას, ზოგის მიმართ კი პროცესი გააგრძელოს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება პროცესები საგარეო ვექტორზე.

- ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ აუცილებელია ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა და დიალოგი, ხომ არ ქმნის მოლოდინს, რომ რიგ საკითხებში ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და რეალურ ნაბიჯებს გადადგამს?

- "ქართულ ოცნებას" ეს ისე უნდა, რომ თვითონ არაფერი გააკეთოს. ევროკავშირი ეუბნება: "თქვენ ცუდად იქცევით" , ესენი ეუბნებიან: "კი, ცუდად ვიქცევით, მაგრამ მაინც მიგვიღე". ეგრე არ გამოვა, რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგა. ვერ გავიგე, უპირობოდ უნდათ, რომ ევროპამ ჩაიხუტოს?!

- თუ პარტიები აიკრძალა, ხოლო ოპოზიციური ფლანგი სრულად დემორალიზებული გახდა, როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის მომავალი?

- ეს ყველაფერი მხოლოდ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ფაქტორებზე რომ იყოს დამოკიდებული, ჩვენი საქმე წასული იქნებოდა. ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ ძალის დემონსტრირებას უწევს ანგარიშს. სწორედ მაშინ იხევს უკან, როდესაც ხედავს, რომ მის წინ რეალური წინააღმდეგობა დგას. თუ შენ ამ ძალას არ აჩვენებ, ბუნებრივია, ხელისუფლებას ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, რათა ისე იმოქმედოს, როგორც სურს. მაგრამ არსებობს მეორე ფაქტორი - საგარეო, რომელიც ხელისუფლებისთვის საკმაოდ სახიფათოა. თუმცა მისი გავლენა ჯერ არ იგრძნობა, რად­გან დღეს მსოფლიო გაცილებით მასშტაბური პრობლემებით არის დაკავებული, ვიდრე ერთი პატარა ქვეყნის, საქართველოს ბედია. გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები ირანის გარშემო, რა მოხდება უკრაინაში და ამ პროცესებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს რუსეთთან რეინტეგრაციის პროცესი, რომლისკენაც ხელისუფლებას ქვეყანა ფაქტობრივად მიჰყავს, შეუქცევადია. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ აუცილებლად შეიქმნება ისეთი საერთაშორისო ვითარება, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. არ ვიცით, რამდენად დასუსტდება რუსეთი და მივა თუ არა საქმე იქამდე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის გადაგდება შესაძლებლად მიიჩნიოს. არც ის ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ირანში. ბევრი რამ სწორედ ამ პროცესებზეა დამოკიდებული. მინდა ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი და მჯეროდეს, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროსკენ შებრუნებას შეძლებს. ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს და ეს შანსი დაკარგული არ არის. ამის იმედს ვაშინგტონში განვითარებული მოვლენებიც მაძლევს, ტრამპის არაპროგნოზირებადი და ექსცენტრიკული ქცევით მსოფლიო დაიღალა. როგორც ჩანს, საერთაშორისო პოლიტიკაში გარკვეული წესრიგის დამყარების დრო დგება.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)