"საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა... ცოლთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა" - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული? - კვირის პალიტრა

"საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა... ცოლთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა" - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული?

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია. ადგილობრივების ცნობით, ის "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრია.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18 -109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, რაფი ორუჯოვის ყოფილი მეუღლე აიგუნ მაგალოვაა.

"რაფი ორუჯოვი დაკავებულია. მას გარდაბანში ყველა იცნობს. ყველამ იცის მისი კონფლიქტები ყოფილ ცოლთან, აიგუნ მაგალოვასთან. დიდი ხანია, მათ სასამართლო დავა აქვთ, გაშორებულები არიან, მაგრამ ქმარი დედისთვის შვილების წართმევას ცდილობდა. ახლა გავიგეთ, რომ ცოლის მოკვლას გეგმავდა.

ვიცი ის, რომ ცოლთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდა. რაფი ორუჯოვი ადრე გარდაბანში საკმაოდ გავლენიანი პირი იყო - "ნაცმოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერის, კირკიტაძის მარჯვენა ხელი გახლდათ. საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა. ახლა ქვემო ქართლში "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ხელმძღვანელია და საკმაოდ აქტიური ადამიანია. აქვს თავისი რესტორანი გაჩიანში.

ჩემი აზრით, დამნაშავეს არც პოლიტიკური კუთვნილება აქვს და არც ეროვნება. ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს", - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.