მკვლელობა ყიფშიძეზე: ვინ არის 60 წლის ბიზნესმენი, რომელიც 77 წლის ბიზნესმენის მკვლელობაშია ბრალდებული?! - უმძიმესი დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

მკვლელობა ყიფშიძეზე: ვინ არის 60 წლის ბიზნესმენი, რომელიც 77 წლის ბიზნესმენის მკვლელობაშია ბრალდებული?! - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

უმძიმესი დანაშაული თბილისის ცენტრში, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. მოკლულია 77 წლის ბიზნესმენი, ვახტანგ ჩიქოვანი. არსებული ინფორმაციით, მოკლულს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. რატომ მოკლეს ვახტანგ ჩიქოვანი, ეს სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ. როგორც ირკვევა, სისხლიანი დაპირისპირება კორპუსის ავტოფარეხში მოხდა. რა დროსაც დანით სასიკვდილოდ დაჭრეს ვახტანგ ჩიქოვანი. როგორც ამბობენ, მომხდარი წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. შსს-ში განმარტეს, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. "გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",- აცხადებენ უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით 60 წლის ბიზნესმენი, გელა არობელიძეა დაკავებული. რა უთანხმოება იყო მოკლულსა და მკვლელს შორის, ამ დეტალებზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. როგორც ამბობენ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ არობელიძემ თავად დარეკა პოლიციაში და სამართალდამცველებს უთხრა, რომ დანაშაული ჩაიდინა. არობელიძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ.

ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ტრაგედიის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მოკლულის ცხედარი კი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა მოკლულის სიძე, თუმცა ის ამბობს, რომ მისთვის უცნობია დანაშაულის მოტივი. აცხადებს, რომ დაკავებულ პირს, გელა არობელიძეს არ იცნობს, მისთვის გაუგებარია თუ რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი. მისი თქმით, ჯერჯერობით ოჯახის წევრებს არ აქვთ ამაზე ინფორმაცია. მოკლულის სიძის თქმით, ვახტანგ ჩიქოვანი სპირტის ბიზნესში ჩართული იყო, თუმცა მან არ იცის არობელიძესთან რა უთანხმოება შეიძლება ჰქონოდა მას. თავად არობელიძე ვაკეში ცხოვრობს, ტრაგედიის ადგილას არ ცხოვრობდა მოკლული მამაკაცი, ის დაიბარეს იქ, თუ თავისი სურვილით მივიდა არობელიძესთან შესახვედრად ეს და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოძიებით უნდა გაირკვეს. სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილას არის ვიდეო კამერები, რაც დაეხმარება გამოძიებას მომხდარის დეტალების გარკვევაში.

“ეს ამბავი ახლა გავიგე, ნაცნობებსაც ვესაუბრე და არავინ არ იცის რამ გადარია ეს კაცი, რომ ამხელა დანაშაული ჩაიდინა. მართლა ყველას გვიკვირს. გელა არობელიძე ბიზნესმენია. წლებია ბიზნესშია ჩართული და ერთ -ერთი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელის მეწილეა. ისიც ვიცი, რომ ვაკეში ცხოვრობს. როგორც ვიცი, ნარკომომხმარებელიც იყო გელა წლების მანძილზე, ადრე პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავებთანაც ამის გამო, მაგრამ მაშინ ის საქმე მიაჩუმათეს. ახლა მართლა გაკვირვებული ვართ ყველანი. არაფერი ვიცით, დაუკავებიათ და ალბათ თვითონ იტყვის სიმართლეს და ალბათ მერე თავად პოლიცია იტყვის რა იყო მკვლელობის მიზეზი”, - ამბობს ჩვენთან საუბარში არობელიძის ნაცნობი.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)