„რუსეთი ტესტავს, რომელია ყველაზე ხელსაყრელი დრო, რათა დაიწყოს გენერალური შეტევა ევროპაზე“ - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი - კვირის პალიტრა

„რუსეთი ტესტავს, რომელია ყველაზე ხელსაყრელი დრო, რათა დაიწყოს გენერალური შეტევა ევროპაზე“ - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი

რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ფსიქოლოგიურ და ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ამ კამპანიის მიზანი ევროპელ საზოგადოებებში პანიკის, შიშის, დაუცველობისა და ქაოსის დათესვა, მთავრობების დესტაბილიზაცია და უკრაინისთვის დასავლური მხარდაჭერის შესუსტებაა. გასულ კვირას ევროპის მასშტაბით თვითმფრინავებსა და ტელეკომპანიებში ბომბის არსებობის შესახებ არაერთი ცრუშეტყობინება გაიგზავნა, სადაც გამოყენებულ იქნა სახელი "მიხაილ ანდროპოვი"... მას შემდეგ, რაც ევროპის საჰაერო სივრცეში სამგზავრო თვითმფრინავების დანაღმვის ცრუშეტყობინებები დაფიქსირდა, ამან ათეულობით რეისის გადამისამართება, ავარიული დაშვება და მკაცრი საგანგებო პროტოკოლების ამოქმედება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩენილა, ამ კამპანიამ ქაოსი შექმნა ევროპის ავიაციაში.

ავიაციის უსაფრთხოების სპეციალისტების თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის მიზანი ევროპის სატრანსპორტო სისტემის პარალიზება, ფინანსური ზარალის მიყენება და უსაფრთხოების სამსახურების რეაგირების მექანიზმების გამოცდაა. სამხედრო და უსაფრთხოების ანალიტიკოსების ნაწილის ვარაუდით, მასშტაბიდან გამომდინარე, ეს შესაძლოა იყოს ორგანიზებული ჰიბრიდული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ავიაციის საიმედოობის შერყევას. ჰიბრიდული და ფსიქოლოგიური ომის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრა:

- ეს რუსეთის დიდი კამპანიის, ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთი ნაწილია და კიდევ უნდა ველოდოთ მომავალში. ეს პროცესები ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება - ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების მაქსიმალური მოქცევა ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში, შიშში, გაურკვევლობაში, მათ შორის ეს გულისხმობს საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მაქსიმალურად მობილიზებას... ამას არაპირდაპირი, ჰიბრიდული შეტევა ჰქვია და ერთ დიდ საერთო მიზანს ემსახურება - ევროპის დაქუცმაცება, ერთმანეთისგან გათიშვა, რაც მშვენიერი წინა პირობაა იმისთვის, რომ ევროპა აიძულონ დათმობებზე წავიდეს, პირველ რიგში, რასაკვირველია, უკრაინის საკითხში, ან ევროპასთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში.

ევროპაში მასშტაბური გამოძიება დაიწყო და რამდენიმე თვეში ალბათ დადგი­ნდება ამ შეტევის მთელი ჯაჭვი - ვინ არიან ისინი, ვინ მონაწილეობდა ამაში, საიდან იყო დაკვეთა... მაგრამ მთავარი ის არის, რამდენად მოახდენენ რეაგირებას. ეს არის სერიოზული პრობლემა ევროპაში. გარდა ამისა, პრობლემაა ერთმანეთთან კოორდინირება - პირობითად, შეიძლება ერთი ქვეყანა ითხოვდეს ძალიან მკაცრ რეაგირებას, მეორე მხარე კი პირიქით, არ ემხრობოდეს ამას.

რუსეთი ევროკავშირს განიხილავს როგორც ერთიან დიდ სივრცეს, მოწინააღმდეგეს, რომელსაც ერთიანად უნდა შეუტიოს, მნიშვნელობა არა აქვს სად - ბალტიის ზღვაზე იქნება, ხმელთაშუა ზღვაზე თუ უშუალოდ კონტინენტზე. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა კი ასე არ განიხილავს რუსეთს, ყველას განსხვავებული ინტერესები აქვს და შესაბამისად, რეაგირების გზას, სტრატეგიას თუ პოლიტიკას დამოუკიდებლად ირჩევენ, რაც ხშირად აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და შემდგომ ერთიან მოქმედებაზე შეთანხმებაც დიდი ხნით იწელება ხოლმე. ცალკე პრობლემაა ევროპული უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიკური სენსიტიურობის ხარის­ხი. რუსეთს კარგა ხანია ყველანაირი წითელი ხაზები დარღვეული აქვს, ხშირად გადადის უხეშ შეტევაზე, მაგრამ ერიდებიან რუსეთს პირდაპირ ხელი დაადონ, ან რამეში დაადანაშაულონ.

- რატომ ერიდებიან ხელის დადებას, როცა ყველაფერი ისედაც ნათელია?

- არსებობს ძალიან ბევრი მეთოდი, როგორ შეიძლება გამოიცადოს ეს სოლიდარობა: ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების მეხუთე მუხლი და თუ არ ვცდები, ევროკავშირის კონსტიტუციის 41-ე მუხლი (ლისაბონში მიიღეს 2007-2008 წლებში). პოლიტიკური წნეხი, საბოტაჟი და ხშირ შემთხვევაში, სპეცსამსახურების მოქმედება, პირდაპირი შეტევები და ადამიანების განადგურება წლების განმავლობაში მიმდინარეობს ევროპაში. რუსეთს ევროპაში მიუღებელი პირების ფიზიკური განადგურების მთელი ქსელი და ისტორია აქვს - პოლონიუმით დაწყებული, ჩვეულებრივი ტყვიით დასრულებული. ეს ძალიან ბევრ ქვეყანაზეა გაშლილი და შესაბამისად, როცა შეტევების ასეთი კამპანიაა, რუსეთი აკვირდება, როგორი პასუხი გასცეს იქ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ კიდევ უფრო გავამწვავოს კამპანია. თუ რუსეთს არ დახვდა ძალიან მკაცრი წინააღმდეგობა, მაშინ აგრძელებს და აფართოებს თავის მოქმედებებს. ახლაც ამას უნდა ველოდოთ, იმიტომ, რომ არ ჩანს ევროკავშირის ეფექტური წინააღმდეგობა. გარდა სპეცსამსახურებისა, დღეს უამრავი რუსია ევროკავშირის ტერიტორიაზე, რომელთაც ძალიან საეჭვო ბექგრაუნდი და კავშირები აქვთ რუსეთის სამსახურებთან. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ევროპის ბოლო სასანქციო სიიდან კრემლთან ყველაზე დაახლოებული ორი რუსი ოლიგარქი ამოიღეს ისევ ევროპის ქვეყნების ლობირებით. ერთ-ერთი ალიშერ უსმანოვია. რაც შეეხება ჰიბრიდულ შეტევას, ასეთ ოპერაციებს ატარებენ მკაცრი გეგმის მიხედვით, რომელსაც აქვს 2 მიზანი:

1. გაიტესტოს, რა რეაგირება იქნება ასეთი ტიპის საბოტაჟზე, რამდენად ეფექტურები არიან ადგილობრივი უწყებები და შესაბამისი ორგანიზაციები კრიზისული სიტუაციის მოგვარებაში და რამდენად სწრაფად აღადგენენ მოქმედებას. იტესტება და ერთგვარი ანალიზი უკეთდება, რა დრო და რესურსი სჭირდებათ ევროპულ ორგანოებს იმისთვის, რომ აღადგინონ წესრიგი;

2. რა თქმა უნდა, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციური სიგნალი ევროპელებისთვის, ჩვენ ეს შეგვიძლია და როცა დაგვჭირდება, კიდევ გავაგრძელებთო. ბუნებრივია, რუსული მხარე უფრო ხვეწს მეთოდებს, რომ გაცილებით დიდი და მასშტაბური შედეგი მიიღოს.

- რუსეთის ამ ქმედებებით ნიადაგი ხომ არ მზადდება ევროპაზე თავდასასხმელად?

- ადრე ვთქვი, რომ ეს პერიოდი იქნებოდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერი, ანუ წლის ბოლო. ნოემბერში შუალედური არჩევნები გვიჩვენებდა ამერიკაში, რა პოლიტიკური მომავალი ელის ტრამპს - შუალედურ არჩევნებში ტრამპი თუ გაიმარჯვებდა, გასაგებია, რომ კარტ-ბლანში ექნებოდა ტრამპს და შესაბამისად, კრემლს; და თუ პირიქით იქნებოდა, მოხდებოდა არსებული გეგმების კორექტირება. შუალედურ არჩევნებში რა შედეგიც მივიღეთ, ყველა მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ტრამპს სერიოზული პრობლემები ექნება როგორც რესპუბლიკურ პარტიაში, ასევე, განსაკუთრებით 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისად, გასაგები ხდება, რომ ტრამპი დარჩენილ ორ წელიწადში მართალია, პრორუსულად იქნება განწყობილი, მაგრამ რუსეთის დახმარებისთვის შეზღუდული ექნება მოქმედებები. ამიტომ მოსალოდნელი იქნება აქამდე არსებული სტრატეგიის გადახედვა, რაც გულისხმობდა ევროპაზე სამხედრო და არასამხედრო შეტევას, რათა საბოლოოდ მოეწყვიტა უკრაინისგან.

რუსეთი ტესტავს, რომელია ყველაზე ხელსაყრელი დრო, რათა დაიწყოს გენერალური შეტევა ევროპაზე ახალ წლამდე თუ ახალი წლის შემდეგ. წაიკითხეთ ვრცლად