"ტყუპები ნანგრევებიდან მალევე გამოიყვანეს, მათი დედა კი ნანგრევებში რჩება, ასევე ეძებენ დედას და 2 მცირეწლოვანს..." - რას ჰყვება ადგილობრივი ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებზე
დღეს დილით ქვემო ფონიჭალაში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, მეხუთე სართულზე გაზი აფეთქდა და შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. როგორც ცნობილია, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ შვიდ ადამიანს. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ამბობს, კორპუსის ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა, რის გამოც მაშველებმა კორპუსის წინა მხრიდან მუშაობა შეწყვიტეს. ამ დრომდე სამაშველო სამუშაოები შენობის უკანა მხრიდან სიფრთხილით გრძელდება.
ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო და ბინის მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან. ის ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, როცა ეს დიდი უბედურება მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სამი სართული მთლიანად ჩაინგრა.
„როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთე გამათბობელი, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, - თქვა ჟურნალისტებთან თამაზაშვილმა.
თბილისი ენერჯიში ამბობენ, რომ მათთან შეტყობინება გაზის გაჟოვნაზე არც წინა დღეს და არც იმ დღეს არ შესულა. ძირითადად ეს ბინა დაკეტილი იყო, ამას ადასტურებს მრიცხველის მაჩვენებელიც. ახლა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რეალურად რა მოხდა ბინაში.
“ჯერჯერობით სამწუხაროდ ჩვენ თანამშრომლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილი დაგვეთვალიერებინა დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე და ჩვენ სხვა ვერსია არ გვაქვს, მხოლოდ ჩვენც მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება. რაც შეეხება კონკრეტულად მეხუთე სართულს, ერთი წლის განმავლობაში მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, არ ყოფილა გამოძახება გაზის სუნთან დაკავშირებით”, - ამბობს თბილისი ენერჯის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ირაკლი დეკანოიძე.
უმძიმესია სურათია ტრაგედიის ადგილას, ყველგან ტირილი და გოდება ისმის. ხალხი დახმარებას ითხოვს და ყველა ელოდება კორპუსიდან ადამიანების უვნებლად გამოყვანას. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ცნობილი ხდება, ოთხი პირი გადაყვანილი კლინიკებში. სამწუხაროდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არის დედა და მისი არასრულწლოვანი, 11 წლის შვილი. ბავშვს ტრავმა აქვს ყურის არეში. მძიმეა აფეთქებისას დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და როგორც კლინიკის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, „მას აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%-ის. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა. სავარაუდოდ, ეს დაზიანებები მან მიიღო გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.
ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე. მისი თქმით, მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. „ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მაცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს, დავაბინავებთ“, - თქვა კალაძემ
“დედა და შვილები არიან დაკარგულები, რომლებსაც ვეძებთ, ის მეორე სართულზე ცხოვრობდა, სამი შვილის დედაა, ბავშვებთან ერთად არიან ბინაში. ძალიან დიდი უბედურება ტრიალებს, ამ დრომდე ჩამესმის ყურში ის საშინელი ხმა, რაც ამ დილით გაისმა. იმედს არ ვკარგავთ რომ ამ ადამიანებს ცოცხლებს ამოიყვანენ. რაც დრო გადის, უფრო ცუდად ვხვდებით”,- ამბობს ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტყუპ დებს ეძებდნენ, მაგრამ როგორც მათი ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, საბედნიეროდ ტყუპმა დებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს, თუმცა ამ დრომდე ეძებენ მათ დედას, რომელსაც აფეთქების დროს თავის საძინებელ ოთახში ეძინა.
“ჩემი მეგობარია ტყუპების დედა, რომელსაც ამ დრომდე ვეძებთ. მისი მეუღლე ადრე გადის სამსახურში და ეტყობა დილითაც წასული იყო. საბედნიეროდ ტყუპები მალევე გადმოიყვანეს იქიდან, დედა ვეღარ და ამ დრომდე გრძელდება ძებნა. მე არაფერი ვიცი გარდა იმისა, რაც ტყუპებმა მითხრეს. როგორც ისინი ამბობენ, დედა ნანგრევებშია, ვერ გააღეს მისი საძინებლის კარი, რადგან სინკარები იყო მის ოთახში ჩაწოლილი. ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს უხმობდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა მისი ხმა. მათი საძინებლები სხვადასხვა მხარესაა, ამბობენ, რომ დედას სხვა საძინებელში ეძინა როცა ეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ისინი პირველ სართულზე ცხოვრობენ და ყოველ წუთას ველოდებით ჩემი მეგობრის უვნებლად გამოჩენას. ტყუპები კოლეჯის სტუდენტები არიან, არც ისე პატარები. მეცხრე კლასიდან გამოვიდნენ სკოლიდან და იქვე ახლოს, აკადემიაში გადავიდნენ პროფესიის მისაღებად. ძალიან დიდ სტრესში არიან ტყუპები. ისიც შემიძლიათ გითხრათ, რომ ეძებენ ასევე მათი ბინის თავზე, მეორე სართულზე მცხოვრებ 6 წლის გოგონას და მის დედას. ეს 6 წლის გოგონა უსაყვარლესია, პირადად ვიცნობ, 127-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ენაწყლიანი, ძალიან საყვარელი ბავშვი, ვიცით, რომ ისინი სახლში იყვნენ. ასევე ამ დრომდე ეძებენ ისევ მეორე სართულზე მაცხოვრებელ კიდევ ერთ ოჯახს, დედას და მის ორ შვილს, 3 წლის და 7 წლის ბავშვებს. იმედს არ ვკარგავთ და ველოდებით მაშველებისგან მათ გადარჩენას. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი”, - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ ერთი ქალბატონის მეგობარი.
(სპეციალურად საიტისთვის)