"5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო... თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ცოცხალს იპოვიდნენ" - რას ჰყვება ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას შეწირული ოჯახის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო... თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ცოცხალს იპოვიდნენ" - რას ჰყვება ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას შეწირული ოჯახის ახლობელი?

ენითაუღწერელია ქვემო ფონიჭალაში დღეს დატრიალებული ტრაგედიის შედეგები. სამწუხაროდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. უდიდესია ის ტკივილი, რასაც ახლა მათი ოჯახები და სრულიად საქართველო განიცდის. როგორც ცნობილია, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო და მეპატრონე გუშინ საღამოს ჩამოვიდა ბათუმიდან. ის ამ დილით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, როცა ეს უბედურება მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის ხუთი სართული მთლიანად ჩაინგრა. ორი სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია და ამ კორპუსის 28 მაცხოვრებელი მერიამ სასტუმროებში გაიყვანა.

მთელი დღის განმავლობაში მთელ საქართველოს ჰქონდა მოლოდინი და იმედი, რომ გმირი მაშველები ნანგრევებიდან უვნებლად გამოიყვანდნენ დაკარგულ ადამიანებს. ეს იმედი განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, როცა 8-საათიანი უწყვეტი სამძებრო სამაშველო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში 3 წლის თაია ცოცხალი იპოვეს. სასწაულად გადარჩენილი პატარა გოგონა სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და მას კვლევები უტარდება. ამოყვანის მომენტში ბავშვი კონტაქტური იყო და მას გარეგნული დაზიანებები არ ჰქონდა. "ამ ეტაპზე, ერთი შეხედვით და დათვალიერებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ველოდებით პასუხებს. რასაც ვაკვირდებით, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა.

სამწუხაროდ, ხალხის მოლოდინი არ გამართლდა და ამ ამბიდან მალევე მაშველებმა ნანგრევებში ჯერ დედა-შვილის ცხედარი იპოვეს, მალევე კიდევ ერთი ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს, მოგვიანებით კიდევ ერთი იქ მაცხოვრებელი გარდაცვლილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამჟამად მაშველები 1 პირს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა დაადასტურა, რომ აღმოჩენილი იყო თაიას დედის ნინო ჭელიძის ცხედარი. „ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს... ბავშვის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა“, - აღნიშნა ცოტა ხნის წინ თეიმურაზ მღებრიშვილმა.

როგორც ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ახალგაზრდა ქალი, ნინო ჭელიძე 5 შვილის დედა იყო.

როგორც ჩანს, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ნინოს სამი შვილი საჯარო სკოლაში წავიდა და ბავშვების წასვლიდან მალევე კორპუსი აფეთქდა. ამ დროს სახლში იყვნენ ნინო, მისი 3 წლის თაია და 7 წლის ნუციკო. მთელი ქვეყანა მართლა ლოცულობდა, რომ როგორმე ყველა დაკარგული ადამიანი გადარჩენილიყო. საუბედუროდ ასე არ მოხდა.

“უკარგესი, უსაყვარლესი ოჯახი ჰქონდათ. მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები დარჩნენ დედის გარეშე. 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე, ძალიან ბედნიერები იყვნენ, ძალიან ლაღები, კარგები და უცებ ყველაფერი თავზე ჩამოენგრათ. ვიღაცის დაუდევრობას შეეწირა მრავალშვილიანი ოჯახის ორი წევრი. სიტყვები არ მაქვს, რა ვთქვა სანუგეშო. თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ამათაც ცოცხალს იპოვიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა საუბედუროდ. ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, შვილებს და მთელ საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას”,_ ამბობს მომხდარით შეძრული ახლობელი.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის ცხედარი სავარაუდოდ იპოვეს, 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი. ლალი ამ კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა და აფეთქების დროს მასთან ერთად სახლში მისი ტყუპი შვილები იყვნენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტყუპ დებს ეძებდნენ, მაგრამ მათი ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ საბედნიეროდ ტყუპმა დებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს. “ჩემი მეგობარია ტყუპების დედა, მისი მეუღლე ადრე გადის სამსახურში და ეტყობა დილითაც წასული იყო. საბედნიეროდ ტყუპები მალევე გადმოიყვანეს იქიდან, დედა ვეღარ... ტყუპები ამბობენ, რომ დედა ნანგრევებშია, ვერ გააღეს მისი საძინებლის კარი, რადგან სინკარები იყო მის ოთახში ჩაწოლილი. ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს უხმობდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა მისი ხმა. მათი საძინებლები სხვადასხვა მხარესაა, ამბობენ, რომ დედას სხვა საძინებელში ეძინა როცა ეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ისინი პირველ სართულზე ცხოვრობენ და ყოველ წუთას ველოდებით ჩემი მეგობრის უვნებლად გამოჩენას. ტყუპები კოლეჯის სტუდენტები არიან, არც ისე პატარები. მეცხრე კლასიდან გამოვიდნენ სკოლიდან და იქვე ახლოს, სბა აკადემიაში გადავიდნენ პროფესიის მისაღებად. ძალიან დიდი სტრესში არიან ტყუპები. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ეძებენ ასევე მათი ბინის თავზე, მეორე სართულზე მცხოვრებ 6 წლის გოგონას და მის დედას. ეს 6 წლის გოგონა უსაყვარლესია, პირადად ვიცნობ, 127-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ენაწყლიანი, ძალიან საყვარელი ბავშვი, ვიცით, რომ ისინი სახლში იყვნენ. ასევე ამ დრომდე ეძებენ ისევ მეორე სართულზე მაცხოვრებელ კიდევ ერთ ოჯახს, დედას და მის ორ შვილს, 3 წლის და 7 წლის ბავშვებს. იმედს არ ვკარგავთ და ველოდებით მაშველებისგან მათ გადარჩენას. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი”, _ ამბობდა ჩვენთან საუბარში ლალის მეგობარი.

ninoshshniashvili-1795111623.jfif
ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამოყვანილ ცხედრებს შორის იყო ლალი შაშნიაშვილის ცხედარი, თუმცა მის მეგობარს ამის დაჯერება არ უნდოდა და იმედს ებღაუჭებოდა. „ლალი საოცრად კეთილი, თბილი და გულწრფელი ადამიანია. პატიოსნება მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება იყო, ყურადღებიანობითა და სიყვარულით კი ყველას თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებდა. შეეძლო სხვისი სიხარულიც გაეზიარებინა და ტკივილიც გულთან ახლოს მიეტანა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი დედობრივი სიყვარული — შვილებზე გადაყოლილი, მათ ბედნიერებასა და მომავალზე უსაზღვროდ მზრუნველი დედა. სამი შვილის ჰყავს, ბიჭი და ორი ტყუპი გოგონები. ისე საოცრად თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, რომ ყველას უყვარდა. სხვისი ბედნიერება რომ უხარია და სხვისი ტკივილი რომ სტკივა. 54 წლისაა ლალი, პედაგოგიური აქვს დამთავრებული, ფილოლოგია და კერძო რეპეტიტორად მუშაობდა. მისი გული სიყვარულით იყო სავსე, მისი სიკეთე კი იმ ადამიანების მოგონებებში დარჩება, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა. ლალი ისეთი ადამიანი იყო, რომლის წასვლაც სიცარიელეს ტოვებს, მაგრამ მისი სითბო და ნათელი ხსოვნა არასოდეს გაქრება. დიდი ტრაგედიაა. მისი ბინის თავზე ცხოვრობდა ის 6 წლის საყვარელი გოგონა, რომელიც ხშირად ლალისთან იყო ხოლმე. საოცრად კარგი ბავშვია. როგორც ვიცი, ჯერ ეს ბავშვი ნაპოვნი არ არის. იმედს არ ვკარგავ, იქნებ მოხდეს სასწაული და გადარჩეს. გავრცელდა ლალის დაღუპვაზე ინფორმაცია, მაგრამ მე მაინც არ მინდა ამის დაჯერება. არ კარგად იმედს, რაღაცას ვებღაუჭები. იქნებ იმ ორ ადამიანს შორის არის, ვისაც კიდევ ეძებენ. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ახლა მისი მეუღლე წავიდა პროზექტურაში და უნდა ამოიცნოს. სანამ ეს პროცედურა არ ჩატარდება, მე მაინც არ მინდა იმის დაჯერება, რომ ლალი აღარ არის ცოცხალი. Mას წნევები აწუხებდა, იქნებ გონება დაკარგა, იქნებ კიდევ სადმეა და ცოცხალია”, - ამბობს მისი მეგობარი ნინო.

ამ დრომდე გრძელდება ტრაგედიის ადგილას სამძებრო სამაშველო ღონისძიებები. დაკარგულ ორ ადამიანს ისევ ეძებენ. იმედია მოხდება სასწაული და მათ ცოცხლებს იპოვიან. სამძებრო სამუშაოების პარალელურად საგამოძიებო მოქმედებებიც მიმდინარეობს, პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით: „დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს... ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, სამაშველო სამსახური მუშაობს".

უახლესი ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი მამაკაცია.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)