"განსაკუთრებული საფრთხის შემცველი, მოძველებული ქსელი სწორედ თბილისშია": რა უნდა გაკეთდეს, რომ ფონიჭალის ტრაგედია აღარ განმეორდეს?! - ექსპერტთა ანალიზი
ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას 6 ადამიანი შეეწირა, მათ შორის, ბავშვი. დაშავებულია ხუთი მოქალაქე.
აფეთქება ილია ისაევის ბინაში მოხდა. შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, მან გაზის გამათბობელი ღამით ჩართო და მოგვიანებით გამორთო. დილით კი მისი ანთება სცადა, რასაც, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვებული აირის აფეთქება მოჰყვა.
„თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, კონკრეტული ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, 2025 წლის დეკემბრის შემდეგ დაკეტილი იყო, მესაკუთრე კი თბილისში არ იმყოფებოდა.
„ყველა ბინა უნდა შევამოწმოთ წელიწადში ერთხელ, ამას გვავალებს კანონმდებლობა. კონკრეტულ კორპუსში შემოწმება ტარდება ყოველი წლის იანვარში. ამ კონკურსშიც ჩატარებულია შემოწმება 2026 წლის იანვარში და შესაბამისად, უნდა ჩატარდეს 2027 წლის იანვარში. კონკრეტულად ამ პიროვნების ბინა იყო დაკეტილი, არ ფიქსირდება არცერთი კუბი ხარჯი 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე, გაზი არ მოუხმარიათ. სავარაუდოდ, ახლა გააღო ბინა. იქამდე ფაქტია, რომ არ დაუწვია ბუნებრივი აირი თვეების განმავლობაში.
მოხდა მასთან კონტაქტი მეზობლების დახმარებით, რათა ბინა შეგვემოწმებინა. გვითხრეს, რომ არ იმყოფებოდა თბილისში და რომ ჩამოვიდოდა, დაგვიშვებდა მის კუთვნილ ბინაში. დაკეტილი ბინები ბევრია თბილისში და ყველანაირად ვცდილობთ, რომ დავეკონტაქტოთ ბინის მესაკუთრეს, რათა დაგვიშვას და დავათვალიეროთ ბინა.
სამი თვე, ექვსი თვე, ერთი წელი თუ არის ბინა დაკეტილი, შესაბამისად, დაკეტილია დანადგარები და აპირებთ რომ ჩართოთ, უნდა შეგვამოწმებინოთ, რადგან რისკი ახლავს - თუ ისარგებლებთ ჩვენი უფასო მომსახურებით და დარეკავთ ნომერზე 240-40-04, ჩვენ მაგ რისკებს დავაზღვევთ და შევამოწმებთ ადგილზე. ეს ეხება, პირველ რიგში, ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებს, იმიტომ რომ, ბოლო 5 წელიწადში მომხდარი 25 გარდაცვალების ფაქტიდან, რაც გამოიწვია გაუმართავმა გაზის დანადგარებმა, 24 იყო ნაქირავები და ნაგირავები ბინა. ყველაზე მეტი შემთხვევა ხდება ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ენერგეტიკოსმა და ენერგოუსაფრთხოების ექსპერტმა გიორგი ჭაღიაშვილმა კი განაცხადა, რომ „დახურულ სივრცეში თუ მეთანი დაგროვდა 5-დან 15%-მდე მაგ შემთხვევაში იწვევს ნგრევს, სხვა შემთხვევაში აალდება.
როგორც „ფორმულას“ ეთერში ენერგეტიკოსმა გიორგი ჭაღიაშვილმა აღნიშნა, დახურულ სივრცეში გაზმა ჟონვა რომც დაიწყოს, აფეთქება არ უნდა გამოიწვიოს თუ გაზის წნევის ზღვარი იქნება დაცული.
„რაც ვნახეთ იმ სურათით რომ ვიმსჯელოთ, როცა ასეთი ნგრევაა, ესა გამოწვეული იმით რომ დახურულ სივრცეში დროთა განმავლობაში მოხდა 5-დან 15%-მდე მეთანის დაგროვება.
აღსანიშნავია, რომ როდესაც აფეთქების ზღვრებზე ვსაუბრობთ, ეს გამოწვეულია თუ წნევით მოგვეწოდება გაზი ქსელში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის კონკრეტული რაოდენობა დადგენილი თუ რა წნევით უნდა იყოს მოწოდებული ოჯახში გაზი, რომ ის იყოს საკმარისი და არაფეთქებადსაშიში.
დახურულ სივრცეში გაზმა ჟონვა რომც დაიწყოს, აფეთქება არ უნდა გამოიწვიოს თუ წნევის ეს ზღვარი იქნება დაცული. მაგრამ თუ დაცული არაა და ბუნებრივი აირის ჟონვა დაიწყო, მაშინ ფეთქებადსაშიშ ზღვარს მიაღწევს. ეს არის შედარებით მაღალი წნევით გამოწვეული.
მაღალი წნევა იწვევს როგორც მილების მარტივ ცვეთას, ექსპლუატაციიდან მალე გამოსვლას, ასევე გაზმოხმარების აპარატურის დაზიანებასაც კი დროთა განმავლობაში, თუ მას სისტემატიურად არ მივაქციეთ ყურადება.
ჯერ კიდევ წლების წინ ვსაუბრობდი, რომ ქსელია ამორფული, მოძველებური და მას სჭირდება განახლება, განსაკუთრებული ყურადღება, თუმცა თითქმის ყოველწლიურად, ზამთრის სეზონის დადგომისას ვხდებით ამ ტრაგიული შემთხვევების მომსწრე.
ეს არის იმ სისტემის, ქსელის პრობლემა, რომლითაც გაზს ვღებულობთ. რამდენადაც ვიცი 8500 კილომეტრს აღწევს ეს ქსელი თბილისის მასშტაბით და შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებული საფრთხის შემცველი, მოძველებული ქსელი სწორედ თბილისშია, რადგან რეგიონებში შედარებით ახალი ქსელია და მის ხანდაზმულობაზე საუბარი ჯერ არაა,“ - აღნიშნა ჭაღიაშვილმა.
მან გარკვეულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია მოქალაქეები, ღამის საათებში სრულად არ თიშავდნენ გამათბობელ სისტემებს.
„ერთადერთი რაც მოსახლეობას შემიძლია ვურჩიო, თუ სადმე არის შესაძლებელი სარკმლის გამოღება და ღიად დატოვება, იქნებ დატოვონ.
ამასთან, ღამის საათებში სრულად ნუ მოახდენენ გამათბობელი სისტემების ჩაქრობას და დილის საათებში ხელახლა ანთებას.
სჯობს ამ გამათბობელმა სისტემებმა იმუშაოს ძალიან დაბალ რეჟიმზე, რათა ტემპერატურის აწევასთან ერთად მოხდეს გაზის წვა და არა მისი მთლიანი გაჟონვა, შესაბამისად ამით მოხდება პრევენციაც,“ - განაცხადა ენერგეტიკოსმა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ინჟინერ-ენერგეტიკოსმა ევტიხ მაჭავარიანმა კი განაცხადა, რომ ავარიების ძირითადი მიზეზი, არის უცოდინარობა, ხალხმა ნორმალურად არ იცის, როგორ უნდა მოეპყროს გაზს.
ამასთან, ის გამოეხმაურა ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იმის ბრალია, რომ იმ ადამიანს, ვისაც ეს შეემთხვა, ცუდი ყნოსვა ჰქონდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი აირის სიგნალიზატორები და დეტექტორები იყოს დამონტაჟებულები.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ყაზტრანსგაზს“, გამოცემული აქვს უსაფრთხოების წესები, თუმცა იშვიათია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს უსაფრთხოების წესებზე ინფორმაცია აქვთ.
„სოკარ გაზ ჯორჯიასაც“ აქვს შემუშავებული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხოების ინსტრუქციები, მაგრამ უამრავი ხელსაწყოების მემონტაჟე თვითნასწავლია და არ აქვს გავლილი შესაბამისი სკოლა და ამიტომ შესაძლოა, მონტაჟშიც იყოს ხოლმე შეცდომები. დღევანდელი შემთხვევა შეიძლება იმის ბრალია, რომ იმ ადამიანს ვისაც ეს შეემთხვა, ცუდი ყნოსვა ჰქონდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი აირის სიგნალიზატორები და დეტექტორები იყოს დამონტაჟებულები, განსაკუთრებით მოხუცებულებთან, თუკი ცნობილია, რომ ყნოსვის შეგრძნება აქვს დაქვეითებული ადამიანს", - აღნიშნა ევტიხ მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი ყურადღებას სფეროში განათლების დონეზე და ინტენსიურ კონტროლზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ დღეს კონტროლი ინტენსიურად არ ხდება, ხოლო სასწავლო ლიტერატურის დიდი ნაწილი რუსულ ენაზეა.
„მომსახურე პერსონალის სათანადო კონტროლი ინტენსიურად არ ტარდება, ასევე ინტენსიურად უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირება, აგრეთვე ხელი უნდა შეეწყოს განათლების დონეს, ადრე ეს ყველაფერი რუსული ლიტერატურით იყო უზრუნველყოფილი, ახლა ახალგაზრდები გვყავს, რომლებმაც რუსული არ იციან, წიგნებიც არ იშოვება ქართულად, არ არის დაბეჭდილი. ჩვენმა კოლეგამ ხუთი სხვადასხვა წიგნი დაწერა გაზის სისტემები მოწყობილობებზე და მშენებლობის დროს გაზის გაყვანაზე და მათი გამოცემაც რთულდება. მოკლედ, ძალიან ფართო სპექტრია ხელმძღვანელობის, მოქალაქეების და შემსრულებლების პასუხისმგებლობის.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ სამზარეულოში გაზქურას იყენებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩართული სავენტილაციო სისტემა, გაზქურის თავზე ვენტილატორი უნდა იყოს ჩართული და ჰაერი უნდა გადიოდეს გარეთ. კონცენტრაცია თუ 3% - ია, არ არის საშიში, მაგრამ არავინ იცის ზუსტად, მთელ ოთახშია 3%, თუ სადღაც 3.5 - 4 % და ელექტროენერგიის ჩართვის შემთხვევაში, შეიძლება გაზმა ააფეთქოს ის ნაწილი. აუცილებელია, უფრო სერიოზული მიდგომა, ბინაში დეტექტორები უნდა იყოს დამონტაჟებული.
საზღვარგარეთ არ არსებობს სასტუმრო და ბინა, რომ არ ჰქონდეს დეტექტორი, რომელიც იგრძნობს და იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა, ხან გადაკეტავს გაზს, ხან ავარიულ სიგნალიზაციას ჩართავს“, - განაცხადა ევტიხ მაჭავარიანმა.