ვაკუუმური ბომბის ეფექტი: ქვემო ფონიჭალაში ტრაგედია რვა წლის ინტერვალით გამეორდა და ისევ „დომინოს პრინციპით“... - კვირის პალიტრა

ვაკუუმური ბომბის ეფექტი: ქვემო ფონიჭალაში ტრაგედია რვა წლის ინტერვალით გამეორდა და ისევ „დომინოს პრინციპით“...

გუშინდელმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა-2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია ღამით, ნანგრევებიდან მეექვსე ცხედრის ამოსვენების შემდეგ დასრულდა.

წინასწარი მონაცემებით ცნობილია ამ ტრაგედიის გამომწვევი მთავარი მიზეზი - ადგილობრივების გადმოცემით, ბოლო სართულზე მცხოვრები ღამით გაზქურის ანთებას ცდილობდა, დილით კი მორიგი მცდელობისას დაგროვილი გაზი აფეთქდა…

მაგრამ ერთ ბინაში და თანაც ბოლო სართულზე დაგროვილი ბუნებრივი გაზის აფეთქებას რატომ უნდა გამოეწვია ასეთი კატასტროფული შედეგი, როდესაც ხუთივე სართულის ბინები ერთდროულად ჩაიშალა?

ფიზიკური თვალსაზრისით, დახურულ სივრცეში დაგროვილი ბუნებრივი გაზის აფეთქებას ზუსტად იგივე მოქმედების პრინციპი აქვს, რაც ვაკუუმურ (თერმობარულ) ბომბს.

915918808-1122940583946442-5014706711571581646-n-1795161084.jpg

ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს მოცულობით აფეთქებასთან, სადაც საწვავის როლს გაზი ასრულებს, ხოლო ჟანგბადს აფეთქება თავად ჰაერიდან იღებს.

როდესაც ოთახში დაგროვილ გაზსა და ჰაერს ნაპერწკალი ეხება, აირი მყისიერად აალდება და ფართოვდება. ეს ქმნის უზარმაზარ შიდა წნევას, რომელიც კედლებსა და ფანჯრებს გარეთ ისვრის.

წვის პროცესი წამის მეასედში შთანთქავს ოთახში არსებულ მთელ ჟანგბადს, ხოლო ცხელი აირები გარეთ გამოიტყორცნება. ამის გამო აფეთქების ეპიცენტრში წარმოიქმნება დაბალი წნევის ზონა (ვაკუუმი).

ვაკუუმის შესავსებად გარედან ჰაერი უკან, შენობის შიგნით ისწრაფვის. სწორედ ეს „ორმაგი დარტყმა“ (ჯერ გარეთ გატყორცნა და შემდეგ მყისიერად შიგნით შეწოვა) იწვევს შენობის კონსტრუქციების — განსაკუთრებით კი პანელური კედლების — სრულ მოშლასა და ჩამონგრევას.

913886449-1497475515645964-4394194644174642769-n-1795161083.jpg

და სწორედ აქ მივდივართ მთავართან-ქვემო ფონიჭალაში ტრაგედია სწორედ ხუთსართულიან პანელურ კორპუსში დატრიალდა...

პანელური საცხოვრებელი კორპუსი არის მრავალბინიანი შენობა, რომელიც აგებულია ქარხნულად დამზადებული რკინაბეტონის პანელების(რომლებსაც „სინკარებსაც“ ეძახიან)აწყობითა და შედუღებით.

ამ კონსტრუქციის საცხოვრებელი კორპუსების მასობრივად აშენება განსაკუთრებით გავრცელებული იყო საბჭოთა პერიოდში (მაგალითად, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ნაძალადევში, გლდანში, ვაჟა-ფშაველას კვარტლებში).

ამ კორპუსების კედლები და გადახურვის ფილები წინასწარ ჩამოსხმული პანელებისგან შედგება, რაც მშენებლობის ტემპს აჩქარებს და იაფიც ჯდებოდა.

ის, რომ ქვემო ფონიჭალის კორპუსში აფეთქება სწორედ ბოლო მეხუთე სართულის ბინაში მოხდა,წესით უფრო ნაკლებად დამანგრეველი უნდა ყოფილიყო, რადგან აფეთქების ტალღამ „გასასვლელი“ იპოვა ჭერში (რაც კარგად ჩანს აფეთქებული კორპუსის სახურავზე გაჩენილი დიდი ხვრელის სახით) და ნაკლები ძალით უნდა ემოქმედა ქვედა სართულების მიმართულებით, მაგრამ...

gardacvlilifonichala-1795098537.jpg

რა მოსდის „სინკარებს“ პანელურ კორპუსში აფეთქებისას?

პანელური კორპუსების ერთ-ერთი მთავარი სისუსტე სწორედ „სინკარების“ საყრდენთანაა დაკავშირებული:

საყრდენის დაკარგვა-„სინკარი“ უბრალოდ დევს მზიდ კედელზე (პანელზე) და დამაგრებულია შედუღებით. აფეთქების ტალღა როდესაც კედლის პანელს გარეთ აგდებს, „სინკარი“ კარგავს საყრდენს და საკუთარი სიმძიმით ძირს ვარდება.

ქვემოდან ზემოთ დარტყმა - რადგან „სინკარის“ არმატურა ქვედა ზონაშია განლაგებული (დატვირთვის ზემოდან მისაღებად), აფეთქებისას ქვემოდან ზემოთ მიმართული წნევა ფილას მარტივად ბზარავს ან ზემოთ სწევს და საყრდენიდან აგდებს.

ჯაჭვური რეაქცია -„დომინოს პრინციპი“- ჩამოვარდნილი ერთი სართულის სინკარი ეცემა ქვედა სართულის სინკარს, რომელიც ასეთ დარტყმით დატვირთვას ვერ უძლებს და თავადაც ინგრევა — სწორედ ეს იწვევს რამდენიმე სართულის ერთდროულ ჩამოშლას.

916744117-2304579987144467-3022177223967927916-n-1795161083.jpg

და სწორედ ეს „დომინოს ეფექტი“ გახდა მეორე მიზეზი ამხელა ტრაგედიისა-ბოლო სართულზე მომხდარი აფეთქების ტალღამ კი იპოვა „გასასვლელი“ ჭერში,მაგრამ მან ამასთანავე ჭერის გადახურვის თითქმის ორტონიანი პანელი-„სინკარი“ (ასეთ ფილებს შიგნით სიგრძივი სიცარიელეები აქვს, რაც წონას დაახლოებით 30-40%-ით ამცირებს. სტანდარტული სისქე 22 სმ-ია, 1 კვ.მ-ის წონა კი — დაახლოებით 300–350 კგ. 3 მ X 1,2 მ-ზე „სინკარი“ იწონის 1,2 ტონას, 4.8 მ × 1.2 მ-ზე „სინკარი“ კი 1,9 ტონამდე) მოწყვიტა შედუღების ადგილებს და ის დაეცა ამავე ბინის იატაკის „სინკარს“,ჩაანგრია ის და შემდეგ უკვე ორი „სინკარის“ მასამ ჩაანგრია მეოთხე სართულის იატაკის „სინკარი“,შემდეგ მესამე,მეორე სართულების...

ანუ ამოქმედდა „დომინოს პრინციპი“, რაც გამორიცხული იქნებოდა მონოლითურად ნაშენებ კორპუსში...

სამწუხაროა, რომ ასეთი ტრაგედიები დრო და დრო მეორდება საქართველოში და კერძოდ კი თბილისში და მათ შორის იმავე ქვემო ფონიჭალაში...

ზუსტად 8 წლის წინ, 2018 წლის 15 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო, რამაც პანელური კორპუსების კონსტრუქციული სისუსტეები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახადა.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში, 9-სართულიანი პანელური კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. აქაც მიზეზი საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვება იყო.

აფეთქების ტალღამ მე-3 და მე-4 სართულების მზიდი პანელები მოშალა, რის შედეგადაც ჩამოინგრა სართულშუა გადახურვის ფილები და კედლები, დაზიანდა მეზობელი ბინებიც.

ტრაგედიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა (მაშველებმა ისინი ნანგრევებში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს), ხოლო სამმა ადამიანმა მძიმე დამწვრობები მიიღო.

შემდგომში მსგავსი ტრაგედიებისგან თავის ასაცილებლად იმავე პანელურ კორპუსებში მხოლოდ ერთი რამის გაკეთება თუ შეიძლება(რადგან პანელურ კონსტრუქციას ვერავინ შეცვლის) და ეს გაზის დეტექტორების დამონტაჟებაა თითოეულ ბინაში (ისევე როგორც სხვა,მონოლითური კორპუსებშიც და კერძო სახლებშიც)...

ბინაში შემომავალ მთავარ გაზის მილზე მონტაჟდება ელექტრომაგნიტური ჩამკეტი სარქველი, რომელიც სადენით ან უსადენოდ უკავშირდება დეტექტორს.

ჰაერში ბუნებრივი აირის (მეთანის) კონცენტრაციის სახიფათო ზღვრამდე მიღწევამდე (როგორც წესი, აფეთქებადი კონცენტრაციის 10-20%-ზე), სენსორი რთავს განგაშს და მყისიერად აწვდის იმპულსს სარქველს, რომელიც ავტომატურად კეტავს გაზის მიწოდებას მთელ ბინაში.

ბუნებრივი აირი (მეთანი) ჰაერზე მსუბუქია და ზემოთ მიიწევს, ამიტომ დეტექტორი უნდა დამონტაჟდეს ჭერიდან 15–30 სმ-ის დაშორებით, გაზის ხელსაწყოებიდან (ქურა, გამათბობელი) 1–4 მეტრის რადიუსში.

პანელურ კორპუსებში (განსაკუთრებით თბილისის ძველ პროექტებში) სავენტილაციო შახტები ხშირად გაუმართავი ან თვითნებურად გადაკეთებულია.

სავალდებულოა მხოლოდ ორმაგმილიანი (დახურული წვის კამერის მქონე) წყლის გამაცხელებლებისა და გამათბობლების გამოყენება, რომლებიც ჟანგბადს გარედან იღებენ და ნამწვსაც გარეთ დევნიან.

ალუმინის გოფრირებული მილები ადვილად ზიანდება, იხვრიტება და კარგავს ჰერმეტულობას, რაც გაზისა და მხუთავი აირის (CO) გაჟონვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ასეთი უმძიმესი ტრაგედიისგან არავინაა დაზღვეული(თუნდაც უყურადღებო მეზობლის გამო),ამიტომაც საჭიროა ბინაში შემავალი გაზის სისტემის რაც შეიძლება მეტი დაკვირვება,სისტემატური შემოწმება და გაზის დეტექტორების დამონტაჟება...

P.S. არ შეიძლება არ აღინიშნოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მართლაც რომ გმირული მოქმედებები ქვემო ფონიჭალაში აფეთქებულ კორპუსში სამაშველო პროცესის დროს - მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მძიმედ დაზიანებული კორპუსის სხვა კედლების ჩამოშლის ძალიან დიდი საფრთხე, ისინი ამას არ შეუშინდნენ და რამდენიმე ადამიანის, მათ შორის პატარა თაიას სიცოცხლეც გამოსტაცეს ნანგრევებს...