ძველი თბილისის დაკარგული ხედები - კვირის პალიტრა

ძველი თბილისის დაკარგული ხედები

გერმანულმა კოლონიამ ტფილისში წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია ააგო

XIX საუკუნის 10-იანი წლებიდან საქართველოში ჩამოსახლებას იწყებენ გერმანელი კოლონისტები. ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. გერმანელები სხვადასხვა ინტენსიურობითა და რაოდენობით შემოდიოდნენ საქართველოში. პირველი ტალღის შედეგად (1817-1819 წლებში) ამიერკავკასიაში აღმოცენდა გერმანელთა რვა კომპაქტური დასახლება, მათგან ექვსი - საქართველოში.

საქართველოში შექმნილ კოლონიათა შორის ორი მოეწყო თბილისის მაშინდელ გარეუბანში: თბილისის კოლონია კუკიაზე და ალექსანდერსდორფი დიდუბეში. ამგვარად, გერმანელებმა იმთავითვე მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს დედაქალაქთან. ამასთან, საკუთრივ თბილისის გაფართოებამ XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოიწვია დედაქალაქის სივრცეში კუკიისა და დიდუბის შემოსვლა. კოლონისტებმა, აღმოჩნდნენ რა თბილისის საზღვრებში, კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარეს დედაქალაქთან. გერმანელები აქტიურად ჩაებნენ თბილისის განვითარების პროცესში. შედეგად, გერმანელთა თბილისის კოლონიებმა დიდი კულტურულ-ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძინა. ისინი დედაქალაქთან აკავშირებდნენ ქვეყანაში არსებულ სხვა კოლონიებს.

თბილისის გერმანელებმა ერთობლივი ძალისხმევით დაიწყეს ტრადიციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც პირველ რიგში გამოიხატა მასშტაბური აღმშენებლობით სხვადასხვა სფეროში. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა თბილისის კოლონიების მნიშვნელობას და ხაზს უსვამდა თბილისის ახალშენის მისწრაფებას ერთგვარი ცენტრალური კოლონიის სტატუსის მოსაპოვებლად.

გერმანელთა მიერ თბილისში ტრადიციული გარემოს მოწყობისა და აღმშენებლობის ერთ-ერთი გამორჩეული შედეგი გახდა წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის აშენება. ტაძარი მდებარეობდა მიხეილის პროსპექტისა (1840-იანი წლების მიწურულიდან 1899 წლამდე მას ეწოდებოდა მიხეილის ქუჩა, საბჭოთა პერიოდში პლეხანოვის პროსპექტი. ამჟამად კი დავით აღმაშენებლის პროსპექტია) და ე.წ. კირკის (ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის) ქუჩის კუთხეში. ტაძრის აგება დაიწყო 1894 წელს, საზეიმოდ აკურთხეს 1897 წლის 30 მაისს. ეკლესიამ ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იარსება. იგი მთლიანად დაანგრიეს 1940-იანი წლების მიწურულში ტერიტორიის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. იქ არსებული ეკლესიის კვალი მთლიანად წაიშალა.

თუმცა დავუბრუნდეთ ამ ეკლესიის ისტორიას.

საქართველოში დასახლებულმა გერმანელებმა თავიდანვე იზრუნეს ეკლესიებისა და სასწავლებლების მოწყობისთვის. სახელმწიფო ხაზინის დახმარებისა თუ ნებაყოფლობითი შეწირულობების სოლიდური ნაწილი სწორედ საეკლესიო ცხოვრების ორგანიზებას ხმარდებოდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის კოლონიაში გერმანელთა პირველი ეკლესია აშენდა 1820 წელს. მის ადგილას ახალი ტაძარი უკვე 1832 წელს აიგო. ტაძრების მშენებლობამ დღის წესრიგში დააყენა კოლონიებში საერთო საეკლესიო მმართველობის, საღვთისმსახურო სისტემისა და რელიგიური წეს-ჩვეულებების მოწესრიგება. საქართველოში ჩამოსულ გერმანელთა შორის იყვნენ როგორც პროტესტანტი ლუთერანები, ისე სექტანტი ლუთერანები (სეპარატისტები, ჰილიასტები. მათი მოსაზრების თანახმად, მოახლოებული იყო სამყაროს დასასრული და აუცილებელი იყო თავის გადარჩენა წმინდა მიწაზე ჩასვლით ან მის სიახლოვეს ცხოვრებით). ამიტომაც ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბებულმა საეკლესიო წესდებამ (1832 წ.) საქართველოში დაამტკიცა ევანგელურ-ლუთერანული მრწამსი. წესდებას საფუძვლად დაედო ევანგელე (სახარება) და აუგსბურგის რელიგიური ზავის ლუთერანული დოქტრინა (1555 წ.). ამგვარად, გერმანელთა ეკლესიებს საქართველოში, და მათ შორის წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიას, ეწოდებოდა ევანგელურ-ლუთერანული.

წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიას, ისევე როგორც გერმანელთა ეკლესიებს ზოგადად, შემოკლებით უწოდებდნენ კირხეს (გერმანულად Kირცჰე ნიშნავს ეკლესიას). იგი მთლიანად აშენდა თბილისში მცხოვრები გერმანელების ნებაყოფლობითი შემოწირულობებით. ტაძრის აგება დაახლოებით 50 ათას მანეთზე მეტი დაჯდა. შეწირულობებში დიდი წვლილი მიუძღვით რიგით გერმანელებსა და მათ ოჯახებს. XIX საუკუნის 90-იანი წლებისთვის საქართველოში მტკიცედ დაფუძნებულიყო გერმანული კაპიტალი. ამდენად, ეკლესიის მშენებლობისას მნიშვნელოვანი სახსრები გაიღეს აგრეთვე მეწარმე გერმანელთა მდიდარმა ოჯახებმა. ეს დიდი დახმარება იყო უბრალო მრევლის შენაწირთა ფონდისთვის.

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1894 წელს იმდროინდელი მიხეილის პროსპექტისა და ე.წ. კირკის ქუჩის კუთხეში ძველი ლუთერანული ეკლესიის (აშენდა 1834 წელს) ტერიტორიაზე. შედეგად ახალი ეკლესიის უკანა მხარეს მოექცა ძველი ტაძარი. ძველი ტაძარი მცირე ზომისა იყო და ვერ იტევდა გაზრდილ მრევლს. ამიტომაც გადაწყდა გაცილებით დიდი ეკლესიის აშენება, რომელიც მრევლსაც დაიტევდა და გერმანელთა კოლონიის ღირსშესანიშნავი ადგილიც გახდებოდა. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში. ეკლესიის საზეიმო კურთხევა და გახსნა დაიგეგმა 1896 წლის, 30 მაისს, კვირას. ტაძრის გახსნის დღეცა და მისი სახელობაც (მოციქულთა პეტრესა და პავლესი) მთლიანად განისაზღვრა კოლონიათა ევანგელურ-ლუთერანული წესდებით, რომლის მიხედვითაც რელიგიური წესები აღესრულებოდა კვირა დღეს ან წმინდა მოციქულთა ხსენების დღეს.

დილით, ძველ პატარა ტაძარში მრავალ სტუმართან და გერმანელთა მრევლთან ერთად შეიკრიბნენ: ლუთერანი სასულიერო კრებული გენერალ-სუპერინტენდენტის, პ. ფონ-ევერეტის მეთაურობით; ლუთერანული ეკლესიის მშენებელი კომიტეტის წარმომადგენლები; ლუთერანული საეკლესიო საბჭოს წევრები; სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის წარმომადგენლები. 10 საათისთვის ეკლესიაში მივიდა კავკასიაში სამოქალაქო ნაწილის უფროსი, გენერალ-ადიუტანტი, თავადი გრიგორი სერგის ძე გოლიცინი. 11-ის ნახევრისთვის ეკლესიაში მივიდა დიდი მთავარი ნიკოლოზ მიხეილის ძე. ეკლესიაში ჩატარდა მცირე ლოცვა, რომლის შემდეგაც პ. ფონ-ევერეტმა მრევლთან ერთად ძველი ეკლესიისადმი სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.

ამის შემდეგ შეკრებილმა ხალხმა ნელ-ნელა დატოვა ძველი ეკლესია. პროცესია დაიძრა წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ახალაშენებული ეკლესიისკენ. მსვლელობას წინ მიუძღოდა ტაძრის არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი. მას ხავერდის ბალიშზე დასვენებული მიჰქონდა ახალი ეკლესიის მთავარი კარიბჭის გასაღები. პროცესიას მიაცილებდა ზარის ხმა ახალი ეკლესიის სამრეკლოდან და სასულე ორკესტრი.

ახალ ეკლესიასთან შეკრების შემდეგ საეკლესიო მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ გუსტავ ივანეს ძე რადემ ლეოპოლდ ბილფელდისგან ჩაიბარა გასაღები და მიმართა პ. ფონ-ევერეტს: "სამი წლის წინ ამ ადგილას ამ ღვთის სახლის საფუძვლის ჩაყრისას თქვენ ბრძანეთ: ადამიანის ნებისმიერი წამოწყების წარმატება დამოკიდებულია ღვთის კურთხევაზე. ეს სიტყვები გამართლდა: ჩვენი ახალი ეკლესია აგებულია; გარეგანი ხედის მიხედვით ყველა დარწმუნდება, თუ რამდენად გამართლდა ჩვენი იმედები მაშენებლის მიმართ, შიგნითა ხედს კი ახლა ყველა დაინახავს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან გასაღები და გახსნათ ტაძარი". კარიბჭის გახსნის შემდეგ შეკრებილები ეკლესიაში შევიდნენ, სადაც სრული ლიტურგია და ქადაგება გაიმართა. ამასთან პ. ფონ-ევერეტმა აღნიშნა რუსეთის იმპერატორის თანადგომა იმპერიაში ლუთერანული ეკლესიებისადმი. შემდეგ პ. ფონ-ევერეტმა აკურთხა საეკლესიო ჭურჭელი, საკურთხეველი, ორღანი და სამრეკლო. საზეიმო წირვას ასევე ესწრებოდნენ: გრიგორი სერგის ძე გოლიცინის თანაშემწე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე, კავალერიის გენერალი, კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური, თავადი ივანე გივის ძე ამილახვარი, გუბერნიის მმართველი კონსტანტინ კონსტანტინის ძე სტეფანოვიჩი. წირვისას ეკლესიაში მარცხენა და მარჯვენა მხარეს წინა რიგები დაიკავეს თბილისის ევანგელურ-ლუთერანული საქალაქო სამრევლოს მაღალჩინოსნებმა. ლიტურგიის დროს ყურადღება მიიპყრო ადგილობრივი მრევლის წევრთაგან შექმნილმა მგალობელთა გუნდმა. საზეიმო ღონისძიება პირველი საათისთვის დასრულდა. საღამოს შეძლებული გერმანელი მეწარმის, ფ.კ. ვეტცელის ბაღში გაიმართა სადილი მაღალი სასულიერო ხარისხის ლუთერანი სამღვდელო პირებისა და სხვა სტუმრებისთვის.

ტაძრის არქიტექტორი იყო გერმანელი ლეოპოლდ პეტრეს ძე ბილფელდი, რომელმაც რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო და სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1868 წლიდან კავკასიის საფოსტო ოლქის არქიტექტორად მუშაობდა, 1875-1883 წლებში საგზაო-სამშენებლო კომიტეტის არქიტექტორად, 1883-დან 1917 წლამდე ე.წ. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორად... აღსანიშნავია, რომ ბილფელდის პროექტის მიხედვით 1904-1910 წლებში აიგო თბილისში ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი.

წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ახალაშენებული ეკლესია უმნიშვნელოვანესი იყო თბილისის გერმანელებისთვის. კოლონისტების ყოველდღიური ცხოვრება (მაგალითად, ოჯახური ურთიერთობანი, სამეურნეო საქმიანობა, საქორწინო წეს-ჩვეულებანი) და ყველა სფერო განსაზღვრული იყო პროტესტანტული სარწმუნოების ეთიკითა და მოძღვრებით. ეკლესიის წინამძღოლი, პასტორი ამ ყველაფრის მქადაგებელი და დამცველი იყო. შედეგად, ახალაშენებული ეკლესიის ირგვლივ მთელი კოლონია შემოიკრიბა. ეს ტაძარი იქცა გერმანელთა მთავარ სასულიერო ცენტრად, რომელიც იტევდა და აერთიანებდა თბილისის მთელ გერმანულ სამრევლოს. გარდა კოლონისტთათვის სარწმუნოებრივი მნიშვნელობისა, ახალ ეკლესიას კიდევ ერთი ფუნქცია მიენიჭა. იგი გადაიქცა კოლონისტთა კულტურულ-საზოგადოებრივ ცენტრად. მოციქულთა ხსენების დღეებზე, ასევე ყოველი თვის პირველ პარასკევს, ასევე ჯვრისწერებსა და ყოველ კვირა დღეს კოლონიის მთელი მოსახლეობა იკრიბებოდა ახალ დიდ ტაძარში წირვა-ლოცვისთვის. მთელი კვირის მუშაობის შემდეგ ოჯახები, სანათესავოები, ნაცნობ-უცნობი გერმანელები ერთმანეთს ხვდებოდნენ ეკლესიაში. რელიგიური რიტუალის შემდეგ ეკლესიის ფართო ეზოში გამოდიოდნენ. იქ მთელი დღეებისა თუ კვირის უნახავი გერმანელები ერთმანეთს ესალმებოდნენ, მოიკითხავდნენ. აქვე ახალგაზრდა ვაჟები და გოგონები ეცნობოდნენ ერთმანეთს და საფუძველი ეყრებოდა მომავალ ოჯახებს.

წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის გერმანელთა ეკლესიამ თავისი წვლილი შეიტანა არქიტექტურული კუთხით თბილისის ევროპეიზაციის პროცესშიც. XIX საუკუნის სამოციანი წლებიდან თბილისი პრაქტიკულად საბოლოოდ კარგავს ძველი, ფეოდალური ტიპის ქალაქის სახეს და სულ უფრო მეტად იძენს ევროპული ქალაქის ცალკეულ ნიშნებს. თბილისის არქიტექტურაში ინტენსიურად შემოდის დასავლური ხუროთმოძღვრების ტრადიციები და თემატიკა. 1847 წელს გაზეთ "ზაკავკაზსკი ვესტნიკი" წერდა: "თბილისი ერთგვარი იანუსია, რომელიც ერთი სახით აზიისკენ არის მიმართული, მეორით – ევროპისკენ". ამ ტენდენციაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიას, რომელიც თვალში საცემ დასავლურ იერს ქმნიდა. თბილისისთვის უცხო გოთიკური სტილის დიდი ზომის ეს ნაგებობა, ძალიან მაღალი სამრეკლოთი და ჯვრიანი შპილით ცენტრალური კარიბჭის თავზე, ქალაქის თითქმის ყველა უბნიდან ჩანდა. ეკლესიის სამრეკლო და შპილი დაახლოებით 10 მეტრით აღემატებოდა უბნის შენობათა სახურავებს.

გერმანელთა კოლონია მიმდებარე ტერიტორიებით ვაკე რელიეფზე მდებარეობდა. ეს სივრცე განაშენიანების შედეგად შედარებით მოკრძალებული, სადა და ერთ-ორსართულიანი სახლებით შეივსო. ასეთ ფონზე ახალი ეკლესია კიდევ უფრო გამოკვეთილი ხდებოდა. თბილისისთვის იშვიათი გოთიკური სტილით იგი არა მარტო მიმდებარე ტერიტორიაზე ქმნიდა დასავლეთ ევროპულ იერს, არამედ მთელი დედაქალაქის ევროპეიზაციის ტენდენციაში ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი ეჭირა.

მიხეილ ბარნოვი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”