რა არის ყველაზე საშიში პატარა სახელმწიფოსთვის და ვინ და რატომ ავრცელეს ნეიტრალიტეტის ყალბ ილუზიებს საქართველოში?!
ქვეყნის ნეიტრალიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებში თავისთავად არც დადებითი და არც უარყოფითი მოვლენაა. არსებობენ სახელმწიფოები, რომლებმაც ნეიტრალური სტატუსის პირობებში უზრუნველყვეს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების შენარჩუნება.
თუმცა ნეიტრალიტეტის წარმატება დამოკიდებულია რამდენიმე ფუნდამენტურ გარემოებაზე: საერთაშორისო გარანტიებზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სახელმწიფოს სამხედრო შესაძლებლობებზე, მეზობელ სახელმწიფოებთან ძალთა თანაფარდობასა და თავად ნეიტრალიტეტის აღიარების საერთაშორისო მექანიზმებზე. ზოგადად ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანას შეიძლება უფრო მეტი დიპლომატიური მანევრირების შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ ამავე დროს მას ნაკლები სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა გააჩნია.
საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის არჩევანი. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის, რუსეთის ფედერაციასთან არსებული კონფლიქტის, ოკუპირებული ტერიტორიებისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური კონკურენციის გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტის იდეა უშუალოდ უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების არქიტექტურას: ტერიტორიულ მთლიანობას, დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობასა და რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს.
NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება, დასავლური უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, სამხედრო განათლებისა და თავსებადობის განვითარება და ევროპულ პოლიტიკურ სივრცესთან დაახლოება ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, მოახდინოს საქართველოზე გავლენა. ამ კონტექსტში საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა მოსკოვისთვის ძალზე ხელსაყრელია, რადგან მისი რეალიზაცია საქართველოს უსაფრთხოების სისტემას გაცილებით დაუცველს გახდის და რუსეთის შემაკავებელი პოლიტიკის გატარებაში საქართელო მარტო დარჩება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ნეიტრალიტეტის ფორმალური სტატუსი ვერ გააქრობს რუსეთის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ აგრესიულ იმპერიულ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში.
თავად რუსეთისთვის ეს იქნება საქართველოზე სტრატეგიული გავლენის გაძლიერების ინსტრუმენტი. კრემლისთვის საქართველოს ნეიტრალიტეტის თემა წარმოადგენს არა უბრალოდ სასურველი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მხარდაჭერის საკითხს, არამედ უფრო ფართო სტრატეგიული ინტერესის ნაწილს: საქართველოს დასავლურ უსაფრთხოების სისტემებთან ინტეგრაციის პროცესის შესუსტებას, ქვეყნის საგარეო- პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვას და რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერებას. საქართველოს დასავლურ უსაფრთხოების სისტემებთან დაახლოების შესუსტება რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაზრდის შესაძლებლობას შეუქმნის. ვფიქრობ საკამათო არ უნდა იყოს, რომ საქართველოს დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაცია რუსეთისთვის არასასურველ სტრატეგიულ ცვლილებებს უკავშირდება.
ამიტომ, ზემოთ მოტანილი არგუმენტების შემდეგ, საინტერესოა ვინ და რატომ ავრცელებს ნეიტრალიტეტის ყალბ ილუზიებს საქართველოში? თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში სხვა ქვეყანაზე გავლენის განხორციელება მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საინფორმაციო გარემოს, საზოგადოებრივი განწყობების მანიპულირებას, პოლიტიკური საკითხების სწორ ინტერპრეტაციასა და სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური არჩევანის მიმართ ნდობის ან უნდობლობის ფორმირებას.
ნეიტრალიტეტის იდეის ბოლო დროს გაძლიერებეული რეკლამირება ძირითადად ეყრდნობა საქართველოს საზოგადოებაში არსებულ რეალურ და გამოგონილ შიშებს: ომის განმეორების შესაძლებლობას, რუსეთის სამხედრო უპირატესობას, დასავლეთის მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის განცდას და ქვეყნის უსაფრთხოების გაურკვევლობას. ასე, რომ ზოგიერთი შეიძლება მართლაც გულწრფელად ფიქრობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტმა შეიძლება შეამციროს რუსეთის ღია და ფარული აგრესია. ამიტომ კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა თავისთავად პირდაპირ არ ადასტურებს მათ კავშირს რუსეთის სპეცსამსახურებთან. ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვა თავისთავად არ წარმოადგენს უკანონო საქმიანობას. მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვან.

ფოტოზე: „თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმის“ ერთ-ერთი შეხვედრა.
ზოგადად დემოკრატიის მონაპოვარი ის არის, რომ ნებისმიერს შეუძლია ამტკიცოს: დედამიწა ოთხკუთხედია და არა მრგვალი; ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე არ დამჯდარან; 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევები თავად აშშ-ის ხელისუფლებამ მოაწყო; თბილისში სატრანსპორტო “საცობები” არ არის და ა.შ. უფრო მეტიც, ზემოჩამოთვლილი აბსურდული იდეების განსამტკიცებლად თქვენ შეიძლება ჩაატაროთ “საერთაშორისო სიმპოზიუმ/კონფერენცია/ფორუმი”, მოიწვიოთ უცხოელი “ობიექტური ექსპერტები”, რომლებიც ამ ყველაფერს “მეცნიერულად” დაასაბუთებენ. არ გაგიკვირდეთ და მსგავსი აბსურდული იდეების აქტიური მხარდამჭერ/პოპულიზატორს დღეს ასეულობით მოძებნით. ამ შეხვედრებზე აუცილებლად იქნებიან “ობიექტური” ტელევიზიებიც, რომლებიც უფართოესად გააშუქებენ სპეციალურად მოწვეული პიჯაკ/ჰალსტუხიანი „ავტორიტეტული“ უცხოელების გამოსვლებს. საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით დახუნძლული ჩვენი მოქალაქეები კი, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო, მხოლოდ ამ “ობიექტური” ტელევიზიების ყურების საშუალება აქვთ, სერიოზულად დაფიქრდებიან 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევები თავად აშშ-ის ხელისუფლებამ ხომ არ მოუწყო საკუთარ თავსო? ხომ გახსოვთ: “შეძახილმა ხე გაახმოო.”
2026 წლის 5–6 ნოემბერს თბილისში გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება — „თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი“ (Tbilisi Forum on Neutrality), რომლის ორგანიზატორები ყოფილან ვატო შაქარიშვილის პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ და შვეიცარიელი მკვლევრის, პასკალ ლოტაზის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო პლატფორმა Neutrality Studies. ფორუმი გაიმართა სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში. ორგანიზატორები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ, რომ მონაწილეობდა 14 უცხოელი მომხსენებელიო.

ფოტოზე: სომეხი ისტორიკოსი პიეტრო შაქარიანი
მომხსენებელთა შემადგენლობა განსაკუთრებით საინტერესოა. მათ შორის იყვნენ:
პასკალ ლოტაზი — კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და Neutrality Studies-ის დამფუძნებელი;
ლარი ჯონსონი — CIA-ის ყოფილი ანალიტიკოსი;
ჯეიმს კარდენი — ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი;
ჰაინც გერტნერი — ვენის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო მშვიდობის საკითხების მკვლევარი;
პიეტრო შაქარიანი — ისტორიკოსი, რომელიც რუსეთის, კავკასიისა და სომხეთის საკითხებზე მუშაობს;
სეიდ მოჰამად მარანდი — თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი და ირანულ-ამერიკული ურთიერთობების აქტიური კომენტატორი;
საკარი ლინდენი — ფინელი პოლიტიკური მიმომხილველი და სხვ.

ფოტოზე: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი
ამ ჭრელ საზოგადოებას ერთ საერთო ნიშან/თვისება აკავშირებთ, ესაა: ზოგადად დასავლური ღირებულებების, კონკრეტულად კი დასავლური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების უმკაცრესი კრიტიკა და რუსეთის საგარეო პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების უპირობო მხარდაჭერა. ირანელი პროფესორი სეიდ მოჰამად მარანდი კი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ მკვეთრად კრიტიკული დასკვნებითაა ცნობილი.
„ფორუმზე“ განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ავსტრიის, შვეიცარიისა და ფინეთის გამოცდილებას. მონაწილეები ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ მცირე სახელმწიფოებისთვის სამხედრო ბლოკების მიღმა დარჩენა შეიძლება არა სისუსტის, არამედ სტრატეგიული დამოუკიდებლობის ინსტრუმენტი იყოს. თუმცა, აქვე იკვეთება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პრობლემა: ისტორიული მაგალითების საქართველოს რეალობაზე პირდაპირ გადმოტანა შეუძლებელია და ფსიქოლოგიური მანიპულირების მაგალითია. ამაზე, თუნდაც მოლდოვას მაგალითი მეტყველებს, რომელიც „ფორუმის“ მონაწილეებს, გასაგები მიზეზების გამო „რატომღაც“ საერთოდ არ უხსენებიათ.

ფოტოზე: ირანელი სეიდ მოჰამად მარანდი
ნეიტრალიტეტი, რომელსაც საერთაშორისო შეთანხმებები და გარანტიები ამყარებს, ერთია, ხოლო ნეიტრალიტეტი, რომელსაც საქართველო ცალმხრივად გამოაცხადებს და რომლის დაცვაზეც სხვა სახელმწიფოებს ვალდებულება არ ექნებათ, სულ სხვა რამ. ჩემი აზრით ამ მხრივ სამი ქვეყნის გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
1. შვეიცარია — შეიარაღებული ნეიტრალიტეტი. ნეიტრალიტეტი ეფუძნება მრავალსაუკუნოვან ისტორიულ პრაქტიკას, ძლიერ თავდაცვით სისტემას, საერთაშორისო აღიარებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას. შვეიცარია ნეიტრალიტეტს საკუთარი ტერიტორიის დაცვის ვალდებულებად განიხილავს და არა სამხედრო ძალაზე უარის თქმად. დასკვნა: შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ეფუძნება საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებსა და საერთაშორისო აღიარებას.
2. ავსტრია — მუდმივი ნეიტრალიტეტი. 1955 წელს ავსტრიამ კონსტიტუციური კანონით გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი, უარი თქვა სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებასა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ოკუპაციის დასრულებასთან და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენასთან. დღეს ავსტრია ევროკავშირის წევრია. დასკვნა: ავსტრიის ნეიტრალიტეტი შეიქმნა კონკრეტული საერთაშორისო შეთანხმებებისა და ოკუპაციის დასრულების ისტორიულ კონტექსტში.
3. მოლდოვა — ნეიტრალიტეტი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. მოლდოვა კონსტიტუციურად ნეიტრალური სახელმწიფოა — ეს სტატუსი ქვეყნის 1994 წლის კონსტიტუციის მე-11 მუხლით არის განსაზღვრული და უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების განლაგებას კრძალავს.
მიუხედავად ამ სტატუსისა, დნესტრისპირეთის რეგიონში რუსული სამხედრო კონტინგენტი კვლავ რჩება, რასაც კიშინიოვი ნეიტრალიტეტის დარღვევად აფასებს. მოლდოვის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ნეიტრალიტეტი ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში ხელს არ უნდა უშლიდეს, პარალელურად კი აქტიურად მიჰყვება ევროინტეგრაციის, რადგანაც ნეიტრალიტეტმა ვერ უზრუნველყო სეპარატისტული კონფლიქტის მოგვარება და რუსეთის სამხედრო გავლენის აღმოფხვრა.
ეს საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებო შედარებაა. დასკვნა: მოლდოვის მაგალითი აჩვენებს, რომ კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის ჩაწერა არ არის საკმარისი, როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებია განლაგებული და აგრესიული მეზობლები გყავს. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ამ სამივე შემთხვევისგან განსხვავდება, მაგრამ მოლდოვის გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი მაგალითია. ზოგადად ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანას შეიძლება უფრო მეტი დიპლომატიური მანევრირების შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ ამავე დროს მას ნაკლები სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა გააჩნია. პატარა სახელმწიფოსთვის გეოპოლიტიკაში ყველაზე საშიშია „მარტო დარჩენა“, განსაკუთრებით აგრესიული მეზობლის გვერდით.
ფინეთის ნეიტრალიტეტის ისტორია საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობდა მცირე სახელმწიფო, ორ დაპირისპირებულ გეოპოლიტიკურ ბანაკს შორის საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. თუმცა ფინური მოდელი არ ყოფილა სრულად თავისუფალი ნეიტრალიტეტი — იგი მნიშვნელოვანწილად საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის პირობებში ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის სამხედრო მოქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების გარემო ძირეულად შეცვალა ფინეთი იძულებული გახდა უარი თქვა სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე: 2022 წლის 18 მაისს ფინეთმა ოფიციალურად მოითხოვა NATO-ში გაწევრიანება და 2023 წლის 4 აპრილს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ასე რომ, ნეიტრალიტეტი, რომელიც არ არის გამყარებული ძლიერი თავდაცვისუნარიანობითა და საერთაშორისო გარანტიებით მცირე ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების თავისუფლების საკითხს ყოველთვის ეჭვქვეშ დააყენებს.
თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ამ „ფორუმის“ მთავარი დანიშნულება ნეიტრალიტეტის იდეის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ალტერნატივად წარმოჩენა/დასაბუთება გახლდათ. ამისთვის კი, მათი აზრით, დასავლეთის გავლენის შესამცირებლად და ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად აუცილებელია საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის ფორმირება. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფო ორგანოებს პირდაპირ ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და NATO-ში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ნეიტრალიტეტის მოთხოვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი ნეიტრალიტეტის საკითხის რეკლამირებისას კრემლის კონკრეტული ჩარევის დასადგენად მნიშვნელოვანია რამდენიმე ინდიკატორის სისტემური შეფასება: ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი პოლიტიკური კამპანიების, ორგანიზაციებისა და საინფორმაციო პროექტების დაფინანსების წყაროების კანონიერებისა და გამჭვირვალობის შემოწმება; მოსკოვთან ფარული კოორდინაციის ნიშნების დადგენა; სხვადასხვა ორგანიზაციისა და საინფორმაციო პლატფორმის მოქმედებაში შესაძლო ფარული კავშირების გამოვლენა; უნდა მოხდეს საინფორმაციო წყაროების იდენტიფიცირება და დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში უნდა დადგინდეს ინფორმაციის თავდაპირველი წყარო და მისი ორგანიზაციული კავშირები. “ფორუმის” მონაწილეებით დავიწყოთ.
(მეორე ნაწილის დასასრული)