,,იდიოტი ბავშვის"" მემკვიდრეობა ანუ დგას თუ არა საქართველოს გაწევრიანება ნატოში კითხვის ქვეშ?
,,საქართველოს ფიცხი ხელისუფლება არაპროგნოზირებადი და იმპულსურია. აი მძიმე და სასტიკი დასკვნა, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს: ნატო-ს ევროპელი წევრები არასოდეს მიიღებენ წინდაუხედავ და თავნება საქართველოს თავის ალიანსში. ქვეყნისთვის ამაზე დიდი ზიანის მიყენება საქართველოს ყველაზე საშინელ მტერსაც კი არ შეეძლო"".
ასე შეაფასა სააკაშვილის მოღვაწეობა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა უოლტერ რასელ მიდმა 2010 წელს. ოც წელიწადზე მეტია, რაც მიდს აშშ-ს საგარეო ურთიერთობების წამყვან ექსპერტად აღიარებენ. ამ ფრაზას ხშირად ვციტირებ იმიტომ, რომ ამ აზრს იზიარებს ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს მთავრობა აშშ-ს ადმინისტრაციის ჩათვლით.
ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე, ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აფრთხილებდა ნატოელ კოლეგებს, რომ საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (ანუ ე.წ. ,,მაპ""-ის) მიცემა არ შეიძლებოდა, ვინაიდან სააკაშვილი (თავისი ფსიქიკის გამო) აღიქვამდა ამას ერთგვარ წახალისებად და უსათუოდ წამოიწყებდა სამხედრო მოქმედებას სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში. მერკელის აზრით ეს მისცემდა პუტინს საშუალებას გამოეყენებინა სამხედრო ძალა საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილი კი ეცდებოდა დასავლეთის ჩათრევას რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. მაშინ დასავლეთი ერთსულოვანი იყო იმაში, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება საქართველოს გამო არ შეიძლებოდა. განსხვავებული აზრები მხოლოდ სააკაშვილის ფსიქიკურ თვისებებს ეხებოდა. 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ მერკელის აზრს, ცხადია, ყველა იზიარებს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ,,მაპი"" არანაირად არ ავალდებულებს ნატოს წევრ ქვეყნებს დაიცვან ,,მაპ""-ის მქონე სახელმწიფო უცხო აგრესიისაგან და ამ სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანების გარანტიასაც არ იძლევა. მიუხედავად ამისა და მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტ ბუშის მაშინდელი დაჟინებული მოთხოვნისა, სააკაშვილისადმი უნდობლობა უკვე იმ დონისა იყო, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ,,მაპ""-ი ვერ მიიღო.
ცნობილმა პუბლიცისტმა და მწერალმა ჯონათან ლიტელმა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში პირდაპირ უთხრა უშიშროების საბჭოს მაშინდელ მდივანს ალექსანდრე ლომაიას, რომ დასავლეთის მთავრობებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი გიჟია და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აღარ განიხილავენ.
,,თუკი ის (სააკაშვილი) მზად იყო ამხელა რისკზე წასულიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ვაშინგტონთან მეგობრული ურთიერთობის გამო იმედი ჰქონდა აშშ-ს დახმარებისა, წარმოიდგინეთ როგორ იმოქმედებდა, აშშ-ს და ევროპას მისი მთავრობის მხარდაჭერა ფორმალური ხელშეკრულებით რომ ეკისრებოდეს. ნატოს ქარტიის მეხუთე პუნქტით გარანტირებული დაცულობა ჯიბეში რომ ჰქონოდა, ის შეიძლება კიდევ უფო პროვოკაციული გამხდარიყო. მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოს მიღება (ნატოს) ალიანსში ცოტა არ იყოს იდიოტი ბავშვისათვის ტყვიამფრქვევის მიცემას დაემსგავსებოდა ("Bringing Georgia into the alliance with him as president would be a bit like giving a machine gun to an idiot child"), წერდა შარშან ჟურნალ ,,ფორბსში"" რეიგანის ყოფილი მრჩეველი დაგ ბენდოუ. ფრაზის კონტექსტიდან აშკარაა, რომ სიტყვებს ,,იდიოტი ბავშვი"" ბენდოუ იყენებს არა სალანძღავად, არამედ როგორც სამედიცინო ტერმინს.
მსგავსი გამონათქვამები ძალზე ბევრია და მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს იმის ილუზია, რომ პრობლემა პირადად სააკაშვილშია; რომ საკმარისია ,,იდიოტი ბავშვი"" თავის ,,მავნე საბავშვო ბაღთან"" ერთად ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, მათი ადგილი კი გაწონასწორებულმა, გონიერმა პოლიტიკოსებმა დაიკავონ და ნატოს კარიც მალევე გაიღება საქართველოსთვის. კერძოდ, მას შემდეგ, რაც დასავლეთი დარწმუნდება საქართველოს ახალი მთავრობის საიმედოობაში.
რეალობა კი სულ სხვა არის. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა მკვეთრად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება. რუსეთის მთავრობამ მაქსიმალურად გამოიყანა სააკაშვილის ავანტიურა და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მზად არის თუნდაც მთელ დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისათვის იმისათვის, რომ საქართველო (და რუსეთის ნებისმიერი სხვა მეზობელი) არასოდეს არ მიიღონ ნატოში. ამის პასუხად დასავლეთმა სიტყვით და საქმით დაასაბუთა ის, რასაც ყოველთვის ეუბნებოდა საქართველოს და რუსეთის მთავრობებს: რომ დასავლეთი საქართველოს გამო არ იომებს რუსეთთან და პოლიტიკურადაც არ დაუპირისპირდება მას. (ანუ სიტყვა-სიტყვით იმას, რაც თავის დროზე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა უთხრა ზვიად გამსახურდიას). უფრო მეტიც. სწორედ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გადაწყვიტა აშშ-ს ადმინისტრაციამ და მთელმა დასავლეთმა ყველაფერი გააკეთოს რუსეთთან ურთიერთობების დათბობისათვის.
,,და ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა: ნატო რუსეთთან თანამშრომლობის და არა კონფრონტაციის ძიებაში უნდა იყოს"" - ეს განცხადება არა რომელიმე პოლიტოლოგს ეკუთვნის, არამედ აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას. ობამამ ეს სიტყვები 2009 წელს მოსკოვში ყოფნისას წარმოთქვა. ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი კი, დღიდან ამ თანამდებობაზე არჩევისა, ნატოს სახელით აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და ინტენსიური თანამშრომლობა ნატოს მთავარი ამოცანაა.
ჯერ კიდევ 2009 წელს ობამას მოსკოვში ჩასვლამდე ნატომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღოს საქართველო და უკრაინა (და საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკები) ნატოს შემადგენლობაში. ეს გადაწყვეტილება მოტივირებულია იმით, რომ მიუხედავად დასავლეთის ყველა ფიცისა და დაპირებისა, რუსეთის მთავრობა იხილავს ნატოს გამოჩენას რუსეთის საზღვრებთან, როგორც აგრესიას რუსეთის მიმართ და დემონსტრირებს მზადყოფნას აღუდგას ამას იარაღით ხელში ისე, როგორც ეს გააკეთა საქართველოში. ამ მხრივ საქართველოს მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნებისა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა განათავსა მძლავრი სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე. სხვა შეიარაღებასთან ერთად აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში რუსეთის რაკეტებია განთავსებული. მათი მოქმედების რადიუსი საქართველოს ნებისმიერ წერტილს წვდება. რუსეთის ტანკები დიღომში მდგარი დავით აღმაშენებელის ძეგლიდან 30-იოდე კილომეტრში დგას. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა და ვეტოს უფლების მქონე რუსეთმა სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ყოველნაირი ხელშეკრულება გააფორმა მათთან. შეგახსენებთ, რომ ჩრდილო კვიპროსის თურქული რესპუბლიკა დღემდე არავის უცვნია თურქეთის გარდა. რუსეთისაგან განსხვავებით თურქეთი არ არის გაეროს უშიშროების მუდმივი წევრი და, შესაბამისად, ვეტოს უფლებაც არ გააჩნია. მაგრამ უკვე 40 წელია, რაც ჩრდილოეთ კვიპროსზე ნატოს წევრი თურქეთის მძლავრი სამხედრო კონტინგენტია განთავსებული და ამას პრაქტიკულად შეეგუა ნატოც და მთელი მსოფლიოც.
ნატოს ნებისმიერი ექსპერტი და ნატოს წევრი ყველა ქვეყნის დიპლომატიც ყოველთვის აღიარებს (ოღონდ კერძო, გულახდილი საუბრების დროს და არა საჯაროდ), რომ ნატო არასოდეს არ მიიღებს თავის რიგებში ქვეყანას, რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. იმ ფაქტორს კი, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია უდიდესი თერმობირთვული სახელმწიფოს, ანუ რუსეთის მიერ, რომელმაც მოახდინა სეპარატისტული რეგიონების ფაქტობრივი ანექსია, განათავსა იქ სამხედრო ბაზები და მზად არის იომოს ასეთი ვითარების შენარჩუნებისათვის, აჰყავს ნატოს უვადო გადაწყვეტილება საქართველოს არმიღების შესახებ სრულიად განსხვავებულ ხარისხში. საგულისხმოა, რომ სულ ერთი თვის წინ რუსული ,,ნეზავისიმაია გაზეტას" კორესპონდენტმა პირდაპირ ჰკითხა რასმუსენს, შესაძლებელია თუ არა ოდესმე საქართველო გახდეს ალიანსის წევრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, რაზედაც რასმუსენმა თქვა, რომ ეს ,,საკმაოდ ჰიპოთეტური შეკითხვებია"". (მკითხველს ვთავაზობ სრულ ციტატას რუსულ ენაზე:
კორესპონდენტი: —А может Грузия однажды стать членом альянса даже без Абхазии и Южной Осетии? Является ли признание Россией Абхазии и Южной Осетии и ее военное присутствие на их территории препятствием для вступления Грузии в НАТО?
რასმუსენი: —Все это — довольно гипотетические вопросы. Конечно, мы надеемся на возможное мирное решение проблемы Абхазии и Южной Осетии. Как вы знаете, мы следуем политике непризнания (независимости этих территорий). Мы призываем Россию выполнить международные обязательства в этом отношении. Мы очень сожалеем, что Россия признала Абхазию и Южную Осетию независимыми государствами. Это не соответствует международному праву. Мы настаиваем на полном уважении суверенитета и территориальной целостности Грузии в ее международно-признанных границах.
Отвечая непосредственно на ваш вопрос… Конечно, было бы недопустимо дать России фактическое право вето на расширение НАТО).
მიაქციეთ ყურადღება თურმეობით ფორმას რასმუსენის პასუხის ბოლო სტრიქონში: ,,რა თქმა უნდა დაუშვებელი იქნებოდა ნატოს გაფართოებაზე ვეტოს ფაქტობრივი უფლების მიცემა რუსეთისათვის". საქმე ისაა, რომ კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებამ ,,იდიოტი ბავშვის"" დახმარებით ასეთი ვეტოს უფლება მოიპოვა და განახორციელა კიდევაც. ეს შესანიშნავად იცის სააკაშვილმაც. ჯერ კიდევ 2009 წელს ,,უოლ სტრიტ ჯორნალისათვის"" მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: ,,ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს საკითხი (საქართველოს გაწევრიანება ნატოში, პ.მ.) თითქმის მკვდარია. ეს ტრაგიკულია. თუ მათ მოახერხეს მოეკლათ ნატო [ალიანსში საქართველოს გაწევრიანების იმედები], ეს ნიშნავს, რომ რუსებმა სწორი მოსაზრებებით იბრძოლეს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ კვლავ შესაძლებელია პოლიტიკური მიზნების მიღწევა უხეში, უპატიოსნო საშუალებებით და რომ პუტინი მართალი ყოფილა. მან ბევრჯერ მითხრა. მან მითხრა თქვენი მოკავშირეები კარგ რამეებს გპირდებიან, მაგრამ დაპირებებს ხშირად ვერ ასრულებენ. მე კარგ რამეებს ვერ გპირდებით, მაგრამ რასაც გპირდებით, ყოველთვის ვასრულებ"". (აქვე გთავაზობთ სააკაშვილის ამ ფრაზის ინგლისურ დედანს: ""We all know that the issue is almost dead. It's tragic. If they manage to kill NATO [Georgia's hopes of joining the alliance], it means the Russians fought for the right reasons. It would mean you can still achieve political goals with brutal sinister means and that [Russian Prime Minister Vladimir] Putin was proved right. He told me many times. He told me your allies promise good things but don't have a good record of delivery. I can't promise good things but I always deliver.").") შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ამ ინტერვიუს შემდეგ ჩვენთან დიდი სკანდალი ატყდა. მაშინ ბოკერია-სააკაშვილმა ჟურნალისტ ენდრიუ ოსბორნს ინტერვიუს დამახინჯება დააბრალეს. პასუხად ,,უოლ სტრიტ ჯორნალმა" სრულად გამოაქვეყნა დიქტოფონზე ჩაწერილი სააკაშვილის ფრაზა (ეს სრული ტექსტი მოვიყვანე ახლა). მანამდე ოსბორნს ზუსტი, მაგრამ მოკლე ციტატა ჰქონდა მოყვანილი თავის წერილში. სრული ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ ბოკერია-სააკაშვილს ხმა აღარ ამოუღიათ. ვფიქრობ ეს ერთადერთი შემთხვევაა ენდრიუ ოსბორნის პრაქტიკაში, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა მას ინტერვიუს დამახინჯება დასწამა.
კი მაგრამ, ასეთ ფონზე რატომ გვესმის რეგულარულად ნატოს თავკაცების განცხადებები იმაზე, რომ ნატოს კარები ღიაა საქართველოსათვის და რომ ნატო ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო და უკრაინა უსათუოდ გახდებიან ნატოს წევრები, თუკი ამას თვითონ მოინდომებენ და თუ დააკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას? ნატოს ორგანიზაციის თავკაცები და ნატოს წევრი სახელმწიფოების ზოგიერთი ლიდერი მართლაც იმეორებენ ამ ფრაზას ისე, როგორც ბეჯითი მოწაფეები კარგად დაზუთხულ ლექსს, თანაც ამაყად დასძენენ ხოლმე, რომ რუსეთი არ უნდა წყვეტდეს და ვერც გადაწყვეტს, როდის და რომელ სახელმწიფოს მიიღებს ნატო თავის რიგებში. ეს მხოლოდ ნატოს და ნატოში შესვლის მსურველი სახელმწიფოს საქმეა და სხვა არავისიო, ამტკიცებენ ისინი.
საქმე ის არის, რომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. ამ ეტაპზე საჯაროდ იმის განცხადება, რომ ნატომ გააუქმა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო, ნატოს დაშლაზე განცხადების ტოლფასი იქნებოდა. ამავდროულად ნატომ სრული გარანტია მისცა რუსეთის მთავრობას, რომ საქართველოს აღარ მიიღებს თავის რიგებში და ამის შემდეგ მხარეები სუფთა პიარ-რეჟიმში გადავიდნენ: ყველა მხარე ,,იდიოტი ბავშვის"" და მისი საბავშვო ბაღის ჩათვლით ამბობს იმას, რაც მას აწყობს და ყველამ იცის, რომ სხვებიც იგივეს აკეთებენ და ამაში არაფერია სერიოზული. ასეთი სიტუაციები პოლიტიკაში არც ისე იშვიათია. ინგლისური ტერმინი ,,Lip Service", ანუ სიტყვა-სიტყვით ,,ტუჩით მომსახურება"" ზუსტად ასახავს ისეთ ვითარებას, როდესაც მხარეებს უხდებათ განცხადებების კეთება, მაგრამ ყველა მხარემ იცის, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და ამ სიტყვებს არავითარი მოქმედება არ მოჰყვება. ,,ჩვენ შევთანხმდით რუსეთთან, რომ გვექნება უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით" განაცხადა ჯერ კიდევ 2009 წელს თეთრი სახლის წარმომადგენელმა. ეს ტერმინი ,,შეთანხმება უთანხმოებაზე"" ევროპაში რამდენიმე საუკუნეა არსებობს. საქართველოც შეთანხმებულია აშშ-თან, რომ გვაქვს უთანხმოება კოსოვოსთან დაკავშირებით. ეს უთანხმოება არანაირად არ აფუჭებს ჩვენს ურთიერთობას მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსთან.
ნატოს მოტივაცია და მისი რეალური და პიარ პოლიტიკა უკვე აღვწერე, ახლა მოკლედ მოგახსენებთ დანარჩენებზე.
დავიწყოთ რუსეთის მთავრობით. პუტინის ჩეკისტურ-თვითმპყრობელური რეჟიმის 12 წლიანი ბატონობის შემდეგ რუსეთში უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. რუსი და დასავლეთელი მეცნიერები პუტინის რეჟიმს რუსეთის ისტორიაში (!) ყველაზე კორუმპირებულ რეჟიმად აღიარებენ. ასეთ ფონზე პუტინის და მისი გუნდის ერთადერთი თავშესაფარი ,,პატრიოტიზმია"" და გარეშე მტრის ხატის უმოწყალო ექსპლუატაცია. მათ ჰაერივით სჭირდებათ მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ წამოაყენეს ქაოსსა და ანარქიაში ჩაფლული, დაჩოქებული რუსეთი ფეხზე; დაუპირისპირდენენ დასავლეთს და ნატოს, რომლებიც უსინდისოდ იყენებდნენ ,,მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას - სსრკ-ს დაშლას"" და რუსეთის დროებით სისუსტეს, საშინლად ამცირებდნენ მას და ალყაში აქცევდნენ თავისი ახალი სატელიტების მეშვეობით. არადა დასავლეთის ეს ,,მორჩილი სატელიტები"" სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის იმპერიის განუყოფელი ნაწილები იყვნენ (გუბერნიების, თუ სსრკ-ს რესპუბლიკების სახით - ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს). მრავალმა სოციოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ რუსეთის მოსახლეობის თითქმის ასმა პროცენტმა მხარი დაუჭირა პუტინის რეჟიმის მოქმედებას 2008 წლის აგვისტოში. თანაც რუსეთის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილს მიაჩნდა, რომ ეს მოქმედება მიმართული იყო არა ერთმორწმუნე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ აშშ-ს და ნატოს იმ მზაკვრული გეგმების ჩასაშლელად, რომელსაც ისინი თავისი მარიონეტის, სააკაშვილის მეშვეობით ახორციელებდნენ. პოლიტიკურად განჭვრეტად მომავალში რუსეთის მთავრობა არ და ვერ შეცვლის თავის პოზიციას. ის არ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. შესაბამისად არ გაიყვანს იქედან თავის ბაზებს და არ შეცვლის თავის პიარ-რეტორიკას. ამავდროულად მათ შესანიშნავად ესმით, რომ ნატო არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისათვის; რომ ნატო აღარასოდეს არ მიიღებს საქართველოს საკუთარ რიგებში და ა.შ. (უკრაინის მთავრობამ იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თვითონ თქვა უარი ნატოზე და გავიდა ,,თამაშიდან""). ამავდროულად რუსეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან და აქვს მასთან გაცილებით უფრო ინტენსიურო საქმიანი ურთიერთობა, ვიდრე საქართველოს. ნატოს ტვირთების უდიდესი ნაწილი ავღანეთში სწორედ რუსეთის გავლით ჩადის (შეგახსენებთ, რომ ორიოდე წლის წინათ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ სთავაზობს აშშ-ს ავღანეთში ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს. პასუხად აშშ-ს ადმინისტრაციის თბილისში მყოფმა წარმომადგენელმა პოლიტიკური სილა გააწნა ,,იდიოტ ბავშვს"". ,,მე მივუთითე (!, პ.მ.) თქვენს პრეზიდენტს, რომ ასეთი საკითხები ჯერ პენტაგონს უნდა შეუთანხმოს"" უთხრა მან ქართველ ჟურნალისტებს, რომლებმაც ჰკითხეს, როგორი იქნებოდა აშშ-ს რეაგირება სააკაშვილის შეთავაზებაზე. შემდეგ კი აშშ-მ ცხადია უარი უთხრა სააკაშვილს). გარდა ამისა რუსეთი ატარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ნატოს წევრ ქვეყნებთან და ყოველ ასეთ წვრთნას რასმუსენი ნატოს მორიგ დიდ წარმატებას უწოდებს. ერთი სიტყვით, როგორც თქვა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სარკოზიმ 2011 წელს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას, ,,რუსეთი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია"". ამავდროულად რუსეთის მთავრობა, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის მაქსიმალურად გამოიყენებს პიარ-რიტორიკას და ყველა შემთხვევას, რომ დაგმოს საქართველოს მისწრაფება ნატოში და ნატოს ,,მზაობა"" მიიღოს საქართველო ალიანსში. პუტინის რეჟიმი ,,ამაზე დგას და სხვანაირად არ ალუძს"".
ახლა სააკაშვილზე და მის კლოუნების თეატრზე ვისაუბროთ. (შარშან ,,კვირის პალიტრა" აღნიშნავდა, რომ ეს ტერმინი ,,სააკაშვილის კლოუნების თეატრი"" პოპულარულმა ტელეკომპანიამ ,,სქაი ნიუსმა"" დაამკვიდრა. ეს მართლაც ასეა). სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ახალმა მთავრობამ, საქართველოს ნატოში არ მიიღებენ. ამიტომ თავის ჭკუაში წაუგებელ თამაშს თამაშობს. უწყვეტ რეჟიმში, თითქმის ყოველდღიურად, აბრალებს ივანიშვილს და ახალ მთავრობას, რომ მათ არ უნდათ საქართველოს შესვლა ნატოში, ურჩევნიათ ამის ნაცვლად, ,,რუსეთში დაბრუნება"" და ა.შ.
ივანიშვილის და მისი მთავრობის მდგომარეობა მართლაც რთულია. მათ შესანიშნავად იციან, რა მემკვიდრეობა შეხვდათ პუტინის ყველა დავალების უპირობოდ შემსრულებელ ,,იდიოტ ბავშვისაგან". ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე ირაკლი ალასანიამ მორიგი პროვოკაციული კითხვის პასუხად პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში არ დგას ნატოს დღის წესრიგში. ამავდროულად, იმ ფონზე, როდესაც ნატოს თავკაცები ბეჯითად იმეორებენ, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის (ოღონდ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია), ახალი მთავრობა ვერ იტყვის საჯაროდ, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ. მეორე ფაქტორია სააკაშვილის და მისი კლოუნების განუწყვეტელი და სრულიად უსამართლო თავდასხმები. ეს ყველაფერი აიძულებს ახალ მთავრობას გარკვეული დოზით ჩაერთოს პიარ-რიტორიკაში.
სულ რამდენიმე დღის წინათ, სტრასბურგში, ევროპარლამენტის ასამბლეაზე სააკაშვილმა თქვა: "მან (ბ.ივანიშვილმა, პ.მ.) ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ნატოსთან და რუსეთთან ერთდროულად და ცოტა უცნაური ტოლობა დასვა ამ ორ ძალას შორის და მაგალითად ჩვენი სომეხი მეგობრები მოიყვანა. საქართველომ აირჩია ნატოს წევრობა, სომხეთმა ეს გზა არ აირჩია. ეს არის ნებისმიერი ერის სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს ის გზა, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია, მაგრამ ურთიერთობები და ინტეგრაცია სხვადასხვა მცნებებია. ის, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამწუხაროდ, ცვლის ყველაფერს, რაც ჩვენ აქამდე გვითქვამს. ის ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოში წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს". ამ ფრაზაში, ისევე როგორც სააკაშვილის მთელ გამოსვლაში, პრაქტიკულად ყველა წინადადება ტყუილს შეიცავს. ივანიშვილს არავითარი ტოლობა არ დაუსვამს ნატოსა და რუსეთს შორის და ა.შ. ჩვენთვის მთავარი კი ის არის, რომ საუბედუროდ საქართველოს ნატოში წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, ვინაიდან ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში გადაწყდა: საქართველოს არ მიიღებენ ნატოში ე.წ. პოლიტიკურად განჭვრეტად მომავალში. ნატოს ასეთ გადაწყვეტილებაში კი პუტინის რეჟიმის მიერ მანიპულირებულმა ,,იდიოტმა ბავშვმა"" გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.
პირადად მე ვიყავი და ვრჩები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მომხრე. საქართველოს პოლიტიკური ელიტის სწორი მოქმედების შემთხვევაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება მართლაც იქნებოდა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების და ღირსეული ცხოვრების საუკეთესო გარანტია. ახლაც ასეა, ოღონდ ყველაფერმა ძალზე შორეულ პერსპექტივაში გადაიწია. ჯერჯერობით კი ტრაგიკომიკური ვითარება შეიქმნა - მთელი ერი მიყვება იმ ვირტუალურ სტაფილოს, რომელიც თვითონ ჩამოვკიდეთ ცხვირწინ, თან იმის გარჩევით ვერთობით, ვინ არის ამ ვირტუალური სტაფილოს უფრო ერთგული და მგზნებარე მაძიებელი. ,,საოცრად კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდით, მითხრა ამას წინათ ცნობილმა დასავლეთელმა პოლიტოლოგმა. ზოგისთვის კომიკური, ზოგისთვის კი ტრაგიკული, ვუპასუხე მე. მართლაც ამ სტაფილოს დევნაში დავკარგეთ განუსაზღვრელი დროით ჩვენი აფხაზები და ჩვენი ოსები, ასობით ათასი თანამემამულე ლტოლვილებად ვაქციეთ და რუსეთის ბაზები დავაბრუნეთ. ,,საქართველომ თავისი ევროატლანტიკური არჩევანის გამო დიდი ფასი გადაიხადა"" ამაყად განაცხადა სააკაშვილმა სტრასბურგში. სინამდვილეში კი ,,იდიოტი ბავშვის"" ხელში საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა იმისათვის, რომ ეს არჩევანი ამ ეტაპზე აუხდენელ ფანტაზიად ქცეულიყო.
რაც შეეხება ჩიხიდან გამოსვლის გზებს და შორეულ პერსპექტივაზე მუშაობას - ამისათვის ფილიგრანული პოლიტიკის გატარება არის საჭირო. ამ თემას მომავალში დავუბრუნდებით.
პეტრე მამრაძე, 23 იანვარი, 2013 წელი
P.S. მოცემულ წერილში საკმაოდ სქემატური მსჯელობა წარმოვადგინე. საქმე ის არის, რომ ისეთ საკითხებს შევეხე, რომელთა თანამიმდევრული და დასაბუთებული გაშუქება წერილების მთელ ციკლს მოითხოვს. პრობლემების ნაწილი მეტ-ნაკლებად სრულად განვიხილე ჩემ წიგნში ,,ავანტიურა 08.08.08"" (გამომცემლობა ,,პალიტრა L"", 2012). ჰონორარზე უარი მაქვს ნათქვამი და ეს მაძლევს უფლებას დაინტერებულ მკითხველს ჩემი წიგნი შევთავაზო.