ნატო ნუთუ ასე აპირებს რუსეთის შეჩერებას?! - ანუ რატომ ვერ ჩამოაგდეს პოლონეთის ცაში შეჭრილი რუსული ფრთოსანი რაკეტები...
2026 წლის 20 ნოემბერს უკრაინაზე განხორციელებული მასირებული იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე სულ 3-მა რუსულმა ობიექტმა დაარღვია, რომელთაგან 2 რუსული ფრთოსანი რაკეტა (Kh-101) იყო, ხოლო მესამე - სავარაუდოდ რეაქტიული დრონი.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, სულ პოლონეთის საზღვრებთან 11 საჰაერო ობიექტი დაფიქსირდა, რომლებიც საფრთხეს ქმნიდნენ, თუმცა საზღვარი მხოლოდ ამ სამმა გადმოკვეთა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მომხდარს რუსეთის მხრიდან განზრახ პროვოკაცია უწოდა, რადგან ინციდენტი რეგიონში დასავლელი მოკავშირეების მასშტაბური სამხედრო წვრთნების პარალელურად მოხდა.
პოლონეთის ნოვი-ლიპოვიეცისთან ჩამოვარდა პირველი რუსული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა (უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ში).
მეორე რუსული ფრთოსანი რაკეტა (Kh-101) დაეცა რუდნიკ-ნად-სანემის დასახლებულ პუნქტთან, ხოლო მოლოდიჩთან მიწას შეენარცხა მესამე მფრინავი ობიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით რეაქტიული დრონია.
კარგია,რომ რომ ამ რუსულმა საბრძოლო საფრენმა აპარატებმა არავინ იმსხვერპლა პოლონეთში,მაგრამ როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი,რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრის მთავარმა „გუშაგმა“ ვერ შესძლო ვერცერთი რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება,რომლებსაც სხვათაშორის ბირთვული ქობინის გადატანაც შეუძლიათ?
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშისა და შეიარაღებული ძალების ოპერაციული სარდლობის მეთაურის, გენერალ ირენეუშ ნოვაკის განმარტებით,ის რომ არ გაიცა ბრძანება პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი საჰაერო ობიექტების ჩამოგდებაზე, რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა:
პირველი-რეაგირების მცირე დრო. სამიზნეები პოლონეთის საჰაერო სივრცეში მხოლოდ რამდენიმე წუთის (დაახლოებით 3 წუთის) განმავლობაში იმყოფებოდნენ. რაკეტა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, სოფელ ნოვი ლიპოვიეცთან ჩამოვარდა, რაც მაღალი სიჩქარის (800 კმ/სთ-ზე მეტი) გათვალისწინებით ძალიან მოკლე დროა სრული საბრძოლო პროცედურის გასავლელად.
მეორე-იდენტიფიკაციის სირთულე. გენერალ ნოვაკის თქმით, რადარების მონაცემებით შეუძლებელი იყო საჰაერო ობიექტების ტიპის ზუსტი განსაზღვრა. მაღალი სიჩქარის გამო სამხედროები მხოლოდ ვარაუდობდნენ, რომ საქმე ეხებოდა Kh-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებს ან Geran-5 რეაქტიულ დრონებს.
მესამე-მშვიდობიან დროს მოქმედი პოლონური კანონმდებლობითა და ნატოს პროტოკოლებით, საჰაერო სამიზნის გასანადგურებლად აუცილებელია მისი ვიზუალური იდენტიფიკაცია და უმაღლესი სარდლობის ნებართვა, რათა გამოირიცხოს სამოქალაქო ან მეგობრული საფრენი აპარატის შეცდომით ჩამოგდება.
პოლონელები ხელფეხდაკრეფილი არ მსხდარან-საჰაერო ვითარების მონიტორინგისა და სამიზნეების გზაგადაჭრის მცდელობისთვის ჰაერში აიწია პოლონური F-16 და შვედური Gripen ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც დახმარებას უწევდა Saab-ის ადრეული შეტყობინებისა და კონტროლის თვითმფრინავი და ნიდერლანდების საჰაერო ტანკერი.
სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები, მათ შორის Patriot, Poprad და Pilica+ კომპლექსები, საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს რეჟიმზე გადავიდა.
სამხედრო ავიაციის მოქმედების გამო დროებით შეჩერდა ფრენები ჟეშუვის აეროპორტში, მოსახლეობას გაეგზავნა საჰაერო განგაშის შეტყობინებები, ხოლო ჩამოვარდნილი ობიექტების მოსაძიებლად ოპერაციაში ვერტმფრენები და ტერიტორიული თავდაცვის სამი ბრიგადა ჩაერთო.
მაგრამ ამ ყველაფერმა დიდი შედეგი ვერ მოიტანა,უკვე მერამდენედ ნატოს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცეში იჭრებიან რუსული ფრთოსანი რაკეტები და კამიკაძე-დრონები,რომლებსაც არავინ აგდებს იმ მოტივით,რომ დადასტურებულად ვერ მოახდინეს მათი ვიზუალური იდენტიფიკაცია...
ანალოგიური პრობლემა ჰქონდა ნატოს კიდევ ერთ წევრ ქვეყნას,რუმინეთს,რომლის საჰაერო სივრცის გავლით რუსული ფრთოსანი რაკეტები და დრონები უკრაინის დასავლეთ ნაწილს შავი ზღვიდან ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტით უტევდნენ...
და რა ქნეს ამით „გამწარებულმა“ რუმინელებმა ბოლოს და ბოლოს?
რუმინეთმა შეცვალა საჰაერო სივრცის დაცვის წესები და სამხედროებს უფლება მისცა, გაანადგურონ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილი დრონები მაშინაც კი, თუ მათი ზუსტი წარმომავლობის ან ვიზუალური იდენტიფიკაციის დადგენა მყისიერად ვერ ხერხდება.
რუმინეთის პარლამენტმა და თავდაცვის უწყებამ შეიმუშავეს და დაამტკიცეს ახალი კანონმდებლობა და მეთოდოლოგია, რომელიც საჰაერო სივრცის უკანონო დამრღვევი უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების ან განეიტრალების გამარტივებულ პროცედურებს ადგენს.
ობიექტის ვიზუალური დადასტურება აღარ არის აუცილებელი წინაპირობა ცეცხლის გასახსნელად. თუ რადარები და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აფიქსირებენ არასანქცირებულ საფრენ აპარატს, რომელიც არ რეაგირებს გაფრთხილებაზე და არ ტოვებს საჰაერო სივრცეს, ოპერაციის მეთაურს უფლება აქვს გასცეს მისი განადგურების ბრძანება.
ამ ცვლილებებისა და ნატოს მოკავშირეებთან გაძლიერებული კოორდინაციის შედეგად, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უკვე წარმატებით ჩამოაგდეს რამდენიმე რუსული დრონი (მათ შორის „შაჰედისა“ და „გერან-4“-ის ტიპის აპარატები), რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ახალი სისტემები და გამარტივებული პროტოკოლი სამხედროებს საშუალებას აძლევს, საფრთხეზე რეაგირება რამდენიმე წუთში მოახდინონ ყოველგვარი ხანგრძლივი ბიუროკრატიული ან პოლიტიკური კონსულტაციების გარეშე.
ნუთუ ასე ძნელია პოლონეთის ხელისუფლებისთვის, რომ გაიზიაროს თანაალიანსელი რუმინეთის ეს წარმატებული ცვლილება?
ან კიდევ, წარმოიდგინეთ, უკრაინელემა მეზინეეტმა ყოველღამე იმაზე რომ იფიქრონ, რომ ვიზუალურად გამოიცნონ აგრესორი რუსეთისგან „გამოგზავნილი“ მორიგი მფრინავი დრონისა თუ რაკეტის მოდიფიკაცია და მანამდე არ გახსნან საზენიტო ცეცხლი, რა დაემართება ისედაც მრავალჯერ დაბომბილ უკრაინულ ქალაქებს?