საქართველოში საცხოვრებელ კორპუსს გაზი აფეთქებს, უკრაინაში კი რუსული დრონი...
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
დღესვე ვრცელდება რამდენიმე საათის წინ აფეთქებული და ნახევრადჩამოშლილი ისეთივე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფოტოები,როგორიც ეს ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიისას იყო,ოღონდ ამჯერად ეს უკრაინაში ხდება...
2026 წლის 22 ნოემბერს, გამთენიისას განხორციელებული თავდასხმისას კიევის ოლქის დაბა დიმერში (ვიშგოროდის რაიონი) ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რუსული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) დარტყმის შედეგად ჩამოინგრა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დრონის მოხვედრის შემდეგ კორპუსში ხანძარი გაჩნდა და ერთ-ერთი სადარბაზოს ბინები პირველიდან მეხუთე სართულის ჩათვლით მთლიანად ჩამოინგრა. დარტყმის ტალღამ ასევე დააზიანა ახლომდებარე მაღაზია და საბავშვო ბაღი.
დაშავდა ორი ადამიანი,მაშველებმა შენობიდან 9 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს, მათ შორის ერთი ბავშვი. საგანგებო სამსახურების ცნობით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა 7-დან 14-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი, რომლებთანაც კავშირი ვერ მყარდება. ადგილზე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 22 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 186 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა (მათ შორის 72 რეაქტიული „შაჰედი/გერანი“), რომელთაგან 161 საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა, თუმცა 18 ლოკაციაზე პირდაპირი მოხვედრა დაფიქსირდა.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, კორპუსის ერთი სადარბაზოს ხუთივე სართულის ჩამონგრევა მიუთითებს მძიმე ქობინის მქონე შორი მოქმედების დამრტყმელი დრონის (სწორედ „შაჰედის“/„გერანის“ ტიპის) პირდაპირ მოხვედრაზე, რადგან მცირე ზომის სადაზვერვო ან FPV-დრონებს მსგავსი მასშტაბის კონსტრუქციული ნგრევის გამოწვევა არ შეუძლიათ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, ბოლო თაობის „გერანების“ რეაქტიულ მოდელებში რუსეთი აქტიურად იყენებს 90-კილოგრამიან თერმობარულ და მსხვრევად-ფუგასურ ქობინებს, რაც შენობებზე მოხვედრისას გაცილებით მასშტაბურ ნგრევას იწვევს, ვიდრე ადრეული 50-კილოგრამიანი ვერსიები.
რუსულ რეაქტიულძრავიან „გერან-4“-ებსა და „გერან-5“-ებს უკვე უყენებენ ТББЧ-90 ტიპის თერმობარულ 90-კილოგრამიან საბრძოლო ქობინებს.
თერმობარული ქობინი,რომელსაც ზოგჯერ „ვაკუუმურ ბომბადაც“ მოიხსენიებენ, აფეთქებისას ჰაერში აფრქვევს აეროზოლურ საწვავ ნარევს, რომელიც აალდება და ქმნის მაღალი ტემპერატურის ცეცხლოვან ღრუბელსა და უმძლავრეს დარტყმით ტალღას.
ეს ეფექტი განსაკუთრებით დამანგრეველია დახურულ სივრცეებში (მაგალითად, საცხოვრებელ კორპუსებში) მოხვედრისას. წნევის მკვეთრი ცვალებადობა და მაღალი ტემპერატურა იწვევს მასშტაბურ ხანძარს და ჟანგბადის სწრაფ წვას,ხოლო დარტყმითი ძალა კი ანგრევს შიდა ტიხრებსა და მზიდ კედლებს და იწვევს „სინკარებიანი“ გადახურვების ჩამოშლას „დომინოს პრინციპით“...
ანუ ის,რაც მოხდა 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალის ხუთსართულიან კორპუსის ერთ სადარბაზოში,ოღონდ ბუნებრივი გაზისა დაგროვებისა და მისი აფეთქების შედეგად,რაც ასევე მოცულობითი აფეთქების ხასიათს ატარებდა და პანელური ხუთსართულიანი კორპუსის სართულებშუა გადახურვის „სინკარებებმა“ „დომინოს პრინციპით“ ერთმანეთი ჩაანგრიეს...