„მაქვს წინადადება: მერიამ შეიძინოს დეტექტორები, დაუმონტაჟოს მოსახლეობას და...“ - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები?!
19 ნოემბერს მორიგმა ტრაგედიამ შეძრა ქვეყანა - თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ექვსი მობინადრე ემსხვერპლა, მათ შორის 6 წლის არიანა რისტიჩი და 7 წლის ნუცა ფხალაძე, რომლებიც დედებთან - 33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩსა და ნინო ჭელიძესთან ერთად დაიღუპნენ. რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდა 2 ბავშვის ნანგრევებიდან ამოყვანა: 3 წლის თაიას, რომელიც გარდაცვლილი ნინო ჭელიძის შვილია, და 11 წლის ბიჭის, რომლის სიცოცხლეს, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება. უმძიმეს მდგომარეობაშია 31 წლის ილია ისაევი, რომლის ბინაშიც, შსს-ს ინფორმაციით, აფეთქება მოხდა. გარდაცვლილებს შორის არიან: 55 წლის ლალი შიშმანაშვილი და 28 წლის ჯაბა საყევარაშვილი.
21 ნოემბერს კიდევ ერთი აფეთქების ამბავი გავრცელდა, ამჯერად ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად 1 ქალი კლინიკაშია გადაყვანილი 12-პროცენტიანი დამწვრობით. ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც. ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეული აფეთქებების პირველი შემთხვევები, სამწუხაროდ, არაერთი ტრაგედია გვახსოვს, იგივე ქვემო ფონიჭალაში, დიდ დიღომში, გლდანში... ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ ვერ ხერხდება უსაფრთხოების იმ დონეზე დაცვა, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ასეთ უმძიმეს ტრაგედიებს არ ვიღებდეთ? - სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:
- უპირველესად, ნება მომეცით, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ყველას გამძლეობა მისცეს ღმერთმა. მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ ძირფესვიანად გასარკვევი და გამოსაძიებელია მომხდარის მიზეზები. ამასთანავე, საინტერესოა, იმ წინა ტრაგედიების გამოძიება რამდენად დროულად და პროფესიონალურად მოხდა, გაირკვა თუ არა უბედურების გამომწვევი რეალური მიზეზები და არა მოჩვენებითი ფაქტორები; ამასთანავე, ვინ რა გააანალიზა და ვინ რა გაიგო იმ უბედურებებიდან? მომხდარის მერე მწვავედ აკრიტიკებდნენ თბილისის მერიას. საერთოდ, არა მგონია, რომ მერიის ან რომელიმე სახელმწიფო უწყების დანაშაულზე უნდა ვილაპარაკოთ ხელაღებით. ამგვარი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ უნდა გაირკვეს, რატომ ვერ მუშაობს სტრუქტურა ისე, როგორც უნდა მუშაობდეს.
უბედურება და ტრაგედია ერთი და იგივეა, მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანები როგორ მოხვდებიან ამ განსაცდელში, მაგრამ გამომწვევი ფაქტორები განსხვავებულია. ზოგან მუშაობს ინდივიდუალური ფაქტორი, ზოგან ტექნიკური.
თუ დადგინდება, რომ წამყვანი ტექნიკური ფაქტორია, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებს მოუწევთ პასუხისგება.
ახლა იწყება ზამთრის სეზონი და ასეთი ტრაგედიები რომ არ განმეორდეს, ალბათ, საჭიროა უფრო დახვეწილი გაფრთხილების სისტემა ან სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ სხვა ტიპის გამოსავლის მოძიებაზე. ასეთ ვითარებაში რთული არ უნდა იყოს ფაქტორების დადგენა, რადგან ასეთი ტრაგედიები ხშირად მეორდება. ოღონდ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: უნდა ჩატარდეს რეალური გამოძიება და დადგინდეს, რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე.
- ბატონო ვახტანგ, მაგალითად, "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში მათი თანამშრომლები დადიან და თითოჯერ ყველა ოჯახში ამოწმებენ გაზის მოწყობილობებს. პირადად მე არ მახსენდება ბოლო წლებში ჩვენთან ვინმე მოსულიყოს. ძალიან მაინტერესებს, თქვენთან თუ ყოფილან? გარდა ამისა, მუდმივად არის ლაპარაკი ძველ კორპუსებში არსებულ ავარიულ ინფრასტრუქტურასა და მოშლილ გაყვანილობებზე, ასეთ შემთხვევაში მერიის თუ სხვა უწყებების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არ უნდა იყოს ამგვარი კორპუსები?
- ფაქტი ერთია, "თბილისი ენერჯი", ჩანს, სათანადოდ ვერ მუშაობს ასეთი უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად. შეიძლება შემთხვევების სრული აღკვეთა ვერ მოხერხდეს, მაგრამ მინიმუმზე ხომ უნდა დავიყვანოთ? აგერ უკვე ქუთაისში აფეთქდა ბინა. რაც შეეხება შემოწმებებს, ჩემთანაც დიდი ხნის წინ იყვნენ მოსული. მოვიდნენ, რაღაც დაათვალიერეს და წავიდნენ. მნიშვნელოვანი მგონია მოქალაქეების პასუხისმგებლობაც. ჩემი აზრით, ასეთ დროს, განსაკუთრებით სეზონის დადგომის წინ, საჭიროა მოსახლეობის რეგულარული ინფორმირება. ტექნიკურ საკითხებზე როგორც მოსახლეობის, ისე მერიისა და "თბილისი ენერჯის" პასუხისმგებლობა უფრო კატეგორიული უნდა იყოს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ სეზონის დაწყებამდე უნდა დაიწყოს ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია - სატელევიზიო გადაცემებით, ბუკლეტებით თუ სხვა საშუალებებით. ეს უნდა იყოს ძალიან აქტიური პიარი თუ პროპაგანდა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, როგორ ჩაერთოს უსაფრთხოებაში. რამდენადაც ვიცი, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სპეციალისტები უფასოდ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი მაინც არ არის. ამიტომ უნდა მოხდეს ყველა ცალკეული შემთხვევის აღრიცხვა, რათა საერთო სურათი სრულიად ნათელი გახდეს.
ლაპარაკია სპეციალურ დეტექტორებზეც, რომლებიც გაზის გაჟონვას აღრიცხავენ და აკონტროლებენ. მე არ ვიცი, რა ღირს დეტექტორები და რამდენად შეუძლია ჩვენს სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას მისი ყიდვა, ამიტომ მაქვს წინადადება - როგორც გამრიცხველიანების დროს იყო, როდესაც აყენებდნენ გაზის მრიცხველებს და მერე მოქალაქეები ნელ-ნელა ფარავდნენ მის ღირებულებას, იქნებ ახლაც შეისყიდოს დეტექტორები მერიამ, დამონტაჟდეს ყველგან, ხოლო მისი ღირებულება გადანაწილდეს მოსახლეობის შემდგომ გადასახადებზე 1-2 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ზაფხულობით, როდესაც გაზის მოხმარება ნაკლებია და შესაბამისად, ხარჯიც დაბალია, ეს თანხა შეიძლება იმ ექვს თვეზე გადანაწილდეს.
მოკლედ, სხვადასხვა პრობლემაა და ისინი ერთხელ და სამუდამოდ კომპლექსურად უნდა დამუშავდეს და უზრუნველყოს უსაფრთხოება. სხვაგვარად ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ. სპეციალისტები, ალბათ, უფრო მეტს იტყვიან, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი. მერიამ უნდა დაინახოს თავისი როლი - თუ ფინანსების გამოყოფაა საჭირო, უნდა გამოყოს, თანაც ეს უნდა მოხდეს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, რათა რეალური შედეგი მივიღოთ.
- გადავიდეთ ჩვენი ინტერვიუს მთავარ თემაზე - ეს არის მინსკში გამართული შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. თითქმის არავინ დაობს - ხელისუფლების ოპონენტებიც კი ამბობენ, რომ მტერთანაც საჭიროა საკომუნიკაციო არხების არსებობა, თუმცა რამდენად სწორია, ფაქტობრივად, მტრის მოედანზე ყოველგვარი შუამავლის გარეშე პირისპირ დაჯდომა რუსეთთან? თქვენი აზრით, რა პროცესთან გვაქვს საქმე?
- გულწრფელად რომ გითხრათ, მაინც მგონია, რომ ეს მინსკის შეხვედრები მოლაპარაკებების შუალედური ვარიანტია. გარკვეული დროის შემდეგ, თუ "ქართულმა ოცნებამ" თავისი საგარეო პოლიტიკა არ შეცვალა, მინსკიდან პირდაპირ მოსკოვში გადავინაცვლებთ. ახლა, უბრალოდ, შუალედური ლოკაცია აირჩიეს, რომ ამას ძალიან მწარე და მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლოდა ქართველ საზოგადოებაში.
"ქართული ოცნების" საგარეო ვექტორი დასავლეთიდან ნელ-ნელა იხრება ჩრდილოეთისკენ და ეს შეხვედრაც ამის შედეგია. რუსეთისთვის ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია - უპირველეს ყოვლისა, პროპაგანდისტული თვალსაზრისით. მათ სჭირდებათ იმის დემონსტრირება, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უმჯობესდება. მინსკში შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება.
გახსოვთ, ალბათ, ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე ან პრეზიდენტების შეხვედრაზე როცა დგება საკითხი, კრემლი მუდმივად ამბობს, კი ბატონო, ჩამოვიდეს მოსკოვშიო - ანუ შენ უნდა ჩახვიდე ურდოში! ამას აქვს არა უბრალოდ გეოგრაფიული, არამედ მკაფიო პოლიტიკური დატვირთვა - ვასალი უნდა ჩავიდეს უზენაეს მბრძანებელთან. აი, ეს არის მთავარი და რუსული პროპაგანდა სწორედ ამას უსვამს ხაზს. საქართველოში ცდილობენ ეს ასე არ წარმოაჩინონ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენ ნელ-ნელა და თანდათანობით ვხდებით რუსეთის ხელისუფლების დამყოლები. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები ძალზე სახიფათოა.
მეორე მომენტია ის, რომ ამის პარალელურად ჟენევის ფორმატი ნელ-ნელა დაკარგავს ძალას. ჟენევის ფორმატი რუსეთს ნამდვილად არ აწყობდა და ახლა მით უფრო არ აწყობს, თუნდაც იმიტომ, რომ იქ საქართველოს გარდა მონაწილეობენ ჩვენი მეგობარი ევროპული ქვეყნები, რომელთაც რუსეთის მიმართ გაცილებით კრიტიკული პოზიცია აქვთ, ვიდრე იმ პერიოდში, როდესაც ეს ფორმატი შეიქმნა.
ბუნებრივია, თუ დღეს ლაპარაკია ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ თემებზე, ეს თანდათან გადავა პოლიტიკურ საკითხებზე. ჯერ ერთი, ეს "ეკონომიკური თემები" რას ნიშნავს? ხომ არ მიდის ლაპარაკი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე ან როკის გვირაბის ფუნქციონირებაზე? მოკლედ, ბევრი ისეთი საკითხია, რომელთაც საბოლოოდ მივყავართ ჩვენი ორი რეგიონის აღიარებამდე, შეიძლება ფორმალურად არა, მაგრამ არაფორმალურად ეს აღიარება იქნება... ამიტომ არის სახიფათო, რომ ასეთმა საგარეო პოლიტიკამ საბოლოოდ იურიდიულადაც და ფაქტობრივადაც მოსკოვის გავლენაში არ მოგვაქციოს.
- იმ განცხადებებს მინდა დავუბრუნდე, ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და რუსეთის საგარეო უწყებამ რომ გაავრცელეს. ეს არის ძალიან ზოგადი განცხადებები, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ გარკვეული შეთანხმებები თურმე უკვე მიღწეულია, თუმცა რა იგულისხმება ამის უკან, ჩვენთვის არავის უცნობებია.
- გულწრფელად რომ გითხრათ, მე ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის არ მჯერა და არც შეიძლება მჯეროდეს. ამიტომ მხოლოდ იმას ვფიქრობ, ჩვენთვის რამდენად ცუდი შეთანხმებები შეიძლება მიეღოთ. მოკლედ, კარგს არაფერს ველოდები. რუსეთთან მოლაპარაკება ჩვენთვის სასურველ შედეგს არც არასდროს იძლეოდა და არც ახლა მოგვცემს. როდესაც ეკონომიკურ საკითხებზეა ლაპარაკი, დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, არ შეეხება იმას, რომ რომელიღაც კომპანიების ღვინის ექსპორტი შეჩერდა, რომელიმე მეღვინეს ხარისხის პრობლემა შეექმნა, ან ხილის იმპორტ-ექსპორტს. სახიფათო სწორედ ის ორი მიმართულებაა, რაც რუსეთს ძალიან აინტერესებს: აფხაზეთის გავლით რკინიგზის მიმოსვლის აღდგენა, რაზეც "ქართული ოცნებაც" დიდი ხანია ლაპარაკობს, და თუ ეს მოხდა, მოხდება რუსული სცენარით და არა ჩვენით. - ანუ საბაჟო საგუშაგოები დაიდგმება ენგურზეც და ფსოუზეც, რაც, ფაქტობრივად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. აი, ეს იქნება ყველაზე მძიმე და რთული მომენტი.
სწორედ ამიტომ არ ლაპარაკობენ მიღწეულ კონკრეტულ შეთანხმებებზე - იციან, რომ ამას ქართველი საზოგადოების ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება. ამიტომ აქვთ არჩეული ასეთი ტაქტიკა: ინფორმაცია ნელ-ნელა გამოჟონავს, ნაწილ-ნაწილ, რათა საზოგადოებაში ერთბაშად არ გამოიწვიონ აფეთქება. სხვა მხრივ, ცუდია, რა თქმა უნდა, როდესაც საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთი ჭარბობს, მაგრამ ყველა ბიზნესმენმა და ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ რუსეთი არასდროს იცავს თავისივე ხელმოწერილ დოკუმენტებსაც კი. მარტო ერეკლე მეორიდან მოყოლებული იმდენჯერ მოგვატყუეს, სათვალავი არეული გვაქვს.
- ექსპერტთა ნაწილი ლაპარაკობს ასეთ სცენარზეც: რუსეთის სტრატეგიული მიზანია, ჯერ საქართველოს აღიარებინოს ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა (დე ფაქტო და დე იურე), შემდეგ კი, თითქოს ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი გაერთიანების საფუძველზე, საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის ერთიანი კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა შემოგვთავაზოს. თითქოს ილუზიურად ეს შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელით მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ესეც რუსეთის მორიგი ტყუილი იქნება. რას ფიქრობთ ამგვარ სცენარზე?
- სამწუხაროდ, მეც ვფიქრობ, რომ ეს რეალური სცენარია, ოღონდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რაც ამის გაგრძელებაა: თუ კონფედერაციის შექმნაზე წავალთ, შემოთავაზება მხოლოდ კონფედერაციით არ დასრულდება. ამ მოდელში ჩადებული იქნება კონფედერაციიდან თავისუფალი გასვლის უფლებაც! ასე რომ, ნებისმიერ მომენტში ამ რეგიონებს შეეძლებათ კონფედერაციის დატოვება და რუსეთთან მიერთება. რუსეთის საბოლოო მიზანიც სწორედ ეგ არის - ეს ორი რეგიონი შევიდეს უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში. სულ ტყუილია ლაპარაკი იმაზე, რომ მათ რაიმე პრივილეგიები ექნებათ. როგორც ახლა დონეცკი და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადეს რუსეთის ოლქებად, ზუსტად ისევე გამოცხადდება აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ტერიტორიებად.
არ იქნება ლაპარაკი უფლებების გაფართოებაზე ან გაფართოებულ ფედერაციაზე (როგორც ფედერაციაში შემავალ სუბიექტებზე). ლაპარაკი იქნება სწორედ კონფედერაციაზე, სადაც მთავარი მახე ის არის, რომ სუბიექტს ნებისმიერ დროს შეუძლია კონფედერაციის დატოვება. შემდეგ მოვლენები განვითარდება ისე, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებს საბოლოოდ მიიერთებს და ტრადიციულ რუსულ მიწებად გამოაცხადებს.
- დასასრულ კიდევ ერთი თემა, რასაც მინდა შევეხოთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებია. ამაზე ადრეც გვისაუბრია. ბოლო კვირის განხილვებზე სასამართლოს თავმჯდომარეც და რიგითი მოსამართლეებიც განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მაგალითად, ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ოპოზიცია პარტიების აკრძალვას ახსენებს, არადა, რეალურად სწორედ ეს პროცესი განიხილება ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ ადევნებთ ყურადღებას ამ პროცესს, რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ და რა შედეგს ელით? როგორ შეიძლება დასრულდეს?
- რომ გითხრათ, მთელი დღეები ამ პროცესებს ვუყურებ-მეთქი, მოგატყუებთ. ზოგადი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მაქვს, თუ რა ხდება. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის მაინცდამაინც საინტერესოც არ არის, იმდენად, რამდენადაც მიმაჩნია, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. სამართლებრივი პროცესი რომ იყოს, მართლაც ინტერესით დავაკვირდებოდი, მაგრამ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ზუსტად იმ გადაწყვეტილებას, რაც ხელისუფლებისთვის იქნება მისაღები მოცემულ მომენტში.
თავისთავად, როდესაც ხუთ პოლიტიკურ ორგანიზაციას ერთად ასამართლებენ ერთი და იმავე სარჩელით, მაშინ, როდესაც ეს პარტიები თავისი ისტორიით, წარმოშობითა და იდენტობით სრულიად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, რა სამართლებრივ პროცესზე შეიძლება ლაპარაკი? "ქართულ ოცნებას" ხელს აძლევს, რომ ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს და ყველაფერი "ნაციონალურ მოძრაობას" მიაბას.
რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს და დასრულდეს ეს პროცესი, ჯერჯერობით "ქართულ ოცნებას" ხელს არ უნდა აძლევდეს ამ პარტიების ხელის ერთი მოსმით აკრძალვა. რას მიიღებს ამით? - მას სამართლებრივი შედეგი კი არ აინტერესებს, არამედ პოლიტიკური დივიდენდები.
ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ამ პროცესს მიიყვანს იქამდე, რომ სასამართლო გავა გადაწყვეტილების მისაღებად, ოღონდ როდის გამოცხადდება ის, ამას დაარეგულირებენ.
ეს დამოკიდებული იქნება არა მარტო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, არამედ საგარეო ფაქტორებზეც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-უკრაინის ომსა და იმაზე, თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები.
მომავალი წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ რუსეთი მომავალ წელს ვერ მოახერხებს დონეცკის ტერიტორიის სრულად აღებას, 2028 წლისთვის ტრამპის ისედაც შემცირებული გავლენა კიდევ უფრო შემცირდება და რუსეთი დაკარგავს მოკავშირეს (აშშ-ის ადმინისტრაციის სახით).
ამიტომ რუსეთისთვისაც და "ქართული ოცნებისთვისაც" მომავალი წელი გადამწყვეტია. "ქართული ოცნება" სწორედ ამას ელოდება. ამ ეტაპზე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ერთი პარტია (და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, "ნაციონალური მოძრაობა") აკრძალონ, ხოლო დანარჩენებზე ჯერ არაფერი თქვან.