ტრაგიკული განთიადის გაკვეთილები - რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი უბედურების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს?!
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში ტრაგედია დატრიალდა - ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაზი აფეთქდა და ხუთი სართული მთლიანად ჩამოინგრა. მაშველები თითქმის 11 საათის განმავლობაში ეძებდნენ ნანგრევებში მოყოლილ შვიდ მობინადრეს, მათ შორის სამ მცირეწლოვანს...
როგორც გაირკვა, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო და ბინის მეპატრონე 31 წლის ილია ისაევი წინადღით ჩამოვიდა ბათუმიდან. შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, მან გაზის გამათბობელი ღამით ჩართო და მოგვიანებით გამორთო, დილით კი მისი ანთება სცადა, რასაც, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვილი აირის აფეთქება მოჰყვა... ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ დაგროვდა ბინაში ბუნებრივი აირი. თუმცა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ვერსიაა, რომ ისაევმა ღამით ვერ შეძლო გამათბობლის ჩართვა, მაგრამ გაზი არ გადაუკეტავს და შემდეგ აირი რამდენიმე საათის განმავლობაში ბინაში გროვდებოდა. ილია სხეულის 87%-იანი დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. ექიმ გუგა ქაშიბაძის თქმით, მას მთელი სხეული აქვს დამწვარი, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც, ასევე აქვს ტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია...
