შენჟენის "საიდუმლო" ანუ რაზე შეთანხმდნენ და ვერ შეთანხმდნენ სი ძინპინი, ტრამპი და პუტინი?! - ბიძინა ლებანიძის ანალიზი
19 ნოემბერს შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში გამართული ტრამპი-პუტინი-სი ძინპინის საათნახევრიანი შეხვედრა, "იალტასთან" წინასწარი შედარებების მიუხედავად, პირველ რიგში სიმბოლოებისა და დიპლომატიური დეტალების თამაში აღმოჩნდა. ტბისპირა რეზიდენცია "კილინ ვილაში" ლიდერები ჩინეთის დიდი კედლის ნახატის ფონზე შეიკრიბნენ, რითაც მასპინძელმა მსოფლიოს ჩინეთის ორიათასწლიანი ისტორია და მზარდი გლობალური წონა შეახსენა.
თუმცა გარეგნული ჰარმონიის მიღმა, პროტოკოლური ნიუანსები მკაფიო იერარქიაზე მიანიშნებდა - აეროპორტში პუტინს არა სი ძინპინი, არამედ მისი დაქვემდებარებული პირი დახვდა, საერთო ფოტოზე კი რუსეთის პრეზიდენტს სი ძინპინის მეუღლის გვერდით მიუჩინეს ადგილი. ეს განსაკუთრებით თვალში საცემი იყო იმ ფონზე, როცა ტრამპს ჩინეთის ლიდერი პირადად ტრაპთან დახვდა... მიუხედავად ამისა, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებთან ერთ მაგიდასთან ჯდომა და ტრამპისგან "მეგობრად" მოხსენიება პუტინისთვის დასავლური იზოლაციის გარღვევის სიმბოლურ მტკიცებულებად იქცა. ტრამპი პირადი დიპლომატიის ტრიუმფს ზეიმობდა, სი ძინპინი კი "ბოლო ასი წლის განმავლობაში არნახულ ცვლილებებზე" საუბრობდა. თუმცა ხელშესახებ მიზნებს ვერც ერთმა ვერ მიაღწია - შეხვედრა უფრო სიმბოლური აქტი იყო, ვიდრე ძალთა ბალანსის რეალური გადანაწილება. ამიტომაც 1945 წლის იალტის კონფერენციასთან შედარება ირონიად და კარიკატურად იქცა - მაშინ "დიდი სამეული" მსოფლიო მშპ-ის 85%-ს აკონტროლებდა და ევროპაში მილიონიანი არმიებით იდგა, დღეს კი აშშ-ისა და ჩინეთის ერთობლივი წილი 42%-ია, რუსეთისა კი მხოლოდ 2%. არც პოლიტიკურად აქვს ამ სამეულს რესურსი, რომ ევროკავშირს, ბრიტანეთს, უკრაინას თუ ირანს საკუთარი ნება ერთპიროვნულად მოახვიოს თავს. პეკინმა მიზანს მიაღწია - კონკრეტულ ვალდებულებებს თავი აარიდა. ჩინეთი, რომელმაც 2020-2023 წლებში ბირთვული არსენალი 200-დან 500-ზე მეტ ქობინამდე გაზარდა, რაციონალურად არიდებს თავს შეიარაღების შემცირებას აშშ-სთან პარიტეტამდე, პროტოკოლით კი მოსკოვს იერარქია შეახსენა. პუტინმა შიდა აუდიტორიისთვის "ზესახელმწიფოს" სტატუსის დემონსტრირება და რიტორიკული გამარჯვებები (Iჩჩ, ენერგომომარაგება) მიიღო, თუმცა რეალური ეკონომიკური და სამხედრო პრობლემები ვერ გადაჭრა. ტრამპმა კი ვერც ბირთვულ განიარაღებაზე და ვერც რეგიონულ კონფლიქტებზე მიიღო შედეგი, რადგან პეკინსა და მოსკოვს დათმობებისთვის საკმარისი მოტივაცია ან ბერკეტი არა აქვთ. სამიტის შემდეგ ტრამპის სატელეფონო ჩართვა ბერლინის შეხვედრაში (ზელენსკისთან და 40-ზე მეტ ევროპელ ლიდერთან) აჩვენებს, რომ ვაშინგტონი იძულებულია, მოკავშირეების ფაქტორიც გაითვალისწინოს.
რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სამიტს, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე გვესაუბრება.

- იალტასთან შედარება თავიდანვე გადაჭარბებული იყო - გავლენის სფეროების გადანაწილების ან რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინი არავის ჰქონია. შეხვედრა სიმბოლურად უფრო პუტინისთვის იყო მნიშვნელოვანი, რათა რუსეთი აშშ-სა და ჩინეთთან ერთად "ზესახელმწიფოების კლუბში" დაებრუნებინა, თუმცა რუსეთი მათ დონეზე ვერ არის, განსაკუთრებით ეკონომიკურად. მიღებულ კომუნიკეში რეალურად ხელშესახები არაფერია. ნახსენებია მხოლოდ დიალოგი ბირთვული შეიარაღების ახალ ხელშეკრულებაზე, რაც ჩინეთს არ აწყობს, რადგან აშშ-სა და რუსეთს მასზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი ბირთვული იარაღი აქვთ. ასევე საუბარია ენერგოსფეროში თანამშრომლობასა და სტრატეგიულ სტაბილურობაზე, მაგრამ არსებითი არაფერია, მათ შორის, არც უკრაინაზე, რაც ევროპისა და უკრაინისთვის, ალბათ, უფრო კარგი ამბავია, ვიდრე ცუდი.
ზოგადად, ამ სამეულს განსხვავებული ინტერესები უფრო მეტი აქვს, ვიდრე საერთო. ჩინეთს აშშ-სთან გაცხარებული სავაჭრო ომი და უამრავი წინააღმდეგობა აქვს, რუსეთ-უკრაინის ომით კი ხეირობს - ერთი მხრივ, ეს ომი რუსეთს მასზე დამოკიდებულს ხდის, მეორე მხრივ კი დასავლეთის ყურადღება გადააქვს და ჩინეთზე ფოკუსირებას ართულებს. შესაბამისად, პეკინს ომის დასრულება არ აწყობს.
რაც შეეხება ტრამპს, მას ომის დასრულება სურს, მათ შორის, უკრაინის ნაწილობრივ გაწირვის ხარჯზეც, მაგრამ რუსეთზე საკმარისი ბერკეტი არა აქვს. ამიტომ ამერიკელებიც ხვდებიან, რომ პროცესში ევროპელებიც უნდა ჩართონ და უკრაინასაც მოუსმინონ. საერთო ჯამში, ამ შეხვედრიდან ხელშესახებ შედეგს ვერ ვხედავ, გარდა იმ სიმბოლური ნიშნისა, რომ ევროპა მაგიდასთან არ იჯდა, თუმცა არც ამას მოჰყოლია რაიმე რეალური შედეგი ან გარიგება.
- ტრამპის ხაზგასმა, რომ პუტინი მისი საუკეთესო მეგობარია, რას ნიშნავს?
- ტრამპი ყველას ხვდება, თავის დროზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერსაც შეხვდა. ამით ის ხაზს უსვამს, რომ ტრანსაქციული ლიდერია, რომელსაც ღირებულებითი და ნორმატიული შეზღუდვები არა აქვს. მისი ხედვა ლიბერალიზმისა და ევროკავშირის კრიტიკაზეა აგებული, რადგან ევროკავშირს ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მთავარ აპოლოგეტად განიხილავს. იმავდროულად, ის მოლაპარაკებებს ტრანსაქციულად უდგება და დიდ დათმობებზე არ წასულა. ისიც, რომ ომის დასრულება სურთ, ტრამპის აზრით, ამერიკის ინტერესებს ემსახურება და არა პუტინის გულის მოგებას.
- უკრაინის საკითხს რომ არ ჰქონდა ამ შეხვედრაზე ადგილი, გამოჩნდა, მაგრამ იმავეს თქმა ირანზეც შესაძლებელია?
- ტრამპმა ნაწილობრივ აღიარა, რომ ირანთან კონფლიქტის წამოწყება შეცდომა იყო და ახლა ცდილობენ გამოსავალი იპოვონ, ოღონდ, სახის შენარჩუნებით. თუმცა ამ შეხვედრას ამაზე გავლენა ვერ ექნება, რადგან რუსეთს ირანზე გავლენა არა აქვს. შესაბამისად, უკრაინისა და ირანის საკითხებზე ვაჭრობა არ გამოვა - ირანში დიდი გავლენა არც რუსეთს აქვს და არც ამერიკას. მართალია, ჩინეთი იყო და, ალბათ, ახლაც არის ირანის მთავარი პარტნიორი, მათ შორის სავაჭრო, მაგრამ მისი დიპლომატიური გავლენაც შეზღუდულია. ასე რომ, ამერიკასა და ირანს შორის დეესკალაცია მაინც მოხდება. ასეთი შეხვედრები კი ამ პრობლემას, ისევე როგორც უკრაინის საკითხს, ვერ მოაგვარებს.
- მსოფლიოს ახალი გადანაწილების მოლოდინი, გასაგებია, რომ ამ შეხვედრაზე რეალისტური არ იყო, მაგრამ რა შანსია, რომ სწორედ ამ სამეულის მიერ გადაწყდეს?
- ზოგადი მსოფლიო ტენდენცია მულტიპოლარული სამყაროსკენ სვლაა. დასავლეთის დომინირებაზე დაფუძნებული უნიპოლარული წესრიგი წარსულს ჩაჰბარდება - დასავლეთის გავლენა იკლებს, დანარჩენი სამყაროსი კი იზრდება, მათ შორის ეკონომიკურად და დემოგრაფიულად. ამის გამოძახილია ისიც, რომ დასავლეთმა ეკონომიკური წნეხით რუსეთის იზოლირება და უკრაინიდან გასვლაზე იძულება ვერ მოახერხა - ჩინეთი ამ პოლიტიკაში არ ჩაერთო და რუსეთს ეკონომიკურადაც და სამხედრო კუთხითაც უჭერს მხარს, დასავლეთის მიდგომა კი არც სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა. ალბათ, ვერც მოხდება, რომ დიდმა სახელმწიფოებმა მსოფლიო გავლენის სფეროებად გაინაწილონ ან მის ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ, ამისთვის არც აშშ-ისა და ჩინეთის ერთობლივი რესურსია საკმარისი და არც სურვილი არსებობს. არენაზე ბევრი სხვა აქტორია, რომლებიც ამ თამაშში არ ჩაერთვებიან - ევროკავშირი, ინდოეთი, კანადა და სხვა ე.წ. მიდლპაუერსები, რომელთა გააქტიურებაც ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ჩინეთი ამ მხრივ უცნაური მოთამაშეა. ის ამერიკის მთავარი კონკურენტია, მაგრამ არ ქმნის მსოფლიო ჰეგემონიისთვის საჭირო ე.წ. საჯარო სიკეთეებს არც აზიაში და არც ევროპაში. ამერიკისგან განსხვავებით, რომელსაც ნატოსა და ევროპის სახით ძლიერი ალიანსები აქვს, ჩინეთს სტრუქტურული ალიანსების სისტემა არ გააჩნია, მას მხოლოდ განსაკუთრებული კავშირები აქვს რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ცალკეული პროექტები აფრიკაში. თუმცა მსგავსი იდეები დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ წრეებში არსებობს - ჯერ კიდევ 15 წლის წინ, ობამას ადმინისტრაციის დროს, განიხილებოდა "ჯი-2"-ის იდეა აშშ-ისა და ჩინეთის მიერ გლობალური პოლიტიკის კოორდინირებული მართვის შესახებ. შესაძლოა გარკვეულ პრინციპებზე მომავალშიც შეთანხმდნენ, მაგრამ ახლა გაურკვევლობის ფაზაში ვართ. ერთი რამ ცხადია - მულტიპოლარულ სამყაროში რუსეთი, რაც არ უნდა არ გვინდოდეს, ერთ-ერთ პოლუსად დარჩება და დასავლეთის მიერ მისი სრულად დაწნეხა შეუძლებელია.

- ბოლო დღეებში თავიდან გაცოცხლდა უკრაინის ნატოში გაწევრების იდეა აღმოსავლეთ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ. ამ სცენარს რა პერსპექტივა აქვს?
- რუსეთისთვის მთავარი "წითელი ნაჭერი" ყოველთვის ნატოს საზღვრებთან მიახლოება იყო. მოსკოვი ამას ნებით არ დათანხმდება, თუკი საბჭოთა კავშირის მსგავსად არ დასუსტდა. პირიქით, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნატო აღარ გაფართოვდეს და უკან დაიხიოს. ამიტომ ეს სცენარი არარეალური მგონია. უფრო რეალისტურია, თუ შეთანხმდებიან, რომ უკრაინის თუნდაც დარჩენილი ნაწილი რაღაც ფორმით ევროკავშირში გაწევრდეს. თუმცა ესეც სათუოა. რუსეთისთვის ყველაზე პრობლემური ევროკავშირის 42-ე მუხლია, რომელიც სამხედრო ურთიერთდახმარებას გულისხმობს. ამასთან, ევროპა სამხედრო აქტორად ყალიბდება, რაც მოსკოვს არ აწყობს. შესაბამისად, როცა ომი დასასრულისკენ წავა და საქმე კომპრომისზე მიდგება, უკრაინაში დასავლური სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება რუსეთისთვის ყოველთვის წითელი ხაზი იქნება.
რუსა მაჩაიძე