რატომ არიან ბავშვები აგრესიულები და რა იწვევს ძალადობას სკოლაში? - კვირის პალიტრა

რატომ არიან ბავშვები აგრესიულები და რა იწვევს ძალადობას სკოლაში?

ძალადობისა და ბულინგის ფაქტები სკოლებში არცთუ ისე იშვიათია, სამწუხაროდ, ბოლო ხანებში კიდევ რამდენიმე ფაქტი გახმაურდა. შეუძლებელია გულგრილად უსმენდე, თუ როგორ სცემა მეათე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს, როგორ იძალადეს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა მეოთხეკლასელზე, ხოლო ქობულეთში ბასრი საგნით როგორ დაჭრა მე-6 კლასის მოსწავლემ კლასელი. გვესაუბრება განათლების სფეროს სპეციალისტი რეზო აფხაზავა.

- ბულინგი მხოლოდ ქართული სკოლების პრობლემა არ არის - ის ყველგანაა გავრცელებული, მაგრამ ინტენსივობას და ხარისხსაც ხომ გააჩნია? მოზარდის ფსიქიკაზე ბევრი რამ მოქმედებს: შიდასასკოლო კლიმატი, პედაგოგების დამოკიდებულება აღსაზრდელების მიმართ, სპეციალური სამსახურების მუშაობის ხარისხი და ა.შ... განსაკუთრებით უნდა შევეხო ფსიქოლოგების საქმიანობას: სამწუხაროდ, ჩვენ იმდენი ფსიქოლოგი არა გვყავს, რომ ყველა სკოლა უზრუნველყონ. შეიძლება ოპონენტებმა მითხრან, რომ ფსიქოლოგი ბევრ სკოლაშია, მაგრამ ბავშვთა ფსიქოლოგია სულ სხვა მიმართულებაა. ის, რომ ფსიქოლოგია უნივერსიტეტში გაქვს ნასწავლი, არ ნიშნავს, რომ ბავშვთა ფსიქოლოგი ხარ, ამას დამატებითი კვალიფიკაცია სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფსიქოლოგის ჩარევა შეიძლება საზიანოც იყოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პედაგოგების კვალიფიკაციაც: მასწავლებელს იმდენი ფსიქოლოგიური ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ბავშვის პრობლემები ამოიცნოს. როცა მასწავლებელი თავისი ქცევით ბავშვებში ავტორიტეტს ვერ მოიპოვებს, მაშინ ისინი ავტორიტეტებს ქუჩაში ეძებენ. სწორედ ამიტომ აღორძინდა ე.წ. ქურდული მენტალიტეტი თანამედროვე სკოლებში.

როცა ქვეყანაში "წარმატებულად" მიიჩნევა ხალხი, რომელიც სხვას ჩაგრავს, ბავშვები მისი ქცევის მოდელს იმეორებენ და ცდილობენ მიჰბაძონ. როდესაც სწავლა-განათლება მეორე პლანზე გადადის და მაღალ თანამდებობებს ნახევრად კრიმინალები იკავებენ, როცა შიდასასკოლო კლიმატი ძალადობრივია, როცა თავად პედაგოგები ძალადობენ, ან ძალადობას ამართლებენ და სკოლა ჰუმანურ ღირებულებებზე არ არის დაფუძნებული, ეს ყველაფერი ძალადობის შემთხვევებს თავისთავად წარმოქმნის.

როგორც წესი, ძალადობრივ გარემოში ბულინგის შემთხვევები უფრო ხშირია. როცა ბავშვები ხედავენ ოჯახში ძალადობას ეს მათზე დადებითად როგორ აისახება? ბავშვი მოძალადედ უეცრად კი არ ყალიბდება, ამასაც თავისი წინა პირობები აქვს. მასწავლებელმა ეს ცვლილებები დროულად უნდა ამოიცნოს და შესაბამის სპეციალისტთან უნდა გაგზავნოს. ვიცი შემთხვევა, როცა პედაგოგმა მოსწავლეს ურჩია, მოძღვართან წასულიყო, რაც მე სერიოზული შეცდომა მგონია - სასულიერო პირებს სხვადასხვა განათლება აქვთ და არ იციან ბავშვების ასაკობრივი თავისებურებები, არ იციან სხვადასხვა ასაკში როგორი მიდგომაა საჭირო. ამიტომ პრობლემური მოზარდები კვალიფიციურ პროფესიონალებთან უნდა გადაამისამართონ. ამას ცოტა ახერხებს, უფრო მეტიც: ზოგიერთი მასწავლებლის დამოკიდებულება ბავშვების მიმართ არასწორია. მათ არ იციან მოსწავლეების ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებები, არ იციან, რაზე გაამახვილონ ყურადღება და რაზე არ უნდა გაამახვილონ, როგორ წაახალისონ და მოტივაცია როგორ გაუჩინონ, რათა ბავშვი არ დაკომპლექსდეს, თავის თავში არ ჩაიკეტოს, ან მოძალადედ არ იქცეს.

როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ ცემა, გინება და შეურაცხყოფა ჩვენი ცხოვრების თანამდევი გახდა, მოზარდის აგრესია აღარ უნდა გაგვიკვირდეს. თანამედროვე სკოლებში ბავშვი ხშირად ხდება ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ეს კი შეიძლება ფიზიკურ ძალადობაზე უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს.

- ბულინგი პრესტიჟულ კერძო სკოლებშიც არის. რით აიხსნება ეს?

- ასეთ სკოლებში სხვაგვარი, პატრონყმური დამოკიდებულებაა: ბავშვები ხედავენ, როგორ ექცევიან მშობლები დამხმარე პერსონალს, ამიტომ მასწავლებლები გუვერნანტები და მოსამსახურეები ჰგონიათ. ისინი უყურებენ, ვინ უფრო მდიდარია და ფიქრობენ, რომ ვინც მდიდარია, ის უფრო ძლიერია. ეს ბუნებრივია, რადგან ამ ქვეყანაში კორუფციით ისეთი ადამიანები გამდიდრდნენ, რომლებსაც არანაირი ინტელექტი და ცოდნა არ ჰქონდათ, ამ სიტუაციაში ბავშვები სწავლას რატომ დააფასებენ? სწორედ ამიტომ მოიშალა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, მის ნაცვლად, ფასადი დარჩა და მის მიღმა საშინელებები ხდება. როდესაც ასეთ გარემოში ამდენ მოსწავლეს ერთად მოაქცევ, ეს მარტივი ამბავი არ არის. ზოგიერთ სკოლაში 800-1000 ბავშვი სწავლობს, ისინი ამ სტრესულ გარემოში დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ და ეს ჩაკეტილი სივრცე თავისუფლად შეიძლება იქცეს ბულინგის წინა პირობად.

- განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე რას გვეტყვით?

- რეფორმა კარგად დაგეგმილი, კონკრეტულ მიზნებზე გათვლილი პროცესია, როცა ვიცით, საით მივდივართ, რა უნდა შევცვალოთ და რა გავაუმჯობესოთ. როცა ქვეყანაში განათლების სისტემა მიზანმიმართულად ინგრევა, როცა ამ "რეფორმებს" წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი ატარებს, რატომ გვიკვირს, რომ მათ შედეგი არ მოაქვს? მიზანმიმართული მავნებლობაა, რომ ეს ხალხი განათლების სისტემის სადავეებთან მიუშვეს და ჩვენი შვილების მომავალი მიანდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე