რაშია პრობლემა?! - ნული გოლი, ნული იმედი? - სად გაქრა საქართველოს ნაკრების შეტევა?
საქართველოს ნაკრები იქ აღმოჩნდა, სადაც მისი გულშემატკივარი არასოდეს ისურვებდა მის ხილვას. ექვსი შეხვედრა, ექვსი იმედგაცრუება, ნული გოლი და უამრავი უპასუხო კითხვა. რა დაემართა გუნდს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მთელი ქვეყანა აალაპარაკა?
"დამიჯერეთ, მარტიდან აბსოლუტურად განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს ნახავთ!" - ეს სიტყვები საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ეკუთვნის მას შემდეგ, რაც 17 ნოემბერს საქართველო უკრაინასთან სტუმრად 0-1 დამარცხდა. მატჩის გახსნა უკრაინელებმა 53-ე წამზე გოლით შეძლეს და გიორგი მამარდაშვილის კარი აიღეს.
საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი იწვნია. ამჯერად უკრაინასთან - 0:1. თუმცა ამ მარცხზე უფრო საგანგაშო სხვა რამ არის: ექვს მატჩში გატანილი ნული გოლი! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ისე დაასრულა, რომ მეტოქის კარის აღება ერთხელაც ვერ შეძლო. ექვსი შეხვედრა, ორი ფრე, ოთხი მარცხი, ორი ქულა და ნული გოლი - ასეთია შედეგი, რომელიც უამრავ კითხვას აჩენს.
უკრაინასთან მატჩიც იმედგაცრუებით დასრულდა. შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც 53 წამში დანიილო სიკანმა საქართველოს ნაკრების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. დარჩენილ დროში ქართველებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და კიდევ ერთხელ დატოვეს მოედანი უგოლოდ.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ პრობლემა ერთ კონკრეტულ შეხვედრას აღარ ეხება. როდესაც ექვსი მატჩის განმავლობაში გუნდი გოლს ვერ იტანს, რთულია ეს უბრალოდ უიღბლობას დავაბრალოთ. ეს უკვე სისტემური პრობლემის ნიშნებს აჩენს. აღსანიშნავია, რომ იმის მიზეზი, თუ რატომ ჰქონდა მატჩს აზრი ბოლო წუთებამდე, სწორედ გიორგი მამარდაშვილის სეივების დამსახურება იყო...
სად გაქრა ის შემტევი ფეხბურთი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გაუჩინა სიამაყის განცდა? რატომ უჭირს ნაკრებს საგოლე მომენტების შექმნა და რეალიზება? რატომ ვერ ახერხებს გუნდი თამაშის მსვლელობის შეცვლას მაშინაც კი, როდესაც ანგარიში მისთვის არასასურველია?
რა თქმა უნდა, ფეხბურთში მარცხი ნორმალურია. ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდი, მაგრამ გულშემატკივარს აქვს უფლება, დაინახოს ბრძოლა, პროგრესი და განვითარების გზა.
საქართველოს ნაკრებისგან დღეს მხოლოდ გამარჯვებას არავინ ითხოვს. გულშემატკივარს სურს დაინახოს გუნდი, რომელსაც აქვს იდეა, მიზანი და ბრძოლის სურვილი. ნული გოლი ექვს შეხვედრაში კი ისეთი შედეგია, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია.
მთავარი კითხვაა: იყო ეს დროებითი ჩავარდნა თუ პრობლემა გაცილებით ღრმაა?
ქართული ფეხბურთი პასუხს მხოლოდ სიტყვებით ვერ გასცემს. პასუხი მოედანზე უნდა გამოჩნდეს.
ექვსი მატჩი, ნული გოლი. ეს სტატისტიკა უბრალოდ უნდა ჩაიწეროს ისტორიაში თუ სერიოზული ცვლილებების დაწყების მიზეზი უნდა გახდეს?
რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე სცენარის გამეორება?
გუნდი ცდილობს, იბრძვის, ფლობს ბურთს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - გოლი - კვლავ არ ჩანს. ბურთის ფლობა ფეხბურთში მიზანი არ არის. მიზანია მომენტების შექმნა, მათი გამოყენება და შედეგის მიღწევა.
უკრაინასთან საქართველოს ბურთის ფლობა 60 პროცენტი ჰქონდა, კარში კი ოთხჯერ დაარტყა. მიუხედავად ამისა, ანგარიში ვერ შეიცვალა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მხოლოდ ბურთის კონტროლი წარმატებისთვის საკმარისი არ არის.
პრობლემა მხოლოდ თავდამსხმელებშია?
ალბათ, ყველაზე მარტივი გამოსავალი წარუმატებლობის რომელიმე ფეხბურთელისთვის გადაბრალება იქნებოდა. მაგრამ ფეხბურთი ერთი მოთამაშისგან არ შედგება.
თუ ნაკრები ექვსი შეხვედრის განმავლობაში გოლს ვერ იტანს, პრობლემა უფრო ფართოდ უნდა განვიხილოთ.
სწორად იქმნება საგოლე მომენტები?
ეფექტიანია ნახევარდაცვიდან შეტევის ორგანიზება?
კარგად იყენებენ ფეხბურთელები საკუთარ შესაძლებლობებს?
არსებობს თუ არა თამაშის შეცვლის გეგმა, როდესაც მეტოქე დაცვაში იკეტება?
შედეგიანია მწვრთნელის მიერ შერჩეული ტაქტიკა?
ეს კითხვები პასუხს მოითხოვს. გულშემატკივარს არ უნდა უწევდეს ყოველ მარცხზე ერთი და იმავე ახსნა-განმარტების მოსმენა.
სახელები გვაქვს, მაგრამ შედეგი სად არის?
დღევანდელი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ინდივიდუალური შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება არ აკლიათ. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია და სხვა მოთამაშეები ქართული ფეხბურთის იმედად არაერთხელ ქცეულან.
მაგრამ ეროვნული ნაკრები ცალკეული ფეხბურთელების სახელებით არ ფასდება. ნაკრები გუნდური ორგანიზმით, ურთიერთგაგებითა და შედეგით ფასდება.
ვარსკვლავების არსებობა ავტომატურად ძლიერ გუნდს არ ნიშნავს. საჭიროა საერთო იდეა, სწორი სათამაშო სისტემა და პასუხისმგებლობა.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 5 მატჩში გოლი ვერ გაიტანა! ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერია 2013 წელს თემურ ქეცბაიას ნაკრებს ჰქონდა - 4 შეხვედრა გატანილი ბურთის გარეშე.
ერთა ლიგის დივიზიონების ჯგუფები: ჯამში 54 ნაკრებია A, B, ჩ და D დივიზიონებში და აქედან საქართველოს ნაკრები ერთადერთია, რომელსაც ტურნირზე გოლი არ გაუტანია.
ასევე დღეს ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ოფიციალურ მატჩში გოლი გავიტანეთ.
ნიკოლოზ თევდორაშვილი