სტალინის პირადი ტელეპათი და საიდუმლო მრჩეველი?! - ვინ იყო სინამდვილეში ვოლფ მესინგი - კვირის პალიტრა

სტალინის პირადი ტელეპათი და საიდუმლო მრჩეველი?! - ვინ იყო სინამდვილეში ვოლფ მესინგი

ვოლფ მესინგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იმავდროულად მითოლოგიზებული ფიგურაა. ათწლეულების განმავლობაში მასზე ჰყვებოდნენ ისტორიებს, როგორც სტალინის საიდუმლო მრჩეველზე, ჰიტლერის პირად მტერსა და კაცზე, რომელსაც ადამიანთა გონების სრული დამორჩილება შეეძლო. თუმცა, საარქივო დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების შესწავლის შემდეგ მესინგის ბიოგრაფია ორ ნაწილად გაიყო: საბჭოთა პრესის მიერ შექმნილ ლეგენდებად და დოკუმენტურად დადასტურებულ რეალობად.

გამოგონილი ისტორიები

მესინგის შესახებ სენსაციური ამბები სათავეს იღებს 1965 წლიდან, როდესაც ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა მისი ავტო­ბიოგრაფიული ჩანაწერები სათა­ურით: "მე - ტელეპათი". მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ ეს ისტორიები ჟურნალისტმა მიხეილ ვასილევმა გამოიგონა... ვასილევის ფანტაზიის ნაყოფია ასევე პოპულარული ეპიზოდი: "ჰიტლერი და სიკვდი­ლის განაჩენი". 1937 წელს, ბერლინის ერთ-ერთ თეატრში გამოსვლისას, მაყურებლის შეკითხვაზე: რა ელოდა გერმანიას აღმოსავლეთით გაფართოების შემთხვევაში, ტრანსის მსგავს მდგომარეობაში მყოფმა მესინგმა განაცხადა: "თუ ჰიტლერი აღმოსავლეთით წავა, დაიღუპება!" ამ ფრაზისთვის გესტაპომ მესინგის დასაჭერად 200.000 რაიხსმარკა დააწესა. სინამდვილეში, არ არსე­ბობს არანაირი ოფიციალური ბრძანება მესინგის დასაჭერად ჯილდოს დაწესების შესახებ.

კიდევ ერთი მითი 1939 წელს მესინგის ვარშავაში დაკავებას უკავშირდება. პოლიციის განყოფილებაში გამოკეტილმა მესინგმა მცველები ჰიპნოზის საშუალებით აიძულა თავად შესულიყვნენ საკანში, კარი ჩაუკეტა და საბჭოთა საზღვარზე გადავიდა. სინამდვილეში, გერმანულ არქივებში (მათ შორის, გესტაპოსა და პოლიციის დოკუმენტაციაში) ვოლფ მესინგის გვარი საერთოდ არ იძებნება. არ არსებობს არანაირი ბრძანება ან განცხადება მისი დაკავების შესახებ.

სტალინის ექსპერიმენტები

ყველაზე დიდი სენსაცია მესინგის სტალინთან ურთიერთობასა და მის გამაოგნებელ ხრიკებს უკავშირება: ვითომდა, საბჭოთა კავშირში მოხვედრილი დევნილი ებრაელი პირდაპირ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყურადღების ცენტრში მოექცა. ათეისტურ სახელმწიფოში პარაფსიქოლოგია იდევნებოდა, თუმცა, იოსებ სტალინს, რომელიც კრემლის კულუარებსაც კი აკონტროლებდა, აინტერესებდა, რამდენად რეალური იყო ამ უცნაური კაცის უნარები. ლეგენდის თანახმად, სტალინმა მესინგს რამდენიმე პრაქტიკული ექსპერიმენტი მოუწყო:

ექსპერიმენტი #1: ბანკიდან ფულის გამო­ტანა - სტალინის დავალებით, მესინგს სახელმწიფო ბანკიდან ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე 100.000 მანეთი უნდა გამოეტანა. ის მივიდა მოლარესთან, მიაწოდა რვეულის სუფთა ფურცელი და შთააგონა, რომ ეს იყო ოფიციალური ჩეკი უზარმა­ზარი თანხის გაცემაზე. მოლარემ უსიტყვოდ დაითვალა კუპიურების დასტა და მესინგს გადასცა. მესინგმა სპეცსამსახურების თანამშრომლებს თანხა ჩაუთვალა, უკან დაბრუნდა და მოლარეს ცარიელი ფურცელი უჩვენა, რის შემდეგაც მოხუცს გულის შეტევა დაემართა. მითის მიხედვით, მოგვიანებით სტალინმა ბანკს თანხა სრულად დაუბრუნა.

ექსპერიმენტი #2: კრემლის დაცვის გარღვევა - მესინგს ყოველგვარი საშვისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე უნდა შეეღწია სტალინის აგარაკზე კუნცევოში, სადაც სამხედრო დაცვის რამდენიმე კორდონი იდგა... ცოტა ხნის შემდეგ მესინგი პირდაპირ სტალინის სამუშაო ოთახში შევიდა. როდესაც გაოგნებულმა ბელადმა ჰკითხა, როგორ შეძლო დაცვის გვერდის ავლით მასთან შეღწევა, მესინგმა უპასუხა, რომ მან დაცვის წევრებს შთააგონა, რომ ის ლავრენტი ბერია იყო - შინაგან საქმეთა კომისარი, რომელსაც შემოწმების გარეშე ატარებდნენ.

რეალობა კი ასეთი იყო: საბჭოთა სახელმწიფო ბანკში თანხის გაცემა რამდენიმე ბუღალტრულ შემოწმებას გადიოდა და მხოლოდ ერთ მოლარესთან ცარიელი ფურცლის მიტანით თანხას ვერავინ მიიღებდა... კრემლისა და სტალინის აგარაკის მნახველთა ოფიციალურ სარეგისტრაციო ჟურნალებში კი, სადაც ყოველი ვიზიტორი წუთობრივად აისახებოდა, ვოლფ მესინგი არც ერთხელ არ არის დაფიქსირებული!

იმავე მითების მიხედვით, სტალინმა მესინგს ნება დართო, საბჭოთა კავშირის ტერი­ტორიაზე გაემართა ტურნეები, თუმცა მკაცრი პირობით: მას არ ჰქონდა უფლება, საკუთარი უნარებისთვის ეწოდებინა "სასწაული", "ჯადოქრობა" ან "წინასწარმეტყველება". ის სცენაზე გამოდიოდა ერთადერთი ოფიციალური სტატუსით: "ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ოსტატი"...

შემდეგი მითის მიხედვით, 1915 წელს ვენაში მესინგი შეხვდა ალბერტ აინშტაინსა და ზიგმუნდ ფროიდს, სადაც მათზე ტელეპათიური ცდები ჩაატარა. სინამდვილეში, აინშტაინს 1913-დან 1925 წლამდე ვენაში საერთოდ არ უცხოვრია და იმ პერიოდში იქ არც ჩასულა. არც აინშტაინის და არც ფროიდის პირად არქივებში მესინგზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობს.

რა არის დადასტურებული

რატომ გახდა მესინგი ასეთი საინტერესო და მიმზიდველი ლეგენდებისთვის? სინამდვილეში, მესინგი არ ყოფილა ჯადოქარი ან ტელეპათი. უბრალოდ, ფენომენალურად ფლობდა "იდეომოტორულ ტექნიკას" და კუნთების მიკრო-მოძრაობების წაკითხვა შეეძლო. ეს გახლდათ მესინგის რეალური ნიჭისა და სცენური ნომრების მთავარი საყრდენი. ფსიქოფიზიოლოგიაში ამ ფენომენს "კუნთების კითხვას" უწოდებენ. როდესაც ადამიანი რაიმე საგანზე ან მოქმედებაზე ფიქრობს, მისი ტვინი კუნთებს უგზავნის უმცირეს, გაუცნობიერებელ ელექტრულ იმპულსებს. მესინგი ცდისპირს ყოველთვის ეხებოდა მაჯაზე ან ხელისგულზე. მას ჰქონდა იშვიათი მგრძნობელობა, მიკრო-ბიძგებსა და კუნთების რიტმს ისე მკაფიოდ გრძნობდა, რომ ზუსტად ხვდებოდა, საით უნდა წასულიყო. პირდაპირი ფიზიკური კონტაქტის გარდა, მესინგი ზუსტად კითხულობდა მაყურებლის არავერბალურ სიგნალებს: სუნთქვის სიხშირის ცვლილებას, სხეულის დაძაბულობასა თუ მოშვებას. როდესაც ის დარბაზში დამალულ ნივთს უახლოვდებოდა, მაყურებლის ემოციური დაძაბულობა პიკს აღწევდა, ხოლო არასწორი მიმართულებისას იკლებდა. მესინგი ამ მიკრო-რეაქციებს მყისიერად იჭერდა და სწორ გადაწყვეტილებას იღებდა...

ოფიციალურად ის მუშაობდა სახელმწიფო გაერთიანება "გოსკონცერტში", ხოლო მისი გამოსვლები ატარებდა სახელწოდებას: "ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების სეანსები". მესინგი მოგზაურობდა მთელ საბჭოთა კავშირში და დარბაზებს ავსებდა.

თვითმფრინავები ფრონტისთვის

ეს არის მისი ბიოგრაფიის ყველაზე სანდო და დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი: მეორე მსოფლიო ომის დროს, თავისი გამოსვლებიდან დაგროვილი პირადი ჰონორარით, მესინგმა შეისყიდა ორი საბრძოლო ავიაგამანადგურებელი და საბჭოთა არმიას გადასცა.

პირადი ტრაგედია და მარტოობა

მესინგი იყო პოლონელი ებრაელი, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს მთელი ოჯახი (მშობლები და ძმები) დაკარგა. ამ ფაქტმა მის ცხოვრებაზე მძიმე კვალი დატოვა. 1960 წელს მას გარდაეცვალა საყვარელი მეუღლეც აიდა რაინოვი, რომელიც იმავდროულად მისი ასისტენტიც იყო. აიდას გარდაცვალება მესინგისთვის უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა. ამის შემდეგ სიცოცხლის ბოლო წლები მოსკოვში, პატარა ბინაში, სრულ მარტოობაში გაატარა. გარდაიცვალა 1974 წლის 8 ნოემბერს საავადმყოფოში, ფეხის ოპერაციის შემდგომი გართულებებით (თირკმლისა და ფილტვის უკმარისობით).

ის არ ყოფილა მისტიკოსი, ის იყო გენიალური არტისტი და ფსიქო-ფიზიოლოგი, რომელმაც სხეულის ენის კითხვა უმაღლეს ოსტატობამდე აიყვანა.

შორენა ბიწაძე