„ლექტორმა მითხრა, შენში ვაჟას ნაპერწკალს ვხედავო“
სუმელჯი რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას შთამომავალია - ადამიანი, რომელსაც დიდ შემოქმედთან არა მხოლოდ გვარი, მემკვიდრეობა და პასუხისმგებლობაც აკავშირებს.
- ვაჟა-ფშაველას სუმელჯი წოწკოლაური "ბახტრიონში" ჰყავს მოხსენიებული. ის გამოჩენილი მებრძოლი იყო. სუმელჯი საქართველოში მაქსიმუმ 5 ადამიანს შეიძლება ერქვას. როდესაც ვინმეს გაცნობა მიწევდა, სახელის წინ ყოველთვის გვარს ვამბობდი. ზოგიერთი ამ სახელს სერიოზულად არც აღიქვამდა, რაც ჩემთვის ერთგვარი კომპლექსიც კი იყო. 14 წელი სარესტორნო სფეროში ვმუშაობ და ძალიან ბევრი ადამიანის გაცნობა მიწევდა და მიწევს.
- რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ ვაჟა-ფშაველას შთამომავალი?
- უდიდესი პასუხისმგებლობაა. ვაჟა ჩვენი ოჯახისთვის სათაყვანებელი პიროვნებაა. ის მსოფლიოს საკუთრებაცაა. კოსმოპოლიტი იყო. დედის მხრიდან თუში ვარ, ზემო ალვანიდან. დედაჩემის მამა, შალიკო ალხანაიძე ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი იყო. მან ფირზე აღბეჭდა მე-20 საუკუნის თუშეთის ყოფა, ტრადიციები, ადამიანები.
- როგორ გგონიათ, ვაჟას ჩვენს რეალობაში რომ ეცხოვრა, მისი მთავარი სათქმელი რა იქნებოდა?
- გამოღვიძებაზე დაწერდა, სულიერ კრიზისზე, მომძლავრებულ ეგოიზმზე... გამოღვიძება სწორედ ის არის, რომ რაღაც მოვლენებს განსხვავებული კუთხით შევხედოთ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაგვემართოს, იმის დავიწყებაა, საიდან მოვდივართ.
- თავად წერა როგორ დაიწყეთ?
- ბავშვობიდან ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ზაფხულობით, ბებიასთან სოფელში რომ ჩავდიოდი, არდადეგებს კითხვაში ვატარებდი. ადრეულ ასაკში დავიწყე ლექსების წერა, მაგრამ იმდენად ბავშვური იყო, მოგვიანებით ჩემმა ძმამ, ნიკოლოზმა, წერა რომ დაიწყო, ჩემი ლექსების შემრცხვა და რვეული საგულდაგულოდ გადავმალე. ჩვენი ოჯახიდან ნიკოლოზი შემოქმედებითი ნიჭით ყველაზე მეტად იყო დაჯილდოებული, წერდა, ხატავდა... დედასაც ბევრი ლექსი აქვს დაწერილი, მაგრამ არასდროს გამოუქვეყნებია... ჩემი სამოტივაციო წიგნი: "გამოკვებე შენი გონება", პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის დავწერე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ერი ჩვენზე ნაკლებია. ჩემთვის პლანეტის ყველა ადამიანი სინათლეა.
- თქვენს ოჯახზე მიამბეთ...
- ჩემს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა, ნიკოლოზი 22 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან, ეს სუიციდი იყო. მაშინ ჩემი და-ძმები სხვაგან ცხოვრობდნენ, შინ მხოლოდ მე და დედა დავრჩით. ალკოჰოლს მივეძალე, ეს რეალობიდან გაქცევის შესაძლებლობა იყო. მთელი დღე ვმუშაობდი და შინ რომ ვბრუნდებოდი, ისეთი სიჩუმე მხვდებოდა, გაძლება არ შემეძლო. იცით, სიჩუმე როგორი რთული ასატანია? ისეთი "ხმაური" აქვს, შეიძლება ყურის ბარაბნები დაგიხეთქოს. ნიკოლოზთან დიდი მიჯაჭვულობა მქონდა, რომ გამომეცალა, აზრის გარეშე დავრჩი.
- ეს ნაბიჯი რამ გადაადგმევინა?
- ვფიქრობ, თავისი სიდიადე ვერ დაიტია. ამბიციები ჰქონდა, ამბობდა, ჩემი ნახატი ნახევარ მილიონად უნდა გავყიდოო. ჯიუტიც იყო და უზომოდ მგრძნობიარეც, სამყაროს სულ სხვაგვარად ხედავდა. თელავში ღარიბ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. დედა მდიდარი თელაველების სახლებს ალაგებდა, სხვების გამონაცვალი ტანსაცმელი გვეცვა. ბავშვობაში არც ფეხბურთზე, არც სხვა რაიმე წრეზე არ მივლია. ერთხელ მკითხეს, რაზე დადიოდიო? ვუპასუხე, წყალზე მეთქი. მართლა ასე იყო, სახლში წყალი მიმქონდა ხოლმე... დედა ახლაც თელავში ცხოვრობს, მოხუცს უვლის. მე საუდის არაბეთში, ერ-რიადში ვარ, იტალიური რესტორნის სუპერვაიზერი. აქ წამოსვლამდე ვიყავი დუბაიში და ყაზახეთშიც. საქართველოში ბევრ ადგილზე მიმუშავია: თელავში, თბილისში, გუდაურში, ბათუმში. თელავში წარმატებული რესტორნის მენეჯერი ვიყავი, მერე დირექტორობა შემომთავაზეს, მაგრამ თბილისში წამოვედი და რიგით მიმტანად დავიწყე მუშაობა. ამას ბევრი არ გააკეთებდა. მატერიალური კეთილდღეობა ჩემი ინტერესი არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე.
- თელავიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი რა იყო?
- იქ ყოფნა ერთი მიზეზით აღარ მინდოდა, ჩემს ძმას დიდი სამეგობრო და სანაცნობო წრე ჰყავდა. რესტორანში რომ მხვდებოდნენ, მისამძიმრებდნენ, ძალიან რთული იყო ჩემთვის მუდმივად მწარე რეალობასთან შეჯახება... როცა მუშაობ, სტუმარს გაღიმებული უნდა შეხვდე, ამ დროს მოდიოდნენ ადამიანები და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილს მახსენებდნენ. ისეთ გარემოში წასვლა მოვინდომე, სადაც არავინ მიცნობდა. ეს რეალობიდან გაქცევა იყო.
ბათუმში სულ სხვანაირი საქართველო აღმოვაჩინე. აჭარა ტურისტული ზონაა, იქ მეტი პოზიტივია. ადამიანები სამსახურის შემდეგ აძლევენ თავს უფლებას, სადმე გასართობად წავიდნენ, თელავში ეს ნაკლებად ხდება. თითქოს გარემოებაც გაიძულებს და გკარნახობს, როგორ უნდა იცხოვრო.
დუბაიში მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში ვმუშაობდი. რესტორანმა ეს წოდება რომ მიიღო, ამაში ჩემი წვლილიც იყო. საქართველოში რომ დავბრუნდი, სამსახურის შოვნა გამიჭირდა. საუდის არაბეთში წამოსვლა ბოლო შანსი იყო.
- როგორია სამომავლო გეგმები?
- არ მაქვს ოცნებები, აღარც წარსულში ვბოდიალობ, აწმყოში ვცხოვრობ აქ და ახლა. სამსახურშიც ბოლომდე ვიხარჯები. ჩემს თავს სიზარმაცის უფლებას არ ვაძლევ. ერთ დღეს შევძელი რეალობისთვის თვალის გასწორება, მივიღე ჩემი ტრაგედიები, ჩემი შეცდომები, საკუთარი ნამსხვრევები ავკრიფე და იმ წუთიდან გავაგრძელე ცხოვრება. ეს რთული იყო, მაგრამ როცა მისაღწევი არაფერი გაქვს, არც დასაკარგი გაქვს რამე.
ურთულესი პროცესია, როცა შენი გული მიდის ღმერთისკენ და გონებაში ათეისტური ფიქრები შემოდის. მეც მქონდა ეს ბრძოლა, მაგრამ დიდი სიყვარულის გაცემით, ჩემი სინათლით დავუპირისპირდი. ერთ დღეს ხელის ცეცებით მივედი სალოცავ კუთხესთან და ღმერთს ვუთხარი, ყურადღებას ნუ მიაქცევ ჩემს ფიქრებს, ჩემს გულში ჩაიხედე და ისე განმსაჯე-მეთქი. ამ წუთიდან მოვიდა სიმშვიდე. სიღარიბე ის კი არ არის, რომ ქონება არ გაქვს, სიღარიბე აზროვნებაა, გაცემის სურვილის არქონაა. სიკეთის კეთებაზე უარის თქმა არ შემიძლია, ვერ მოვისვენებ.
ბოლო დროს პოეზიამ გამიტაცა. ერთხელ ლექტორმა მითხრა, შენში ვაჟას ნაპერწკალს ვხედავო და ძალიან მესიამოვნა.
- ვაჟას რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- ალუდა ქეთელაურთან. ის აფასებს მუცალის ვაჟკაცობას, მიუხედავად იმისა, რომ მტერია, და არ აჭრის მარჯვენას, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ მიდის. ის ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟია.
თამუნა კვინიკაძე