ვენდეტა აფხაზურად - მკვლელობები, ამნისტია და ახალი სისხლიანი დაპირისპირება - კვირის პალიტრა

ვენდეტა აფხაზურად - მკვლელობები, ამნისტია და ახალი სისხლიანი დაპირისპირება

სოხუმში მძიმედ დაჭრეს ოპოზიციის ლიდერისა და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატის, კან კვარჩიას 24 წლის შვილი, ეფრემ კვარჩია. მას ავტომატის 6 ტყვია ესროლეს. თავდამსხმელი ნოდიკ კვიწინიაა - ყოფილი ე.წ. დეპუტატი, რომელსაც 2016 წელს ორი კაცის გატაცებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის 16 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ინციდენტი 15 ნოემბერს, დაახლოებით 13 საათზე სოხუმის ცენტრში, ძიგუას ქუჩაზე მოხდა. აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს ცნობით, კვიწინია დააკავეს, ჩხრეკისას კი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი ამოიღეს. თავდასხმის გარემოებებზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ტელეგრამარხ "აიაშარას" ინფორმაციით, კვიწინია მილიციას ნებით ჩაბარდა, ეფრემ კვარჩიას დაჭრა აღიარა და განაცხადა, რომ მისი მამის, კან კვარჩიას მოკვლას აპირებდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

გამოცემა "ეხო აბხაზიის" ცნობით, ნოდიკ კვიწინია კან კვარჩიასთან რაღაც საკითხის განსახილველად მივიდა. საუბრის შემდეგ ის მანქანისკენ წავიდა, მას კი ეფრემ კვარჩია და მისი მეგობარი გაჰყვნენ. წყაროს ცნობით, კვიწინია მანქანას მიუახლოვდა, საბარგულიდან ავტომატი ამოიღო და ახალგაზრდებს ახლო მანძილიდან ესროლა. ეფრემ კვარჩია ფეხების, მხრისა და გულმკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისმა მეგობარმა მანქანის უკან დამალვა მოახერხა. მოგვიანებით გავრცელდა სროლის ამსახველი ვიდეოფირიც. სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ კვიწინიას წინააღმდეგ სს საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.

ნოდიკ კვიწინია - ორი მკვლელობა, 16-წლიანი სასჯელი და ამნისტია

ნოდიკ კვიწინიას სახელი 2012 წელს რუსეთის მოქალაქეების, ბიზნესმენ სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის, ოქსანა სკარედნოვას გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის საქმეს უკავშირდება. მაშინ კვიწინია დე ფაქტო დეპუტატი იყო. საქმის მასალების თანახმად, გამტაცებლები რუს ბიზნესმენს გათავისუფლების სანაცვლოდ ორი მილიონი დოლარის გამოსასყიდს სთხოვდნენ. უარის შემდეგ კლემანტოვიჩი და მისი პარტნიორი, რომელიც ორსულად იყო, ავტომატით დახვრიტეს, ხოლო ცხედრები ჭაში ჩაყარეს. ნეშტები ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს. გამოძიების მსვლელობისას კვიწინიას ე.წ. დეპუტატის უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს. 2016 წლის ოქტომბერში მას მკვლელობისა და გატაცების ორგანიზებისთვის 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. მასთან ერთად კიდევ ოთხი პირი გაასამართლეს. განაჩენის გამოცხადებას კვიწინია არ დასწრებია, ის მიიმალა და 2017 წლის თებერვალში დააკავეს. 2020 წელს მიღებული ამნისტიით მას სასჯელი გაუნახევრდა და ციხიდან 2025 წელს გამოვიდა. ასევე დაიწერა, რომ ამ მკვლელობის საქმეში კან კვარჩია მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. 2015 წელს ის ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯუმბერ ბიგვავას თავდებით გათავისუფლებასაც ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ახლანდელი დაპირისპირების მიზეზზე ერთ-ერთ ვერსიას ტელეგრამარხი "Свободная Абхазия" ავრცელებს. არხის მტკიცებით, კვიწინია კან კვარჩიას მორიგი "ტორპედო" (ჟარგონზე - დავალების შემსრულებელი) იყო და კლემანტოვიჩისა და სკარედნოვას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა კვიწინიამ საკუთარ თავზე აიღო. სასჯელის სანაცვლოდ კვარჩია კვიწინიას მიწას დაჰპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. არხი ამტკიცებს, რომ კვიწინია სწორედ დანაპირების მიღების მოთხოვნით მივიდა კვარჩიასთან, რასაც დაპირისპირება და სროლა მოჰყვა. ეს ვერსია ოფიციალურ საგამოძიებო უწყებებს არ დაუდასტურებიათ.

კან კვარჩია - მკვლელობა "პარლამენტში", რუსული სს საქმე და დაჭრილი შვილი

კან კვარჩია ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური მოძრაობის, "აიდგილარას" ლიდერი და დე ფაქტო პარლამენტის წევრია. 2024 წლის დეკემბერში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში კრიპტოვალუტის (მაინინგის) აკრძალვის საკითხზე მსჯელობისას ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის დაპირისპირება მოხდა. იმ ზამთარს აფხაზეთში ტოტალური უშუქობა იყო, მოსახლეობას მხოლოდ 4 საათი მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ე.წ. პარლამენტში უკანონო მაინინგის აკრძალვის კანონპროექტი განიხილებოდა. მაშინ დაიწერა, რომ კვარჩიას თავად ჰქონდა მაინინგის ქარხნები და კანონის მიღებას ამიტომ ეწინააღმდეგებოდა. დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა. მათ გაშველებას ცდილობდა ვახტანგ გოლანძია, რომელიც სროლისას სასიკვდილოდ დაიჭრა, დაიჭრა კან კვარჩიაც. საქმეზე ბრალდებული ყოფილი დეპუტატი ადგურ ხარაზია თვეების განმავლობაში იმალებოდა, ის 2025 წლის 14 ივნისს დააკავეს.

2025 წლის იანვარში კვარჩია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას გეგმავდა, თუმცა შემდეგ მონაწილეობაზე უარი თქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას რუსეთმა მოქალაქეობა შეუწყდა "ანტირუსული განცხადებების" გამო. კვარჩია სკანდალში 2025 წლის შემოდგომაზეც გაეხვია. დე ფაქტო ადგილობრივი არჩევნების დროს ის და მისი მხარდამჭერები სოხუმში ოფისში შეუცვივდნენ რუს პიარტექნოლოგებს, სცემეს და აპარატურა დაუმტვრიეს. კვარჩია ბრალდებას უარყოფს, აცხადებს, რომ პოლიტტექნოლოგები "არჩევნებში" უკანონოდ ერეოდნენ და ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინა. რუსეთში მის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრა და დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობაც აქვს მისჯილი. ამ სს საქმეზე ბრალდებულია მისი შვილი ეფრემ კვარჩიაც და რუსეთში მასზე და ამ საქმეში ბრალდებულ კიდევ 8 პირზე ძებნაა გამოცხადებული.

თავდასხმის შემდეგ ეფრემ კვარჩიას მდგომარეობა მძიმეა. მას სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფილტვის ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, რუს კოლეგებთან კვიწინიას სამკურნალოდ მოსკოვში გადაყვანაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება. თუმცა აქ ერთი მთავარი დაბრკოლებაა - დაჭრილს რუსეთში ძებნილის სტატუსი აქვს. რამდენიმე რუსულ და აფხაზურ საინფორმაციო არხებზე დაიწერა, რომ კან კვარჩიას აგრესიული ანტირუსული განცხადებების მიუხედავად, მოსკოვი მზად არის რუსეთის კლინიკაში უმკურნალოს დაჭრილს და კან კვარჩიას მისცეს გარანტია, რომ მკურნალობის შემდეგ შვილს სამშობლოში დაბრუნებაში დაბრკოლება არ შეექმნება.

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. წერენ, რომ "ამდენ ბავშვსა და მოხუცს მკურნალობა სჭირდება, არავის ახსოვს ისინი და რატომ უფენენ წითელ ხალიჩას კრიმინალი მილიარდერი პარლამენტის წევრის შვილს?.. კანი არ გარისკავს შვილის რუსეთში გაგზავნას. ამ ბიჭს რუსეთში კანონთან პრობლემები აქვს".

ერთი ვარაუდით, შესაძლოა კან კვარჩიამ შვილი თბილისში წაიყვანოს. "კანი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. მასზე სს საქმე იქნება აღძრული ღალატისა და სეპარატიზმისთვის. ბანდიტი და სეპარატისტია საქართველოს პერსპექტივიდან და ეს იგივეა, ტერორისტი შამილ ბასაევი, რომელიც ებრძოდა რუსებს და ტერორისტულ თავდასხმებს აწყობდა, მოსკოვში ჩასულიყო სამკურნალოდ"... "საქართველოში (აფხაზი) ვეტერანების მთელი ჯგუფი მიდის, აფხაზეთის გმირებიც კი იღებენ პასპორტებს. თითქმის ყველა მიდის იქ ც ჰეპატიტის სამკურნალოდ", - წერენ აფხაზები.

მიხეილ კვატაშიძე, ახალგაზრდული მოძრაობა "ამრას" დამფუძნებელი: "რუსებმა განაცხადეს, რომ დაჭრილს მიიღებდნენ და შემდეგ ისევ უკან დააბრუნებდნენ, მაგრამ კანმა უარი თქვა შვილის მოსკოვში გადაყვანაზე. როგორც ჩანს, რუსებს არ ენდობა და ამის შემდეგ დაიწყეს მისი აქტიურად გაშავებაც. ყველა წერს, რომ კონფლიქტი მიწას უკავშირდება. კან კვარჩია და კვიწინია ახლო ნათესავები არიან და შესაძლოა საგვარეულო მიწა ვერ გაიყვესო. ასევე წერენ, რომ კან კვარჩია დაკავშირებული იყო რუსი ბიზნესმენის კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის გატაცებისა და მკვლელობის დაგეგმვასთან და კვიწინიამ დანაშაული თავის თავზე აიღო. გავრცელებულ ვიდეოფირში ჩანს, რომ კვიწინია ჭიშკრიდან გამოდის, უკან მიჰყვება კან კვარჩიას შვილი, თითქოს მისი დამშვიდება სურს. კვიწინია უკან იხედება, რწმუნდება, რომ ბიჭი მიჰყვება, შემდეგ საბარგულიდან ავტომატს იღებს და ესვრის. თითქოს კანის გამწარება უნდოდა და ამიტომ გადაწყვიტა მისი შვილის მოკვლა. აფხაზეთში ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ კვარჩიების კლანის მიმართ. ეფრემზე ამბობდნენ, ყველაფრის უფლებას აძლევს თავს, დაუსჯელობის სინდრომი აქვს, თავგასულიაო"

"გამიჭირდება წარმოვიდგინო, რომ კვარჩია შვილს სამკურნალოდ ჩვენთან გამოუშვებს"

მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი: - კან კვარჩიას მამა, ისტორიკოსი ვალერიან კვარჩია, სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო. კან კვარჩია ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა, ომის შემდეგ კი ბიზნესმენობა დაიწყო. რბილად რომ ვთქვა, ახალგაზრდობიდან ძალიან უკომპრომისო იყო. ქუჩას კარგად იცნობდა, 90-იან წლებში კრიმინალურ ამბებში გაეხვია, თუმცა ასევე განათლებული კაცია. შემდეგ პოლიტიკაში ჩაერთო და ბაღაფშის გუნდის წევრი იყო. მაშინ კვარჩია და ნოდიკ კვიწინია მეგობრობდნენ. შემდეგ ოპოზიციაში წავიდნენ. თვითონ აღიარებდნენ, რომ ბაღაფშის სიკვდილის შემდეგ ბჟანიას დაუჭირეს მხარი და ეს შეცდომა იყო.

კან კვარჩიას ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. ეს არის პიროვნება, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს, რადგან ძალიან კარგად ინფორმირებულია, კარგი კავშირები აქვს და გადმოცემის უნარიც, რაც იქაური საზოგადოებისთვის ძალიან მისაღებია. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ როგორმე გაეჩუმებინათ. ის რუსებისთვისაც მიუღებელია, რადგან მაქსიმალურად ცდილობს რუსული ზეწოლის შესუსტებას. მე თუ მკითხავთ, ეს ამბავი არ გამოუვა, მაგრამ ცდილობს და მომხრეებიც ჰყავს. ქართველების კატეგორიული მიუღებლობა აქვს, ის საქართველოს მტერია, მაგრამ რუსების მიმართაც საკმაოდ აგრესიულია და აფხაზურ-რუსული დაპირისპირების საკითხში საინტერესო ადამიანია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანტირუსია. ის უფრო პროაფხაზურობის რელსებზე დგას და რუსულ ზეწოლას ებრძვის. კვარჩია იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც შეუძლია საჭირო დროს ახსენოს, რა მოუწყვეს რუსებმა თავის დროზე აფხაზებს. ვგულისხმობ მუჰაჯირობის პერიოდს და 1874 წელს, როდესაც ძალიან ბევრი აფხაზი ამოწყვიტეს. რუსეთში კან კვარჩიას დაუსწრებლად მიუსაჯეს 10 წელი და რუსეთში შესვლა აკრძალული აქვს. კვარჩიასა და კვიწინიას დაპირისპირება რის ნიადაგზე მოხდა, ბევრი ვარაუდია, არ მინდა ჭორებს ავყვე. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულმა ძალებმა, თუ მათ შორის პატარა უთანხმოება იყო, გააბუქეს, იცოდნენ კვიწინიას ხასიათი და რომ იარაღზე გაიკრავდა ხელს. თუმცა გამორიცხული არ არის, ეს პირდაპირი დაკვეთა იყოს კვარჩიას გასაჩუმებლად.

- გავრცელდა ვარაუდი, რომ შესაძლოა კან კვარჩიას შვილი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანონ. რეალურია ასეთი სცენარი?

- გამიჭირდება წარმოვიდგინო, რომ კვარჩია შვილს სამკურნალოდ ჩვენთან გამოუშვებს, მაგრამ თუ გამოუვალი მდგომარეობა იქნება, მოხდება ასეთი რამ. არაერთი აფხაზი საველე მეთაური იყო ჩამოსული თბილისში სამკურნალოდ, მაგალითად, დელბა, რუსლან ქიშმარია სამი თვე იწვა ინგოროყვას კლინიკაში. რამდენიმე მათგანი მახსოვს, ვინც პირადად მინახავს. ჩ ჰეპატიტზე მკურნალობს ძალიან ბევრი აფხაზი, მაგრამ მათ შორის მეომრები და ვეტერანები იყვნენ თუ არა, არ ვიცი. ჩამოდიან ისინი, ვისაც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სისასტიკით ჩადენილი დადასტურებული დანაშაული არა აქვს ჩადენილი.

ეკატერინე ბასილაია