"მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ აფხაზების გათავისუფლება..." - რატომ შეიცვალა აზრი ე.წ. აფხაზეთის გმირმა იბრაჰიმ იაგანოვმა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა?! - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ აფხაზების გათავისუფლება..." - რატომ შეიცვალა აზრი ე.წ. აფხაზეთის გმირმა იბრაჰიმ იაგანოვმა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა?!

"ღრმად ვწუხვარ, რომ ეს ომი შესაძლებელი გახდა და იძულებული გავხდი, მასში მონაწილეობა მიმეღო", - ამბობს იბრაჰიმ იაგანოვი. აფხაზეთის ომის დროს ის ჩერქეზ მოხალისეთა შენაერთებს ხელმძღვანელობდა და ქართველებს ებრძოდა, ომის დასრულების შემდეგ კი "აფხაზეთის გმირის" წოდება მიენიჭა. დღეს იაგანოვი აცხადებს, რომ საქართველოსა და ისტორიულ ჩერქეზეთს შორის, აფხაზეთის ომის გარდა, სერიოზული დაპირისპირება არასდროს ყოფილა და საჭიროა ისტორიის ამ ტრაგიკული ფურცლის გადაფურცვლა და მეგობრული ურთიერთობების აღდგენა.

- 90-იან წლებში ახალგაზრდა კაცი ვიყავი, რომანტიკოსი, რომელსაც სურდა 100-ათასიანი აფხაზეთის გადარჩენა 4-მილიონიანი საქართველოსგან. ჩემი საგვარეულო სათავეს აფხაზეთში იღებს, მაანების საგვარეულოდან. იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავდა. მე ვსარდლობდი ბიჭვინთის გარნიზონს, რომელშიც შედიოდა ბატალიონი "ყაბარდა" ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკიდან. სახელმწიფოსთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის მოვლენების სწორი ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვეხმარება წარსულის ობიექტურად შეფასებაში, აწმყოში სწორი ორიენტაციის აღებასა და მომავლის დაგეგმვაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ განმეორდეს ისტორიული შეცდომები, რომლებიც ტრაგედიით მთავრდება ყველა ხალხისთვის. მე ხშირად ვეჯახები აზრს, თითქოს 90-იან წლებში საქართველოში ყველაფერი შესანიშნავად იყო, მაგრამ ვიღაც ჩრდილოელი "ბარბაროსები" რუსეთის იმპერიის მხარდაჭერით საქართველოს დაესხნენ თავს. სინამდვილეში მდგომარეობა მთელ კავკასიაში, როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით, უკიდურესად მძიმე იყო. საქართველოში 1992 წელს უკვე სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი. პრაქტიკულად, "სამზარეულოში გულის ამაჩუყებელი ამბების მოყოლის" გარდა, არ არსებობს არც ერთი სერიოზულად გამოძიებული სამხედრო დანაშაული. ეს პერიოდი განსაკუთრებულ სამეცნიერო შესწავლას მოითხოვს. ისტორიის ეს ფურცელი აუცილებლად უნდა დავხუროთ და წინ წავიდეთ კავკასიელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად.

- ამბობთ, რომ სამზარეულოში მოყოლილი ამბების გარდა, სხვა ფაქტები არ არსებობს. თუმცა პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ეს ტრაგედია უშუალოდ შეეხოთ: დედას, რომელსაც ქმარი და შვილი თვალწინ მოუკლეს და შემდეგ შვილის თვალი გადააყლაპეს; ქალს, რომელიც სხვებთან ერთად ჯურღმულში ჰყავდათ გამოკეტილი და მასზე სისტემატურად ძალადობდნენ. საქართველოში დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ეს სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადეს. რატომ არ უნდა ჩაითვალოს მათი მონათხრობი ფაქტებად?

- ორივე მხრიდან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი ისტორიების მოყოლა შეუძლიათ, მაგრამ არც ერთი მხარის საგამოძიებო ორგანოებს არ ჩაუტარებიათ გამოძიება. 1992 წლის 14 დეკემბერს ქართული შენაერთების მიერ ბლოკირებული ტყვარჩელიდან გუდაუთაში მიფრინავდა რუსული მი-8 ტიპის შვეულმფრენი, რომელიც ქართული სამხედროების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 87-ვე მგზავრი, მათ შორის 35 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი, მაგრამ აფხაზური მხარეც კი არ იძიებს ამ ტრაგედიას. შიშობენ, რომ შეიძლება ამ საქმეში მათი ბრალეულობაც იყოს... რაც იყო, იყო, ისტორიის ეს ფურცელი უნდა დავხუროთ და წინ ვიაროთ კავკასიის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად.

- როგორ მოხდა, რომ შეხედულებები შეგეცვალათ და დღეს სრულიად განსხვავებული პოზიცია გაქვთ?

- ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ომის შემდეგ აფხაზებმა საკუთარი თავისუფლება რუსებს მიჰყიდეს "ერთი ნაჭერი მჭადის ფასად". 2012 წელს ანდრო გაბისონიას პირადი მოწვევით საქართველოში ვიმყოფებოდი და ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. მანამდე საქართველო მხოლოდ საბჭოთა არმიაში ჩემი თანამოსამსახურეების მონაყოლით ვიცოდი. თანამედროვე საქართველო თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრის ახალმა მეგობრებმა გამაცნეს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია პროფესორ მერაბ ხუჭუას როლი, მისი ძალიან მადლიერი ვარ...

აფხაზებს არ შესწევთ უნარი, საკუთარი სახელმწიფო ააშენონ. ისინი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ არ ისწრაფვიან. გასული 33 წლის შედეგების გაანალიზების შემდეგ დავასკვენი, რომ აფხაზეთის მომავალი მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს. მხოლოდ საქართველოს შეუძლია მათი გათავისუფლება რუსეთის იმპერიის ოკუპაციისგან.

- თქვენი აზრით, აცნობიერებენ აფხაზები, რომ რუსულ ხაფანგში აღმოჩნდნენ?

- არა. აფხაზების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გაცნობიერებული, რომ ისინი, ფაქტობრივად, რუსეთის იმპერიის მარწუხებში ექცევიან და საბოლოოდ განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

- როგორც ვიცი, აფხაზები ბრაზობენ თქვენი პოზიციის შეცვლის გამო.

- დიახ, ბრაზობენ, მეტიც, "მოღალატედ" მთვლიან, მე კი მიმაჩნია, რომ სწორედ მათ გვიღალატეს ჩვენ. ჩვენ რუსეთისთვის არ გვიბრძოლია და არც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვიომია. ჩვენ აფხაზეთის თავისუფლებისთვის ვიბრძოდით. ის დაღვრილი სისხლი და გაღებული სიცოცხლე, ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, მათ რუსებს იაფად მიჰყიდეს.

ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი რუსეთის იმპერიის დემონტაჟია. პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ხალხის ბედი დღეს უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება. ეჭვი არ მეპარება, როგორც კი რუსეთის გავლენა კავკასიაში შესუსტდება, აფხაზეთი დიალოგისა და შეთანხმების შესაძლებლობას დაინახავს. ამჟამად საქართველოსთვის აფხაზეთის საკითხი კრემლში წყდება. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. რუსეთის იმპერია ბუნებრივი გზით კვდება. ყველა იმპერია ასე კვდებოდა - მტკივნეულად და სისხლის ღვრით.

- ჩერქეზი ერი მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩატარებული გენოციდის მსხვერპლია. რამდენად ეხმარება ისტორიული მეხსიერება ჩერქეზებს იმის გააზრებაში, თუ რას გადის დღეს უკრაინელი ერი?

- ჩერქეზი მოსახლეობა ბოლო 25 წლის განმავლობაში ძლიერ არის დათრგუნვილი იმპერიული პოლიტიკით. ომი ჩეჩნეთში და უწყვეტი "ანტიტერორისტული ოპერაცია" (КТО) მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობას მკაცრ პირობებში აყენებს. ხალხი დაიღალა შვილების დამარხვით. ჯერ "ექსტრემიზმსა" და ისლამურ "ტერორიზმთან" ბრძოლა, ახლა კი "სამშობლოს დაცვა უკრაინაში". კავკასიელებს რუსეთის იმპერიაში ისე არ ელოლიავებიან, როგორც, მაგალითად, ხაბაროვსკელებს. ათასობით ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული, ათასობით ციხეშია გაყალბებული ბრალდებებით. მიმდინარეობს უწყვეტი, იძულებითი მობილიზაცია. ეს ყველაფერი გამოიყენება ჩრდილოეთ კავკასიის უკმაყოფილო ერების ეთნიკური წმენდისთვის.

- არიან თუ არა ჩერქეზები დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში? როგორია დღეს ჩერქეზი ხალხის როლი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორია მათი დამოკიდებულება უკრაინელი ხალხისადმი?

- ჩერქეზი ხალხი თანაუგრძნობს უკრაინელ ხალხს, თუმცა დიდ ნაწილს უკრაინისთვის აქტიური მხარდაჭერის შესაძლებლობა არა აქვს. ჩერქეზული დიასპორის დიდი ნაწილი უკვე მეექვსე-მეშვიდე თაობაა, რომელიც წინაპრების სამშობლოდან იძულებით გადასახლების შემდეგ თურქეთსა და მსოფლიოს კიდევ 50-მდე ქვეყანაში ცხოვრობს. დიასპორის მრავალი წარმომადგენლისთვის წინაპართა გადასახლება და გენოციდი უკვე შორეული წარსულის ამბავია, რომელიც მათ ოჯახებში თაობიდან თაობას ლეგენდად შემორჩა. ამიტომ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ ისინი ამ ტრაგედიის მასშტაბს სრულად გააცნობიერებენ და სათანადოდ აღიქვამენ. რაც შეეხება იმ მცირერიცხოვან ჩერქეზებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) რიგებში იბრძვიან, ისინი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ღირსების, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან. ამ ბრძოლით ისინი საკუთარი ერის ღირსებასაც იცავენ და დარწმუნებული ვარ, ისტორია მათ ბრძოლას სათანადოდ შეაფასებს.

- ამჟამად პოლონეთში ცხოვრობთ...

- დიახ, მე დღეს პოლიტიკურ ემიგრაციაში ვიმყოფები. ვარ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "კავკასიის კავშირის" პრეზიდენტი და ორგანიზაცია "ჩერქეზული სააგენტოს" საბჭოს წევრი. ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ერთ მიზანს ემსახურება: პუტინის რეჟიმის დამხობას, რუსეთის იმპერიის დემონტაჟს, ყველა ხალხისთვის თვითგამორკვევის რეალური უფლების უზრუნველყოფას. ჩვენს საქმიანობაში გამოვდივართ იქიდან, რომ რუსეთის იმპერია გარდაუვლად დაიშლება, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი. თანამედროვე სამყაროში იმპერიული ამბიციებით ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. უკრაინაში ომმა ეს პროცესი დააჩქარა.

ხათუნა ბახტურიძე