ვინ არიან სინამდვილეში ფინელი საკარი ლინდენი, ესტონელი რეინ მიულერსონი და ამერიკელი ლარი ჯონსონი, რომლებიც საქართველოს ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებენ?!
საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ავკარგიანობის შესახებ ბლოგში გამოქვეყნებულმა ბოლო ორმა პუბლიკაციამ პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ლიდერების, ბიძინა გიორგობიანისა და ლევან ნიკოლეიშვილის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. მათ ფეისბუქგვერზე ორი, აკადემიურ განხილვას აცდენილი და ლოგიკას მოკლებული პასუხი დაპოსტეს, სადაც მყარი არგუმენტების ნაცვლად, პიროვნულ კინკლაობას ეფარებიან.
სასაცილოა, როდესაც ისინი სხვას უწუნებენ კომპეტენციასა და სამშობლოს სიყვარულს. იმას კი, თუ ვინ როგორი “ექსპერტი” ან როგორი “პოლიტიკოსია”, ვინ “ექსპორტზე” წავა და ვინ “იმპორტზე” - მომავალი გვიჩვენებს. დღეს მეტს არაფერს ვიტყვი, განა იმიტომ რომ სათქმელი არ არის, არამედ კვლავ მიმაჩნია, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატური საკითხების განხილვისას თავი უნდა შევიკავოთ პიროვნული შეფასებებისაგან და აკადემიურ ჩარჩოებში დავრჩეთ.
ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის წინააღმდეგ გამოსვლა ვინმეს აკვიატებული აზრია. საქართველოში ასეულობით პოლიტიკური პარტია და ათასობით პოლიტიკოსია, ყველა თავის ჭიას ახარებს და ყველას თავის მიზან/გეგმები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტია უკვე რამდენიმე წელია, რაც არსებობს და ხანდახან მათ აქტივობებს მეც ვეცნობი ხოლმე, 2026 წლის 17 ნოემბრამდე ჩემი აზრი საჯაროდ არ დამიფიქსირებია. ნოემბრის დასაწყისში მათ მიერ ჩატარებულ “ფორუმზე” მიწვეული უცხოელი სტუმრების პირდაპირმა და მრავალწლიანმა კავშირებმა რუსეთთან, ასევე მათმა გამოსვლებმა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ყველაზე ნეგატიური პერსპექტივები წარმოაჩინეს. ამის შემდეგ გაჩუმება უკვე აღარ შეიძლებოდა.
მიმაჩნია, რომ ამგვარი რთული საგარეო-პოლიტიკური, თუ ეკონომიკური საკითხები მხოლოდ სპეციალურად შერჩეული აუდიტორიისა და ანგაჟირებული გამომსვლელების მიერ კი არ უნდა განხილებოდეს, არამედ მრავალმხრივი ეროვნული დისკუსიის საგანი უნდა გახდეს და მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ, მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც, უნდა მიიღოს. ამავე დროს აუცილებელია დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების ობიექტური შეფასება. ვის შუძლია ამის გაკეთება ემოციების გარეშე, მიუკერძოებლად და ობიექტურად? ჩემი აზრით ასეთი “დიმიტრი გელოვანი” ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც ძალუძს დიდი მოცულობის, ისტორიული და თანამედროვე, ინფორმაციული მასივის გადამუშავების შემდეგ ამ ურთულესი საკითხის მრავალმხრივი სიტუაციური მოდელირება. ბუნებრივია შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს მიღებული შედეგების დაზუსტება/კორექტირება არსებული ვითარების გათვალისწინებით. ჩემი აზრით ამგვარი მიდგომა გამართლებულია რთული გეოპოლიტიკური პრობლემების შესწავლის დროს და ეს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის უკვე აპრობირებული მეთოდია.
ამიტომაც იყო, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბრის ბლოგში გამოვაქვეყნე ხელოვნური ინტელექტთან (“ჩიპიტოსთან”) დიალოგი საქართველოს ნეიტრალიტეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, სადაც ობიექტურადაა შეფასებული ამ საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეები. სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიუკერძოებული შეფასებების შედეგად გამოიკვეთა ის მოსალოდნელი საფრთხეები, რომელთა შესახებაც 20 ნოემბერს ვესაუბრე მკითხველს. ზოგიერთმა ორივე პუბლიკაცია უფრო მეტი ყურადღებით რომ წაიკითხოს ცუდი არ იქნება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნეიტრალიტეტის, ისევე როგორც სხვა გეოპოლიტიკური, საკითხის განხილვა თავისთავად არ წარმოადგენს უკანონო და მიუღებელ საქმიანობას. მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს ბუნებრივია აქვთ უფლება, სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვან. ზოგიერთი შეიძლება მართლაც გულწრფელად ფიქრობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტმა შეიძლება შეამციროს რუსეთის ღია და ფარული აგრესია. ამიტომ კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა თავისთავად პირდაპირ არ ადასტურებს მათ კავშირს ოკუპანტთან. ამავე დროს რატომ არ შეიძლება ნეიტრალიტეტის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე მსჯელობა და რატომ თვლიან ზოგიერთები ამას ნეიტრალიტეტის იდეის წინააღმდეგ მოწოდებად? საზოგადოებას სიმართლე რატომ უნდა დავუმალოთ? ხომ არ დაავიწყდა ზოგიერთს რომ საქმე “რუსულ გველეშაპთან” გვაქვს, რომელმაც საუკუნეების მანძილზე არაერთხელ დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებებიც და საერთაშორისო სამართლის ნორმებიც? ბრძენ ხალხს უთქვამს: “ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი თავის შეცდომებზეც ვერაო”, - რამდენჯერ უნდა მოვტყუვდეთ რუსეთის კეთილმეზობლობისა და ერთმორწმუნეობის ილუზიებით? საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, სეპარატისტების აღიარება, იქ სამხედრო ბაზების განლაგება, ადამიანების თითქმის ყოველდღიური გატაცება და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა - განა ეს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისა და მათი მარიონეტების მიერ არ ხორციელდება? როდესაც ასეთი მეზობელი გყავს არ შეიძლება მასთან პირისპირ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების გარეშე დარჩე და იძახო “ნეიტარალური ვარო!”
ბიძინა გიორგობიანი წერს: “პუბლიკაციებიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს ნეიტრალიტეტზე მსჯელობა თავისთავად რუსეთის ინტერესების შემოტანას ნიშნავს”.
მსჯელობა კი არაა მთავარი, არამედ თუ ვინ მოგვიწოდებს სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სტატუსის მისაღებად. “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ 5-6 ნოემბერს ჩატარებულ “ფორუმზე” ყველა უცხოელ გამომსვლელს, რომელიც სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ფაქტიურად საქართველოს გადარჩენის გზად წარმოაჩენდა, თითქოს სპეციალურად შეარჩიესო, ოკუპანტ ქვეყანასთან მრავალწლიანი კავშირები ჰქონდა და აქვს: ისინი კრემლის “პროპაგანდისტული მანქანის” ჭანჭიკები არიან. ვერავინ მოახდენდა ნეიტრალიტეტის საკითხის დისკრედიტირებას იმაზე მტად, ვიდრე ის, ვინც ეს “ობიექტური” ხალხი შეარჩია და თბილისში მოიწვია. მათ ბიოგრაფიებისა და მოღვაწეობის მცირე ანალიზიც საკმარისია იმის მტკიცებულებად, რომ ეს “კრემლის დესანტი” სწორედ “რუსეთის ინტერესების შემოტანისთვის” გამოაგზავნეს საქართველოში!
ფინელი პოლიტიკურ კომენტატორი საკარი ლინდენი, ესტონელი პროფესორი რეინ მიულერსონი, ამერიკელი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი, ავსტრიელი პოლიტოლოგი ჰაინც გერტნერი და სხვ. - ამ ჭრელ საზოგადოებას ერთ საერთო ნიშან/თვისება აკავშირებთ, ესაა: ზოგადად დასავლური ღირებულებების, კონკრეტულად კი - დასავლეთის პოლიტიკის სრული მიუღებლობა, არაობიექტური კრიტიკა და რუსეთის საგარეო -პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების უპირობო მხარდაჭერა. წლების მანძილზე ეს პირები რუსეთის “გავლენის აქტივად” იქცენენ, ისინი მოსკოვის დაფინანსებით მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში და აქტიურად ავრცელებენ კრემლის პროპაგანდას. რა გასაკვირია: “ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს!” ქვემოთ “კრემლის დესანტის” რამდენიმე წევრის ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო აქტივობების ფაქტებს შემოგთავაზებთ, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ.ფინელი საკარი ლინდენი ჯერ ახალგაზრდა კაცია, თუმცა რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო მედიასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. შეისწავლა რუსული ენა და პრორუსული ნარატივების პროპაგანდაში უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა და კარგად გაიწაფა. მისი

ფოტოზე: საკარი ლინდენი
პოლიტიკური პოზიციები მთლიანად ემთხვევა რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ ნარატივებს. ამიტომაც არის, რომ მის სტატიებსა და გამოსვლებს ფართოდ აშუქებენ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხები და მასმედია. თბილისში ჩამოსვლამდე, 2026 წლის 30 ოქტომბერს, ლინდენი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში მონაწილეობდა და დაუღალავად აკრიტიკებდა ნატო-ს გაფართოებას, ფინეთის ალიანსში გაწევრებასა და დასავლურ სანქციებს. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის უკვე თბილისში ჩამოვიდა და „ნეიტრალიტეტის ფორუმზე“ ჭკუას გვასწავლიდა: საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი ბუნებრივი არჩევანია. . . საქართველო დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ნეიტრალიტეტის გზას ადგას, რაც მომავალში ფინეთისთვის ერთგვარი მისაბაძი მაგალითი შეიძლება იყოსო. საინტერესოა რუსეთს, ფინეთის ტერიტორიები, რომ ჰქონდეს ოკუპირებული, მაშინ რას იტყოდა საკარი ლინდენი?

ფოტოზე: საკარი ლინდენი თბილისში
თბილისიდან გამგზავრების შემდეგ, 7 ნოემბერს, ფინელი პოლიტიკური მიმომხილველი მონაწილეობდა რუსეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში: ჰელსინკიში რუსეთის საელჩოს მიერ გამართულ BRICS-ის სემინარში და 11 ნოემბერს იოშკარ-ოლაში რუსეთის სახელმწიფოებრივი ისტორიული მეხსიერებისა და პატრიოტული პოლიტიკის ფარგლებში გამართულ „საერთაშორისო კონფერენციაზე“. საინტერესოა ვინ და რატომ უფინანსებს საკარი ლინდენს ამ შორეულ და ძვირადღირებულ მოგზაურობებს? ჩემი აზრით სხვადასხვა ტელეგადაცემებში და კონფერენციებზე ლინდენის მიწვევას სამი მიზანი აქვს: რუსეთის საგარეო-პოლიტიკური პოზიციებისთვის ევროპელი ექსპერტის მხარდაჭერის დემონსტრირება; უკრაინის ომის შესახებ კრემლისთვის ხელსაყრელი ინტერპრეტაციების საერთაშორისო აუდიტორიისთვის მიწოდება; ფინეთისა და ევროპის საზოგადოებებში არსებული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამოყენება რუსეთის საინფორმაციო დღის წესრიგში. ხოლო იმის გამოცნობა, თუ ვინ აფინანსებს ამ “ობიექტური ფინელი ექსპერტის” ვოიაჟებს, თქვენთვის მომინდვია. როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტური იქნება საკარი ლინდენი საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვისას? თავად განსაჯეთ.
„ნეიტრალიტეტის ფორუმის“ უხუცესი უცხოელი მონაწილე ესტონელი პროფესორი რეინ მიულერსონი გახლდათ. მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ვეტერანი: 82 წლის მიულერსონის კავშირები რუსულ სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებთან უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მას მართლაც, რომ საინტერესო ბიოგრაფია აქვს: უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო, იყო საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის მრჩეველი, შემდეგ, ერთი წლის მანძილზე, დამოუკიდებელი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, შემდეგ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ინგლისში და ესტონეთში. საერთაშორისო სამართლის სფეროში მის გამოცდილებას რუსეთის ხელისუფლება წარმატებით იყენებს საკუთარი აგრესიული პოლიტიკის გასამართლებლად . სამწუხაროდ ესტონელი პროფესორიც არაა ამის წინააღმდეგი.
რეინ მიულერსონი წლების განმავლობაში არის კრემლთან არსებული სადისკუსიო კლუბი „ვალდაის“ (Valdai Discussion Club) ერთ-ერთი მუდმივი უცხოელი ექსპერტი. იგი მონაწილეობს კლუბის ყოველწლიურ სესიებში (მათ შორის სოჭში) და რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ამ „კლუბის“

ფოტოზე: რეინ მიულერსონი დაჯილდოების შემდეგ
პერიოდულ გამოცემებში, სადაც აკრიტიკებს დასავლეთის საგარეო პოლიტიკას, ნატოს გაფართოებას, ლიბერალურ დემოკრატიასა და დასავლურ მედიაში არსებულ „რუსოფობიას“. თავის პუბლიკაციებსა და „ვალდაის კლუბის“ გამოსვლებში იგი ხშირად იმეორებს რუსულ საგარეო-პოლიტიკურ ნარატივს, რომ 2008 წლის “აგვისტოს ომი” დასავლეთის მიერ საქართველოს წაქეზების შედეგი იყო. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დე-ფაქტო დაკარგა კონტროლი ამ ტერიტორიებზე და ნაკლებად სავარაუდოა მათი უკან დაბრუნება, ამ რეგიონების ფართო საერთაშორისო აღიარებაც ასევე არარეალურიაო. რეინ მიულერსონის ზოგადი გეოპოლიტიკური ხედვით (რომელსაც იგი როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ ავითარებს), პოსტსაბჭოთა სივრცის სასაზღვრო სახელმწიფოების დასავლურ სამხედრო ბლოკებში (ნატოში) ინტეგრაცია რეგიონული უსაფრთხოებისთვის დესტაბილიზაციის მთავარი წყაროა, რადგან ეს რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგებაო. თუმცა პროფესორს საქართველოსა და უკრაინის სასიცოცხლო ინტერესების დაცვის (ფაქტიურად რუსეთისგან დაცვის) კონკრეტული მექანიზმები არ აინტერესებს.
რუსეთის წინაშე დიდი დამსახურებისთვის 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეინ მიულერსონი “მეგობრობის ორდენით” დააჯილდოვა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, 2024 წლის 26 ივნისს, მიულერსონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ფორუმში სანქტ-პეტერბურგში. ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ: მარია ზახაროვა — რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი; ვლადიმირ სოლოვიოვი — რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი; პიოტრ ტოლსტოი — სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი და სხვ.
რუსულ სამთავრობო ფორუმში მონაწილეობის გამო, ტალინის უნივერსიტეტის სენატმა 2024 წლის 16 სექტემბერს მიულერსონს ჩამოართვა ემერიტუს-პროფესორის საპატიო სტატუსი (უნივერსიტეტის პოლიტიკის დარღვევისა და რეპუტაციული ზიანის მიყენების მოტივით). სამაგიეროდ რუსეთმა არ მიატოვა და 2025 წლის ივნისში რეინ მიულერსონს ოფიციალურად მიენიჭა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტური იქნება რეინ მიულერსონი საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვისას? თავად განსაჯეთ.
ახლა კი ძალზე სინტერსო პერსონაჟი მინდა წარმოგიდგინოთ: ამერიკელი ლარი ჯონსონი. მას ხშირად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) ყოფილ ანალიტიკოსად მოიხსენიებენ, მართლაც ის სააგენტოში 35 წელზე მეტი ხნის წინ, ხანმოკლე პერიოდის მანძილზე მუშაობდა. 1993 წლიდან კი კერძო ბიზნესი აქვს. კრემლი ლარი ჯონსონს ხშირად ცრუ და შეცდომაში შემყვან განცხადებებს პრორუსული ნარატივების პოპულარიზაციისა და საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად იყენებს. სავარაუდოდ გულდაწყვეტილი არც ლარი რჩება.
1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებულ მრავალ სტატიასა და ინტერვიუში ჯონსონი ამცირებდა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეს და აცხადებდა, რომ ამერიკელები ოსამა ბინ ლადენისგან მომდინარე საფრთხეს აზვიადებდნენო. უფრო მეტიც, 2001 წლის ივლისში, 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებამდე ორი თვით ადრე, ჯონსონმა გაზეთ The New York Times-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ტერორისტული საფრთხის შემცირება“ (Downplaying the Terrorist Threat), სადაც ის ამტკიცებდა, რომ „ტერორიზმი არ არის ყველაზე დიდი უსაფრთხოების პრობლემა, რომლის წინაშეც შეერთებული შტატები დგას და იგი ასეთად არ უნდა წარმოვაჩინოთო“. კრემლისთვის ცსს-ს ყოფილი ანალიტიკოსი განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ: რუსეთის სახელმწიფო მედია ასობით საინფორმაციო

ფოტოზე: ლარი ჯონსონის (ცენტრში) „ბენეფისი“ მოსკოვში
სტატიაში და სატელევიზიო რეპორტაჟში ლარი ჯონსონს ციტირებს. მაგალითად „რია ნოვოსტიმ“, რომელიც რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოა. მხოლოდ 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში ჯონსონის განცხადებების ციტირებით 403 მასალა გამოაქვეყნა.
2023 წლის 8 აგვისტოს, „რია ნოვოსტიმ“ — ჯონსონის YouTube არხ Redacted-თან ინტერვიუს ციტირებით — გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ზელენსკის მკვლელობას გეგმავენ“. 2024 წლის 22 აპრილს, „რია ნოვოსტიმ“ , ჯონსონის YouTube არხთან Dialogue Works- თან ინტერვიუს ციტირებით , განაცხადა, რომ „ზაფხულის ბოლოსთვის, შესაძლოა უფრო ადრეც“, უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს და უკრაინის ქალაქი ოდესა, რომელსაც მან რუსული უწოდა, მოსკოვის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება.„სპუტნიკი“ კიდევ ერთი რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც რეგულარულად ციტირებს ლარი ჯონსონს.
2024 წლის 31 მარტს, Sputnik-მა , ჯონსონის YouTube არხ Judge Napolitano - Judging Freedom-ის ინტერვიუზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ 2024 წლის 22 მარტს, მოსკოვის Crocus Concert Hall-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა, სავარაუდოდ, უკრაინამ შუამავლის მეშვეობით მოაწყო, ხოლო მთელი „ოპერაციის“ უკან აშშ და დიდი ბრიტანეთი იდგნენო. ჯონსონის ეს ცრუ განცხადება ემთხვევა კრემლის საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ამ ტერორისტულ თავდასხმაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებდა.

ფოტოზე: ლარი ჯონსონი კვლავ მოსკოვშია, 2025 წლის 23 ოქტომბერი
2026 წლის 15 თებერვალს ჯონსონმა გამოაქვეყნა სტატია Listen to What the Russians are Saying About Novorossiya, სადაც ის იმეორებს ლავროვისა და პუტინის განცხადებებს ყირიმის, დონბასისა და ე.წ. ნოვოროსიის შესახებ და ასაბუთებს რუსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს.
გარდა ამისა ლარი ჯონსონი კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ხშირი სტუმარიც არის. ხომ წარმოგიდგენიათ რუსეთის ხელისუფლებისთვის რა ეფექტი აქვს ტელე ეთერში „ცოცხალი“ ცსს-ს ყოფილი ანალიტიკოსის და „სამხედრო ექსპერტის“ დასმას, თანაც თუ ის კრემლის ნარატივებს დაუღალავად იმეორებს. მაგალითად როცა ევროპა და აშშ ერთხმად მოითხოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჯონსონი რუსეთის მაშინდელ ქმედებებს ამართლებს და აცხადებს რომ „რუსეთი საქართველოში მაშინ შეიჭრა, როდესაც იქ რუსეთის ჯარებს თავს დაესხნენო“. „ევროპა და შეერთებული შტატები არიან დამნაშავეები უკრაინაში ამ ომში “ - ესეც ლარი ჯონსონის განცხადება, რომელიც უსწრაფესად გაავრცელა რუსულმა პროპაგანდამ. ის ჯიუტად ითხოვს ევროპისა და აშშ-სგან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტას. ლარი ჯონსონი იმდენად პოპულარული და მოთხოვნადია რუსეთის სახელისუფლებო და პროპაგანდისტულ წრეებში, რომ 2026 წლის 5–26 სექტემბერს ჯონსონს სამკვირიანი ტური მოუწყვეს რუსეთში.
იშვიათად თუ ღირსებია რომელიმე უცხოელს ასეთი პატივი. არ გაინტერესებთ ვის შეხვდა ლარი ჯონსონი რუსეთში? აი ისინიც: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მისი მოადგილე სერგეი რიაბკოვი, ჩეჩნური ქვედანაყოფ “ახმატის“ მეთაური გენერალ-ლეიტენანტი აპტი ალაუდინოვი და სხვ. რა არის ლარი ჯონსონის მრავალწლიანი პრორუსული მოღვაწეობის მიზანი? მხოლოდ და მხოლოდ რუსული სამხედრო-პოლიტიკური სისტემისა და ეკონომიკის პოზიტიური წარმოჩენა, კრემლის ნარატივების პროპაგანდა/გავრცელება და ოკუპანტი ქვეყნის ღია და ფარული აგრესიის გამართლება. როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტური იქნება ლარი ჯონსონი საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვისას? თავად განსაჯეთ.
(მესამე ნაწილის დასასრული)