ვალერი ხაბურძანია საქართველოში პრორუსული ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია საქართველოში პრორუსული ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს .
ამის შესახებ ხაბურძანიამ რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" ჩართვისას განაცხადა. ამჟამად რუსეთში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანის თქმით, ის ამ ეტაპზე საქართველოში მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს ეძებს და მათთან გაერთიანებას გეგმავს, ახალ ხელისუფლებას კი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შემთხვევაში მისი ცნობისა და აღიარებისკენ მოუწოდებს.
"დღეს მე საქართველოში პრორუსული ძალის არსებობას ვერ ვხედავ, აშკარაა, რომ ახალი ხელისუფლება დასავლეთისა და ამერიკისკენ იხრება. ვფიქრობ, პროამერიკულმა და პრორუსულმა ძალებმა ღია კონკურენცია უნდა დაიწყონ საქართველოში. ამერიკელები დღეს იაფად ყიდულობენ საქართველოს. რუსები საერთოდ ამაში ფულს არ იხდიან. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ ორივე მხარე, საქართველოში დიდი ფული გადაიხადონ", - განაცხადა ხაბურძანიამ და დასძინა, რომ ვაჭრობაში პოლიტიკურ ინტერესებს გულისხმობდა.
"თუ აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა უნდა, კეთილი უნდა ინებოს და რეალური ფული დახარჯოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. თუ რუსეთს უნდა კეთილმეზობლობა და კეთილგანწყობა, მათაც ფული უნდა დახარჯონ საქართველოში და ჩვენ ამ ძალების ლეგალიზებას და ჯანსაღ, ღია კონკურენციას მოვახდენთ", - აცხადებს ვალერი ხაბურძანია.
ამასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, არსებობს უამრავი საკითხი, რომელშიც საქართველოს და რუსეთს საერთო ინტერესები აქვთ. ჟურნალისტის კითხვაზე - თუ რა შეიძლება საქართველომ რუსეთს ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ შესთავაზოს, ხაბურძანია პასუხობს, რომ ეს კავკასიის პრობლემების მოგვარებაში დახმარება უნდა იყოს.
"მე ვატარებ საქართველოს ინტერესებს, რომელიც დაემთხვევა რუსეთის ინტერესებს, ამ მხრივ კი ბევრი საერთო არსებობს, პირველ რიგში სტაბილურობა და მშვიდობა კავკასიაში, მეორე - სარწმუნოებრივი. ვფიქრობ, რუსეთს ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ უნდა შევთავაზოთ კავკასიაზე სრული გავლენის ქონაზე ხელის შეწყობა", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.
უშიშროების ყოფილმა მინისტრმა საკუთარი პოზიცია ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაშიც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ არც ერთ ამ სტრუქტურაში საქართველო არავის სჭირდება.
იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:
-უნდა გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ პრორუსული ვექტორი უჭირავს - ვალერი ხაბურძანია
-პუტინმა მიხეილ სააკაშვილს ჩემს შესახებ დადებითი სიტყვები უთხრა - ვალერი ხაბურძანია
"ინტერპრესნიუსი"