გვირაბის ბოლოს დსთ-ა? - კვირის პალიტრა

გვირაბის ბოლოს დსთ-ა?

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ევგენი პრიმაკოვის თქმით, საქართველოს დსთ-ში დაბრუნება ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია... "ჩვენ ვერ წავიღებთ უკან აფხაზეთისა დ სამხრეთის ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, საქართველოს კი, არ შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა. ამ პირობებში, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ ერთმანეთთან შესახვედრად, რათა საბოლოოდ შევქმნათ პირობები იმ ძალიან ბევრი პირობების გადაწყვეტისთვის, რომელიც დღეს მოუგვარებლად გვეჩვენება" - აღნიშნავს რუსი პოლიტიკოსი. საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას მიესალმება აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი სერგეი ლებედევიც... მანამდე კი ბელორუსიის პრეზიდენტი და თვითაღიარებული დიქტატორი, ალექსანდრე ლუკაშენკო დაჩოქებაზეც კი თანახმა იყო, ოღონდ საქართველო კვლავ დსთ-ში ეხილა.

ძნელი სათქმელია, რას ემსახურება რუსი პოლიტიკოსების პირდაპირი თუ ირიბი განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ამ გზით აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ყინული დაიძრა, რასაც ბოლო დროს განვითარებული პროცესებიც მოწმობს. რამდენად მოზომოლი, სახელმწიფო ინტერესებს მორგებული და მიზანშეწონილი იქნება ეს ნაბიჯები, ეს პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობების გარდა, დიდწილად საერთაშორისო საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული.

შევეცადეთ გაგვერკვია, ვის როგორ ესახება არ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენის პირველი ნაბიჯები და რა საფრთხის შემცველია რუსი პოლიტიკოსების მიერ ნახსენები დსთ-ში დაბრუნების საკითხი...

კოტე გაბაშვილი, უმცირესობის წევრი:

- ეს არის შეცდომა ახალი ხელისუფლების მხრიდან, რადგან ის გზა, რითაც ისინი რუსეთთან ურთიერთობის დათბობას აპირებენ, სინამდვილეში დათმობაა. როდესაც ოკუპანტ ქვეყანასთან ცალკე ფორმატის შექმნაზე საუბრობ, ეს არის 200 წლიანი შეცდომების გამეორება. რადგან არ შეიძლება რუსეთთან პირისპირ, საერთაშორისო ძალების გარეშე საუბარი. ეტყობა, ახალმა ხელისუფლებამ რუსეთი ანატომია არ იცის, ან სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, თუ რასთან ამის დაკონკრეტება არ მინდა...

პეტრე მამრაძე, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე:

- საბედნიეროდ, ორ ქვეყანას შორის ვითარების დათბობა დაიწყო, რაც პირველ რიგში პოლიტიკოსების განცხადებებში გამოიხატება. ასეთ დროს განცხადებები ნამდვილად მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღის წინ იყო მინიშნება პრიმაკოვისა და ლებედევის განცხადებების სახით, რომ დსთ-ს კარი საქათველოსთვის ღიაა, რაც დადებითი მოვლენაა. მე მახსოვს, როგორ უხაროდათ, ჩვენ დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებს, დსთ-ში შესვლა ედუარდ შევარდნაძის დროს. ამ მხრივ ვითარება დღესაც არ შეცვლილა, - დასავლეთს სულაც არ უნდა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც რუსეთთან კონფრონტაციაშია. როდესაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, ეს ტვირთების გადაზიდვით, ჩვენი პროდუქციის დაბრუნებით რუსეთის ბაზარზე, უვიზო რეჟიმის შემოღებით უნდა დაიწყოს. პატარ-პატარა ნაბიჯებს, შემდგომში უნდა მოჰყვეს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში, შესაძლებელია.

- რუსმა პოლიტიკოსებმა ღიად განაცხადეს, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით უკანდახევას არ ვაპირებთო...

- დიახ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავარ მოედანზე განაცხადა, რუსეთი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორიაო. ანუ დასავლეთმა ღიად გვითხრა, ჯერ რუსეთთან მოაგვარეთ ურთიერთობა და შემდეგ შესაძლოა, მეტი დახმარება აღმოგიჩინოთო. აუცილებელია პრობლემის ფესვებს ჩავწვდეთ - პრობლემა დაიწყო სააკაშვილის უგუნური პოლიტიკით, 2004 წელს ზაფხულში, როდესაც ვითომ კონფლიქტის გადაწყვეტა მოისურვა, რომელიც 2008 წლის ავანტიურით დააგვირგვინა, რომელიც პუტნმა შესანიშნვადად გამოიყენა. რეიგანის ყოფილმა მრჩეველმა დაგ ბენდოუმ ამის გამო სააკაშვილს "იდიოტი ბავშვი" უწოდა. მისი თქმით, სააკაშვილის ნატოში შეყვანა, იგივეა, რაც იდიოტ ბავშვს ავტომატი მისცე...

- თქვენი აზრით, მაქსიმუმ რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს საქართველო?

- რუსეთს არაფრის დათმობას არ ითხოვს, რადგან "იდიოტი ბავშვის" დახმარებით, ყველაფერი წაიღო, რაც უნდოდა. მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ბაზები (სარაკეტო კომპლექსების ჩათვლით) დააყენა. ამ რეალობის გათვალისწინებით, თუ თანმიმდევრული ვიქნებით, შეიძლება მივაღწიოთ იმას, რაც გვჭირდება.

სერგი კაპანაძე, ორგანიზაცია "რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი:

- მხარეებს შორის შეხვედრებში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ იმაში, რომ მოსკოვში ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნოს, ამაში რა თქმა უნდა არის პრობლემა. ჩნდება შეკითხვები, ნიშნავს თუ არა ეს სტრატეგიული კურსის ცვლილებას რუსეთისკენ და უარის თქმა დასავლურ ორიენტაციაზე; ამაზე სპეკულაცია არ მინდა, მაგრამ ბოლო დროს საზოგადოებაში ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა. ასევე, საინტერესოა განცხადებები, რომელიც სომხეთში ვიზიტის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ნიკოლოზ ვაშაკიძის გადადგომა იმ მოტივით, რომელიც მან დაასახელა და ამ ყველაფერს პასუხი სჭირდება. თუ ეს არის რუსეთთან ურთიერთობის დათბობის საფუძველი, მაშინ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, იმედის საფუძველს მაძლევდა ირაკლი ალასანიას განცხადება, როდესაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ მისი გამოსვლის მეორე დილას გავიგეთ, რომ პრემიერ-მინისტრი აღარ იყო... ანუ მოვლენები საკმაოდ უცნაურად ვითარდება. უსეთთან დიალოგი კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს წითელი ხაზის გადაკვეთის ხარჯზე. რუსეთი არასდროს მალავდა, რომ მას ჩვენი დსთ-ში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ახლა მთავარია ჩვენი რეაქცია რამდენად მომგებიანი იქნება...

ვაჟა ლორთქიფანიძე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი:

- ლებედევის, პრიმაკოვისა და ცალკეული პოლიტიკოსების აზრი არც ისე მნიშვნელოვანია. ვიღაცას საბჭოთა კავშირის აღდგენაც კი უნდა, მაგრამ ეს რუსეთის მთავრობის აზრი არ არის. დსთ-ში დაბრუნებას პერსპექტივა არ აქვს და ეს კარგად იციან რუსეთშიც, რადგან დსთ, როგორც ინტეგრაციის ორგანო, უკვე აღარ განიხილება. 90-იანი წლების ბოლოს ხშირად ისმოდა რუსი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ეს ორგანიზაცია დაქორწინების კი არა, განქორწინების ინსტიტუტიაო. ასე რომ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენა, დსთ-ს გაცოცხლებით კი არა, გონივრული გადაწყვეტილებების ხარჯზე უნდა მოხდეს. პირველ რიგში რუსეთმა უნდა გააცნიობიეროს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვყნაა, რომელიც მყარად დგას განვითარების გზაზე და შეცდომების მიუხედავად, ჩვენ როგორც სახელმწიფო წინ მივდივართ. ძლიერი მეზობელი ქვეყანა, მას ყველაზე მეტად სჭირდება. დიახ, ჩვენც ძალიან გვჭირდება ის, მაგრამ რუსეთისთვისაც არანაკლებ საჭირო ქვეყანა ვართ. იმ გადაწყვეტილების გამოსავალიც არსებობს, რაც რუსეთმა საქართველოს ჯიბრზე მიიღო, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას ვგულისხმობ და ეს დაბალანსდება მსოფლიო თანამეგრობრობის მხარდაჭერით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამის წინაპირობა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკა იყო, თუმცა არც რუსეთი აკლებდა ხელს. საქართველომაც უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის მიმართ აგრესიულმა რიტორიკამ სიკეთე არ მოგვიტანა და სხვა, ზომიერად ლოიალური და დამთმობი პოლიტიკაა საჭირო. დიახ, რუსეთში დღემდე გარკვეული პოლიტიკური წრეები საქართველოს როგორც ყოფილ გუბერნიას ისე უყურებენ, მაგრამ იგივე დამოკიდებულება საქართველოშიც აქვთ, ისინი მოსკოვს დღემდე ცენტრად აღიქვამენ, ეს, სხვათა შორის, იმათშიც იგრძნობა, ვინც გადაჭარბებულად ებრძვიან რუსეთს და იმათშიც, ვინც მის უგულებელყოფას ცდილობს. ეს ქვეყანა არსებობს ჩვენს მეზობლად, ეს რეალობაა და მასთან საერთო ენის პოვნა უნდა შევძლოთ.

თორნიკე შარაშენიძე, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში:

- ძალიან მინდა ხელისულებისგან მოვისმინო უფრო აქტიური პროდასავლური რიტორიკა, რადგანაც ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა გამოსვლები - რუსეთი კარგია, დასავლეთი ცუდია, ნატო არც თუ ისე კარგია, იმართება ნატო-ს საწინააღმდეგო აქციები, რაც საქართვეულოში სულ რაღაც ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო. როცა ეს ყველაფერი ხდება, ხელისუფლებამ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას და როცა ეს არ ხდება, ეს დამაფიქრებელია. ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ "ქართულ ოცნებაში" არის რამოდენიმე სახე, რომლებიც გაცხადებული მოწინააღმდეგეები არიან საქართველოს პროდასავლური ორიენტაციისა. არადა, ჯერჯერობით, საზოგადოების პრორუსულ რელსებზე გადაყვანა ძალიან იოლია და ამ მიმართულებით ახალმა ხელისუფლებამ ბევრი და იმუშაოს. თუ პროდასავლურ კურსზე საზოგადოებაში აქტიურად არ ვიმუშავეთ, ძალიან მარტივია, იმძლავროს პროპაგანდამ, თითქოს რუსეთი დასავლეთსა და ნატო-ზე უკეთესია. რუსეთში გავყიდით ფორთოხალს, ლიმონს, ღვინოს, ვაშლს, ბორჯომს და ყველაფერი კარგად იქნება. ამის შემდეგ თუ ჩავატარებთ რეფერენდუმს, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)