"თბილისში ბინის ქირა გაძვირდება..." - რას ამბობს ექსპერტი
„თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, მიწოდება კი მნიშვნელოვნად შემცირებული, რაც ქირის ფასებს აძვირებს,“ - ამის შესახებ უძრავი ქონების სპეციალისტმა, საბროკერო კომპანია Sakura Properties-ის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, არსებული ტენდენცია ყველა უბანსა და ფასის კატეგორიას ეხება, მათ შორის როგორც ეკონომ-სეგმენტს, ისე პრემიუმ კლასის ბინებს.
როგორც ვიქტორია საკუროვა „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, განსხვავებული ვითარებაა ბათუმში, სადაც ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ გასაქირავებელი ბინების მიწოდება იზრდება, მოთხოვნა კი მცირდება, რის გამოც არასეზონზე ქირის ფასებიც მნიშვნელოვნად იკლებს.
„გაქირავების მიმართულებით მოთხოვნა გაზრდილია, მიწოდება კი ძალიან შემცირებული თბილისის ნაწილში.
ბათუმში პირიქით, როდესაც სეზონი სრულდება, ქირის კუთხით მიწოდება იზრდება, მოთხოვნა ძალიან მცირდება. შესაბამისად, არასეზონზე ბათუმში ფასები ძალიან მცირდება.
თბილისში ქირის ფასები გაზრდილია და მიწოდებაც ძალიან ჭირს. ეს აბსოლუტურად ყველა უბანს და კატეგორიას ეხება. პრემიუმ კატეგორიაშიც და ეკონომ-სეგმენტშიც ძალიან ჭირს თბილისში ქირები.
რა თქმა უნდა, მოთხოვნა ისე არ იზრდება, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ, მაგრამ ფასი იზრდება მოთხოვნიდან გამომდინარე“, - აცხადებს ვიქტორია საკუროვა.
სპეციალისტის განმარტებით, გაქირავების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია მეტროსთან ახლოს მდებარე ბინები. ამასთან, კონკრეტული უბნის არჩევა დამქირავებლის ბიუჯეტზეა დამოკიდებული.
საკუროვას თქმით, შედარებით მაღალი ბიუჯეტის მქონე მომხმარებლები უპირატესობას ვაკეს, საბურთალოსა და მთაწმინდას ანიჭებენ, ხოლო ეკონომ-სეგმენტში მთავარი პრიორიტეტი მეტროსთან სიახლოვეა.
„ქირის კუთხით მოთხოვნადია ყველაფერი, რაც არის მეტროსთან. მერე უკვე ბიუჯეტი შემოდის. თუ შედარებით მაღალი ბიუჯეტია, მაშინ ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, ანუ ვისაც თვეში 1000 დოლარი და მეტი აქვს, ხოლო თუ შედარებით ეკონომ-ბიუჯეტია, პრიორიტეტი არის მეტროსთან მდებარეობა“, - აღნიშნავს ვიქტორია საკუროვა.